შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ
📄 სრული ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის
საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ
პრეამბულა
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, (შემდგომში ერთობლივად “ხელშემკვრელ მხარეებად”, ხოლო ცალ-ცალკე _ “ხელშემკვრელ მხარედ” წოდებულნი),ითვალისწინებენ რა, საბაჟო გადასახდელების ზუსტად განსაზღვრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ზოგიერთ საქონელთან დაკავშირებით აკრძალვების, შეზღუდვებისა და კონტროლის ზომების სათანადოდ გატარების უზრუნველყოფის მნიშვნელობას;
ითვალისწინებენ რა, რომ საბაჟო წესების დარღვევები ზიანს აყენებს
ხელშემკვრელი მხარეების უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ, კომერციულ,ფისკალურ, სოციალურ, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებთან
დაკავშირებულ ინტერესებს;
აღიარებენ რა, საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას თავიანთი საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში;
გამოთქვამენ რა რწმენას, რომ საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს შორის ორმხრივად შეთანხმებულ სამართლებრივ დებულებებზე დამყარებული მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში;
მხედველობაში იღებენ რა, ამჟამად მსოფლის საბაჟო ორგანიზაციის სახელით ცნობილი - საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს 1953 წლის დეკემბრის რეკომენდაციას ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ და 2000 წლის ივნისის დეკლარაციას საბაჟო თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ (კვიპროსის დეკლარაცია),შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
განსაზღვრებები
a) `უფლებამოსილი ორგანო~ ნიშნავს:
- საქართველოს მთავრობისათვის: საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურს;
- აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობისთვის: სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს;
b) `საბაჟო გადასახდელები~ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებულ საბაჟო გადასახდელებს და სხვა გადასახადებს, გარდა გაწეულ მომსახურებაზე დაწესებული მოსაკრებლებისა და საფასურებისა;
c) საბაჟო კანონმდებლობა~ ნიშნავს სამართლებრივ აქტსებს, რომლებსაც თითოეული სამსახური იყენებს საქონლის შემოტანასთან, გატანასთან, გადატვირთვასთან, ტრანზიტთან, დასაწყობებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით, იმ სამართლებრივი აქტების ჩათვლით, რომლებიც არეგულირებენ აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას, ასევე ფულის გათეთრებასთან ბრძოლას;
d) `საბაჟო წესების დარღვევა~ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობას;
e) "ინფორმაცია" ნიშნავს ნებისმიერ დამუშავებულ მონაცემს ან პირველად ინფორმაციას, აგრეთვე ნებისმიერ დოკუმენტს, ანგარიშს და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა შეტყობინებებს, მათ შორის ელექტრონულ ვერსიებს ან დამოწმებულ ან აუთენტურ ასლებს;
f) საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელი" ნიშნავს წარმოშობის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზღვებს შორის საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს;
g) `მოხელე~ ნიშნავს ოფიცერს ან საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სხვა საჯარო მოსამსახურეს;
h) `პირი~ ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს;
I) `პერსონალური მონაცემები~ ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობაც დადგენილია ან ექვემდებარება დადგენას;
j) `თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო~ ნიშნავს უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც მიმართეს დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
k) `თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო~ ნიშნავს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც წარადგენს თხოვნას დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
l) `თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე~ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის უფლებამოსილ ორგანოსაც მიმართეს დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
m) `თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე~ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის უფლებამოსილი ორგანოც ითხოვს დახმარების აღმოჩენას.
მუხლი 2
შეთანხმების გავრცელების სფერო
1. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი უფლებამოსილი ორგანოების
მონაწილეობით და ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების
გათვალისწინიებით, ერთმანეთს გაუწევენ ადმინისტრაციულ დახმარებას საბაჟო
კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების, საბაჟო წესების დარღვევის
წინააღმდეგ ბრძოლის, გამოძიებისა და აღკვეთის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ ამ შეთანხმებით განსაზღვრულ დახმარებას თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციისა და არსებული რესურსების ფარგლებში.
