გადაწყვეტილება №26262/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 17.12.2025
№ დოკუმენტი 26262/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26262/2/2025

17 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 1.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26262/2/2025).

 

დავის საგანი:

უარი შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 13.11.2025 წლის №24944 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 9 743 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები 8.05.2025 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „რომი-ქუთაისი“ ჩამოფრინდა მომჩივანი. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება. საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას, განაცხადა, რომ არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის არც ოქროს ნაკეთობებს. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მისი კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი: ოქროს საყურე - ერთი წყვილი, ოქროს გულსაბნევი - ერთი ცალი, ოქროს მონეტა - ერთი ცალი და პერანგის ოქროს სარჭი - ერთი წყვილი (საერთო წონა 42,32 გრამი). საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ექსპერტის 8.05.2025 წლის №004600/2025 დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 9 743 ლარი.

საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაზეც, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 8.05.2025 წლის №EL284356 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 9 743 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო არადეკლარირებული საქონელი ჩამორთმეულ იქნა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №69401117883) სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა საბაჟო კონტროლის ზონაში.

საბაჟო დეპარტამენტის 8.05.2025 წლის №EL284356 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური;

- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 8.05.2025 წლის №EL284356 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა. შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე მომჩივანმა კვლავ მიმართა საჩივრით შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 13.11.2025 წლის №24944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, მე-11 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებზე. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანება ადრესატისთვის ჩაბარებულად იქნა მიჩნეული 3.09.2025 წელს, საიდანაც დაიწყო 5 სამუშაო დღის ვადის ათვლა და რა ვადაშიც მომჩივანს დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი უნდა მოექცია თავისუფალი მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაეხადა იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური. ასევე, დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ 1.07.2025 წლის №14519 ბრძანებით განსაზღვრული პირობა მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამასთან, საჩივრის ავტორს არ წარუდგენია პოზიცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადის არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით გაშვების თაობაზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე არ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულება. 8.05.2025 წელს განხორციელდა შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა, რასაც შემდგომ მოჰყვა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ 1.07.2025 წლის №14519 ბრძანების გამოცემა. აღნიშნული ბრძანებით მისი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბრძანების მე-2 პუნქტის საფუძველზე მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაეხადა იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური, ხოლო ამავე ბრძანების მე-3 პუნქტით 3 სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 8.05.2025 წლის №EL284356 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანება მის მიერ ვერ იქნა გასაჩივრებული, რაც გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობის გამო ქვეყნის დატოვებით, რასაც ადასტურებს საერთაშორისო პასპორტში არსებული ბეჭედი, რომლითაც დასტურდება, რომ მან საქართველო დატოვა 25.07.2025 წელს და ვერ უზრუნველყო შემოსავლების სამსახურისთვის ეცნობებინა ელექტრონულ ფოსტაზე ან წარედგინა შესაბამისი პირის მინდობილობა, რომელიც უზრუნველყოფდა შესაბამისი დოკუმენტების ჩაბარებას. ამასთან, მისი რეგისტრაციის მისამართზე ქ. ----ში, არ ცხოვრობს არავინ და მისი საკუთრება დაკეტილია, შესაბამისად თუ კურიერმა უზრუნველყო კორესპონდენციის მიტანა აღნიშნულ მისამართზე მისი ჩაბარება ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი.

შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანებით განსაზღვრული ვადის აღდგენა ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას და კანონიერ ინტერესებს, ამასთან, მისი აღდგენა არ არის კანონით აკრძალული. განსახილველ შემთხვევაში არაბრალეულად საპატიო მიზეზით გაუშვა ვადა, სხვა შემთხვევაში მას იურიდიული ინტერესი არ დაუკარგავს, როგორც აღნიშნა ბრძანების ჩაუბარებლობა გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ქვეყნის დატოვებით, ვინაიდან ოჯახის წევრები ჰყავს საზღვარგარეთ, რომლებსაც შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა და რომლის გათვალისწინებითაც მოუწია ქვეყნის დატოვება. იმის გათვალისწინებით, რომ 1.07.2025 წელს გამოცემული ბრძანების ვადის გაგრძელება არ გამოიწვევს მესამე პირის უფლებების და კანონიერი ინტერესების დაზიანებას, ამასთან არ არის აკრძალული კანონით და ვადის გაშვება არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით, ხოლო იგი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი, ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე აღუდგეს 1.07.2025 წლის №14519 ბრძანების ვადა, რამეთუ აღნიშნული ვადის აღდგენა არ არის აკრძალული კანონით, ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას და კანონიერ ინტერესს.

