ბრძანება N 3417

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.02.2024
№ დოკუმენტი 3417
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 3417

19 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის.: --------)

2024 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) 2024 წლის 18 იანვრის №8399/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №006-660 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელს საჩივარში არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №17606 ბრძანების საფუძველზე შპს „---------ს“ (ს/ნ ------) ჩაუტარდა საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2021 წლის 16 ივნისიდან (რეგისტრაციის თარიღი) 2023 წლის პირველ ივნისამდე პერიოდის აქციზით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №32321 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 21 დეკემბრის №006-660 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 67 900 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 38 629 ლარი, ჯარიმა 19 315 ლარი და საურავი 9 956 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------ს“ მიერ 2021 წლის 9 ნოემბერს შესყიდულ იქნა 6 000 ცალი აქციზური მარკა. 2022 წლის 9 მაისამდე, აქციზური მარკის გახარჯვის 6 თვიანი პეროდის გასვლამდე, მის მიერ იმპორტირებულ იქნა 504 ერთეული აქციზური სასმელი. გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით 1 596 ერთეული სასმელი, რომელზეც გამოყენებულია აქციზური მარკები დღეის მდგომარეობითაც საბაჟო საწყობშია დასაწყობებული, ხოლო 3 900 აქციზური მარკა დაზიანდა ხანძრის შედეგად, რომელიც გაჩენილ იქნა საწყობში, სადაც ინახებოდა აღნიშნული მარკები. ვინაიდან შპს „--------ს“ მხრიდან არ განხორციელებულა ზემოთ ხსენებული აქციზური მარკების დეკლარირება 6 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ და არც მისი დაბრუნება, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით და დაიბეგრა აქციზით. გადამხდელს დაერიცხა აქციზი და ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია:

ა) დასაბეგრი ოპერაცია;

ბ) აქციზური საქონლის იმპორტი;

გ) აქციზური საქონლის ექსპორტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმლისთვის – ალკოჰოლიანი სასმლის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6-თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენს ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადამხდელს 2024 წლის 22 იანვარს გაეგზავნა №21-04/3908 წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები. წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 22 იანვარს, თუმცა შემოსავლების სამსახურში დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №006-660 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ 2021 წლის 9 ნოემბერს შესყიდულ იქნა 6 000 ცალი აქციზური მარკა. 2022 წლის 9 მაისამდე, აქციზური მარკის გახარჯვის 6 თვიანი პეროდის გასვლამდე, მის მიერ იმპორტირებულ იქნა 504 ერთეული აქციზური სასმელი. გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით 1 596 ერთეული სასმელი, რომელზეც გამოყენებულია აქციზური მარკები დღეის მდგომარეობითაც საბაჟო საწყობშია დასაწყობებული, ხოლო 3 900 აქციზური მარკა დაზიანდა ხანძრის შედეგად, რომელიც გაჩენილ იქნა საწყობში, სადაც ინახებოდა აღნიშნული მარკები. ვინაიდან მომჩივნის მხრიდან არ განხორციელებულა ზემოთ ხსენებული აქციზური მარკების დეკლარირება 6 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ და არც მისი დაბრუნება, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით და დაიბეგრა აქციზით. გადამხდელს დაერიცხა აქციზი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 182(1"ბ"), 183, 185(1"ბ"), 192(7), 191(1"გ").