გადაწყვეტილება №25500/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2025
№ დოკუმენტი 25500/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25500/2/2025

17 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -----------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------ს 21.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25500/2/2025).

 

დავის საგანი:

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №11211 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 7.07.2025 წლის №15278 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 42 638.58 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

11.03.2025 წელს მომჩივანმა №---/--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დაადეკლარირა -----დან საზღვაო გზით შემოტანილი და №---- კონტეინერში განთავსებული, სეს ესნ-ის 9006 91 00 000 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – ფოტოკამერების საკუთვნოები ნაკრებში (3 ნაკრები, საერთო წონა 225 კგ., საბაჟო ღირებულება 41 690.65 ლარი).

საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოირკვა, რომ №----- კონტეინერში, ნაცვლად დეკლარირებული საქონლისა, განთავსებული იყო სეს ესნ-ის 8543 70 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – 3 ცალი ლაზერული ეპილაციის აპარატი, მაკომპლექტებელ ნაწილებთან ერთად (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი №---, 12.03.2025წ.), რომელზეც არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირებისა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 1.03.2025 წლის №----/2025 დასკვნით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 42 638.58 ლარი.

ვინაიდან, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემდებარეობით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილის №21-10/---; 1.04.2025წ.). საგამოძიებო სამსახურის 7.05.2025 წლის №---/--- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა სისხლის სამართლის გამოძიება.

საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №11211 ბრძანებით, 42 638.58 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის (42 638.58 ლარი) ოდენობით.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.07.2025 წლის №15278 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-13 მუხლზე, 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 213-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-6 ნაწილზე და 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ №----- კონტეინერში, ნაცვლად დეკლარირებული საქონლისა (სეს ესნ-ის 9006 91 00 000 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – ფოტოკამერების საკუთვნოები ნაკრებში (3 ნაკრები, საერთო წონა 225 კგ, საბაჟო ღირებულება 41 690.65 ლარი)), განთავსებული იყო 42 638.58 ლარის საბაჟო ღირებულების (2025 წლის 19 მარტის №---/2025 ექსპერტიზის დასკვნა) სეს ესნ-ის 8543 70 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – 3 ცალი ლაზერული ეპილაციის აპარატი, მაკომპლექტებელ ნაწილებთან ერთად, რომელზეც არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირებისა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა და ვინაიდან აღნიშნული ქმედებისთვის მომჩივანს არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არის ინდივიდუალური მეწარმე, აქვს მცირე ბიზნესი - ესთეთიკის ცენტრი. გადაწყვიტა ესთეთიკის ცენტრში დაემატებინა ლაზერული ეპილაციის მომსახურება. ეპილაციის აპარატის შესყიდვა სოლიდურ თანხასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მონაწილეობა მიიღო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში, სადაც წარადგინა ბიზნეს წინადადება. 31.10.2024 წელს კრედიტის გაცემაზე მიიღო დასტური, რის საფუძველზეც სს ---- ბანკიდან გაიცა კრედიტი 43 000 ლარის ოდენობით. სოციალური ქსელის საშუალებით მოიძია სასურველი ლაზერის აპარატი. 19.11.2024 წელს შპს --------მ გამოუგზავნა ინვოისი №-----, რომლის საფუძველზე მომჩივანმა კომპანიას ჩაურიცხა 14 600 აშშ დოლარი.

ვინაიდან შეძენილი საქონელი -----დან იყო ჩამოსატანი, მოძებნა ექსპედიტორი კომპანია შპს ------ი (ს/ნ -----) და 29.11.2024 წელის გააფორმა ხელშეკრულება. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულია საქონელის (ტვირთის) აღწერა, რაც ექსპედიტორ კომპანიას მომჩივნისთვის უნდა ჩამოეტანა და ეს იყო 225 კგ. წონის 3 ცალი ლაზერის აპარატი (ტვირთის ზომა (54*68*127სმ)*3).

ექსპედიტორ კომპანიას ჩაურიცხა 415 აშშ დოლარის ოდენობით პროვიზია. 26.02.2025 წელს ნოტარიულად გააფორმა მინდობილობა №------, რომლითაც ექსპედიტორ კომპანიას მიანიჭა უფლებამოსილება მისი სახელით ეწარმოებინა ტვირთის გასაფორმებლად და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა, შეესრულებინა საბაჟო ფორმალობები №------ კონტეინერთან დაკავშირებით, ყოფილიყო მომჩივნის წარმომადგენელი შესაბამისი გაფორმების ეკონომიკური ზონის წინაშე, ნებისმიერ ორგანიზაციაში, მოეხდინა საქონლის/ტვირთის ექსპორტი/მიღება, ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის წარმოება (განბაჟება, საქონლის გაფორმება, დეკლარირება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, შევსება, მიღება, სატარიფო ღირებულების გადახდა და სხვა) ტრანსპორტირება, გაეფორმებინა საქონელი/ტვირთი, გამოეტანა ნებისმიერი ტერმინალიდან ან/და შეეტანა ნებისმიერ ტერმინალში, ყოფილიყო მომჩივნის წარმომადგენელი ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, საბანკო დაწესებულებებში, მიეღო ნებართვები, გაეგრძელებინა სასაქონლო ოპერაციების წარმოების ვადები, წარედგინა და გამოეთხოვა დოკუმენტები, გადაეხადა გადასახადები, ხელი მოეწერა სათანადო დოკუმენტაციაზე და განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებული ყველა მოქმედება და ფორმალობა, დაკავშირებული მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

