გადაწყვეტილება №16545/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№16545/2/2022
21 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს "------" 10.05.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №16545/2/2022).
დავის საგანი:
1.ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება რეორგანიზაციის ფარგლებში შერწყმული
კომპანიისგან მიღებული უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-419 საგადასახადო მოთხოვნა;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №081-2560 შეტყობინება;
3. შემოსავლების სამსახურის 21.04.2022 წლის №10242 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 28.12.2021 წლის №081-419 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია გადასახდელად
დარიცხული გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა - 1 743 177
ლარი.
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება როგორც უშუალოდ სს N2-სგან (ს/ნ "------" ) (დამფუძნებელი კომპანიისგან), ასევე სს N1-სგან (ს/ნ "------") (რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია და უძრავი ქონება მიღებული აქვს სს N2-სგან ) მიღებული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) რეალური ღირებულების მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრის მიზნით 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე.
შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-419 საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №081-2560 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-419 საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №081-2560 შეტყობინება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.04.2022 წლის №10242 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (საჩივარი 10.05.2022 წელს წარმოდგენილია ელექტრონულად (№16545/2/2022), აგრეთვე საჩივარი წარმოდგენილია კანცელარიაში 13.05.2022 წელს (რეგისტრაციის №82715/01), ხოლო 14.07.2022 წელს ელექტრონულად წარმოდგენილია (№17156/2/2022) დაზუსტებული საჩივარი).
სადავო საკითხები:
1.ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება რეორგანიზაციის ფარგლებში შერწყმული კომპანიისგან მიღებული უძრავი ქონების ღირებულების მიხედვით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის მიხედვით, მომჩივანის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს უძრავი ქონების ფლობა, განკარგვა, გაქირავება (სავაჭრო ცენტრი). საზოგადოება დაფუძნებულია 2017 წელს, ხოლო 2018 წელს განხორციელებულია რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც შერწყმული აქვს სს N1 (ს/ნ "------"). 2018 წლის მდგომარეობით მომჩივანი ფლობს, როგორც დედა კომპანიისგან მიღებულ 20 064,14 კვ. მ ფართობის შენობა-ნაგებობას, ასევე სს N1-სგან რეორგანიზაციის დროს მიღებულ უძრავ ქონებას. საწარმო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას იყენებს თვითღირებულების მეთოდს და გადასახადის გაანგარიშებას ახდენს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას: ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება; ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილს რაც შეეხება თუ რა შემთხვევაში არ ხდება საბაზრო ფასის გამოყენება: ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხვას და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ 4 წლის ვადით; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
მომჩივანი არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს, ამასთან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინების შესაბამისადაც არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა. შემოწმებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 1 კვ. მ ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა სს N1-სგან (ს/ნ "------") რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული უძრავი ქონების 1 კვ. მ ღირებულება (ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით). ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების (ფასს 13) გათვალისწინებით მომჩივანს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და 202-ე მუხლის 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან. მომჩივანი არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს. შესაბამისად, მას არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ შემოწმებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 1 კვ. მ ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა სს N1-სგან (ს/ნ "------" ) რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებულ უძრავი ქონების 1 კვ. მ ღირებულება (ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით).
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია, რომ ქონება შეფასებულია შემოსავლის მეთოდით და საბაზრო ღირებულებას ქმნის არამატერიალური აქტივი - გუდვილი, არამართებულია ვინაიდან სს N1-ის ქონებს შეფასების დასკვნა შედგენილია მხოლოდ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. საწარმო არის ახალი დაფუძნებული და მას გარდა ზემოთ აღნიშნული ქონებისა არ გააჩნია სხვა აქტივი. ის ფაქტი, რომ 2018 წელს განხორციელდა რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც მომჩივანს შეერწყა სს N1 , არ ცვლის ოპერაციის შინაარს და არ ათავისუფლებს უფლებამონაცვლეს საგადასახადო ვალდებულების შესრულებისაგან, რეორგანიზაციის დროს კი უძრავი ქონების მიღება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც აქტივების შეძენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსახილველ საკითხთან მიმართებაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი საჩივარში (№16545/2/2022 და №82715/01) მიუთითებს, რომ წარმოდგენილი იქნა ქონების შეფასება, რომელიც შესრულებული იქნა თურქული კომპანია შპს "------"-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ ქონების შეფასებისას გამოყენებულია „შემოსავლის მიდგომის“ მეთოდი, რომელიც ეყრდნობა მომავალი ფულადი ნაკადების დისკონტირებულ ღირებულებას. შეფასების მეთოდიდან გამომდინარე შემფასებელს გამოყენებული აქვს მომავალი წლების (2018-2027 წწ) საპროგნოზო შემოსავალი, რომელიც ქონებას „გადაჭარბებულ“ ღირებულებას აძლევს, რაც პირდაპირი მნიშვნელობით არამატერიალურ აქტივს „გუდვილს“ ქმნის.
