ბრძანება N 11849

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.05.2026
№ დოკუმენტი 11849
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

29 მაისი 2026

N 11849

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2026 წლის 27 იანვრის, პირველი აპრილის და 7 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველ აპრილს და 7 მაისს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №28, №37) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2026 წლის 27 იანვრის №100402/1/2026, პირველი აპრილის №101562/1/2026 და 7 მაისის №102245/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №041-103 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანომ არ გამოიკვლია რეალურად მოხდა თუ არა თანხის გატანა საწარმოდან პირადი მოხმარებისთვის და ბუღალტრული აღრიცხვის ხარვეზი არ წარმოადგენს იმის უპირობო მტკიცებულებას, რომ თანხა დირექტორმა მიითვისა. აცხადებს, რომ თანხა დახარჯულია ბიზნეს საჭიროებებისთვის, რისი დოკუმენტური დასაბუთების შესაძლებლობა გადამხდელს უნდა მისცემოდა. ასევე, განმარტავს, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდზე გააჩნია გაწეული ხარჯები და დებიტორული დავალიანებები, რაც გასათვალისწინებელია კომპანიის ფულის ნაშთის განსაზღვრისას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას. აცხადებს, რომ შემოწმებამ გააუქმა დღგ-ის ჩათვლა 9 596 ლარზე დუბლირებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ხარვეზების მოტივით. მიუთითებს, რომ თუ ოპერაცია რეალურად განხორციელდა და საქონელი/მომსახურება გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის, მცირე ტექნიკური ხარვეზი არ უნდა გამხდარიყო ჩათვლის გაუქმების საფუძველი. აცხადებს, რომ კომპანია მზად არის წარმოადგინოს ჩათვლების სრული ცხრილი, რაც დაადასტურებს, რომ ერთსა და იმავე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლა არ მომხდარა.

3. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობა არ არის დადასტურებული და შემოწმებას არ წარუდგენია ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ გადასახადის გადამხდელი იღებდა ანაზღაურებას სატრანსპორტო საშუალების სხვა პირის მიერ გამოყენებისთვის. მიუთითებს, რომ სასაქონლო ზედნადებში მანქანის რეგისტრაციის ნომრის გამოჩენა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საწარმომ გასწია ფასიანი მომსახურება. აღნიშნავს, რომ შესაძლოა მანქანას მართავდა საწარმოს თანამშრომელი/ნდობით აღჭურვილი პირი, ან გამოყენება იყო უსასყიდლო.

4. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის №2637 და 19 დეკემბრის №27879 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი აპრილიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2025 წლის 14 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 29 დეკემბრის №28823 ბრძანება და ამავე თარიღის №041-103 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 811 677 ლარი, მათ შორის გადასახადი 486 106 ლარი, ჯარიმა 244 444 ლარი და საურავი 81 126 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში არ იყო სრულყოფილად ოპერაციები ასახული, მათ შორის არასრული იყო ფულის მოძრაობის ოპერაციებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით განხროციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების ხარჯი, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. შემოწმების მიერ, მეორე მხარეებისგან გამოთხოვილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რომლის სალაროში არსებობის ფაქტიც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის სისწორე და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებს შორის. აღნიშნული სხვაობები გამოწვეული იყო დღგ-ის ჩათვლებში ავანსისა და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დუბლირებით. ასევე, რამდენიმე თვეში გადასახადის გადამხდლელს არ ჰქონდა ჩათვლილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე, 175-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაშიარსებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდებოდა ისეთ სასაქონლო ზედნადებებში, რომლებშიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენდა შპს „---“. გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციები არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემოწმების მიერ ჩაითვალა რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სახეზე იყო საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში მონაცემები იყო არასრული, მ.შ. ფულის მოძრაობის ოპრაციებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით განხროციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. ამდენად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები (დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების ხარჯი, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი, სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები და სხვა). ასევე, შემოწმების მიერ, მეორე მხარეებისგან გამოთხოვილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რომლის სალაროში არსებობის ფაქტიც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ თანხა დახარჯულია ბიზნეს საჭიროებებისთვის, რისი დოკუმენტური დასაბუთების შესაძლებლობა გადამხდელს უნდა მისცემოდა.

მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმო ეწეოდა აქტიურ სამეურნეო საქმიანობას ----ში მდებარე უძრავ ქონებაზე, სადაც ჩატარდა მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები, როგორიცაა: ტერიტორიის მოხრეშვა, დატკეპვნა, გასწორება, შემოღობვა, კეთილმოწყობა, ცემენტის ბუნკერების დადგმა-დამონტაჟება და სხვა. აღნიშნული ხარჯების ფაქტობრივი მოცულობის უტყუარად დადგენის მიზნით, საწარმოს მიერ 2026 წლის 31 მარტს დაწყებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩატარების პროცესი. გარდა ამისა, მომჩივნის განმარტებით, საწარმოს მესამე პირებთან გაფორმებული აქვს მომსახურების ხელშეკრულებები მიღება-ჩაბარების აქტებითა და დაკავშირებული ანგარიშსწორების დოკუმენტებით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის რკინის ყალიბების დამზადებისა და შეკეთების მომსახურებაზე, რაც ახლავს წარმოდგენილ საჩივარს.

ასევე, აცხადებს, რომ კომპანიას აქვს არსებითი მოცულობის დებიტორული დავალიანებები კონტრაგენტი კომპანიების მიმართ, რაც ნიშნავს, რომ შემოწმების მიერ „მიღებულ შემოსავლად“ აღქმული თანხები ფაქტობრივად ჯერ კიდევ არ შესულა საწარმოში და შესაბამისად ვერ ჩაითვლება სალაროს ფიზიკურ ნაშთად და მით უფრო დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის განმარტებით, დებიტორული დავალიანების შედარების აქტების შედგენის პროცესი მიმდინარეობს, მათი ნაწილი უკვე გაფორმებულია და ახლავს წარმოდგენილ საჩივარს, ხოლო დანარჩენი დებიტორების მიმართ შედარების აქტების მოწოდებაც განხორციელდება.

ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობისა და პერიოდის შესახებ). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის სისწორე და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებს შორის. აღნიშნული სხვაობები გამოწვეული იყო დღგ-ის ჩათვლებში ავანსისა და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დუბლირებით. ასევე, რამდენიმე თვეში გადასახადის გადამხდლელს არ ჰქონდა ჩათვლილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდებოდა ისეთ სასაქონლო ზედნადებებში, რომლებშიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენდა შპს „---“. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაციები არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებში.

შემოწმების მიერ ჩაითვალა რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სახეზე იყო საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით და დაიბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობისა და პერიოდის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას.

3. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას.

4. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში მონაცემები იყო არასრული, მ.შ. ფულის მოძრაობის ოპრაციებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით განხროციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. ამდენად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები.

ასევე, შემოწმების მიერ, მეორე მხარეებისგან გამოთხოვილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რომლის სალაროში არსებობის ფაქტიც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის სისწორე და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებს შორის. აღნიშნული სხვაობები გამოწვეული იყო დღგ-ის ჩათვლებში ავანსისა და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დუბლირებით. ასევე, რამდენიმე თვეში გადასახადის გადამხდლელს არ ჰქონდა ჩათვლილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ სახეზე იყო საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით და დაიბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობისა და პერიოდის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1); 174; 175; 176; 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 269 (7).