გადაწყვეტილება №25190/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2025
№ დოკუმენტი 25190/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25190/2/2025

02 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------ი (ს/ნ --------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ის 19.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 13.03.2025 წლის №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7085 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯირიმა - 13 428 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

12.03.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი -----ის კონტროლის ზონაში ------ის მხრიდან №----- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსულმა მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა №---- ავტოსატრანსპორტო საშუალების, მომჩივნისა და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც მომჩივანს სატრანსპორტო საშუალების სალონში, უკანა სავარძელზე მოთავსებულ ქურთუკის ჯიბეებში, აღმოაჩნდა 10 000 აშშ დოლარი და 35 000 ევრო. არადეკლარირებული თანხის საერთო ოდენობამ ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 134 280 ლარი.

გამოვლენილ ფაქტზე მომჩივანს, 13.03.2025 წლის № ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 13 428 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.04.2025 წლის №7085 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის (სხვა ვალუტაში) გადმოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით გადმოკვეთა ------ის საზღვარი. როდესაც შემოვიდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ავტომობილის შემოწმების დროს აღმოაჩინა, რომ ავტომობილის უკანა სავარძელზე მის სტუმარს დარჩა ქურთუკი, რომლის ჯიბეებში განთავსებული იყო ფულადი თანხა, რის შესახებაც მისთვის არ იყო ცნობილი. თავად სტუმარი ფეხით გადაადგილდებოდა და სიცხის გამო ქურთული ავტომობილში დაეტოვებინა. აღნიშნული გარემოება როგორც მომჩივანმა, ასევე თანხის მეპატრონე --------ა აუხსნა მებაჟე ოფიცერსაც, თუმცა უშედეგოდ. ასევე ითხოვდა აღნიშნული ჯარიმის თანხის მეპატრონეზე ასხვას და როდესაც საგამოძიებო ოთახში მოვიდა --------ი, მებაჟე ოფიცერი არ დაელოდა მას და თანხა გახსნა და დალუქა. მოჩივანი ასევე მიუთითებს, რომ თანხა ავტომობილში ხილულად იდო და განკუთვნილი იყო საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად. სამართალდარღვევა შეგნებულად არ ჩაუდენია და შესაბამისად, არამართლზომიერად მიაჩნია ამისათვის დაჯარიმება.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია, ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა), დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია, დაათვალიეროს ფიზიკური პირი, განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის სფუძველზე, დამალული საქონლის მგზავრის მიერ ნებაყოფლობით გადაცემის ან/და დათვალიერების შედეგად ასეთი საქონლის აღმოჩენის შესახებ დგება „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ და სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

მომჩივნის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებით გადმოკვეთა -----ის საზღვარი. ავტომობილის უკანა სავარძელზე მის სტუმარს დარჩა ქურთუკი, რომლის ჯიბეებში განთავსებული იყო ფულადი თანხა, რის შესახებაც მისთვის არ იყო ცნობილი. მოჩივანი ასევე მიუთითებს, რომ თანხა განკუთვნილი იყო უძრავი ქონების შესაძენად. სამართალდარღვევა შეგნებულად არ ჩაუდენია და შესაბამისად, არამართლზომიერად მიაჩნია დაჯარიმება.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 22.05.2025 წლის №----21-10 წერილი, სადაც მითითებულია, რომ 12.03.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი ------ის კონტროლის ზონაში ------ის მხრიდან №----- მსუბუქი ავტომობილით შემოსულმა მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა №------ ავტოსატრანსპორტო საშუალების და მომჩივნისა და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც მომჩივანს სატრანსპორტო საშუალების სალონში, უკანა სავარძელზე მოთავსებულ ქურთუკის ჯიბეებში აღმოაჩნდა 10 000 აშშ დოლარი და 35 000 ევრო. არადეკლარირებული თანხის საერთო ოდენობამ ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 134 280 ლარი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს მისი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოთავსებულ ქურთუკის ჯიბეებში აღმოაჩენილი 10 000 აშშ დოლარისა და 35 000 ევროს თაობაზე, საბაჟო დეპარტამენტი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა. შესაბამისად, ვინაიდან მომჩივნის მიერ მოხდა დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საბაჟო კონტროლის ზონაში შემოტანა, იგი ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ განეცხადებინა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ -------------ი საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილდებოდა მარტო.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა ვალუტაში 100 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით) მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებულის სანქციის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსულმა მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების, მომჩივნისა და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც მომჩივანს სატრანსპორტო საშუალების სალონში, უკანა სავარძელზე მოთავსებულ ქურთუკის ჯიბეებში, აღმოაჩნდა 10 000 აშშ დოლარი და 35 000 ევრო. არადეკლარირებული თანხის საერთო ოდენობამ ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 134 280 ლარი.

გამოვლენილ ფაქტზე მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 13 428 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №7085 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და დაკისრებულის სანქციის გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 169(3);