არამატერიალური აქტივი წარმოადგენს უხილავ, ხელშეუხებელ რესურსებს, რომლებსაც არ გააჩნია მატერიალური (ფიზიკური) ფორმა, კერძოდ გუდვილი არის საწარმოთა გაერთიანების ღირებულების ნამეტი თანხა, მყიდველი საწარმოს წილზე იდენტიფიცირებადი აქტივების, ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების წმინდა რეალურ ღირებულებაში. აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია ქონების მომავალი ღირებულებით, ქონების დღეს შეფასება მაშინ, როდესაც არ გვაქვს „სიმშვიდის“ არანაირი გარანტია. Covid-19 პანდემიის გამო კომპანიას ძალიან დიდი ზარალი მიადგა და არავინ იცის აღნიშნული განმეორდება თუ არა მომავალში.
საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის მიხედვით, არამატერიალური აქტივი არ არის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შეუძლებელია შემმოწმებლის მიერ „მომავალი სარგებელი“ მიკუთვნებული იქნას ქონების დასაბეგრ ბაზაზე. სამწუხაროა, რომ შემმოწმებელს არ შეუტანია ეჭვი თუ
რატომ „გამოუვიდა“ ქონების გადასახადი რადიკალურად განსხვავებული მაშინ, როდესაც ქონების ექსპლუატაციაში მიღებიდან გასულია სულ რაღაც 2 წელი და როგორც სხვა პროექტები აღნიშნული ქონება შექმნილია სახელმწიფო ვალდებულების შეთანხმებით, რომელიც ეტაპობრივად გადიოდა ხარჯების ექსპერტიზას.
ასევე არსებობს კომპანიის ბიზნესის შეფასების დასკვნა, სადაც ბიზნესის ღირებულება და ქონების ღირებულება ერთმანეთისგან გამიჯნულია. აღნიშნული ბიზნესის დასკვნიდანაც ნათლად ჩანს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საორიენტაციო შემოსავალი ვერ განსაზღვრავს ქონების დღევანდელ ღირებულებას. სწორედ სხვაობა ბიზნესის ღირებულებასა და ქონების ღირებულებას შორის წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ არამატერიალურ აქტივს, რომლის ქონების ღირებულებად გამოყვანა დიდი შეცდომა და ინვესტიციების მოზიდვისთვის ერთ-ერთი ხელის შემშლელი მაგალითია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 922 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია შემთხვევები, რომელთა არსებობის დროსაც დასაბეგრი ქონების ღირებულება არ განისაზღვრება საბაზრო ფასით, კერძოდ საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო ორგანოს მიერ არ განისაზღვრება საბაზრო ფასით შემდეგ შემთხვევებში: ა) დაუმთავრებელ მშენებლობაზე; ბ) ქონებაზე, რომელთა მიმართებაში გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათით; გ) დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადაფასებულია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდულობით და გადაფასება (საბაზრო შეფასება) სრულად მოიცავს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებს (წლებს); დ) დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია შესამოწმებელ პერიოდში; ე) კაპიტალში შენატან დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც შეტანამდე გადაფასებული იქნა წინა მესაკუთრის (პარტნიორის) მიერ და ასეთი გადაფასებიდან ჯამურად არ არის გასული 3 წელი.
მომჩივანი (ს/ნ "-------" ) დაფუძნდა 2017 წელს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული №"-------" (27.07.2018 21:04:06) გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა სუბიექტის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მომჩივანი სს N1 (ს/ნ "------"), სწორედ რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ,მომჩივანსსაკუთრების უფლება წარმოეშვა ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული საკუთრების პრეზუმფციის ცნება, სხვადასხვანაირად აწესრიგებს უძრავ-მოძრავი საკუთრების პრეზუმფციას. მოძრავი ნივთის შემთხვევაში მისი ფაქტობრივი მფლობელი ითვლება მის მესაკუთრედ, ხოლო უძრავი ნივთის მესაკუთრე დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით. განსხვავებულია უძრავ და მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის წესიც, კერძოდ მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად საკმარისია მისი ფაქტობრივად გადაცემა მყიდველის მფლობელობაში, ხოლო უძრავი ნივთის შემთხვევაში აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ წარმოიშობა საკუთრების უფლება, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, უძრავ ქონებაზე, მომჩივანს (ს/ნ "-------" ) საკუთრების უფლება წარმოეშვა 25.07.2018 წელს. შესაბამისად, ამ გარემოებიდან გამომდინარე სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 922 მუხლით განსაზღვრული შემთხვევა.
შერწყმისას ბიზნესის ღირებულების დადგენის მიზნით განხორციელდა ბიზნესის შეფასება. აღნიშნული ბიზნესის შეფასება საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა როგორც ქონების საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი, რომლიც არასწორი მიდგომაა. შეუძლებელია ბიზნესის ღირებულება განვიხილოთ როგორც ქონების ღირებულება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 298-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ კანონის საფუძველზე და დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
კანონიერების პრინციპი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოიკვლიოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დაიცვას დაინტერესებული პირის კანონიერი ინტერესი. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების კანონიერად წარმართვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანასწორობის პრინციპის დაცვაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მიხედვით, იმისთვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოცემულ საქმეზე მართლაც იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს სრულყოფილად რომ გამოეკვლიათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე და 97-ე მუხლების ნორმები/პრინციპები.
უნდა შეჩერდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების მოქმედება წინამდებარე დავის განხილვის დასრულებამდე.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე და საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობა ქმნის დასაბუთებული ეჭვის საფუძველს გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე და ასევე მათი გადაუდებელი აღსრულებით განმცხადებლის კანონიერი ინტერესები არსებითი დაზიანება, ამდენად უნდა დაკმაყოფილდეს წინამდებარე შუამდგომლობა.
მომჩივანი 14.07.2022 წელს წარმოდგენილ დაზუსტებულ საჩივარში აღნიშნავს, რომ როგორც შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, მათ მიერ განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად ქონების ღირებულების შეფასება, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას აღნიშნული ქონების შეფასების ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების თაობაზე.
მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო ორგანო უფლებამოსილება ენიჭება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
როგორც შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნავს, საწარმოს შემოწმებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 1 კვ. მ ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა სს N1-სგან (ს/ნ "------") რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებულ უძრავი ქონების 1 კვ. მ ღირებულება (ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით).
რეორგანიზაციის შედეგად მომჩივანს (ს/ნ "-------" ) 27.07.2018 წელს შეერწყა სს N1 (ს/ნ "------"). შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა სს N1-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე შეფასების დასკვნა (დანართი №5), რომელიც შედგენილია თურქული კომპანიის მიერ, თურქულ ენაზე. შემოწმების მიერ აღნიშნული დასკვნის სანდოობა გადამოწმებული არ ყოფილა და აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული ქონების ღირებულების მიხედვით განსაზღვრა როგორც სს N1-ის (ს/ნ "------"), ასევე მომჩივანის (ს/ნ "-------" ) საკუთრებაში არსებული ქონებების ღირებულებები და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. შემმოწმებლის მიერ არამართლზომიერად იქნა გამოყენებული სს N1-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე თურქული კომპანიის მიერ გამოცემული შეფასების დასკვნა.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საშემფასებლო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოში ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს.
ამდენად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურისთვის სარწმუნო საშემფასებლო დასკვნა უნდა გამხდარიყო მხოლოდ აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელის მიერ გაცემული დასკვნა და იმ გარემოების გამო, რომ არ არსებობს კომპანიის საკუთრებაში არსებულ ქონებებზე გაცემული დასკვნა არამართებულია თურქული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97- ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
შესაბამისად, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც აღიარებული იქნებოდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ასევე აღნიშნულის თაობაზე არ მიეცა კომპანიას შესაძლებლობა წარედგინა კომპეტენტური პირის მიერ გაცემული დასკვნა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა დაუსაბუთებლად.
