გადაწყვეტილება №23831/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23831/2/2024
15 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 30.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23831/2/2024).
დავის საგანი:
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ივნისის №006-271 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18736 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 466 351 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 300 309
მოგების გადასახადი - 162 196
საშემოსავლო გადასახადი - 138 113
ჯარიმა - 150 155
საურავი - 15 887
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 მარტის №5606 და 4 ივნისის №13198 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 4 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გაცემულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დაკავებას 5%-იანი განაკვეთით. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიამ 2024 წლის 7 თებერვალს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება, რომ 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდიდან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილებში, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, გამოვლენილ საგადასახადო ვალდებულებებზე კომპანია არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს და საწარმოს მიერ არ მოხდება შესაბამისი დეკლარირება, რადგან კომპანიას 2023 წლის 3 თებერვლიდან 5 წლის ვადით მიღებული აქვს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა და აღნიშნული პერიოდის გასვლამდე საკანონმდებლო ცვლილებებით გაზრდილი საგადასახადო ვალდებულებების არსებობა გავლენას ვერ მოახდენს შეთანხმებულ სახელშეკრულებო (ნებართვის აღება) ურთიერთობების პირობებზე და ადმინისტრაციული გარიგების შინაარსზე.
შესაბამისად, მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსში 2023 წლის 13 დეკემბერს შეტანილი (აღნიშნულით განისაზღვრა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები) ცვლილებებით დადგენილი ნორმები ვერ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომელებიც წარმოიქმნა ჯერ კიდევ 2023 წლის 3 თებერვალს გაცემული ნებართვის საფუძველზე და კომპანია იმოქმედებს 2023 წლის 13 დეკემბრამდე არსებული საგადასახადო კოდექსის რედაქციით.
გადასახადის გადამხდელს მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ მიეცა რეკომენდაცია, რომ დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია იმოქმედებდა 2023 წლის 13 დეკემბრამდე არსებული საგადასახადო კოდექსის რედაქციით, აღნიშნული ქმედება შეფასდებოდა სამართალდარღვევად და განისაზღვრებოდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა მოცემულ რეკომენდაციას და არ დააზუსტა შესაბამისი დეკლარაციები. შესაბამისად, მომჩივნის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა - 1 081 311 ლარი - დაექვემდებარა მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
ამასთან, დადგინდა, რომ სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის ოდენობა 2 762 272 ლარს შეადგენს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 154-ე, 97-ე და 98-ე მუხლების საფუძველზე, 2024 წლის საანგარიშო პერიოდიდან განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ივნისის №13520 ბრძანება და №006-271 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 466 351 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 4 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 14 აგვისტოს №18736 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 97-ე, 98-ე, მე-80, 81-ე, 154-ე, 43-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვები. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ არგუმენტთან, 2023 წლის 3 თებერვალს გაცემული სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის შესაბამისად დარეგულირებულ ურთიერთობაზე 2023 წლის 13 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დადგენილი ნორმების გავრცელების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის პირველ და მე-2 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა ადგენს ამ ნაწილში მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას და არ აწესრიგებს დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ასევე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ახალი გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით არ მომხდარა ახალი გადასახადების დაწესება, აღნიშნულით მხოლოდ განხორციელდა უკვე არსებულ გადასახადებში დაბეგვრის საკითხების ახლებურად მოწესრიგება. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარდგენილ არგუმენტს, რომლის მიხედვით ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არ აქვს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები არ ამძიმებს გადასახადის გადამხდელის პასუხისმგებლობას, ცვლილებები ეხება 2024 წლის 1 იანვრიდან შემდგომ საანგარიშო პერიოდებს და აღნიშნული არ ვრცელდება წინა საანგარიშო პერიოდებზე.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კანონს უკუძალა არ აქვს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილი არგუმენტები საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და შესაბამისი სანქციების შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხული მოგების და საშემოსავლო გადასახადები საგადასახადო კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგია. საგადასახადო კოდექსმა მასში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონით, რომელიც მიღებულია 2023 წლის 13 დეკემბერს, განიცადა ცვლილებები. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების, 81-ე მუხლის 31 და 32 ნაწილების, 97-ე მუხლის 91 ნაწილის, 98-ე მუხლის პირველი ნაწილის და 135-ე მუხლის მე-4 ნაწილის ახლებურად რედაქტირებამ
ა) დააკანონა 5%-იანი განაკვეთით საშემოსავლო გადასახადით სლოტებზე გატანილი თანხის დაბეგვრა;
ბ) განსაზღვრა სათამაშო აპარატების სალონის მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი.
