ბრძანება N 9405

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.05.2023
№ დოკუმენტი 9405
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9405

01.05.2023

შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------)

(მის.: ----------------)

2022 წლის 16 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) 2022 წლის 16 დეკემბრის №229073/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის №021-110 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი თამბაქოს ვაჭრობის სფეროში აბსურდულ ციფრს წარმოადგენს. მიუთითებს საგადასახადო შემოწმებებზე, სადაც ფასნამატის მაჩვენებლად გამოყენებულია საშუალოდ 1-3%. განმარტავს, რომ ფასნამატი განსაზღვრულია ზოგადი ციფრით, თანაც უცვლელია სრული შემოწმების პერიოდზე, რაც ეკონომიკურად არ შეესაბამება რეალურ სიტუაციას. აღნიშნავს, რომ მხედველობაში არ არის მიღებული ბაზარზე შექმნილი სიტუაცია (ლარის გამყარების პროცესი). აცხადებს, რომ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 1%-ს. მიუთითებს, რომ ვერც საგადასახადო შემოწმების აქტით და ვერც თანდართული დოკუმენტებით ვერ ხერხდება დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველების დადგენა. საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილია მხოლოდ ციფრები, რომელთა დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვისას თანხის ე.წ. აგროსვას. მიუთითებს, რომ სალაროს ნაშთი წარმოშობილია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობით.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 აგვისტოს №21646 და 4 ნოემბრის №27869 ბრძანებების საფუძველზე შპს „--------“-ს (ს/ნ --------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 24 ივნისიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 4 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 16 ნოემბრის №28848 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №021-110 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 364 399 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 236 792 ლარი, ჯარიმა 118 394 ლარი და საურავი 9 213 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით საბითუმოდ გაყიდულ პროდუქციაზე გამოწერილი აქვს საგადასახადო დოკუმენტი, სხვა დანარჩენი კი წარმოადგენს საცალო რეალიზაციას. დირექტორის განმარტებით შპს „-----------“-ს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი არ გააჩნია. ასევე ირკვევა, რომ არ გააჩნიათ ფულის ნაშთი, არ აწარმოებდნენ ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით და არ ხორციელდებოდა საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს ჩაბარებული აქვს დღგ-ს შემცირებული დეკლარაციები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შემმოწმებელთა მიერ რეალიზაციის გაანგარიშებისათვის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით, რომელზეც გამოკლებულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რპთ და დარჩენილ, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შპს „---------“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. ----- №--) მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების ფასნამატი. კერძოდ, 8%. შესაბამისად, დაკორექტირდა 2021 და 2022 წლების საგადასახადო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და სალდირებულად გაიზარდა 952 296 ლარით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების ეტაპზე განხორციელდა ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობის შესწავლა, რომლის დროსაც გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდის შედეგად გაანგარიშებულ შემოსავალები და დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის რეალიზაცია. აღნიშნულ შემოსავლებს დაემატა გადამხდელის მიერ ბიუჯეტიდან გატანილი თანხა (154 715 ლარი) და შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. აღნიშნულიდან გამოდინარე გადასახადის გადამხდელს 2022 წლის სექტემბრის თვის ბოლოს უნდა უფიქსირდებოდეს სალაროს ნაშთი 258 564 ლარის ოდენობით (საშემოსავლოს ჩათვლით 258 564/0.8=323 206 ლარი). გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით ირკვევა რომ შპს-ს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა ფულადი ნაშთი. მიღებული შემოსავალის ნაწილით ხდებოდა ხარჯების დაფარვა და დარჩენილი ნაწილი იქნა გატანილი ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა პასუხისმგებელი პირის ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, საწარმოს დირექტორის განმარტებით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის და ფულის ნაშთი არ გააჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ რეალიზაციის გაანგარიშებისათვის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, რომელზეც გამოკლებულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რპთ და დარჩენილ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე შპს „-----------“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების ფასნამატის - 8%-ის გავრცელება და შესაბამისად დაბეგვრა მართლოზმიერია. ამასთან, მართლზომიერად განხორციელდა შემოწმების მიერ დადგენილი სალაროს ნაშთის გაანგარიშება და მიღებული თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი თამბაქოს ვაჭრობის სფეროში აბსურდულ ციფრს წარმოადგენს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვისას თანხის ე.წ. აგროსვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შემმოწმებელთა მიერ რეალიზაციის გაანგარიშებისათვის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით, რომელზეც გამოკლებულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რპთ და დარჩენილ, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების ფასნამატი. კერძოდ, 8%. შესაბამისად, დაკორექტირდა 2021 და 2022 წლების საგადასახადო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა პასუხისმგებელი პირის ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1), 61(3), 136(3), 73, 159(1)"ა", 163(1), 164(1), 101(1), 154(1)"ა".