3. ეს შეთანხმება მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების საკითხებს და გავლენას ვერ მოახდენს მათ შორის დადებულ შეთანხმებებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ. თუ ურთიერთდახმარება უნდა განხორციელდეს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა ორგანოს მიერ, თხოვნის მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიუთითოს ამ ორგანოსა და შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების შესახებ.
4. ამ შეთანხმების დებულებები არ აძლევს არცერთ პირს უფლებას ხელი
შეუშალოს დახმარების აღმოჩენის თაობაზე თხოვნის შესრულება.
მუხლი 3
ინფორმაცია საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების და აღსრულების თაობაზე
1. უფლებამოსილ ორგანოებს, მიღებული თხოვნის საფუძველზე ან თავიანთი ინიციატივით, შეუძლიათ ერთმანეთს მიაწოდონ მათთვის ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებასა და საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების აღკვეთას, გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელის უსაფრთხოებას.
2. ასეთი ინფორმაცია შეიძლება უკავშირდებოდეს:
a) საბაჟო კანონმდებლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს;
b) კანონის აღსრულების ახალ მეთოდებს, რომლებმაც დაამტკიცეს
თავიანთი ეფექტურობა;
c) საბაჟო სამართალდარღვევების ახალ ტენდენციებს, საშუალებებს ან მეთოდებს;
d) იმ საქონელს, რომელიც წარმოადგენს საბაჟო წესების დარღვევის ობიექტს, ასევე ასეთი საქონლის მიმართ ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით გამოყენებულ მეთოდებს;
e) იმ პირებს, რომლებმაც მოახდინეს საბაჟო წესების დარღვევა;
f) ნებისმიერი სხვა მონაცემსა და სტატისტიკური ინფორმაციას, რომელიც დახმარებას გაუწევს მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს რისკების შეფასებასა და კონტროლის ზომების განხორციელებაში.
3. სერიოზულ შემთხვევებში, რომლებმაც შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენონ ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკას, ჯანდაცვას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას თუ ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო ინტერესს, მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო შეძლებისდაგვარად მიაწვდის ასეთ ინფორმაციას თავისი ინციატივით დაგვიანების გარეშე.
4. თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
a) არის თუ არა თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის
ტერიტორიაზე შეტანილი საქონელი კანონიერად გატანილი თხოვნის
მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან;
b) არის თუ არა თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან გატანილი საქონელი კანონიერად შეტანილი თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; ასევე, არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული რა სახის პროცედურა ვრცელდება ამ საქონელზე.
5. თხოვნის შემთხვევაში, თუ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა მოიძიოს ეს ინფორმაცია თავიანთი საბაჟო კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 4
საბაჟო გადასახდელების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია
1. თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო, ამ შეთანხმების მე-19 მუხლის დებულებების დაურღვევლად, საბაჟო კანონმდებლობის ზუსტად აღსრულებისა ან დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს აწვდის ინფორმაციას, თუ ამ უკანასკნელს წარმოეშვა ეჭვი სასაქონლო დეკლარაციის სიზუსტის ან მის სისწორესთან დაკავშირებით.
2. თხოვნა უნდა შეიცავდეს თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული ან ნაცადი პროცედურების ჩამონათვალს და მოთხოვნილ ინფორმაციას.
მუხლი 5
საბაჟო წესების დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია
ერთი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო თხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას ისეთი დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციების შესახებ, რომლებიც ბადებენ საფუძვლიან ეჭვს, რომ განხორციელდა ან განხორციელდება საბაჟო წესების დარღვევა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 6
ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლა
უფლებამოსილ ორგანოებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 20-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, შეუძლიათ ავტომატურ რეჟიმში გაცვალონ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია.
მუხლი 7
ინფორმაციის წინასწარ გაცვლა
უფლებამოსილ ორგანოებს, ამ შეთანხმების 20-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუძლიათ, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, წინასწარ გაცვალონ შეთანხმებული ინფორმაცია, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტვირთის შეტანამდე.
შეტყობინება
1. თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო გამოიყენებს ყველა საჭირო ზომებს, რათა იმ პირს, რომელიც ცხოვრობს ან დაფუძნებულია თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აცნობოს ამ პირთან დაკავშირებით თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით.
2. შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 9
ზედამხედველობა და ინფორმაციის მიწოდება
1. თხოვნის წარდგენის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო განახორციელებს ზედამხედველობას და თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
a) სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ ან დასაწყობებულ საქონელს, რომელიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
b) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
c) შენობებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
d) პირებს, რომლებმაც დაარღვიეს საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟოO წესების დარღვევაში თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან.
2. უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ასეთი ზედამხედველობა საკუთარი ინიციატივით განახორციელონ თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციები შეიცავენ საბაჟო წესების დარღვევას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
კონტროლირებადი მიწოდება
უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და მათი კონტროლით, ნებართვა გასცენ თავიანთ საბაჟო ტერიტორიებზე უკანონო ან საეჭვო ტვირთის გადაადგილებაზე, ტერიტორიაზე შეტანაზე ან ტერიტორიიდან გატანაზე, თუ ეს ემსახურება საბაჟო წესების დარღვევის გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. თუ ასეთი ნებართვის გაცემა არ შედის უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციაში, მაშინ ეს ორგანო თანამშრომლობის მიზნით მიმართავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანოებს ან საქმეს გადასცემს ასეთ ორგანოს ან ორგანოებს.
მუხლი 11
ექსპერტები და მოწმეები
თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია თავის მოხელეებს ნება დართოს ექსპერტების ან მოწმეების სახით მონაწილეობა მიიღონ თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბაჟო წესების დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების სასამართლოში განხილვის დროს.
მუხლი 12
თხოვნის გადაცემა
1. ამ შეთანხმების ფარგლებში თხოვნა დახმარების აღმოჩენის თაობაზე გადაეცემა უშუალოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს.
2. თხოვნა წარდგენილი უნდა იქნას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ინგლისურ ენაზე და თან უნდა ახლდეს მის შესასრულებლად საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი ინფორმაცია. თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ელექტრონული საშუალებებით გაგზავნილი თხოვნის წერილობითი დადასტურება. თუკი ვითარება ამას მოითხოვს, თხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს ზეპირი ფორმით. ასეთი თხოვნა უმოკლეს ვადაში უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით ან, თუ მისაღებია ორივე უფლებამოსილი ორგანოსათვის, ელექტრონული საშუალებებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი თხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
a) თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება;
b) თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება;
c) ამ შეთანხმებაზე მითითება;
d) თხოვნის შინაარსი, დახმარების ფორმა და თხოვნის მიზეზი;
e) განსახილველი საკითხის და მის მიმართ მოქმედი სამართლებრივი და ადმინისტრაციული დებულებების მოკლე მიმოხილვა;
f) იმ პირთა სახელები და მისამართები, რომლებსაც შეეხებათ თხოვნა, თუ ცნობილია მათი ვინაობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს გარკვეული პროცედურის ან მეთოდოლოგიის გამოყენებას, თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო შეასრულებს ასეთ თხოვნას თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის და ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისად.
5. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაეცემა ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილი ორგანოების მიერ სპეციალურად ამ მიზნით დანიშნულ მოხელეებს. ამ მოხელეების სია გადაეცემა მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 13
ინფორმაციის მოპოვების საშუალებები
1. თუ თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა დაიწყოს ამ ინფორმაციის მოძიება.
2. თუ თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო არ არის კომპეტენტური, რომ დაიწყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, მას შეუძლია მიუთითოს შესაბამის ორგანოზე და მას შესასრულებლად გადაუგზავნოს თხოვნა.
მუხლი14
მოხელეთა ყოფნა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე
1. თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად დანიშნულ მოხელეებს, წერილობითი თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით და მის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საბაჟო წესების დარღვევაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, შეუძლიათ:
a) თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ოფისებში გაეცნონ დოკუმენტებს, რეესტრებსა და ნებისმიერ სხვა მონაცემებს საბაჟო წესების დარღვევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად;
b) მიიღონ აღნიშნული საბაჟო წესების დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტების, რეესტრებისა და ნებისმიერი სხვა მონაცემების ასლები;
c) დაესწრონ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესს, რომლებიც შედის თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს ინტერესებში.
