საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
📄 სრული ტექსტი
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა
და ურთიერთდახმარების შესახებ
ძალაშია 02.11.1998-დან
საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამომდინარეობენ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის
საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების აუცილებლობიდან და აქვთ რა სურვილი ამ მიზნით აღმოუჩინონ ერთმანეთს
რაც შეიძლება ფართო დახმარება,შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
ტერმინების განსაზღვრა
ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინები აღნიშნავენ:
საგადასახადო კანონმდებლობა – იურიდიულ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს გადასახადების სახეებს და მათი ამოღების წესს მოცემული მხარის ტერიტორიაზე და არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობასთან, ცვლილებასთან და შეწყვეტასთან. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა - მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედება, რომელიც გამოიხატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტის წინაშე, ვალდებულების შეუსრულებლობაში ან არასათანადო
შესრულებაში, რაზედაც დადგენილია იურიდიული პასუხისმგებლობა.
კომპეტენტური ორგანოები:
საქართველოს მიმართ – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მისი
რწმუნებული ორგანო;
თურქმენეთის მიმართ – თურქმენეთის მთავარი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია;
შემკითხველი მხარე – მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელიც აყენებს შეკითხვას საგადასახადო საკითხებზე დახმარების აღმოჩენის შესახებ (შემდგომში იწოდება შეკითხვად დახმარების შესახებ).
შეკითხვის მიმღები მხარე – მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელიც იღებს შეკითხვას საგადასახადო საკითხებზე დახმარების შესახებ.
მუხლი 2
შეთანხმების გამოყენების სფერო
მხარეები კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უწევენ ერთმანეთს ურთიერთდახმარებას:
საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილებასა და აღკვეთაში;
იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის
დაცვის შესახებ შეკითხვასა ან საინიციატივო წესით ინფორმაციის მიწოდებაში;
ეროვნული საგადასახადო სისტემის შესახებ და საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში;
კომპიუტერული სისტემების შექმნასა და ფუნქციონირებაში, რომელნიც უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების მუშაობას;
გადასახადის გადამხდელებთან და კომპეტენტურ ორგანოებთან მუშაობის
ორგანიზებაში, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად მეთოდური რეკომენდაციების დამუშავების ჩათვლით;
კადრების სწავლებასა და სპეციალისტების გაცვლის საქმეში;
სხვა საკითხებზე, რომელიც მოითხოვენ ერთობლივ მოქმედებას.
ამ შეთანხმების დებულებები არ ეწინააღმდეგება კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობას, სხვა შეთანხმებებთან შესაბამისად, რომლებიც დადებულია მხარეებს შორის.
მუხლი 3
დახმარების შესახებ შეკითხვის ფორმა და შინაარსი
დახმარების შესახებ შეკითხვა გაიგზავნება წერილობითი ფორმით, თანდართულ განსახილველ აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად. განსაკუთრებულ შემთხვევაში დახმარების შესახებ შეკითხვა შეიძლება მოხდეს ზეპირი ფორმით, მისი შემდგომი წერილობითი დადასტურებით შესაძლო მოკლე ვადებში.
შეკითხვა დახმარების შესახებ უნდა შეიცავდეს:
შემკითხავი კომპეტენტური ორგანოს დასახელებას; შეკითხვის მიმღები კომპეტენტური ორგანოს დასახელებას; შეკითხვის მიზანს და მიზეზს;
გადასახადის გადამხდელის დასახელებას (სახელს) და მისამართს, ვის
მიმართაც კეთდება შეკითხვა;
შეკითხვის არსისა და მასთან დაკავშირებული იურიდიული გარემოებების მოკლე გადმოცემას, განსახილველი პერიოდისა და გადასახადის კონკრეტული სახეების მითითებით.
შეკითხვა უნდა მოხდეს რუსულ ენაზე. მხარეთა თხოვნით წარსადგენი მასალა
შეიძლება გადათარგმნილი იქნეს ქართულ ან თურქმენული ენებიდან.
შეკითხვის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია მიღებულ შეკითხვაზე დახმარების შესახებ.
მუხლი 4
დახმარების შესახებ შეკითხვის შესრულების წესი
კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს უწევენ დახმარებას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
შემკითხავ კომპეტენტურ ორგანოს შეიძლება მისი თხოვნით ეცნობოს
მოქმედების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, რომელიც ხორციელდება დახმარების შესახებ შეკითხვის შესასრულებლად, ხოლო მისი წარმომადგენლები, დამატებითი შეთანხმების შემთხვევაში, შეიძლება დაესწრონ მის ჩატარებას.
