ბრძანება N 22436

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.10.2024
№ დოკუმენტი 22436
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22436

18 ოქტომბერი 2024

ბრძანება

შპს „------ -ს ” (ს/ნ "------")

(მის.: "------")

2024 წლის 30 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „"------- -ს ” (ს/ნ "------") 2024 წლის 30 იანვრის №14827/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №084-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული შესამოწმებელ პერიოდში მიუღებელი შემოსავლები, გარდა ამისა, გადამხდელის მიერ შემმოწმებლისთვის გადაგზავნილ იქნა დებიტორ-კრედიტორების შესახებ მონაცემები, რომელშიც დაშვებულია შეცდომა და ითხოვს მის კორექტირებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ გაურკვეველია ვის მიერ და რა კრიტერიუმებით განხორციელდა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, რამდენადაც ქონების ვიზუალური დათვალიერება არ მომხდარა. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია აღნიშნულ ნაწილში ჯარიმის დაკისრებაც. შედეგად, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას.

3. გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7464 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 დეკემბრის №32296 ბრძანება და ამავე თარიღის №084-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 127 226 ლარი, მათ შორის, გადასახადი 76 624 ლარი, ჯარიმა 38 312 ლარი, საურავი 12 290 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 12 მარტის №5395 ბრძანებით მომჩივანის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 6 სექტემბრის №22722/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 მარტის №5395 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის №22722/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

"საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5395 ბრძანებაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ ნორმებს, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებს ბასს-ის მიხედვით. შესაბამისად, მის მიერ ვერ იქნა მოწოდებული ბუღალტერია. გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ედრება მის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ რეალიზაციას. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი. სალაროს საწყის ნაშთად აღებულ იქნა მის მიერ წარდგენილ 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული რიცხვი 197 107 ლარი. გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა დებიტორკრედიტორების ცხრილი, რომელსაც დაეყრდნო შემოწმება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა საწარმოს სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, გამოვლენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, სალაროს ნაშთმა შეადგინა 291 597 ლარი. მიღებული სხვაობა, განკარგვადი თანხა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე აღრიცხულია სპეცტექნიკა (ტრაქტორები, სატვირთო ავტ. მანქანები). ვინაიდან, გადამხდელის მიერ ვერ იქნა მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა და ტექნიკის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ აღნიშნული ტექნიკა შეფასებულ იქნა საბაზრო ღირებულებით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულ იქნა ერთი ტრაქტორი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი ედრება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად განისაზღვრა ქონების გადასახადის ოდენობა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად, მის მიერ ვერ იქნა შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტერია. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი. სალაროს საწყის ნაშთად აღებულ იქნა მის მიერ წარდგენილ 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული თანხა 197 107 ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ასევე წარდგენილ იქნა დებიტორ-კრედიტორების ცხრილი, რომელსაც დაეყრდნო შემოწმება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა საწარმოს სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც გამოვლენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, სალაროს ნაშთმა შეადგინა 291 597 ლარი. შემოწმების მიერ გაანგარიშებული განკარგვადი თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები პრაქტიკულად საბანკო გადარიცხვებით არის მიღებული და სრულად გამჭვირვალეს და უტყუარს წარმოადგენს. საწარმოს პრაქტიკულად არ გააჩნია სალარო და გასავლის ოპერაცია ხორციელდება ბანკით, გამონაკლისს წარმოადგენდა ერთადერთი შემთხვევა 2021 წლის 25 სექტემბერს, როდესაც 52 000 ლარი ბანკიდან იქნა გამოტანილი და კონვეტრაციის შემდეგ დაბრუნებულ იქნა სავალუტო ანგარიშზე, რამდენადაც საწარმო აპირებდა ტექნიკის შესაძენად უცხოეთში გადარიცხვის განხორციელებას, თუმცა ოპერაცია არ განხორციელდა და თანხა გამოყენებულ იქნა სხვა ხარჯების დასაფარად. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შემმოწმებლების მიერ შესამოწმებელი პერიოდის სალაროს საწყის ნაშთად დაფიქსირებული აქვთ საწარმოს მიერ წარდგენილი 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული რიცხვი 197 107 ლარი, რაც შესაბამისი ფინანსური ანგარიშის მიხედვით მოიცავს ფულის ნაშთს როგორც სალაროში, ისე ბანკში, თუმცა საწარმო სალაროს ანგარიშს პრაქტიკულად არ აწარმოებს. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ასევე არ არის გათვალისწინებული შესამოწმებელ პერიოდში მიუღებელი შემოსავლები, კერძოდ, აღნიშნავს, რომ ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, მომჩივანს წარმოადგენდა შპს „-------“-ის ქვეკონტრაქტორს, თუმცა ვერ მოხერხდა ობიექტის დროულად ჩაბარება, ხოლო შპს „------“-ს საწარმოსთვის თანხა პრაქტიკულად არ გადაუხდია და დღესაც ირიცხება დებიტორულ დავალიანებად, ხოლო ლანჩხუთის მერიის მიერ განხორციელებული სანქციები მიჩნეულ იქნა არაკანონზომიერად, რასთან დაკავშირებითაც შეტანილია სარჩელი სასამართლოში. გადამხდელი ასევე მიუთითებს მის მიერ შემმოწმებლისთვის გადაგზავნილ დებიტორ-კრედიტორების მონაცემებში დაშვებულ შეცდომაზე და ითხოვს მის კორექტირებას. ამათან, გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულია გარკვეული დოკუმენტაცია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:

ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით),საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996-ის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 -ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი.

5. ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;

გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე აღრიცხულია სპეცტექნიკა (ტრაქტორები, სატვირთო ავტ. მანქანები). გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა და ტექნიკის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულ იქნა ერთი ტრაქტორი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი ედრება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განისაზღვრა ქონების გადასახადის ოდენობა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი.

წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ გაურკვეველია ვის მიერ და რა კრიტერიუმებით განხორციელდა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, რამდენადაც ქონების ვიზუალური დათვალიერება არ მომხდარა, ამასთან, საწარმოს ბალანსზე რიცხული ტრაქტორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოსულია მწყობრიდან და 10 წელზე მეტია ექსპლუატაციაში არ იმყოფება. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია აღნიშნულ ნაწილში ჯარიმის დაკისრებაც. შედეგად, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოწმების მიერ ქონების გადასახადის ნაწილში დაკისრებულ სანქციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიერ საბაზრო ფასი გამოყენებულია მოძრავ ქონებასთან მიმართებით, ამასთან, შემოწმებით ვერ იქნა მოპოვებული ტექნიკის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებაში, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში დაკისრებული სანქციები მართლზომიერია.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ - ეს” (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.ითხოვს მის კორექტირებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.

3. გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა საწარმოს სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, გამოვლენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, სალაროს ნაშთმა შეადგინა 291 597 ლარი. მიღებული სხვაობა, განკარგვადი თანხა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა.

2.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე აღრიცხულია სპეცტექნიკა.ვინაიდან, გადამხდელის მიერ ვერ იქნა მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა და ტექნიკის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ აღნიშნული ტექნიკა შეფასებულ იქნა საბაზრო ღირებულებით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულ იქნა ერთი ტრაქტორი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი ედრება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად განისაზღვრა ქონების გადასახადის ოდენობა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში დაკისრებული სანქციები მართლზომიერია.

3.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,201,202,269(7).