გადაწყვეტილება №18608/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18608/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18608/2/2023

23.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-----" (ს/ნ "-----" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-----" 9.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18608/2/2023).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება (შემოწმებით განსაზღვრული ქონების საბაზრო ღირებულება).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის №007-168 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28668 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 19 836 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 10 211

მიწა-არასასოფლო - 201

ქონების გადასახადი - 10 010

ჯარიმა - 5 105

საურავი - 4 520

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც მითითებულია, რომ:

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს თბილისში - "------" , უფიქსირდება უძრავი ქონება - არასაცხოვრებელი ფართი (სარდაფი) 186 კვ.მ. მომჩივანს აღნიშნული ქონება არ აქვს დეკლარირებული 2019 და 2020 წლებში (დეკლარაცია არ აქვს წარდგენილი), ხოლო 1.04.2022 წელს წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში (წარადგინა შემოწმების დანიშვნის შემდეგ) ქონების ღირებულება შეადგენს 945.6 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განესაზღვრა საბაზრო ფასით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ ჩატარებული ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ქონება 2019 წელს შეფასებულია 467 000 ლარად, 2020 წელს 534 000 ლარად. შესამოწმებელ პერიოდში, შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებაზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 6.07.2022 წლის №17653 ბრძანება და ამავე თარიღის №007-168 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 8.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28668 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ შემოწმებით გამოვლინდა უძრავი ქონების გადამხდელის საკუთრებაში არსებობის ფაქტი. ამასთან, აღნიშნული ქონება დადგენილი წესით არ არის ბალანსზე აღრიცხული და გადამხდელს არ აქვს წარდგენილი 2019- 2020 წლების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, ხოლო 2022 წლის 1 აპრილს წარდგენილ ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ქონების ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 921 მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, განსაზღვრულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში, შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ქონების გადასახადი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ქონების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რაიმე სახის ალტერნატიული დოკუმენტაცია. შესაბამისად, გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია 2016 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. ამა წლის 1 მარტს დაინიშნა შემოწმება. კომპანიის ბალანსზე რიცხული ქონება (ქ. "-----"-ში მდებარე სარდაფი, ფართობით 186 კვ.მ) შეფასდა 2019 წელს 467 000 ლარად, 2020 წელს 534 000 ლარად, ხოლო 2021 წელს 2 837 ლარად.

