გადაწყვეტილება №24373/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.12.2024
№ დოკუმენტი 24373/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24373/2/2024

26 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 1.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24373/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსის გაცემულ სესხად კვალიფიკაცია და სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის №005-144 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24121 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 82 086.64 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 44 903

მოგების გადასახადი - 42 357

საშემოსავლო გადასახადი - 2 546

ჯარიმა - 24 808

საურავი - 12 375.64

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ------- იმპორტი/ექსპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია. კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია შპს „-------“ (-------).

აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №15994 და 10.09.2024 წლის №20084 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2024 წლის №20042 ბრძანებით მოცული საკითხებისა, კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 19.09.2024 წლის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 1.10.2024 წლის №21469 ბრძანება და ამავე თარიღის №005-144 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2.11.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2024 წლის №24121 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსის გაცემულ სესხად კვალიფიკაცია და სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას 29.12.2022 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, 2023 წლის იანვრის თვეში გადარიცხული აქვს ავანსი არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის (-------) 242 910 ლარის (90 000 აშშ დოლარი) ოდენობით, ხოლო 18.04.2023 წელს დაბრუნებული აქვს 25 198 ლარი (10 000 აშშ დოლარი).

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უცხოელ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთი შეადგენს 215 152 ლარს.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მომწოდებლისგან საქონელი არ მიუღია და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ დღგ-ის ბრუნვები არ უფიქსირდება.

შემოწმების შედეგად გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად წლიური 8.63%-იანი განაკვეთით და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი. აღნიშნული, საგადასახადო კოდექსის 982 და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, თანხის დაბრუნების პერიოდში მიღებული თანხა დაექვემდებარა ჩათვლაში ასახვას.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოს 29.12.2022 წლის კონტრაქტის შესაბამისად, 2023 წლის იანვარში, არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის გადარიცხული აქვს ავანსი 242 910 ლარის ოდენობით, რომლიდანაც 18.04.2023 წელს დაბრუნებულია 25 198 ლარი. საგულისხმოა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსის სანაცვლოდ მომწოდებლისგან საქონელი არ მიუღია და არც თანხა დაუბრუნებია, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უცხოელ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთმა შეადგინა 215 152 ლარი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მომწოდებლისგან საქონელი არ მიუღია და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ დღგ-ის ბრუნვები არ უფიქსირდება. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად ავანსის სახით 2023 წლის იანვარში არარეზიდენტ პირზე გადარიცხული აქვს 242 910 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთი შეადგენს 215 152 ლარს, ამასთან, არ ფიქსირდება ავანსის სანაცვლოდ მომწოდებლისგან საქონლის მიღება/თანხის დაბრუნება და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ დღგ-ის ბრუნვები, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არარეზიდენტ პირზე გადარიცხული ავანსის სესხად დაკვალიფიცირება, დარიცხული სარგებლის ფულადი სახსრების უსასყიდლო მიწოდებად განხილვა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

29.12.2022 წლის ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხული თანხა შემოსავლების სამსახურმა არასწორად დააკვალიფიცირა სესხად და დაარიცხა არასწორი პროცენტი. გადასახადის გადამხდელს ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში ჯერ კიდევ აქვს სამართლებრივი ბერკეტი მეორე მხარეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება.

განსახილველ შემთხვევაში, არც აუდიტის დეპარტამენტს და არც შემოსავლების სამსახურს არ აქვს გამოკვლეული და შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. შემოსავლების სამსახურმა არასწორად შეაფასა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ურთიერთობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამეურნეო ოპერაცია არასწორად დააკვალიფიცირა სესხად, ასევე, არასწორად განსაზღვრა სესხის საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების შინაარსისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამყიდველის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება, რომელიც ფორს-მაჟორული მდგომარეობით იყო გამოწვეული, მყიდველს კიდევ ანიჭებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების რეალიზებას რადგან მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გასული არ არის. ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლის ვადაში მიმართოს სამართლებრივ გზას და დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, ხოლო ასეთის განუხორციელებლობა ვალდებულების დარღვევისთანავე, რომელიც გამოწვეულია მხარეთა შორის კეთილსინდისიერი დამოკიდებულებითა და სავაჭრო ტრადიციებით, ვერ დაკვალიფიცირდება სესხად და მით უფრო, ვერ დაერიცხება იმაზე მეტი სარგებელი, რაც არც ხელშეკრულების შინაარს შეესაბამება და არც ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ პროცენტს.

