ბრძანება N 20514
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20514
18 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
---ის (პ/ნ ---)
(მის: ---) 2023 წლის 28 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა ---ს (პ/ნ ---) №129049/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №EL216443 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ამანათი გამოიწერა ჩინეთიდან, რომელიც ჩამოაქვს გადამზიდავ კომპანია შპს „---ს“. 2023 წლის 5 ივნისს შეუკვეთა რამდენიმე სახის და ღირებულების პროდუქცია, რომელიც ჯამში იყო 4 ამანათი, თავის 4 სხვადსხვა გზავნილის კოდით. ----ს თანამშრომლმა არასწორად მოახდინა მის მიერ შევსებული დეკლარაციის გადაწერა, რამაც გამოიწვია დაჯარიმება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საფოსტო გადამზიდავ შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ ---ის კუთვნილ №YT7287251437247, №773226164061720, №78693252287263, №YT7280477166587 საფოსტო გზავნილებზე, №1902916023352316168 ინვოისის საფუძველზე, შევსებული და დარეგისტრირებული იქნა №20010/1546923 საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „ORACLE”-ს მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. 2023 წლის 29 ივნისს ---მ საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №110508/21-11 განცხადებით და ითხოვა დეკლარაციის გაუქმება, ვინაიდან დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები იყო არასწორი და სურდა დეკლარაციის სწორ ინვოისებზე დაბეჭდვა.
№20010/1546923 საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ის კამერალური შემოწმებისას, დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებსა და წარდგენილ დოკუმენტაციას შორის წარმოშობილი უზუსტობის გამო, №20010/1546923 საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4 გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საფოსტო გზავნილების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 39 ცალი სათვალე (ღირებულება - 401 იუანი) და 47 ცალი ბიჟუტერია (ღირებულება - 168.12 იუანი). გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 14 ივლისს შედგენილი №EL216443 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ---ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. ამასთან, №20010/1546923 საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვით საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 447.23 ლარი, ხოლო ---ს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 93.48 ლარი (იმპორტის გადასახადი – 11 ლარი, დღგ – 82.48 ლარი), თუმცა №20010/1546923 საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4 არ არის დასრულებული.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მულის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05)“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილით დადგენილია, რომ ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ჩადენილი განმეორებით – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც გამოიხატა 39 ცალი სათვალის (ღირებულება - 401 იუანი) და 47 ცალი ბიჟუტერიის (ღირებულება - 168.12 იუანი) დეკლარირების გარეშე შემოტანაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ ---ის თანამშრომლმა არასწორად მოახდინა მის მიერ შევსებული დეკლარაციის გადაწერა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მსგავსი ფაქტი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---ს (პ/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრის ავტორი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5; 6; 13; 163; 168.