საყურადღებოა, რომ სს N1-ის საკუთრებაში არსებული ქონების 4 165 კვ. მ კომერციული ფართის, შეფასების დასკვნით დგინდება, რომ მთლიანი ქონებიდან შემფასებელმა ქონების ღირებულება განსაზღვრა უშუალოდ იმ ქონებების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს კომერციულ ფართს და რომელიც ქირავდება და აღნიშნული ფართი განისაზღვრა 3 505,3 კვ. მ-ით, ანუ მთლიანი ქონების 84% და აღნიშნული შეფასდა 36 280 000 ლარად. შესაბამისად, შემფასებელმა აღნიშნული დასკვნით მიიჩნია, რომ ქონების 16% წარმოადგენს საერთო და დამხმარე დანიშნულების ფართებს, რომლებიც კომპანიისთვის არ წარმოადგენენ მატერიალური დოვლათის შემქმნელ ელემენტებს და ქონების შეფასებისას შემოსავლების მეთოდის გამოყენებით, ქონების ღირებულება განსაზღვრა მხოლოდ ქონების 84%-ზე. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანის ქონების შეფასებისას გამოყენებულ იქნა სს N1-ის ქონების შეფასების დასკვნა, არ იქნა გათვალისწინებული შეფასების დასკვნით განხილული პრინციპი და კვადრატული მეტრის ღირებულება გავრცელებულ იქნა მომჩივანის საკუთრებაში არსებული ქონების სრულ მოცულობაზე, 20 064 კვ. მ-ზე. შესაბამისად, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემმოწმებლებს არ შეუსწავლიათ საკითხი და მათი მიზანი არ იყოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სწორედ განსაზღვრა და თუნდაც გაურკვეველი წარმომავლობის დასკვნაზე დაყრდნობით მათ არ მოახდინეს ამ დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინება. ამდენად, არასწორია ქონების ღირებულება ყველა დანიშნულების ფართზე განისაზღვროს იდენტურად და თუ შემმოწმებელი მომჩივანის ქონების შეფასებისთვის იყენებს, სს N1-ის ქონების ღირებულებას, პრინციპიც ანალოგიურად უნდა იქნეს განსაზღვრული.
შემოწმების მიერ არამართებულად იქნა განსაზღვრული დასაბეგრი ქონების ღირებულება, კერძოდ, სს N1-ის დასკვნის მიხედვით განხორციელებულია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება. შესაბამისად, უძრავი ქონება შეფასებულია საბაზრო ღირებულებით, დღგ-ის ჩათვლით. შემოწმების შედეგად ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა მოხდა აუდიტის შეფასების დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით, ანუ ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა ქონების ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით. ქონების ღირებულებაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული დღგ-ის თანხა და გადასახადის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ქონების ღირებულებაზე დღგ-ის გარეშე.
ამასთან, ქონების გადასახადის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (მათ შორის, უძრავი ქონების) საბალანსო ღირებულება არსებითად არ განსხვავდებოდეს მათი რეალური ღირებულებისაგან საგადასახადო წლის ბოლოს, რასაც უზრუნველყოფს ბასს 16-ით რეკომენდებული გადაფასების მოდელის გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს ბალანსზე თავდაპირველად თვითღირებულებით (შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გარეშე) ასახული დასაბეგრი ქონების შემდგომში ასახვას გადაფასებული (აფასებული ან ჩამოფასებული) თანხით, რომელიც გადაფასების მომენტისათვის არსებული აქტივის რეალური ღირებულების ტოლია, შემდგომში დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლებით.
ის გარემოება, რომ აქტივის რეალური ღირებულება მოიცავს ამ აქტივის მიწოდების ფასზე დანამატის სახით დადგენილ დღგ-ის თანხას, არ ცვლის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის წესს, რომლის თანახმად, ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივის ღირებულება არ მოიცავს დღგ-ის კომპონენტს.
