ბრძანება N 26154

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2024
№ დოკუმენტი 26154
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26154

12 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: --- ) 2024 წლის 17 სექტემბრის, 8 ოქტომბრის და 14 ნოემბრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის, 14 ნოემბრის და 28 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №112, №121, №125) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 17 სექტემბრის №154549/21, 8 ოქტომბრის №92276/1/2024 და 14 ნოემბრის №188942/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 აგვისტოს №021-63 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმება დაეყრდნო საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრას პერიოდების მიხედვით, რაზეც გავრცელდა 62%-იანი ფასნამატი. გადამხდელის განმარტებით, წარდგენილ იქნა საქონლის შეძენის ცხრილი, სადაც არის ჩამონათვალი დასახელებისა და რაოდენობების გაშიფვრით, რომლის შესაბამისად შემმოწმებლების მხრიდან არასწორად განხორციელდა ნაშთის საბაზრო ფასის და თვითღირებულების განსაზღვრა. მომჩივნის განმარტებით, კომპანიის მიერ დეკლარირებული ფასნამატი წარმოადგენს რეალურ მაჩვენებელს, შემოწმების მიერ კი არ არის გაანალიზებული საწარმოს აქტივების სიდიდე, საოპერაციო შემოსავლები და ხარჯები, კომპანიის საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდის ინფორმაცია, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონაცემები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აპრილის №8788 და 28 ივნისის №15275 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 14 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 21 აგვისტოს №19106 ბრძანება და ამავე თარიღის №021-63 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 404 856 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 477 757 ლარი, ჯარიმა 738 879 ლარი და საურავი 188 220 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფარმაცევტული საქონლით ვაჭრობა, კერძოდ, კომპანია ახორციელებს, როგორც საქონლის იმპორტს, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე შეძენას და რეალიზაციას, როგორც დოკუმენტურად, ასევე საცალოდ. კომპანიას აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციებისა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის ანალიზით, დეკლარირებული დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა შეადგენს მთლიანი ბრუნვის 60%-ს, იგივე პროპორციაა დოკუმენტურად შეძენილი და რეალიზებული საქონელის ნაწილშიც. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავდა კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები), შეძენილ და რეალიზებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები, დაუკავშირდა ერთმანეთს უახლოესი თარიღის და დასახელების მიხედვით, რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთეულის ფასების შეპირისპირებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, რამაც შეადგინა საშუალოდ 62%. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS-ზე) წარდგენილი ინფორმაცია სმფების საწყის და საბოლოო ნაშთებთან დაკავშირებით. სულ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებიდან გაიმიჯნა საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით და დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან გადამხდელი არ ახორციელებს გაუმიჯნავი დღგ-ის ჩათვლების (მიღებულ მომსახურებაზე) გაუქმებას თვეების მიხედვით, შემოწმებით დაკორექტირდა კომპანიის დღგის ჩასათვლელი თანხები პერიოდების მიხედვით.

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია სალაროს მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აპრილის №8419 ბრძანების საფუძველზე 2024 წლის 17 აპრილს ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი განხორციელდა შემდეგნაირად - შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე, გაცემული ხელფასები, დივიდენდები და მიღებული მომსახურება, გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ასევე ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები. შედეგად დადგინდა სალაროში დაუდეკლარირებელი ფული, რომელიც შემოწმებამ განიხილა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგის ჩათვლის მიღების უფლება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ყოფილა წარმოდგენილი საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შესაძლებელს გახდიდა თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზს და დაბეგვრის ობიექტის დადგენას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

კერძოდ, დამუშავდა კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შეძენილ და რეალიზებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები, დაუკავშირდა ერთმანეთს უახლოესი თარიღის და დასახელების მიხედვით, რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთეულის ფასების შეპირისპირებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, რამაც შეადგინა საშუალოდ 62%. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ SARAS-ზე წარდგენილი ინფორმაცია სმფ-ების საწყის და საბოლოო ნაშთებთან დაკავშირებით. სულ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებიდან გაიმიჯნა საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი.

ამასთან, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი სალაროს ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 14 ნოემბრის №188942/21 დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარმოდგენილ იქნა ინდივიდუალური აუდიტორი ---ის დასკვნა (№B7/015, 05.11.2024წ.) და მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გაანგარიშებისას, შეძენილი და რეალიზებული საქონლის დაკავშირება მოხდა ერთი და იმავე დასახელებებით, უახლოესი თარიღით და ერთეულის ფასის გათვალისწინებით, რის შემდეგაც დადგინდა ფასნამატი 62%-ის ოდენობით. რაც შეეხება კომპანიის მიერ „SARAS“-ზე წარდგენილი ინფორმაციის გამოყენებას, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორი ინფორმაცია წარადგინოს აღნიშნულ პორტალზე, ხოლო შემოწმებას უფლება აქვს გამოიყენოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც იქნება საჭირო სწორი და სრულყოფილი შემოწმებისთვის.

გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში შეყვანილია განსხვავებული (ნაკლები) სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი ნაშთი, ასევე, შეყვანილია მხოლოდ ის მონაცემები, რაც დოკუმენტურად აქვს კომპანიას შეძენილი და რეალიზებული. გარდა ამისა, საქონლის მოძრაობა არ არის დეტალურად ასახული, კერძოდ, არ იშიფრება კონკრეტული საქონლის რეალიზაცია რომელ შეძენასთან არის დაკავშირებული.

ამდენად, შემოწმების შემდეგ ამ ფორმით აწყობილი და წარმოდგენილი ბუღალტერია არ წარმოადგენს შემოწმების მიერ გამოყენებული მეთოდის შეცვლის საფუძველს. ამასთან, გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი კონკრეტული დასაბუთებული არგუმენტი ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა კომპანიის დირექტორთან დაკავშირება და ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაციის მოთხოვნა, მათ შორის, საბუღალტრო პროგრამის მოწოდება (არსებობის შემთხვევაში), რაზედაც დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიაში არ იწარმოებოდა ბუღალტერია ელექტრონული ფორმით, შესაბამისად, ვერ იქნებოდა წარმოდგენილი.

შემოწმება განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS-ზე) წარდგენილი ინფორმაცია - მხოლოდ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების ნაწილში, საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზები და სხვადასხვა ელექტრონული თუ არაელექტრონული ინფორმაცია, რომლის მოძიებაც იქნა შესაძლებელი.

შემოწმების მიმდინარეობისას რეგულარულად ხდებოდა სატელეფონო კონტაქტი კომპანიის დირექტორთან დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, თუმცა წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერები და დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადამხდელი შემოწმების პროცესში გაეცნო შემოწმებით გამოვლენილ და აქტში ასახულ საკითხებს, რაზეც დასაბუთებული არგუმენტაცია არ გააჩნდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ ცვლის შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ წარმოადგენს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. სულ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებიდან გაიმიჯნა საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით და დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა, ასევე შემოწმებით დაკორექტირდა კომპანიის დღგის ჩასათვლელი თანხები პერიოდების მიხედვით.

შემოწმებით დადგინდა სალაროში დაუდეკლარირებელი ფული, რომელიც შემოწმებამ განიხილა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 177.