გადაწყვეტილება №23397/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.09.2024
№ დოკუმენტი 23397/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23397/2/2024

02 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 29.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23397/2/2024).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2024 წლის №059-1 საგადასახადო მოთხონა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12166 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 24 688,01 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 14 177

საშემოსავლო გადასახადი - 13 823

ქონების გადასახადი - 354

ჯარიმა - 7 089

საურავი - 3 422,01

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა ავტომობილებით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 11.01.2024 წლის №191 ბრძანებით ჩატარდა მომჩივნის 1.01.2021 წლიდან 1.12.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.03.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა, შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების და საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ რეალიზებული საქონლის საბოლოო მომხმარებლები, (შემკვეთები) ყოველთვის არიან არარეზიდენტები. ----------- და ----------- მოქალაქეები.

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებულია 32 ავტომობილი, რომელთა სარეალიზაციო ღირებულებები უცნობია. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გაანგარიშდა თითოეულ ავტომობილზე მიღებული ნამეტი შემოსავალი, რამაც ჯამურად შეადგინა 276 465 ლარი. მომჩივანს შესრულებული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი არ აქვს ასახული შესაბამისი წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. ამდენად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის მე-9, მე-80 და 81-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. ამასთან, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9141 ბრძანება და ამავე თარიღის №059-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12166 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საურავის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

უწევდა მომსახურებას -----------, ----------- და ---------- მოქალაქეებს ავტომობილების ყიდვაში და შემდგომ რეექსპორტში, რომლიდანაც იღებდა შემოსავალს, თითოეული ავტომობილის რეექსტპორტში 300 ლარს. ავტომობილების გაფორმება ხდებოდა მის სახელზე, ვინაიდან მომსახურების მიმღებნი იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შემდგომ ევაკუატორის საშუალებით შეძენილი ავტომობილები ტოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას. არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ექსპორტრეექსპორტის დროს უნდა ჩაებარებინა დეკლარაცია. ითხოვს გადასახადის და სანქციების შემცირებას, ვინაიდან მისი საქმიანობა იყო მომსახურება და არა ავტომობილებით ვაჭრობა. არ ეთანხმება შემოწმების მიერ დაანგარიშებულ 7% ფასნამატს, რომელიც შეუსაბამოა საქართველოს ბაზრისთვის, რადგან ცენტრში ავტომობილი ღირს მაგ: 100 000 ლარი და ბაზარზე გაყიდა 7% ფასნამატით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებულია 32 ავტომობილი, რომელთა სარეალიზაციო ღირებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდი და დაანგარიშდა თითოეული ავტომობილის რეალიზაციისას მიღებული ნამეტი შემოსავალი.

მომჩივანი განმარტავს, რომ ავტომობილების ყიდვა გაყიდვით არ იყო დაკავებული, არამედ მომსახურებას უწევდა ---------, ----------- და ---------მოქალაქეებს ავტომობილების ყიდვაში და შემდგომ რეექსპორტში, რომლიდანაც იღებდა შემოსავალს, თითოეული ავტომობილის რეექსპორტში 300 ლარს. ყურადღებას ამახვილებს, რომ ავტომობილების გაფორმება ხდებოდა მის სახელზე, ვინაიდან მომსახურების მიმღებნი იყვნენ არარეზიდენტი ფიზიკური პირები.

მომჩივანს, საჩივრის განხილვის არც ერთ ეტაპზე, არ წარმოუდგენია მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ეჭქვეშ დააყენებდა შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა ავტომობილებით ვაჭრობა. დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ რეალიზებული საქონლის საბოლოო მომხმარებლები, (შემკვეთები) ყოველთვის არიან არარეზიდენტები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებულია 32 ავტომობილი, რომელთა სარეალიზაციო ღირებულებები უცნობია. მომჩივანს შესრულებული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი არ აქვს ასახული შესაბამისი წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. ამდენად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. ამასთან, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო განმარტავს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);272(1);269(7);