საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 619
2020 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული
ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, 23-ე მუხლის მე-12 და მე-15 ნაწილების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული:
1. „საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი“ (დანართი №1).
2. „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები“ (დანართი №2).
3. „იმ ხარჯების ნუსხა, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა“ (დანართი №3).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი
გიორგი გახარია
დანართი №1
საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და
გაუქმების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის (შემდგომში – სტატუსი) მინიჭებისა და გაუქმების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების პირობებს, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, აგრეთვე სტატუსის გაუქმების პირობებსა და წესს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
მუხლი 2. სტატუსის მინიჭების ძირითადი პირობები და პროცედურები
1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი რომელიმე შემდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, მიენიჭოს საქართველოს საწარმოს:
ა) რომელსაც აქვს ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით;
ბ) რომელიც არის არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით;
გ) რომლის 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორ საწარმოებს დამოუკიდებლად (თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე) აქვთ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით.
2. საწარმო, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში. შესაბამისად, სტატუსის მქონე პირმა საქართველოში უნდა განახორციელოს ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობა, ამისათვის უნდა გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები საჭირო კვალიფიკაციით და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების გაწევა. ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობები შეიძლება, განსხვავდებოდეს ნებადართული საქმიანობის მიხედვით, მაგრამ ძირითადად უნდა შედგებოდეს იმ მნიშვნელოვანი ფუნქციებისგან, რომელიც განაპირობებს ამ საქმიანობის ეკონომიკურ ღირებულებას (არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ ან უმეტესად დამხმარე საქმიანობას).
3. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
31. თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვირტუალური ზონის პირს, ასეთ შემთხვევაში, უქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებული პირი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
5. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა);
ბ) საწარმოს იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებს;
გ) №2 დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სახეს, რომელზეც სურს სტატუსის მიღება;
დ) №2 დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობ(ებ)ის განხორციელების ფარგლებში, მომსახურების გაწევის ადგილს;
ე) განცხადების წარდგენის თარიღსა და უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − შესაბამისი ნებართვა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
7. შემოსავლების სამსახური 10 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.
8. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
9. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და უარი თქვას საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენაზე, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი.
91. იმ შემთხვევაში, თუ პირი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებას ითხოვს ამ დადგენილების №2 დანართის პირველი მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობების გასაწევად და განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უგზავნის სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებსა და ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის პირველი მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
92. სააგენტო შემოსავლების სამსახურს თავის დასკვნას, კომპეტენციის ფარგლებში, წარუდგენს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ ვადის განმავლობაში დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ არ არსებობს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები.
93. სააგენტოს მიერ წარდგენილი უარყოფითი დასკვნა არის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენაზე უარის თქმის საფუძველი.
10. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ არსებობს სააგენტოს უარყოფითი დასკვნა, შემოსავლების სამსახური პირის განცხადებას, თანდართულ მასალებთან ერთად, წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, მიღებულ დოკუმენტაციასა და წინადადებას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.
11. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
12. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ. პირი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან.
13. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნებათ განმცხადებელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურსა და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №67 – ვებგვერდი, 18.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 აპრილის დადგენილება №180 – ვებგვერდი, 23.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 ივლისის დადგენილება №366 – ვებგვერდი, 22.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №416 – ვებგვერდი, 18.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №420 - ვებგვერდი,30.09.2025წ.
მუხლი 3. სტატუსის გაუქმება
1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი შემოსავლების სამსახურში წარადგენს განცხადებას საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით;
ბ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი განახორციელებს ამ დადგენილების №2 დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული სტატუსის ფარგლებში ნებადართული საქმიანობ(ებ)ის გარდა სხვა საქმიანობას, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი გადააჭარბებს ამავე დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას;
გ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
დ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს მიენიჭა ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.
ე) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს მიენიჭა ინოვაციური სტარტაპის სტატუსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური აღნიშნული საფუძვლის გამოვლენიდან 10 დღეში შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.
3. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ.
4. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაუქმებულად ითვლება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამისი საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოწვეულია ამ დადგენილებაში ცვლილების შეტანით − შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან;
ბ1) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოწვეულია ამ დადგენილებაში ცვლილების შეტანით − შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების მომენტიდან.