კერძოდ, სათამაშო აპარატების სალონის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებული ფსონებისა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა, საანგარიშო პერიოდად დაადგინა კალენდარული თვე და მოგების გადასახადის განაკვეთად განსაზღვრა 15%.
ამ ახალმა საკანონმდებლო რეგულაციებმა კარდინალურად შეცვალა ის საგადასახადო კლიმატი, რომელიც ჯერ კიდევ საკანონმდებლო ცვლილებებამდე (2023 წლის 13 დეკემბრამდე) არსებობდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ახალი რეგულაციებით დადგენილი გადასახადებით პრაქტიკულად ვიღებთ ორმაგი დაბეგვრის რეჟიმს. ახალი გადასახადების არსებობის პირობებში, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპანიას კვლავ უწევს კვარტალურად 4 000 ლარის გადახდა ყოველ სათამაშო აპარატთან მიმართებით. თუ გავითვალისწინებთ სათამაშო აპარატების რაოდენობას (საწარმოს აქვს 75 სათამაშო აპარატი), კვარტალურად გადასახადის ოდენობა შეადგენს 300 000 ლარს, რაც წლის მანძილზე 1 200 000 ლარს უტოლდება.
ამასთან, კომპანიას იგივე კანონით დადგენილი ვალდებულების ფარგლებში ასევე უწევს თითოეულ სამორინეს მაგიდაზე კვარტალში 40 000 ლარის მოსაკრებლის გადახდა, რაც არსებული 11 მაგიდის შემთხვევაში შეადგენს კვარტალურად 440 000 ლარს, ხოლო წლის მანძილზე - 1 760 000 ლარს. ახალი საგადასახადო ვალდებულებების გაჩენა კიდევ უფრო აუტანელი აღმოჩნდა სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვის ფონზე. ამასთან, კრიტერიუმების გამკაცრების შედეგად პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის ნახევარს შეეზღუდა სამორინეში თამაში. ეს ყველაფერი ხდება სათანადო ნებართვების აღების პროცესში, მას შემდეგ, რაც საწარმომ, მისმა დამფუძნებლებმა სამორინესთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის, სათანადო ტექნიკის და აპარატურის შეძენის მიზნით გასწიეს სოლიდური ოდენობის (20 000 000 აშშ დოლარის) ინვესტიცია.
რეკლამის აკრძალვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სამორინეში თამაშის შეზღუდვის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა მომხმარებელთათვის ახლად შექმნილი სამორინეს გაცნობა, განსაკუთრებით უცხოელთა დაინტერესება. დრამატული ფინანსური სიტუაციის შესაბამისად კომპანიის მენეჯმენტს მოუხდა მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა - თითქმის 100 თანამშრომელთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, შემცირდა სათამაშო აპარატების რაოდენობა და უარი ითქვა სხვა მნიშვნელოვან ხარჯებზე. ისედაც დამძიმებულ ფინანსურ მდგომარეობაში დამატებით ახალი გადასახადების დაწესება საწარმოს აყენებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე, საფუძველს აცლის კომპანიის შემდგომი არსებობის შესაძლებლობას.
მხოლოდ ახალი რეგულაციის ფარგლებში არსებული გადასახადების ოდენობა შეადგენს საწარმოს შემოსავლების 40%-ს. შესაბამისად, კომპანიას ასეთი საგადასახადო ტვირთის ზიდვის შესაძლებლობა არ აქვს. ახალი გადასახადების მომჩივანზე გავრცელების შემთხვევაში, ის შეწყვეტს არსებობას. საწარმო არის უცხოელ პარტნიორთა თანამონაწილეობით დაფუძნებული კომპანია. უცხოელ ბიზნესმენთა დაინტერესება დაებანდებინათ კაპიტალი, შეექმნათ კომპანია და საქართველოში ეწარმოებინათ სამეწარმეო საქმიანობა უპირველეს ყოვლისა განაპირობა მეწარმეებისთვის მიმზიდველმა გარემომ.
კერძოდ, საწარმოს დამფუძნებელთა ყურადღების ქვეშ მოექცა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. მათი შესწავლის შედეგად მომგებიანად ჩაითვალა საქართველოში სოლიდური კაპიტალის ჩადება და სათამაშო ბიზნესის მიმართულებით საქმიანობის განვითარება.
