N 5444-Iს - 10/12/2019 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი:
„კ2) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო მიზნებისათვის/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;“.
2. 199-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი; ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო მიზნებისათვის/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,10 დეკემბერი 2019 წ.
N5444-Iს