2. თუკი თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მოხელეს დასწრება თხოვნის საფუძველზე განხორციელებულ დახმარების ღონისძიებებში სასარგებლო ან აუცილებლია, მან უნდა აცნობოს ამის შესახებ თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილი ორგანოს.
მუხლი 15
დებულებები მიწვეული მოხელეებისათვის
1. როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოხელეები ამ შეთანხმების დებულებების თანახმად იმყოფებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მათ მთელი ვიზიტის განმავლობაში უნდა შეეძლოთ პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.
2. თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანიშნულ მოხელეებს, რომლებიც ამ შეთანხმების მე-14 მუხლის თანახმად იმყოფებიან თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ექნებათ მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ
შეთანხმდებიან ამ შეთანხმების 20-ე მუხლის შესაბამისად.
3. თხოვნის მიმღები ხელშეკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, ყოფნის დროს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ოფიციალური პირები პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე.
მუხლი 16
ინფორმაციის გამოყენება
1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილი ორგანოების მიერ და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი უფლებამოსილი ორგანო წერილობით ნებართვას გასცემს სხვა ორგანოების მიერ ან სხვა მიზნებისათვის მისი გამოყენების თაობაზე.
2. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიჩნევა კონფიდენციალურად და ენიჭება კონფიდენციალურობისა და დაცვის იგივე ხარისხი, როგორიც ენიჭება ხელშემკვრელ სახელმწიფოს შიდასდახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ მსგავს ინფორმაციას.
3. თხოვნის მიმღები მხარის უფლებამოსილ ორგანოს ამ შეთანხმების მიზნებისა და მოქმედების სფეროს შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს ამ შეთანხმების შესაბამისად მიღებული ინფორმაცია და დოკუმენტები მტკიცებულების სახით თავის ოქმებში, ანგარიშებსა და მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებში, ასევე სასამართლოს წინაშე განხილვასა და ბრალდებისას.
მუხლი 17
კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დაცვა
1. ამ შეთანხმების საფუძველზე პერსონალური მონაცემების გაცვლა არ დაიწყება, ვიდრე ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების 20-ე მუხლის შესაბამისად, არ შეთანხმდებიან, რომ ამ მონაცემებს ექნებათ დაცვის ისეთივე
ხარისხი, რომელიც დააკმაყოფილებს ინფორმაციის მიმწოდებელი უფლებამოსილი ორგანოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. თხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც მიიღო პერსონალური მონაცემები, ამ მონაცემების გადამცემ უფლებამოსილ ორგანოს აცნობებს მათი გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ.
3. ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია თხოვნის შესრულების მიზნებისათვის.
4. პერსონალური მონაცემების გადამცემი უფლებამოსილი ორგანო შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის უახლესი მონაცემების სიზუსტეს და მითი სამართლიანად და კანონიერად შეგროვებას, ასევე მოთხოვნილი მიზნებისათვის ინფორმაციის შესაბამისობას.
5. თუ აღმოჩნდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არასწორია ან შეუძლებელი იყო მათი გაცვლა, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. უფლებამოსილმა ორგანომ, რომელმაც მიიღო ასეთი მონაცემები, უნდა შეასწოროს ან გააუქმოს/გაანადგუროს ის.
6. უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების გადაცემის ან მიღების რეგისტრაციას.
7. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა მიიღონ უსაფრთხოების აუცილებელი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების დაცვას უნებართვო წვდომის, მასში ცვლილებების შეტანის ან გავრცელებისაგან.
მუხლი 18
უარის განცხადება დახმარების აღმოჩენაზე
1. თუკი თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილმა დახმარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ამ მხარის საზოგადოებრივი წესრიგის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა თუ სხვა არსებით ინტერესებს ან ამ უფლებამოსილი ორგანოს აზრით შეიძლება გამოიწვიოს სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება, ან შეუსაბამო იქნება მის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასა და ადმნისტრაციულ დებულებებთან, მას შეუძლია უარი თქვას დახმარების გაწევაზე ან გაუწიოს დახმარება მხოლოდ გარკვეულ პირობების შესრულების შემთხვევაში.