შესაბამისად, როდესაც საწარმოს გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, ამ ანგარიშგებაში დასაბეგრი უძრავი ქონების საბალანსო ღირებულება ასახულია საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე და მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ამ საწარმოს საგადასახადო შემოწმებისას არ წარმოიშობა დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის საფუძველი. შესაბამისად, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის მოქმედი კანონმდებლობა საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის გამოყენების შემთხვევას უთანაბრებს გადასახადის გადამხდელის მიერ გადაფასების მოდელის გამოყენებას. კომპანიების, რომლებსაც გააჩნიათ ფინანსური ანგარიშგება და იყენებენ გადაფასების მოდელს მათზე არ ვრცელდება ქონების საბაზრო ღირებულებით განსაზღვრის წესი. შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ღირებულების პრინციპი ვერ იქნება განსხვავებულად განსაზღვრული იმ პირებისთვის ვისაც არ გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და არ იყენებს გადაფასების მოდელს. ამდენად, ვინაიდან ნორმათა ერთობლიობით ცალსახად დგინდება, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულება არ მოიცავს დღგ-ს, ყოვლად უსაფუძვლოა შემოწმების შედეგად ქონების გადასახადის დარიცხვა აქტივის ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის გაანგარიშებით იდენტიფიცირებულ იქნა შემოწმებით განსაზღვრული შეფასების ღირებულება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შემმოწმებელს ქონების გადასახადი სს N1-ის ნაწილში, სრულად დარიცხული აქვს მომჩივანისთვის , მიუხედავად იმისა, რომ სს N1-ის რეორგანიზაციის შედეგად შერწყმა განხორციელებულია 27.07.2018 წელს. შესაბამისად, სს N1 დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა რეორგანიზაციამდე და მის მიერ საგადასახადო ვალდებულებები მიუხედავად წლის განმავლობაში არასრული პერიოდის არსებობისა, უნდა განხორციელებულიყო დამოუკიდებლად, კომპანიის არსებობის პერიოდის პროპორციულად.
საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე ამ კოდექსით დადგენილი წესით. ხოლო, ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.
შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს N1 (ს/ნ "------") 2018 წლის საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა 27.07.2018 წლამდე, საგადასახადო ვალდებულებები რეორგანიზაციამდე საანგარიშო პერიოდში კომპანიას წარმოეშობა დამოუკიდებლად და სს N1-ის (ს/ნ "------") საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება სრული წლის მიხედვით მომჩივანზე წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და სს N1-ის რეორგანიზაციამდე საანგარიშო პერიოდზე მომჩივანისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები უნდა გაუქმდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2020 წლამდე მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი, მე-2 და 41 ნაწილების თანახმად:
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
4 1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას იყენებს თვითღირებულების მეთოდს და გადასახადის გაანგარიშებას ახდენს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან. საწარმო არ იყენებს გადაფასების მეთოდს, ასევე არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინების შესაბამისად არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის საბაზრო ფასით განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. საქმის გარემოებებით დგინდება, რომ ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა სს N1-სგან (ს/ნ "------") რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით. საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი არ არის ქონების შეფასების ალტერნატიული დასკვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით მომჩივანს (ს/ნ "-------" ) 27.01.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საურავი 0,12 ლარი, ზედმეტობა 6,16 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 1 744 048,59 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე 27.01.2022 წლის №081-2560 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
22.05.2022 წლის მდგომარეობით მომჩივანს (ს/ნ "-------" ) ერიცხება საგადასახადო დავალიანება გადასახადის სახით 1 743 040,84 ლარი და საურავი 101 085,58 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 239-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 27 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება -ძირითადი გადასახადის სახით 0 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 0,12 ლარი, ზედმეტობა 6,16 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 1 744 048,59 ლარის ოდენობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 27 იანვრის №081-2560 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოშობილია დავალიანება, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ 27.01.2022 წლის №081-2560 შეტყობინება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ არ არსებობს სადავო შეტყობინების საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად გაუქმების საფუძველები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი თვლის,რომარამართებულად იქნა განსაზღვრული დასაბეგრი ქონების ღირებულება, ქონების ღირებულებაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული დღგ-ის თანხა და გადასახადის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ქონების ღირებულებაზე დღგ-ის გარეშე.
გადამხდელი აღნიშნავს ,რომ საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება სრული წლის მიხედვით მომჩივანზე წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ,ითხოვს რეორგანიზაციამდე საანგარიშო პერიოდზე მომჩივანისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.
2.ითხოვს გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან. მომჩივანი არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს. შესაბამისად, მას არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა.საკანონმდებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მომჩივანს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
2.მომჩივანს 27.01.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საურავი,ზედმეტობა და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე , გაუვრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო მიუთითებს, რომ არ არსებობს სადავო შეტყობინების საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად გაუქმების საფუძველები.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
202,238,239
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია.921 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები.