დივიდენდის დაბეგვრა (ფიზიკურ პირს არ აქვს დეკლარირების ვალდებულება მის მიერ მიღებულ იმ თანხებზე, რომლებიც წყაროსთან უნდა დაბეგრილიყო, მაგრამ არ დაიბეგრა) N 0105

0105 დივიდენდის დაბეგვრა (ფიზიკურ პირს არ აქვს დეკლარირების ვალდებულება მის მიერ მიღებულ იმ თანხებზე, რომლებიც წყაროსთან უნდა დაბეგრილიყო, მაგრამ არ დაიბეგრა) 26.04.2022
№ დოკუმენტი 0105
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დივიდენდის დაბეგვრა N 0105

ფაქტობრივი გარემოებები

· რეზიდენტმა საწარმომ გადახდის წყაროსთან არ დააკავა და არ ასახა შესაბამის დეკლარაციაში რეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდი.

· ფიზიკურ პირს არ დაუდეკლარირებია დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.

შეფასება

· სსკ-ის 130-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით. სსკ-ის 154-ე მუხლის I ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება რეზიდენტ საწარმოს, რომელიც პირს უხდის დივიდენდს, ხოლო II ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

· საწარმო ვალდებული იყო დივიდენდის გაცემისას გადახდის წყაროსთან დაეკავებინა საშემოსავლო გადასახადი.

· ფიზიკურ პირს იმ შემოსავლის მიხედვით, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყროსთან დაბეგვრას, საშემოსავლო გადასახადის დეკლარირების ვალდებულება არ წარმოეშვება.

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება გადახდის წყაროსთან დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი გაცემული დივიდენდის მიხედვით.

· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმოს დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.

სახელმძღვანელო შემუშავებულია 2022 წლის 6 აპრილისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც