ბრძანება N 19025

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.08.2023
№ დოკუმენტი 19025
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19025

02.08. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----------------ს (ს/ნ ---------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------------)

(იურ. ------------------------------------)

2023 წლის 10 იანვრის და 20 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა ი/მ --------------ს (ს/ნ ------------ ) 2023 წლის 10 იანვრის №77901/1/2023 და 20 იანვრის №8696/21 (შემოსულის N:366364) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №007-346 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ იყო, რადგან შემოწმებით განსაზღვრულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა არ აღემატებოდა დეკლარირებული ბრუნვის 5%-ს. ამასთან, არასწორად გაანგარიშდა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რადგან ფასნამატი განისაზღვრა გამოცხადებული ფასებით, არ იყო გათვალისწინებული ფასდაკლების კოეფიციენტი და შეძენილი საქონლის რაოდენობა, ფასნამატის გაანგარიშება განხორციელდა საშუალო ფასნამატისგან რადიკალურად გადახრილი ფასნამატის მქონე საქონლის მონაწილეობით. მიუთითებს, რომ დეკლარირებული "დანაკლისის" თანხა არ უნდა ჩართულიყო დასაბეგრ ბრუნვაში. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვების მიზნით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების მხოლოდ 75%-ის ჩათვლას ანაზღაურებულად. აღნიშნავს, რომ იმპორტირებულ საქონელზე გამოსაქვით ხარჯებში სრულად უნდა იქნეს ჩართული ინვოისებით დადასტურებული ხარჯები და შესაბამისად განისაზღვროს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 თებერვლის №3321 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------------ს (ს/ნ ------------ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 16 დეკემბრის №31745 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-346 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 363 925 ლარი, მათ შორის გადასახადი 222 936 ლარი, ჯარიმა 114 091 ლარი და საურავი 26 898 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა ტანსაცმლის იმპორტს ჩინეთიდან და მის საცალო და საბითუმო რეალიზაციას თბილისში, იჯარით აღებულ ფართში. საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2022 წლის 16 ივნისის N15321 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი გაიზარდა 2022 წლის 01 ივლისამდე და გადასახადის გადამხდელს ეთხოვა შემოწმებისათვის წარედგინა შესაბამისი პერიოდის საბანკო ანგარიშების ამონაწერები მომსახურე ბანკებიდან. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შემოწმებამ გამოიყენა გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი 31.19%-ის ოდენობით და შემმოწმებლების მიერ განხორციელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება. საგადასახადო შემოწმების მიერ დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 160-ე, 161-ე მუხლების, 2021 წლიდან მოქმედი რედაქციით 159-ე, 160-ე, 162-ე-164-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი იმპორტირებული საქონლის ღირებულებას ანაზღაურებდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არ გააჩნდა. პირს ეთხოვა დამოწმებული ინვოისების ან შედარების აქტის წარმოდგენა, რაც გადასახადის გადამხდელმა ვერ უზრუნველყო. საგადასახადო შემოწმება ჩატარდა გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა გარკვეული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმებამ, იმპორტირებული ტანსაცმლის ღირებულების დასადგენად იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი №8). აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი შეძენილი სმფ-ების ღირებულება. სხვაობას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 81-ე მუხლების თანახმად და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია და შედეგად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი 31.19%-ის ოდენობით. შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა, როგორც ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი, ისე დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები და შესაბამისი ფასნამატის გამოყენებით მიღებული შემოსავლებით დაეკორექტირებინა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი იმპორტირებული საქონლის ღირებულებას ანაზღაურებდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც პირს არ გააჩნდა. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა ვერ უზრუნველყო იმპორტირებული საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის/მტკიცებულების წარდგენა, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითებით (დანართი N8) და იმპორტირებულ საქონელზე საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი შეძენილი სმფ-ების ღირებულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ --------------ს (ს/ნ ------------ ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვების მიზნით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების მხოლოდ 75%-ის ჩათვლას ანაზღაურებულად.

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, N15321 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია.შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საგადასახადო შემოწმების მიერ დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. პირს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი იმპორტირებული საქონლის ღირებულებას ანაზღაურებდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არ გააჩნდა. გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი შეძენილი სმფ-ების ღირებულება. სხვაობას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 81-ე მუხლების თანახმად და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან.შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ამასთან,სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(2); 43(4); 49(1„ე“); 61(3); 72(1); 73(5 „ა“); 80(1); 81; 100(3 „ბ“); 101; 102(1 „ა“); 105(1,2;) 136(1,3);154;158(1); 159(1„ა“); 160;162; 163(1,2); 164(1) ;275;302(6);

(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“) ; 161(1„ა“ „ა.ბ.დ“)

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი №8).