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
5. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება პირს, რომელსაც გაუუქმდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 ივლისის დადგენილება №366 – ვებგვერდი, 22.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №416 – ვებგვერდი, 18.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №279 – ვებგვერდი, 04.08.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №420 - ვებგვერდი,30.09.2025წ
მუხლი 4. რეესტრის წარმოება
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
დანართი №2
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები
მუხლი 1. ნებადართული საქმიანობის სახეები
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, გასწიოს შემდეგი სახის მომსახურება:
ა) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 58.2 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები:
ა.ა) 58.2 − პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
ა.ბ) 58.21 − კომპიუტერული თამაშების გამოცემა;
ა.გ) 58.29 − სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
ბ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 62 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები:
ბ.ა) 62.0 − კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები;
ბ.ბ) 62.01 − კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები;
ბ.გ) 62.02 − საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში;
ბ.დ) 62.03 − კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები;
ბ.ე) 62.09 − საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები;
გ) ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით;
დ) ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება;
ე) ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება;
ვ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;
ზ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება, მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
თ) სისტემის დისტანციური ადმინისტრირება;
ი) მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინმიწოდება;
კ) პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ან ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) და მისი განახლებები;
ლ) ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები;
მ) ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერიულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი);
ნ) ვებსაიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინინსტალაცია;
ო) ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატური ონლაინინსტალაცია;
პ) გემთმფლობელის მიერ იმ კომერციული მომსახურებების გაწევა, რომლებიც იდენტიფიცირებულია ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენციის (The Baltic and International Maritime Council (BIMCO)) გემების მართვის 2009 წლის (BIMCO ShipMan 2009) სტანდარტული ხელშეკრულების II ნაწილის მე-6 პუნქტში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები ხორციელდება გემის მფლობელი ან გემის მფლობელის მიერ დანიშნული გემის მმართველი კომპანიის მიერ, რომლებიც შემოიფარგლება შემდეგი მომსახურებებით:
პ.ა) მფლობელების მიერ მითითებული გემისთვის საჭირო ხარისხის საწვავის მიწოდების უზრუნველყოფა;
პ.ბ) რეისის შეფასება, გაანგარიშება და ქირის, ფრახტის, დემერეჯის და/ან დისპაჩის გამოთვლა. მფლობელების მიერ გემის კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახდელი თანხების დაჯამებაში დახმარება;
პ.გ) რეისის (ვოიჯის) ინსტრუქციების გაცემა;
პ.დ) აგენტების დანიშვნა;
პ.ე) სტივიდორების დანიშვნა;
პ.ვ) გემის კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული შემოწმებების დაგეგმვა;
ჟ) გემთმფლობელისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურებების გაწევა, რომლებიც იდენტიფიცირებულია ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენციის (The Baltic and International Maritime Council (BIMCO)) გემების მართვის 2009 წლის (BIMCO ShipMan 2009) სტანდარტული ხელშეკრულების II ნაწილის მე-4 პუნქტში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები ხორციელდება გემის მფლობელი ან გემის მფლობელის მიერ დანიშნული გემის მმართველი კომპანიის მიერ, რომლებიც, როგორც მინიმუმ, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი მომსახურებებით:
ჟ.ა) გემის დროშის სახელმწიფოს მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ჟ.ბ) გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (ISM Code) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ჟ.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გემებისა და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსთან (ISPS Code) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ჟ.დ) გემის ტექნიკური მომსახურებისა და ზოგადი ეფექტიანობის ზედამხედველობისთვის კომპეტენტური პერსონალის უზრუნველყოფა;
ჟ.ე) გემის მშრალი დოკირების დაგეგმვა და ზედამხედველობა, შეკეთება, ცვლილებების განხორციელება და ტექნიკური მომსახურება, გემთმფლობელებთან შეთანხმებული სტანდარტების (დონის) შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველებს ექნებათ უფლება, გაიღონ აუცილებელი ხარჯები იმისათვის, რომ უზრუნველყონ გემის შესაბამისობა საკლასიფიკაციო საზოგადოების ყველა მოთხოვნასა და რეკომენდაციასთან, გემის დროშის ქვეყნის კანონმდებლობასა და იმ გეოგრაფიულ ზონებთან, სადაც გემი განახორციელებს ნაოსნობას;
ჟ.ვ) აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობით, სათადარიგო ნაწილებით მომარაგება და სპეციალური საპოხი ზეთებით მომარაგების უზრუნველყოფა;
ჟ.ზ) დროდადრო სურვეიერებისა და ტექნიკური კონსულტანტების დანიშვნა;
ჟ.თ) მფლობელების ინსტრუქციითა და გაყიდვის შეთანხმების მიხედვით, გემის გაყიდვისა და ფიზიკური მიწოდების ზედამხედველობა. თუმცა, არ მოიცავს გაყიდვის ხელშეკრულების მოლაპარაკებებსა და გემის მფლობელობის გადაცემის მომსახურებას;
ჟ.ი) სურსათით მომარაგების დაგეგმვა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ჟ.კ) საწვავის მახასიათებლების შემოწმებისა და ტესტირების დაგეგმვა.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობის სახეები არ მოიცავს საზღვაო გადაზიდვის მომსახურებას.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №67 – ვებგვერდი, 18.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 აპრილის დადგენილება №180 – ვებგვერდი, 23.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №416 – ვებგვერდი, 18.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 13.01.2022წ.
მუხლი 2. შემოსავლები, რომელთა მიღება არ იწვევს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს ასევე უფლება აქვს, მიიღოს მხოლოდ ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობის თანმდევი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ სახის შემოსავლები (დღგ-ის გარეშე) ჯამურად არ აღემატება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 აპრილის დადგენილება №180 – ვებგვერდი, 23.04.2021წ.
დანართი №3
იმ ხარჯების ნუსხა, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა
1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი.
2. საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები.
წყარო: საქართველოს საკანონმბდელო მაცნე