საგადასახადო კოდექსის 200-ე მუხლით ქონების გადასახადის განსაზღვრისა და დაბეგვრის მიზნებისთვის ცალ-ცალკე დაბეგვრის ობიექტია ქონება და მიწა, ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), ამავე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას. რაც შეეხება 41 პუნქტში მოცემულ დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრას ქონების გადასახადის გადახდის მიზნებისთვის საბაზრო ფასით უძრავ ქონებასთან - შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში: ჩვეულებრივ საბაზრო ღირებულება ეს არის ფასი, რომლითაც შეფასების ობიექტი შეიძლება გასხვისდეს ღია ბაზარზე. გამყიდველიც და მყიდველიც მოტივირებულია, ინფორმირებული და მოქმედებს საკუთარი ინტერესებით. საბაზრო ღირებულება ასევე გულისხმობს გაყიდვისთვის დათმობილ გონივრულ დროს. საბაზრო ღირებულების ზუსტი დეფინიცია სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება შემდეგნაირად: საბაზრო ღირებულება წარმოადგენს გამოთვლად ფულად სიდიდეს, რომელითაც გაიცვლება ქონება შეფასების თარიღისათვის დაინტერესებულ მყიდველსა და დაინტერესებულ გამყიდველს შორის ტრანზაქციისას, მართებული მარკეტინგის ჩატარების შემდეგ, როდესაც თითოეული მხარე მოქმედებს გათვითცნობიერებულად, წინდახედულად და ძალდატანების გარეშე. მაგრამ, რადგან ქონების გადასახადის გაანგარიშების და გადახდის მიზნებისთვის მიწა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა ცალ-ცალკე დაბეგვრის ობიექტია, ამ მიმართებით საბაზრო ღირებულების დადგენისას მიწის ღირებულება არანაირად არ გაანგარიშდება და არ შედის მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის ღირებულებაში. ამ შემთხვევაში საბაზრო ღირებულების დადგენის ერთადერთი მეთოდი არის დანახარჯების მიხედვით შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულების დადგენა - ანუ რა დანახარჯები გაიწია და რა ჯდება ამ შენობა-ნაგებობის აშენება და არა აქვს არანაირი მნიშვნელობა სად მდებარეობს ეს შენობა შუა "-----" თუ "-----" ბოლოს რადგან მდებარეობის განმსაზღვრელი კომპონენტი - მიწა და მისი საბაზრო ღირებულება არ შედის და არ მონაწილეობს ამ შენობა-ნაგებობის ღირებულებაში. შესაბამისად, ქონების გადასახადის გადახდის მიზნებისთვის საბაზრო ღირებულებით შეფასებისას ერთმანეთისაგან გასამიჯნია მიწის (ადგილმდებარეობის) და შენობა ნაგებობის ღირებულებათა კომპონენტები. აღნიშნული რეგულირდება აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით, რომლის მიხედვითაც მიწა და მასზე მდგომი შენობა - ნაგებობები სხვადასხვა ჯგუფის ძირითადი საშუალებებია და საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXIX თავითაც სადაც, ძალზე მკაფიოდ და ერთაზროვნადაა დადგენილი, რომ მიწაზე ქონების გადასახადი დგინდება ამ მიწის ფართობზე გადაანგარიშებით და მიწის საბაზრო ღირებულება არანაირ კავშირშია სხვა ქონების გადასახადის გაანგარიშების წესთან. ვინაიდან შესაფასებელ საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, საჭიროა მეტი სიცხადისთვის განიმარტოს იგი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი „უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა - ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე“. უძრავი ნივთის ხერხემალს, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს. მიწის ნაკვეთს მიეკუთვნება ის, რაც მიწაზეა და რაც მიწის ქვეშაა, საწინააღმდეგოს მტკიცება კი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმპერატიული ნორმების დანაწესებს. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილს მიეკუთვნება არა ის, რაც ამ ნივთის არსებას განსაზღვრავს, არამედ ის რაც სამართლებრივად არის მასთან დაკავშირებული და არ წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების ობიექტს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება აუდიტის მიერ 2019-2020 წლების ქონების შეფასებას და ითხოვს ქონების გადასახადის გაანგარიშებას საბალანსო ღირებულებიდან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:

ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი და 41 ნაწილების მიხედვით:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

4 1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 921 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტების შესაბამისად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში – წესი).

2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;

გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ქონების გადასახადის გადახდის მიზნებისთვის საბაზრო ღირებულებით შეფასებისას ერთმანეთისაგან გასამიჯნია მიწის (ადგილმდებარეობის) და შენობანაგებობის ღირებულებათა კომპონენტები. უძრავი ნივთის ხერხემალს, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს. მიწის ნაკვეთს მიეკუთვნება ის, რაც მიწაზეა და რაც მიწის ქვეშაა, საწინააღმდეგოს მტკიცება კი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმპერატიული ნორმების დანაწესებს. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილს მიეკუთვნება არა ის, რაც ამ ნივთის არსებას განსაზღვრავს, არამედ ის რაც სამართლებრივად არის მასთან დაკავშირებული და არ წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების ობიექტს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019- 2020 წლების ქონების შეფასებას და ითხოვს ქონების გადასახადის გაანგარიშებას საბალანსო ღირებულებიდან.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით მომჩივანს უძრავი ქონება (არასაცხოვრებელი ფართი (სარდაფი) 186 კვ.მ.) 2019 და 2020 წლებში არ ჰქონდა დეკლარირებული, ხოლო 1.04.2022 წელს წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში ქონების ღირებულება შეადგენს 945.6 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შეფასდა აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეფასებულია ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის, ხოლო მომჩივნის მიერ მისი არგუმენტის დამადასტურებელი (მათ შორის, ალტერნატიული ექსპერტიზა) და საგადასახადო ორგანოს შეფასების გამაქარწყლებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს ქმედება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.