გადაწყვეტილება №24688/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.04.2025
№ დოკუმენტი 24688/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24688/2/2025

11 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------ა (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ს 31.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24688/2/2025).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2024 წლის №26292 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 51 031,13 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 26 902

ჯარიმა - 13 451

საურავი - 10 678,13

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13166 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კამერალური საგადასახდო შემოწმება 2020–2022 წლების პერიოდში მომჩივნის ქონების (გარდა მიწისა) ქონების გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის ერთიანი მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2020-2022 წლებში მომჩივანს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ შემოსავლად დაფიქსირებულია 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალი და განაკვეთად განსაზღვრულია 0,2%. 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში გაანგარიშება არ არის წარდგენილი და დეკლარირებულია 0 ლარი. 2022 წლის დეკლარაცია არ არის წარდგენილი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით კი დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სამივე საანგარიშო წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი.

შესამოწმებელ პერიოდში (2020-2022 წლებში) მომჩივანს საკუთრებაში უფიქსირდება 15 ერთეული უძრავი ქონება (მ.შ ავტოსადგომი, ბინა, სარდაფი, მდებარე ქ. ---- და -----ში. ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები (------------------)). საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება ძირითადად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით -------- მიწის საკადასტრო კოდზე აშენებული კორპუსის ბინები გადაეცა შავი კარკასის მდგომარეობით. ამასთან, ---------- საკადასტრო კოდზე არსებული საოფისე ფართის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 11.10.2018 წლის ხელშეკრულებით აღნიშნული ფართის მომავალ მესაკუთრეებად დარეგისტრირდა 2 ფიზიკური პირი, რადგან ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 200 000 ლარად და მყიდველებს დარჩენილი ჰქონდათ მის მიმართ დავალიანება 30 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი განმარტავდა, რომ ვინაიდან აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ მომავალ მესაკუთრეებს, აღნიშნულ ქონებაზე არ ეკუთვნოდა ქონების გადასახადის გადახდა. -------- საკადასტრო კოდზე არსებულ საოფისე ფართზეც იმავეს აცხადებს გადასახადის გადამხდელი, თუმცა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტებიდან მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. აღნიშნული ფართი 5.11.2019 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა შპს „----“-ს (ს/ნ ------). შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ვალდებულება ჰქონდა 2019 წელს საკუთრებაში არსებობის პროპორციის მიხედვით დაედეკლარირებინა ქონების გადასახადი. აღნიშნული საოფისე ფართების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელმა ახსნა-განმარტებაში არ დააფიქსირა საბაზრო ღირებულებები. შესაბამისად, შემოწმების მიერ საბაზრო ღირებულებები აღებული იქნა ამავე ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან.

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 202-ე მუხლის მე-5 და მე-12 ნაწილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6308 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 10.10.2024 წლის №23697/2/2024 გადაწყვტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6308 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 10.10.2024 წლის №23697/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 13.12.2024 წლის №26292 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 7 ნოემბერს, --:-- სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მომჩივანმა ითხოვა საჩივრის განხილვის გადადება. საჩივრის განხილვა განმეორებით ჩაინიშნა 2024 წლის 5 დეკემბერს --:-- სთ-ზე, გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-9 ნაწილებზე, 205-ე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილებზე,მე-4 მუხლის პირველ, მე-5 და მე-6 ნაწილებზე და დადგენილი ფაქტობრივ გარემოებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა წარდგენილი 2020-2021 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები, ხოლო 2022 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია საერთოდ არ წარუდგენია. ამასთან, გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი და საკუთრებაში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების სისწორე, შესაბამისად აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს. ასევე, მიღებული შემოსავლები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 13.12.2024 წლის №26292 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 7.11.2024 და 5.12.2024 წელს არ დაესწრო ზეპირ განხილვას. ორივე განხილვის წინ წარდგენილ იქნა წერილი, შეტყობინება და საავადმყოფოს ფორმა №100. პირველ შემთხვევაში იშემიური ინსულტის დიაგნოზით იყო საავადმყოფოში მოთავსებული, ხოლო მეორე შემთხვევაში გადაუდებელი გამოკვლევებისათვის მოხდა საავადმყოფოში მისი გადაყვანა, აღნიშნული გარემოებები ფიზიკურად შეუძლებელს ხდიდა განხილვაზე დასწრებას.

აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2023 წლის №13166 ბრძანებით უნდა შემოწმებულიყო 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის სისწორე. 2020 წელს შევსებულ იქნა ქონების გადასახადის დეკლარაცია და დეკლარაციის მიხედვით 0,2 %-იანი განაკვეთით ჩარიცხა თანხა ბიუჯეტში. 2020 წელს ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 104 909,21 ლარი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა 3 094 აშშ დოლარი და 79 ცენტი, აღნიშნული ხარჯი წარმოდგენს ბანკში გადახდილ პროცენტს, რაც არ უნდა მოხვედრილიყო ერთობლივ შემოსავალში. თუ ეს თანხა უნდა გამოაკლდეს ერთობლივ შემოსავალს მაშინ 2020 წელს წესისამებრ გადაუხდია ქონების გადასახადი.