ტვირთი (3 ცალი ლაზერის აპარატი) თბილისში უნდა ჩამოსულიყო 2025 წლის თებერვლის თვეში. 2025 წლის მარტში, ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, დაუკავშირდა მომსახურე კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც უთხრა, რომ ტვირთი მოხვდა „წითელ დერეფანში“, შეიქმნა პრობლემა, რასაც თავად გაარკვევდა. თუმცა პრობლემის გარკვევამდე, მომჩივნის კუთვნილ შემოსავლების გვერდზე აიტვირთა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №11211 ბრძანება.

საბაჟო დეპარტამენტის აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 7.07.2025 წლის №15278 ბრძანებით, უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე ისე, რომ არც შემოსავლების სამსახურს და არც საბაჟო დეპარტამენტს ფაქტობრივ გარემოებებზე არ უმსჯელია, არ განუხილავს და არ შეუფასებია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გარემოებების გარკვევის მიზნით მიმართა ექსპედიტორ კომპანიას, სადაც განუმარტეს, რომ მოხდა შეცდომა, კერძოდ, იყო გადმოგზავნილი ორი ინვოისი, რის საფუძველზეც უნდა შემოსულიყო ორი სხვადასხვა დასახელების საქონელი - ფოტოაპარატის სანათი 11.12.2024 წლის №------ ინვოისის საფუძველზე და ლაზერის აპარატი 19.11.2024 წლის №---- ინვოისის საფუძველზე. შეცდომით ფოტოაპარატის სანათის ინვოისი წარდგენილ იქნა ტვირთზე, სადაც რეალურად განთავსებული აღმოჩნდა ლაზერული ეპილაციის აპარატი, რაც ცნობილი გახდა ტვირთის „წითელ დერეფანში“ მოხვედრის შედეგ, რა დროსაც დადგინდა, რომ დოკუმენტში მითითებული ტვირთის დასახელება, რაზეც მოხდა დეკლარირება, არ შეესაბამებოდა რეალურად შემოტანილ საქონელს. ეს გარემოება მომჩივნისთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან მის მიერ შეძენილი იყო ლაზერის აპარატი, რაზეც ჰქონდა ინვოისი, რომლის საფუძველზე გადარიცხა თანხა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვანია საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისთვის, ვინაიდან ეს ის გარემოებებია, რაზეც უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის უფლებამოსილმა ორგანომ, მისცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება და მას მერე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

მომჩივანი გამოთქვამს მზადყოფნას, გადაიხადოს რეალურად შემოტანილი ტვირთვისთვის საჭირო დღგ. ითხოვს, რომ გათვალისწინებული იქნეს მისი მდგომარეობა, ვინაიდან დღემდე ვერ დაიწყო ის საქმიანობა, რისთვისაც მიმართა აწარმოე საქართველოს და აიღო სესხი, რისი გადახდის ვალდებულებაც 23.06.2025 წლიდან დაიწყო. უფრო მეტიც, საბაჟო დეპარტამენტმა ჩათვალა სამართალდამრღვევად და შეუფარდა საბაჟო სანქცია მაშინ, როდესაც არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება/პროცედურა პირადად მას არ განუხორციელებია, რაც მას ფინანსურად აყენებს მძიმე მდგომარეობაში.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 167.1 მუხლზე და მიიჩნევს რომ საბაჟო ორგანომ არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა, ასევე გამოიყენა კანონი (საბაჟო კოდექსის 168.1 მუხლი), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ საბაჟო დოკუმენტებში საქონლის დასახელების არასწორ მითითებას არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების შემცირება, ასევე არ მომხდარა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ადგილი ვერ ექნებოდა, ვინაიდან სადავოდ გამხდარი საქონელი არ გამოვლენილა საბაჟო შემოწმების დროს, არ ყოფილა საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის მცდელობა, საქონელი წარედგინა საბაჟო ორგანოს და შესაბამისად, საბაჟოს უნდა ეხელმძღვანელა საბაჟო კოდექსის 167.1 და არა 168-ე მუხლით.

სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით უგულვებელყოფილია მიზანშეწონილობის საკითხი, რომელიც არ იქნა სათანადოდ შესწავლილი გასაჩივრებული აქტის მიღების დროს. გადამხდელის და სახელმწიფოს ინტერესის თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც გამოიწვევდა სადავო საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივანი ითხოვს საჩივრის განხილვაზე დასწრებას, რათა მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი ინტერესები, ასევე ყოველივე ზემოაღნიშნული ჩაითვალოს ახალაღმოჩენილ გარემოებად, გაუქმდეს სადავო ბრძანება, ხელახლა იქნეს განხილული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოებები და მათი შესწავლის, ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მომჩივანი საბჭოს მიმართავს თხოვნით, რომ მიეცეს წითელი დერეფნიდან ტვირთის გატანის საშუალება, ვინაიდან აწარმოე საქართველოს ფარგლებში აღებული სესხის გადახდა დაიწყო და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღოს ტვირთი, რათა დროულად დაიწყოს საქმიანობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა, პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს, პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.

საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე, ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას, დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად, უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი, შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. მე-6 ნაწილი კი მიუთითებს, რომ მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, თუ საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელს უფლება აქვს ბაზარზე განათავსოს ან განახორციელოს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების იმპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არის მგვ ორგანიზაციის წევრი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს მგვ შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქონლის იმპორტისას.

ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის „პ“, „ქ“ და „ყ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლის ცნება მოიცავს იმპორტიორსაც, რომელიც პირველად ახორციელებს საქართველოს ბაზარზე ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების განთავსებას, გაყიდვის ფორმის მიუხედავად. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (შემდგომში – მგვ) გულისხმობს გარემოსდაცვით მიდგომას, რომელიც მოიცავს მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი-მე-4 ნაწილების შესაბამისად, ხოლო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (მგვ-ის ორგანიზაცია) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულებების შესრულებაზე.

დადგენილია, რომ 42 638.58 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №11211 ბრძანებით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მომჩივნის განმარტებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შეიძინა ლაზერული ეპილაციის აპარატი, მოძებნა ექსპედიტორი კომპანია (შპს -------ი (ს/ნ --------)), რომელთანაც 26.02.2025 წელს ნოტარიულად გააფორმა მინდობილობა და მიანიჭა ყველა უფლებამოსილება, რაც დაკავშირებული იყო აღნიშნული საქონლის საბაჟო გაფორმებასთან. ექსპედიტორულმა კომპანიამ მოახდინა არა მისი კუთვნილი ტვირთის (3 ცალი ლაზერის აპარატი) არამედ სხვა საქონლის დეკლარირება. პრობლემის გარკვევამდე, მიიღო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №11211 ბრძანება. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ბრძანების გაუქმებას და პასუხისმგებლობის მომსახურე კომპანიისთვის დაკისრებას.

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, კონტეინერში, ნაცვლად დეკლარირებული საქონლისა (სეს ესნ-ის 9006 91 00 000 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – ფოტოკამერების საკუთვნოები ნაკრებში (3 ნაკრები, საერთო წონა 225 კგ, საბაჟო ღირებულება 41 690.65 ლარი)), განთავსებული იყო 42 638.58 ლარის საბაჟო ღირებულების (19.03.2025 წლის №---/2025 ექსპერტიზის დასკვნა) სეს ესნ-ის 8543 70 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი - 3 ცალი ლაზერული ეპილაციის აპარატი, მაკომპლექტებელ ნაწილებთან ერთად, რომელზეც არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირებისა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება.

აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

მომჩივნის არგუმენტი მომსახურე ექსპედიტორი კომპანიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. ამასთან, მომჩივნისთვის დამდგარ ზიანში ექსპედიტორი კომპანიის ბრალეულობის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით და შესაბამისად, სცდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯადი საკითხების ფარგლებს.

ასევე უსაფუძვლოა მომჩივნის წარმომადგენლის არგუმენტი, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის ნაცვლად საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენადაც საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევა, მათ შორის მოიაზრებს პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მალულად შემოტანას საქონლის დასახელების, სეს ესნ-ის კოდის ცვლილებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის „პ“, „ქ“ და „ყ“ ქვეპუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, საბაჟო დეკლარაციაში საქონლის დასახელების სწორად მითითების შემთხვევაში, მომჩივანს წარმოეშობოდა სხვადასხვა ვალდებულება, რომლის თავიდან აცილების მიზნით, საბაჟო დოკუმენტებში არა შემოტანილი არამედ სხვა საქონლის მითითება, შესაძლებელია განხორციელებულიყო შეგნებულად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დაადეკლარირა საზღვაო გზით შემოტანილი კონტეინერში განთავსებული სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – ფოტოკამერების საკუთვნოები ნაკრებში (3 ნაკრები, საერთო წონა 225 კგ., საბაჟო ღირებულება 41 690.65 ლარი).

საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოირკვა, რომ კონტეინერში, ნაცვლად დეკლარირებული საქონლისა, განთავსებული იყო სხვა სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი – 3 ცალი ლაზერული ეპილაციის აპარატი, მაკომპლექტებელ ნაწილებთან ერთად (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი ), რომელზეც არ იყო შესრულებული ზოგადი დეკლარირებისა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს დასკვნით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 42 638.58 ლარი.

ვინაიდან, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემდებარეობით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს . საგამოძიებო სამსახურის წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა სისხლის სამართლის გამოძიება.

საბაჟო დეპარტამენტის №11211 ბრძანებით, 42 638.58 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის (42 638.58 ლარი) ოდენობით.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №15278 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 164(5 „ა“); 168(1) ;