შემოსავლების სამსახური გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ვინაიდან 2023 წლის იანვარში არარეზიდენტ პირზე გადარიცხული აქვს გადამხდელს 242 910 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთი შეადგენს 215 152 ლარს და არ ფიქსირდება ავანსის სანაცვლოდ მომწოდებლისგან საქონლის მიღება/თანხის დაბრუნება და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ დღგ-ს ბრუნვები, არარეზიდენტ პირზე გადარიცხული ავანსის სესხად დაკვალიფიცირება და დარიცხული სარგებლის ფულადი სახსრების უსასყიდლო მიწოდების განხილვა შეესაბამება კანონმდებლობას. შემოსავლების სამსახურის მსგავსი განმარტება მიზანშეწონილი და კანონიერი იქნებოდა როდესაც გადასახადის გადამხდელი ხელშეკრულების ფარგლებში სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ 3 წლიან ხანდაზმულობის ვადას გაუშვებდა და მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ გზებს ამოწურავდა მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების შინაარსი და სამართლებრივი მექანიზმები მკაფიოდ და ცალსახად იძლევა ოპერაციის სწორად დაკვალიფიცირების შესაძლებლობას, კანონსაწინააღმდეგოა მისი განხილვა სესხად და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთად 8.63%-ის განხილვა.

კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ როგორც ოპერაციის სესხად განხილვაა უკანონო, ასევე, არასწორად არის დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მხარეებს განსაზღვრული აქვთ 0,15%, რომელსაც მხარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარისგან მიიღებს. შესაბამისად, სესხის საპროცენტო სარგებლად 8,63%-ის განსაზღვრა საფუძველს მოკლებულია, ისევე როგორც მისი სესხად დაკვალიფიცირება.

შემოსავლების სამსახური უთითებს, რომ არ აქვს წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. თავად ხელშეკრულება და მისი შინაარსი ცალსახად ადასტურებს მისი პოზიციის მართებულობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

მომჩივანი განმარტავს, რომ ხელშეკრულების შინაარსისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამყიდველის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება, რომელიც ფორს-მაჟორული მდგომარეობით იყო გამოწვეული, მყიდველს ანიჭებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების რეალიზებას, რადგან მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გასული არ არის. ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლის ვადაში მიმართოს სამართლებრივ გზას და დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, ხოლო ასეთის განუხორციელებლობა ვალდებულების დარღვევისთანავე, რომელიც გამოწვეულია მხარეთა შორის კეთილსინდისიერი დამოკიდებულებითა და სავაჭრო ტრადიციებით, ვერ დაკვალიფიცირდება სესხად და მით უფრო, ვერ დაერიცხება იმაზე მეტი სარგებელი, რაც არც ხელშეკრულების შინაარს შეესაბამება და არც ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ პროცენტს. ამდენად, ოპერაციის სესხად განხილვა უკანონოა და ასევე, არასწორად არის დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მხარეებს განსაზღვრული აქვთ 0,15%, რომელსაც მხარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარისგან მიიღებს. შესაბამისად, სესხის საპროცენტო სარგებლად 8,63%-ის განსაზღვრა საფუძველს მოკლებულია, ისევე როგორც მისი სესხად დაკვალიფიცირება. თავად ხელშეკრულება და მისი შინაარსი ცალსახად ადასტურებს მისი პოზიციის მართებულობას.

საჩივარს ახლავს კომპანია ------- 15.08.2024 წლის №240815/F-1 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ „29.12.2022 წლის №------- ხელშეკრულების შესაბამისად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს სოიოს მოხალული ფქვილი, ბითუმად, 500 ტონის ოდენობით, +/-10%, CFR ფოთი (საქართველო) მიწოდების პირობებით და ერთ ტონაზე 500 აშშ დოლარის ღირებულებით. 10.01.2023 წელს მყიდველმა გამყიდველს პროდუქციისთვის გადაუხადა ავანსი 90 000 აშშ დოლარის ოდენობით. 2023-2024 წლებში თქვენი ანაზღაურების (კომპენსირების) რეგულარულ მოთხოვნებზე პასუხად, უკვე გაცნობეთ, რომ აღნიშნული თანხები წინასწარ გადაიხადა გემის სატვირთო გადასახადის დასაფარად. ეს გემი ჩვენ დავნიშნეთ 29.12.2022 წლის დათარიღებული №------- ხელშეკრულების მიხედვით პროდუქციის მიწოდების უზრუნველსაყოფად. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, გემის ჩამოსვლის მომენტში ტვირთი არ იყო მზად ჩატვირთვისათვის. ამის გამო, გემის მფლობელმა უარი განაცხადა ტვირთის გამზადებას დალოდებოდა, ცალმხრივად შეწყვიტა ჩარტერის ხელშეკრულება და წინაწარ გადახდილი თანხა ანაზღაურების გარეშე შეინარჩუნა. ამ ეტაპზე, გემის მფლობელის მიმართ მოთხოვნების/პრეტენზიების წარდგენას ვაგრძელებთ. ვადასტურებთ 80 000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანებას თანდართულ მორიგების აქტში მითითებული მონაცემების მიხედვით. აღნიშნული დავალიანება დაიფარება ჩვენ მიერ გემის სატვირთო გადასახადის წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნების შემდეგ ან ჩვენი საკუთარი სახსრებიდან, იმგვარ ვადაში, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის და არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს“.