2023 წლის 3 თებერვალს (საგადასახადო კოდექსში 2023 წლის 13 დეკემბრის ცვლილებამდე ათი თვით ადრე) კომპანიამ მოიპოვა ქ. ---- სამორინეს მოწყობის ნებართვა (სამორინეს მოწყობის სანებართვო მოწმობა №----). ის გაცემულია 5 წლის ვადით და მოქმედებს 2028 წლის 2 თებერვლის ჩათვლით. საგულისხმოა, რომ კომპანიამ სამორინეს მოწყობის ნებართვის მოქმედების მთელი დროის მანძილზე ყოველწლიურად უნდა გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი, რაც ჯამში 25 000 000 ლარს შეადგენს. საწარმო ასევე ფლობს სამორინეს ტერიტორიაზე (ქ.----) არსებულ ფართში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვას. აღნიშნული ნებართვა ასევე გაცემულია 2023 წლის 3 თებერვალს და მოქმედებს 2028 წლის 2 თებერვლის ჩათვლით (სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოწმობა). აღნიშნული ხუთწლიანი ვადის განმავლობაში ყოველწლიურად კომპანიამ დამატებით უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი 100 000 ლარის ოდენობით, რაც ჯამში 500 000 ლარის გადახდის ვალდებულებას ცხადყოფს. დასახელებული ნებართვების გაცემით სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წარმოიქმნა ხუთწლიანი ურთიერთობა. მისი არსებობა განაპირობა იმ საგადასახადო კლიმატმა, რაც ნებართვების გაცემის დღისთვის არსებობდა.
სხვა შემთხევაში კომპანიას, მის დამფუძნებლებს არ გაუჩნდებოდათ ნება ეწარმოებინათ ნებადართული საქმიანობა. სახელმწიფოს მხრიდან ხსენებული ნებართვების გაცემით მხარეები შევიდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. თავის მხრივ სახელშეკრულებო პირობათა ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ახალი შეთანხმების მიღწევის გზით. ცალმხრივად პირობათა ცვლილება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დადების არსს, არღვევს იმ წესრიგს, რომელიც იმთავითვე შეთანხმების შედეგად ყალიბდება.
საგანგებოდ უნდა მიექცეს ყურადღება იმ ფაქტს, რომ ახალი რეგულაციით და გადასახადის დაწესებით მნიშვნელოვნად გაიზარდა საგადასახადო ტვირთი. საკანონმდებლო ცვლილებებით გაზრდილი საგადასახადო ვალდებულებების არსებობის პირობებში კომპანია და მისი მესვეურები საერთოდ არ მოისურვებდნენ საქართველოში სამორინეს გახსნას იმ ცხადად გამოხატული მიზეზის გამო, რომ ამგვარი საქმიანობის წარმოება არამომგებიანი (არარენტაბელური) არის.
ნებართვების მოპოვებამდე საწარმომ ანალიზი გაუკეთა არსებულ საგადასახადო ვალდებულებებს და შესაბამისი გათვლების შედეგად გაუჩნდა ნება დათანხმებოდა სახელმწიფოსგან მომდინარე შეთავაზებას, რომელიც კომპანიას აძლევდა შესაძლებლობას, სათანადო ინვესტიციის გაღების შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობა ექცია მომგებიან საქმედ.