ამასთან მის მიერ ვადის გაშვება არ მომხდარა მისი ბრალეულობით, არამედ ვადის გაშვება გამოწვეულია საპატიო გადაუდებელი მიზეზით. შესაბამისად, თუ ვინმეს ზიანს აყენებს მის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული ვადის აღუდგენლობა ეს არის მისი კანონიერი ინტერესები, რომლის აღუდგენლობა გამოიწვევს მის ფინანსურ ზარალს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 94-ე მუხლების საფუძველზე, ითხოვს საქმის განხილვა განხორციელდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და 1.07.2025 წელს გამოცემული №14519 ბრძანებით მისთვის მიცემული და მის მიერ გაშვებული ვადა აღდგეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანებით:

- მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური;

- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 8.05.2025 წლის №EL284356 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 9.12.2025 წლის №110569-21-04 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს არ გააჩნია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანების ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით (გაეგზავნა 2-ჯერ (2025 წლის 2 და 30 ივლისს) მისამართებზე - ---- (საჩივარში მითითებული მისამართი), ----, გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს, „ეზოდან არ გამომხედა არავინ“ და „ნომერი გამორთულია, არ არის მისამართზე“ საფუძვლით).

შედეგად საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განხორციელდა სადავო აქტის საჯაროდ გავრცელება 14.08.2025 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 3.09.2025 წელს.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებული იყო შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანების ჩაბარებიდან, 3.09.2025 წლიდან, 5 სამუშაო დღის ვადაში 10.09.2025 წლის ჩათვლით პერიოდში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაეხადა იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური, რაც არ შეუსრულებია.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანება ვერ იქნა ჩაბარებული მომჩივნის მიერ, აღნიშნული გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით (ოჯახის წევრები ჰყავს საზღვარგარეთ და შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა), რასაც ადასტურებს პასპორტში არსებული საზღვრის კვეთის ბეჭედი, რომ მან საქართველო დატოვა 25.07.2025 წელს. ამასთან, მისი რეგისტრაციის მისამართზე ქ. ----, არ ცხოვრობს არავინ და მისი საკუთრება დაკეტილია. იმის გათვალისწინებით, რომ 1.07.2025 წელს გამოცემული ბრძანების ვადის გაგრძელება არ გამოიწვევს მესამე პირის უფლებების და კანონიერი ინტერესების დაზიანებას, ამასთან ვადის გაშვება არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით, ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე აღდგეს შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანებით განსაზღვრული ვადა, რომლის გამოცემის შესახებ მომჩივანმა გაიგო მხოლოდ 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც მისმა ოჯახის წევრმა მოიკითხა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე პასუხი, რაზეც ეცნობა რომ გამოქვეყნებულია საჯაროდ.

ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის ჩაბარების მექანიზმის გამოყენებამდე, დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ) ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ ადრესატისთვის დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე, საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გამოიყენოს ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოს დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მექანიზმი, რაც ამოწურავს ამ შესაძლებლობებს.

ამდენად, მიუხედავად იმისა რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის. მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტების ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადამხდელისთვის დოკუმენტების ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულება და გამოთქვამს მზადყოფნას (მისი წარმომადგენელი მინდობილობის საფუძველზე) აღნიშნულის შესასრულებლად, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მომჩივნის მიერ შემოტანილი საქონელი (42.32 გრამი) საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, მოაქციოს თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური და აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს სადავო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.11.2025 წლის №24944 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მის მიერ დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში და გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური;

4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 8.05.2025 წლის №EL284356 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

უარი შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14519 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №14519 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური;

ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე,საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

შემოსავლების სამსახურის №14519 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა. შემოსავლების სამსახურის №14519 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე მომჩივანმა კვლავ მიმართა საჩივრით შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის №24944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მომჩივნის მიერ შემოტანილი საქონელი (42.32 გრამი) საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, მოაქციოს თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური და აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს სადავო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (10).