ასევე ახლავს, 29.12.2022 წლის №------- ხელშეკრულება, რომლის 5.2. პუნქტში მითითებულია, რომ მიწოდების დაგვიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მყიდველს გადაუხადოს ჯარიმა მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.15%-ის ოდენობით მიწოდების თითოეულ დაგვიანებულ დღეზე და 29.12.2022 წლის №------- ხელშეკრულების საფუძველზე ვადაგადაცილებული ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ დადებული 29.10.2024 წლის ხელშეკრულება, რომელშიც მხარეები ადასტურებენ -------ის დავალიანებას შპს ------- მიმართ 80 000 აშშ დოლარს და -------ის ვალდებულებას შპს ------- წინაშე გადაიხადოს ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმები. ამასთან, დავის არასასამართლო წესით გადაწყვეტის მიზნით, მხარე (-------) ვალდებულია დაფაროს 80 000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისისა, შემდეგი გრაფიკით: 10 000 აშშ დოლარი - 2024 წლის 30 ნოემბრამდე; 10 000 აშშ დოლარი - 2024 წლის 31 დეკემბრამდე; 10 000 აშშ დოლარი - 2025 წლის 31 იანვრამდე; 10 000 აშშ დოლარი - 2025 წლის 28 თებერვლამდე; 10 000 აშშ დოლარი - 2025 წლის 31 მარტამდე; 10 000 აშშ დოლარი - 2025 წლის 30 აპრილამდე; 10 000 აშშ დოლარი - 2025 წლის 31 მაისამდე; 10 000 აშშ დოლარი - 2025 წლის 30 ივნისამდე. დავის არასასამართლო წესით გადაწყვეტის მიზნით, აღნიშნული მხარე ვალდებულია შპს ------- გადაუხადოს ჯარიმა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისისა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უცხოელ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთი შეადგენს 215 152 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მომწოდებლისგან საქონელი არ მიუღია და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ დღგ-ის ბრუნვები არ უფიქსირდება.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 24 808 ლარი, მათ შორის მოგების გადასახადში 23 535 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 1 273 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის №005-144 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 12 375.64 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის პოზიცია კეთილსინდისიერ გადამხდელთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ არ არსებობს კეთილსინდისიერების განსაზღვრის ერთიანი მეთოდი. ზოგადად კეთილსინდისიერების პრინციპი დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის პირის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი ანუ როდესაც პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში. კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევა დამოუკიდებლად შეფასდეს, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების შემოწმებისას ყურადსაღებია მისი საგადასახადო ისტორია, გადახდილი გადასახადების სისწორე და დროულობა, იყო თუ არა იმავე სამართალდარღვევაზე დაჯარიმებული, ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა განეკარგა ზედმეტობაში ასახული თანხა და განკარგა თუ არა იგი და სხვა.

ამ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ არსებობდა კომპანიის, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24121 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსის გაცემულ სესხად კვალიფიკაცია და სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიას ხელშეკრულების შესაბამისად, 2023 წლის იანვრის თვეში გადარიცხული აქვს ავანსი არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის 242 910 ლარის (90 000 აშშ დოლარი) ოდენობით, ხოლო 18.04.2023 წელს დაბრუნებული აქვს 25 198 ლარი (10 000 აშშ დოლარი). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უცხოელ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთი შეადგენს 215 152 ლარს.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მომწოდებლისგან საქონელი არ მიუღია და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ დღგ-ის ბრუნვები არ უფიქსირდება.

შემოწმების შედეგად გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად წლიური 8.63%-იანი განაკვეთით და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი. აღნიშნული, დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, თანხის დაბრუნების პერიოდში მიღებული თანხა დაექვემდებარა ჩათვლაში ასახვას.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 269(7)