თუ შეკითხვა დახმარების შესახებ შეუძლებელია შესრულებულ იქნეს შეკითხვის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ, იგი შეკითხვის მიღებიდან ერთი თვის ვადაში წერილობით ატყობინებს ამის შესახებ შემკითხავ კომპეტენტურ ორგანოს დახმარებაში უარის მიზეზების მითითებით.
დახმარების შესახებ შეკითხვის შესრულებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მისი შესრულება ეწინააღმდეგება შეკითხვის მიმღების მხარის ეროვნულ კანონმდებლობას.
მუხლი 5
წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსი
კომპეტენტური ორგანოები საკუთარი ინიციატივით ან დახმარების შესახებ შეკითხვის საფუძველზე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
საწარმოების, მათი ფილიალების და წარმომადგენლობების რეგისტრაციას, მათი ადგილმდებარეობის, დაქვემდებარების, საკუთრების ფორმის და სხვა მონაცემების ჩათვლით.
იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფო და კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნას, აგრეთვე ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ოდენობას და მოძრაობას.
იურიდიული და ფიზიკური პირების გადასახადით დასაბეგრი ყველა სახის შემოსავლებსა და ობიექტებს, რომლებიც მიღებულია მოცემული მხარის ტერიტორიაზე, გადასახადების გადახდილ თანხებს და სხვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრასთან.
მუხლი 6
დოკუმენტებისა და სხვა მასალების წარმოდგენა
შეკითხვის მიმღები კომპეტენტური ორგანო დახმარების შესახებ შეკითხვაზე წარმოადგენს ნორმატიულ აქტებს, დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს და სხვა მასალებს, რომლებიც აუცილებელია საგადასახადო გამოძიების შესასრულებლად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება შეკითხვის მიმღები მხარის ეროვნულ კანონმდებლობას.
დოკუმენტებისა და სხვა მასალების დედნები შეიძლება გამოთხოვილი იქნეს
იმ შემთხვევაში, როდესაც დამოწმებული ასლები გამოძიებისათვის არ არის საკმარისი. დოკუმენტებისა და სხვა მასალების გადაცემული დედნები დაბრუნებული უნდა იქნეს შეთანხმებულ ვადაში.
მასალები შეიძლება მიწოდებულ იქნეს კომპიუტერიზირებული ინფორმაციის სახით იმ თანმხლები ინფორმაციის დამატებითი გადაცემით, რომელიც აუცილებელია ამ მასალის განმარტებისათვის.
საჭიროების შემთხვევაში ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოები დაამოწმებენ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა დოკუმენტებს, რომლებიც ესაჭიროება მეორე მხარეს გადასახადით დაბეგვრისათვის, ზემდგომ კომპეტენტურ ორგანოებთან დამატებითი შეთანხმების გარეშე.
მუხლი 7
ინფორმაციის წარდგენის წესი
შეკითხვა დახმარების შესახებ, დოკუმენტები, მასალები და სხვა ინფორმაცია გადაიცემა მხარეების მიერ განსაზღვრული წესის მიხედვით. დახმარება ხორციელდება ოფიციალური თანამდებობის პირების პირდაპირი კავშირების ფარგლებში, რომელნიც განისაზღვრება კომპეტენტურ ორგანოების ხელმძღვანელობის მიერ.
მუხლი 8
კონფიდენციალურობის დაცვა
ინფორმაცია, რომელიც ეხება კონკრეტულ გადასახადის გადამხდელს, არის კონფიდენციალური და მისი უზრუნველყოფა ხდება დაცვის რეჟიმით შეკითხვის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად. მიღებული ინფორმაცია მხარეების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რაც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით, მათ შორის ადმინისტრაციული ან სასამართლოს გარჩევისათვის. სხვა მიზნებისათვის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შეკითხვის მიმღები მხარის თანხმობით.
მუხლი 9
შეთანხმების შესრულება
მხარეები ისწრაფვიან ურთიერთდახმარების მიღწევისაკენ საკამათოსაკითხების მოწესრიგებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას.
მხარეები აუცილებლობის შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს ამ შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობის შეფასებისათვის და მასში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისთვის. ასეთი კონსულტაციების ჩატარების ვადები დამატებით განისაზღვრება მხარეების მიერ.
მუხლი 10
შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების თარიღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდების განმავლობაში. შეთანხმება წყვეტს თავის მოქმედებას ექვსი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შესრულებულია ქ. აშხაბადში, 1997 წლის 5 დეკემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
მხარეთა შორის ამ შეთანხმების ქართულ და თურქმენულ ენებზე ტექსტების მიმართ უთანხმოების შემთხვევაში, საფუძვლად გამოიყენება ამ შეთანხმების რუსული ტექსტი.