საგადასახადო კოდექსში 2023 წლის 13 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით დადგენილი ახალი გადასახადების საწარმოზე გავრცელება არსებითად აუარესებს უკვე შეთანხმებული შინაარსის მქონე, ნებართვების საფუძველზე წარმოქმნილ ურთიერთობაში კომპანიის მდგომარეობას. გაუარესება იმდენად მასშტაბურია, რომ ახალი გადასახადების გადახდის შემთხვევაში კომპანია შეწყვეტს არსებობას (გაკოტრდება). განხორციელებული ცვლილებებით შეუძლებელია დაკორექტირდეს უკვე შეთანხმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, მათ არ შეიძლება გავლენა ჰქონდეთ არსებული ადმინისტრაციული გარიგების შინაარსზე. საგულისხმოა ისიც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი შეცვლილი საკანონმდებლო ნორმების დამაზიანებელი ზეგავლენისგან პირთა დაცვის მექანიზმს ამკვიდრებს. მაგალითად, აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. ამდენად, უნდა ითქვას, რომ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები შესაძლებელია გავრცელდეს მხოლოდ იმ ნებართვებით განპირობებულ ურთიერთობებზე, რომლებიც გაიცა (ან გაიცემა) 2023 წლის 13 დეკემბრის, კანონში ცვლილებების განხორციელების შემდეგ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა ითქვას, რომ გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა გაცემულია იმ გადასახადებთან მიმართებით, რომლებიც არ ვრცელდება მომჩივანზე. კომპანია არ არის მოთხოვნილი გადასახადების სუბიექტი (გადამხდელი). სადავო საგადასახადო მოთხოვნით მოთხოვნილია ასევე ჯარიმა და საურავი და ისინი შეეხებიან იმ გადასახადების გადაუხდელობას, რომელთა გადამხდელი კანონის თანახმად შეუძლებელია იყოს შპს „---“. უნდა ითქვას, რომ აღარ რჩება სივრცე იმ აზრისთვის, რომელიც გაამართლებდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის არსებობას. შესაბამისად, არც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18736 ბრძანებას აქვს გამართლება. აღნიშნულ ბრძანებაში არცერთ ფუნდამენტურ საკითხზე არ არის გაცემული დასაბუთებული პასუხი.
ამდენად, როგორც სადავო საგადასახადო მოთხოვნა, ისე გასაჩივრებული ბრძანება, მათი კანონსაწინააღმდეგო შინაარსის გამო, უნად გაუქმდეს. სახელმწიფო მისი მესვეურების სახით უნდა მოქმედებდეს განსაკუთრებული გულისხმიერებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს სახელმწიფო ორგანოთა და იქ დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მხრიდან ზიანის მიყენების საფრთხე. ასეთი საფრთხის განხორციელების შემთხვევაში კი, სახელმწიფომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ და მათ შორის იქ დასაქმებულმა საჯარო მოსამსახურემ ბოლო თეთრამდე უნდა აანაზღაუროს მათი ქმედებით დამდგარი ზიანი. გამოთქვამს იმედს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ გახდება საჭირო დავა აწარმოონ ზიანის ანაზღაურების მიზნით. იმედია გათვალისწინებული იქნება ყველა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომელთა არსებობა გამორიცხავს სადავო საგადასახადო მოთხოვნით კომპანიის დაბეგვრის კანონიერ შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის 91 ნაწილის შესაბამისად, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.
საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისგან ან სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული თანხა იბეგრება 5 პროცენტით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1 “ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი, რომელიც მოთამაშეზე, მათ შორის, სისტემურელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გასცემს თანხას.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიას გააჩნია სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვები. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ასევე სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გაცემულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დაკავებას 5%-იანი განაკვეთით.
მომჩივანს მიეცა რეკომენდაცია დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია იმოქმედებდა 2023 წლის 13 დეკემბრამდე არსებული საგადასახადო კოდექსის რედაქციით, აღნიშნული ქმედება შეფასდებოდა სამართალდარღვევად და განისაზღვრებოდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას და არ დააზუსტა შესაბამისი დეკლარაციები. შედეგად, 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ასევე, დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2023 წლის 3 თებერვალს გაცემული სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის შესაბამისად დარეგულირებულ ურთიერთობაზე 2023 წლის 13 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დადგენილი ნორმების გავრცელება დაუშვებელია. ამასთან, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არ აქვს.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ საგადასახადო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლების თანხმად, საგადასახადო კოდექსი არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამასთან, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. ხოლო, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა კი ადგენს ამ ნაწილში მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას და არ აწესრიგებს დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები არ ამძიმებს გადასახადის გადამხდელის პასუხისმგებლობას, ცვლილებები ეხება 2024 წლის 1 იანვრიდან შემდგომ საანგარიშო პერიოდებს და აღნიშნული არ ვრცელდება წინა საანგარიშო პერიოდებზე.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში კანონს უკუძალა არ აქვს. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა მსხვილ გადამხდელთა ოფისის რეკომენდაციას და არ დააზუსტა შესაბამისი დეკლარაციები. შესაბამისად, მომჩივნის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა - 1 081 311 ლარი - დაექვემდებარა მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
ამასთან, დადგინდა, რომ სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის ოდენობა 2 762 272 ლარს შეადგენს. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97 91; 80 (8); 81 32; 154 ე1; 1;2.