შემოწმების აქტით 2021 წელს დაერიცხა 13 741 ლარი, ამ დროს 2021 წლის 20 იანვრიდან მომჩივნის სახელზე ქონება საერთოდ აღარ ირიცხებოდა. არ იცოდა თუ 2021 წლის 20 დღის ქონების გადასახადის დეკლარაცია უნდა წარედგინა, რაც ადამიანური შეცდომაა და ითხოვს გათვალისწინებულ იქნას და დაერიცხოს აღნიშნული ქონების გადასახადი 20 დღის შესაბამისად.

2022 წელს მომჩივნის სახელზე ირიცხებოდა ავტოსადგომი და 5 კვ.მ სარდაფი, ქონების გადასახადი კი დაერიცხა 1 170 ლარი, გაუგებარია თუ რა პრინციპით შეფასდა 146 000 ლარად ავტოსადგომი და სარდაფი.

გათვალისწინებული უნდა იქნას ზემოაღნიშნული და მოხდეს ქონების გადასახადის კორექტირება და 2020 წლის ქონების გადასახადი გაუუქმდეს, ვინაიდან შემოსავალი არ აღემატებოდა 100 000 ლარს, 2021 წლის ქონების გადასახადი დაერიცხოს მის სახელზე არსებული ქონების დღეების შესაბამისად (20 დღე), მოეხსნას ჯარიმა-საურავები, რათა მიეცეს შესაძლებლობა ბიუჯეტში გადაიხადოს გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:

ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

გ) დარიცხული ხელფასი;

დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:

დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;

დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს;

ე) ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირისათვის:

ე.ა) ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 15%;

ე.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემოსავალს.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

მომჩივნის განმარტებით 2020 წელს, ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით 0,2 %-ის განაკვეთით ჩარიცხა თანხა ბიუჯეტში. 2020 წელს ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 104 909,21 ლარი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა 3 094 აშშ დოლარი და 79 ცენტი, აღნიშნული ხარჯი წარმოდგენს ბანკში გადახდილ პროცენტს, რაც არ უნდა მოხვედრილიყო ერთობლივ შემოსავლებში. თუ ეს თანხა უნდა გამოაკლდეს ერთობლივ შემოსავალს მაშინ 2020 წელს წესისამებრ გადაუხდია ქონების გადასახადი. შემოწმების აქტით 2021 წელს ძირითად გადასახადში დაერიცხა წლიური გადასახადი 13 741 ლარი, ამ დროს 2021 წლის 20 იანვრიდან მომჩივნის სახელზე ქონება საერთოდ აღარ ირიცხებოდა. 2022 წელს მომჩივნის სახელზე ირიცხებოდა ავტოსადგომი და 5 კვ.მ სარდაფი, ქონების გადასახადი დაერიცხა 1 170 ლარი, გაუგებარია თუ რა პრინციპით შეფასდა 146 000 ლარად ავტოსადგომი და სარდაფი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2025 წლის №12770-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წლის ქონების გადასახადის მიზნებისთვის, ქონების გადასახადის განაკვეთის განსაზღვრისას, გამოყენებულ იქნა ფიზიკური პირის მიერ 2019 წელს მიღებული შემოსავალი (103 591 ლარი). აღნიშნულ შემოსავალში შევიდა მხოლოდ ის შემოსავალი, რომელიც დაბეგრილი იყო გადახდის წყაროსთან და საგადასახადო აგენტის მიერ იყო დეკლარირებული. გადასახადის გადამხდელს არც ერთ საანგარიშო პერიოდზე (2019-2021) არ ჰქონდა წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, მ.შ. საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რომლითაც ჰქონდა უფლება დეკლარაცია წარედგინა გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, 2021 წლის ქონების გადასახადის გაანგარიშებაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ იმ ქონებამ, რომელიც გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა გასული, 2020 წლის განმავლობაში. ასევე 2022 წლის ქონების გადასახადის აანგარიშებაშიც მონაწილეობა მიიღო იმ ქონებამ, რომელიც ფიზიკური პირის საკუთრებაში იყო გასულ, 2021 წელს.

ამგვარად, ვინაიდან დადგენილია და სადავო არ არის, რომ შემოსავალი აღემატება ქონების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნებისთვის განსაზღვრულ ოდენობას, გადასახადის გადამხდელს გააჩნია დასაბეგრი ქონება, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას სადავო დარიცხვის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №13166 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კამერალური საგადასახდო შემოწმება 2020–2022 წლების პერიოდში მომჩივნის ქონების (გარდა მიწისა) ქონების გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2020-2022 წლებში მომჩივანს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ შემოსავლად დაფიქსირებულია 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალი და განაკვეთად განსაზღვრულია 0,2%. 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში გაანგარიშება არ არის წარდგენილი და დეკლარირებულია 0 ლარი. 2022 წლის დეკლარაცია არ არის წარდგენილი.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით კი დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სამივე საანგარიშო წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი.

შესამოწმებელ პერიოდში (2020-2022 წლებში) მომჩივანს საკუთრებაში უფიქსირდება 15 ერთეული უძრავი ქონება (მ.შ ავტოსადგომი, ბინა, სარდაფი, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები. საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება ძირითადად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ.საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 202-ე მუხლის მე-5 და მე-12 ნაწილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №6308 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №23697/2/2024 გადაწყვტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №6308 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს №23697/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და №26292 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1 „გ.ა“); 202(5.6.7.9); 205(12);