2. თუკი თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს ისეთი სახის დახმარებას, რომლის გაწევასაც ის თავად ვერ შეძლებდა მეორე მხარის უფლებამოსილი ორგანოსათვის, მან უნდა გაამახვილოს ამ ფაქტზე ყურადღება
თავის თხოვნაში. ასეთი თხოვნის შესრულება წარმოადგენს მხოლოდ თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს კეთილგონივრულობას.
3. დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სამართალწარმოებას ან სასამართლო წარმოებას. ამ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები მხარის უფლებამოსილი ორგანო კონსულტაციებს გამართავს თხოვნის წარმდგენი მხარის უფლებამოსილ ორგანოსთან, რომ განისაზღვროს შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა თხოვნის მიმღები მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთდახმარებაზე უარი ითქვა, ეს გადაწყვეტილება და უარის თქმის მიზეზები დაგვიანების გარეშე წერილობით უნდა ეცნობოს თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 19
ხარჯები
1. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით თითოეული უფლებამოსილი ორგანო უარს ამბობს ამ შეთანხმების აღსრულების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნაზე.
2. ექსპერტებისა და მოწმეების ხარჯებსა და დანამატებს, ასევე, თარჯიმანთა მომსახურების საფასურს, საჯარო მოსამსახურეთა გარდა, გაიღებს თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო.
3. თუ თხოვნის შესრულებას სჭირდება ან სამომავლოდ დასჭირდება მნიშვნელოვანი მოცულობის ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯების გაწევა, უფლებამოსილი ორგანოები ჩაატარებენ კონსულტაციას იმ პირობების ჩამოყალიბების მიზნით, რომლის საფუძველზე მოხდება თხოვნის შესრულება და ხარჯების გაწევა.
მუხლი 20
შეთანხმების იმპლემენტაცია და გამოყენება
1. უფლებამოსილმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ საბაჟო წესების დარღვევების გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ თავიანთ მოხელეებს ერთმანეთთან პირადი და პირდაპირი ურთიერთობების დამყარებაში.
2. უფლებამოსილი ორგანოები ერთობლივად შეიმუშავებენ კონკრეტულ
ღონისძიებებს, რომლებიც გაამარტივებენ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას.
3. ნებისმიერი სირთულე ან დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზით.
4. უფლებამოსილი ორგანოები თხოვნის საფუძველზე ან მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 5 წლის შემდეგ შეხვდებიან ერთმანეთს ამ შეთანხმების გადახედვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს, რომ ამგვარი გადახედვა აუცილებელი არ არის.
მუხლი 21
ტერიტორიული მოქმედების ფარგლები
ამ შეთანხმების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
მუხლი 22
სხვა საერთაშორისო ვალდებულებები
აღნიშნული შეთანხმების მოთხოვნების შესრულებას გავლენა არ ექნება ხელშემკვრელი მხარეების უფლებებზე და მოვალეობებზე რომლებიც მათ წარმოექმნებათ იმ საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე რომლის მხარეებიც არიან.
მუხლი 23
დავების მოგვარება
აღნისნული შეთანხმების იმპლემენტაციისა და ინტეპრეტაციის დროს წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყტება ხელშემკვრელი მხარეების შორის კონსულტაციების და მოლაპარაკებების საფუძველზე.
მუხლი 24
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლიბიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 25
ძალაში შესვლა, მოქმედების შეწყვეტა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ხელშემკვრელი მხარეების მიერ დიპლომატიური არხებით გაგზავნილი უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან.
ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა დიპლომატიური არხებით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების შემდეგ. შეთანხმების მოქმედება შეწყდება ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან სამი თვის შემდეგ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტში მიმდინარე სასამართლო წარმოება უნდა იქნეს დასრულებული ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
რის დასტურად, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. თბილისში 2014 წლის 17 მარტს ორ დედნად თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველატექსტი თანაბრად აუთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.