ბრძანება N 20987
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20987
25 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: ----------)
2023 წლის 8, 26, 27 ივნისის და 3 ივლისის საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 8 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წარმოდგენილი №16818 საჩივარი, რომელიც კუთვნილებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად, გადმოგზავნილია შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 9 ივნისს №GOV 2 23 00016860 (რეგ. №98575/01) წერილით, 26 ივნისის №81910/1/2023, №81913/1/2023, №CA00412308524736 (რეგ. №108802/21), 27 ივნისის №109669/21-11 და 3 ივლისის №82050/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მაისის №006-201 საგადასახადო მოთხოვნასთან, კამერალური საგადასახადო შემოწმების 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებასთან, 2023 წლის 20 აპრილის №188023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №006-27083 შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ გაურკვეველია როგორ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს, სააღრიცხვო ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის რეალიზაცია, შესაბამისად, უცნობია კონკრეტულად რომელი საქონლის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლას. ასევე, არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად მიღებული ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებას დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში.
4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე დღგ-ის ჩათვლას.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესყიდული საქონლის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ უცნობია თუ რომელი ხარჯი მიიჩნია შემოწმებამ არაეკონომიკურ ხარჯად. ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლას.
6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №006-27083 შეტყობინებას.
7. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.
8. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №188023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 22 მაისის №11338 ბრძანება და ამავე თარიღის №006-201 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 332 345 ლარი, მათ შორის, გადასახადი 765 170 ლარი, ჯარიმა 340 506 ლარი, საურავი 226 669 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „------ს“ (ს/ნ ------) 2023 წლის 23 მაისის მდგომარეობით უფიქსირდებოდა ზედმეტობა 401.36 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 1 333 127.59 ლარი. ზემოაღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №006-27083 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიის საქმიანობის სფეროა ფარმაცევტული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაცია. აღნიშნული საქონლის შეძენა ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით, ხოლო რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად კომპანია დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმების მიერ გაანალიზდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა, შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე განსაზღვრული დანართი №9-ს შესაბამისად, შემოწმების მიერ საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაცემული ხელფასი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული პროდუქციის შეძენას დაფუძნების დღიდან. კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა 0 ლარს (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 2022 წლის ივნისის შემდეგ შეძენა-რეალიზაცია არ უფიქსირდება), შესაბამისად გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების რეალიზება განხორციელებულია შესაბამის პერიოდებში სრულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის 1 იანვრიდან. შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის რეალიზება განხორციელდა შესაბამის პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ იყო დღგ-ის გადამხდელად და შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ ჩათვლილი არ ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელს დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება განესაზღვრა 2020 წლის 1 იანვარს, შესაძლებლობა აქვს ჩაითვალოს ჩათვლის დოკუმენტებით მიღებული დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად, გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა გარკვეული საქონელი, თუმცა შემოწმების მიერ ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობის საკითხი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მაისის №006-201 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ შემოწმების დროს გათვალისწინებული არ არის დისტრიბუციისთვის განკუთვნილი მანქანების შესყიდვის ხარჯები. ასევე, მიმდინარე რემონტის და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები; შემოწმების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა ინფორმაცია საწარმოს კაპიტალის შესახებ, შესაბამისად, გათვალისწინებული არ არის საწარმოს კაპიტალი. ამასთან, მიუთითებს, რომ აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვის დოკუმენტაციითაც; შემოწმების მიერ მითითებულია, რომ არ არის გათვალისწინებული კრედიტორული დავალიანების ნაწილი, თუმცა არ არის მითითებული თუ ვის მიმართ ფიქსირდება აღნიშნული კრედიტორული დავალიანება. აცხადებს, რომ საწარმოს კრედიტორული დავალიანების ამ ოდენობის ნაშთი არ გააჩნია; შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შემოსავლის შესაბამისი თანხები ჩაითვალა სრულად მიღებულად, თუმცა საწარმოს პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთები, რაც გასათვალისწინებელია დარიცხვისას. შესაბამისად, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივრებში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ და ,,კ1 “ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა:
კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;
კ1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაფუძნების დღიდან ახორციელებდა დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული პროდუქციის შეძენას. დირექტორის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 0-ს, შესაბამისად, გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების რეალიზება განხორციელებულია შესაბამის პერიოდებში სრულად. ამასთან, 12 უწყვეტი თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის პირველი იანვრიდან, რაც მის მიერ არ არის შესრულებული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და საბაჟო დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის,მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში:
ე.ა) მატერიალური (მათ შორის, კომპიუტერით ამობეჭდილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 საანგარიშო პერიოდის მიხედვით ან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით).
ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე, მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა საბაჟოზე გადახდილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით არსებული დღგ-ის თანხები, თუმცა რადგანაც არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, შესყიდვებზე არ ხდებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მოთხოვნა, შესაბამისად, მიღებული ფაქტურები, რომელიც შემოწმებით იყო გათვალისწინებული არის ძალიან მცირე გადამხდელის მიერ გადახდილი დღგ-სთან მიმართებაში. განმარტავს, რომ მათ მიერ მოთხოვნილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები ყველა იმ კომპანიისგან, სადაც შესყიდულია დღგ-ით დასაბეგრი პროდუქცია. ამასთან, ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისათვის არსებულ საქონლის ნაშთზე დღგ-ის ჩათვლას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილ ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული აქვს გარკვეული საქონელი, თუმცა შემოწმების მიერ ვერ დგინდება გაწეული ხარჯის მიზნობრიობის საკითხი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია რომლითაც დადგინდებოდა ხარჯის გაწევის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, აღნიშნულის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-6 სადავო საკითხთან, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №006-27083 შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 23 მაისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №006-27083 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან, გადასახადის გადამხდელი საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებასთან და 2023 წლის 20 აპრილის №188023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივარის ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „------ს“ (ს/ნ -------) აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №21-14/28364 წერილი, ინფორმაციის 5 სამუშაო დღის ვადაში წარდგენასთან დაკავშირებით, ჩაბარდა 2023 წლის 6 აპრილს. გადამხდელმა დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა ინფორმაცია, რის შედეგად 2023 წლის 20 აპრილს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188023, რომელსაც გადამხდელი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 24 აპრილს. აგრეთვე, საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებას გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 7 თებერვალს.
შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 8, 26, 27 ივნისსა და 3 ივლისს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „------ს“ (ს/ნ -----) საჩივრები 2023 წლის 20 აპრილის №188023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ს“ (ს/ნ ------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ, მე-3, მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების (მ.შ დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების) გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. შპს „-------ს“ (ს/ნ ------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №188023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. ასევე, არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად მიღებული ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებას დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში.
4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე დღგ-ის ჩათვლას.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესყიდული საქონლის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ უცნობია თუ რომელი ხარჯი მიიჩნია შემოწმებამ არაეკონომიკურ ხარჯად. ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლას.
6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №006-27083 შეტყობინებას.
7. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.
8. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №188023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობის სფეროა ფარმაცევტული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაცია. აღნიშნული საქონლის შეძენა ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით, ხოლო რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად კომპანია დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობაზე. შემოწმების მიერ საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. გაცემული ხელფასი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული პროდუქციის შეძენას დაფუძნების დღიდან. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის 1 იანვრიდან. შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის რეალიზება განხორციელდა შესაბამის პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ იყო დღგ-ის გადამხდელად და შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ ჩათვლილი არ ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელს დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება განესაზღვრა 2020 წლის 1 იანვარს, შესაძლებლობა აქვს ჩაითვალოს ჩათვლის დოკუმენტებით მიღებული დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
შემოწმების პროცესში, გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა გარკვეული საქონელი, თუმცა შემოწმების მიერ ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობის საკითხი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ, მე-3, მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების (მ.შ დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების) გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მომჩივნის საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №188023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 73(4)(9"ბ"), 100(3"ა"), 101(1), 12(1"გ"), 154, 158(1), 159(1), 163(1)(2), 164(1), 171(1"ღ"), 174(1)(2), 175(1), 176(1), 97(1"ბ"), 982(1), 105(2), 72(1), 8(23), 238(1)(2)(6), 239(1)(2), 44, 299, 301("ე").
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 157(1)(7), 160"ა", 161(1"ა"), 168(1"კ""კ1"), 171(1), 173(1)(2), 174.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.