ბრძანება N 22671
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22671
22 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 23 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2024 წლის 23 აგვისტოს №91626/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივლისის №007-204 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატის გაანგარიშების მეთოდს. განმარტავს, რომ კატეგორიების მიხედვით დაყოფილ საქონელზე გაანგარიშებულია საშუალო შეძენის ფასი (მთლიანი შეძენილი საქონლის კატეგორიის ღირებულება გაყოფილია შეძენის რაოდენობაზე), რომელიც შეპირისპირებულია რეალიზაციის საშუალო ღირებულებაზე (რეალიზებული საქონლის კატეგორიის ჯამური ღირებულება გაყოფილია რეალიზებულ რაოდენობაზე). აცხადებს, რომ ამ პრინციპით გაანგარიშება რადიკალურად განსხვავებულ მონაცემებს იძლევა. მაგ.: ერთ-ერთი კატეგორია „ქალის ხელთათმანი“, სადაც შეძენა განხორციელებულია 2 სხვადასხვა ფასით - 2,79 ლარი და 7,55 ლარი. რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში არის 3 განსხვავებული გასაყიდი ფასი - 5,08 ლარი, 6,78 ლარი და 8,47 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებული გაანგარიშებით მთელ საანგარიშო პერიოდზე ამ კატეგორიის საშუალო ფასნამატი გამოვიდა 140,84%. აღნიშნული გამოიწვია იმან, რომ დაბალფასიანი საქონელი მეტი რაოდენობით და ღირებულებით იყო შეძენილი გადამხდელის მიერ, ხოლო რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებში მაღალფასიანი საქონლის რეალიზაცია რაოდენობით ჭარბობს, შესაბამისად აუდიტის დეპრტამენტის გაანგარიშების მეთოდით რეალიზაციის საშუალო ღირებულება დაფიქსირდა მაღალი, რაც შეუპირისპირდა შეძენის საშუალო შეძენის დაბალ მაჩვენებელს. დოკუმენტური რეალიზაციის უახლოეს დოკუმენტურ შეძენასთან დაკავშირებით საშუალო ფასნამატი გამოვიდა 27,48% (რეალიზაციის ზედნადებში 5,08 ლარის და 6,78 ლარის რეალიზაციის ზედნადებს დაუკავშირდა 2,79 ლარიანი შეძენა, ხოლო 8,47 ლარიან რეალიზაციას დაუკავშირდა 7,55 შეძენა უახლოესი პერიოდის შეძენის გათვალისწინებით). ანალოგიური განსხვავება გამოდის ყველა კატეგორიაში იმ განსხვავებით, რომ სხვა კატეგორიებში რაოდენობრივად მეტი საფასო კატეგორიებია, როგორც შეძენაში, ასევე რეალიზაციაში, მაგრამ რეალიზაციის დოკუმენტებთან დაკავშირებულია უახლოესი შეძენა თავისი საფასო კატეგორიის გათვალისწინებით. აღნიშნავს, რომ მსგავსი საქონლით მომუშავე მეწარმეების აუდირებული ფასნამატი არ აღემატება 50%-ს.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9582 და 27 ივნისის №15130 ბრძანებების საფუძველზე ი/მ ------- (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 24 აპრილის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის №17403 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2024 წლის 25 ივლისის №007-204 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 367 498 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 217 308 ლარი, ჯარიმა 101 379 ლარი და საურავი 48 811 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9544 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად/კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ დოკუმენტური შეძენა/რეალიზაციის დაყოფა მოხდა ჯგუფებად და დადგინდა ჯგუფის ფასნამატი საშუალო შეწონილი მეთოდით. გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი. დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება განხორციელდა ჯგუფების მიხედვით. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე, 159- ე, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით გაიზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და 2021-2023 წლების ერთობლივი შემოსავლები. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად/კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დოკუმენტური შეძენა/რეალიზაციის დაყოფა განხორციელდა ჯგუფებად და დადგინდა ჯგუფის ფასნამატი საშუალო შეწონილი მეთოდით. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების მიხედვით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფასნამატის გაანგარიშება განხორციელდა კატეგორიების მიხედვით დაყოფილ საქონელზე გაანგარიშებული საშუალო შეძენის ფასის მიხედვით (მთლიანი შეძენილი საქონლის კატეგორიის ღირებულება გაყოფილია შეძენის რაოდენობაზე), რომელიც შეპირისპირებულია რეალიზაციის საშუალო ღირებულებაზე (რეალიზებული საქონლის კატეგორიის ჯამური ღირებულება გაყოფილია რეალიზებულ რაოდენობაზე). აცხადებს, რომ ამ პრინციპით გაანგარიშება რადიკალურად განსხვავებულ მონაცემებს იძლევა. მაგ.: ერთ-ერთი კატეგორია „ქალის ხელთათმანი“, სადაც შეძენა განხორციელებულია 2 სხვადასხვა ფასით - 2,79 ლარი და 7,55 ლარი, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში არის 3 განსხვავებული გასაყიდი ფასი - 5,08 ლარი, 6,78 ლარი და 8,47 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებით მთელ საანგარიშო პერიოდზე ამ კატეგორიის საშუალო ფასნამატი გამოვიდა 140,84%. აღნიშნული გამოიწვია იმან, რომ დაბალფასიანი საქონელი მეტი რაოდენობით და ღირებულებით იყო შეძენილი გადამხდელის მიერ, ხოლო რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებში მაღალფასიანი საქონლის რეალიზაცია რაოდენობით ჭარბობს, შესაბამისად აუდიტის დეპრტამენტის მიერ არჩეული გაანგარიშების მეთოდით რეალიზაციის საშუალო ღირებულება დაფიქსირდა მაღალი, რაც შეუპირისპირდა შეძენის საშუალო შეძენის დაბალ მაჩვენებელს. ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი საქონლით მომუშავე მეწარმეების აუდირებული ფასნამატი არ აღემატება 50%-ს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატის გაანგარიშების მეთოდს.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად/კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ დოკუმენტური შეძენა/რეალიზაციის დაყოფა მოხდა ჯგუფებად და დადგინდა ჯგუფის ფასნამატი საშუალო შეწონილი მეთოდით. გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი. დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება განხორციელდა ჯგუფების მიხედვით. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 100; 102; 269(7);