ბრძანება N 34906

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.11.2020
№ დოკუმენტი 34906
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 34906

26/11/2020

შპს --------------

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი № 82) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 23 ივნისის №51532/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ივნისის №021-64 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის შესაბამისად განაწილებული მოგების დაბეგვრას მოგების გადასახადით. წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს რომ არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო და გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან. თიზ- ის საწარმოს მიერ თავისუფალ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ მომსახურების სახეები არ არის დღემდე განსაზღვრული. შესაბამისად, გადამხდელისთვის არ იყო ხელმისაწვდომი მომსახურების სახეები რისი განხორციელებაც ეკრძალებოდა, ამდენად კანონმდებლობა არ ზღუდავდა საკონსულტაციო მომსახურების განხორციელებას. მიუთითებს, რომ სიტუაციური სახელმძღვანელო „თიზ-ის საწარმოთათვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობა“ გამოიცა მხოლოდ 2020 წლის მარტში, რომელიც განსაზღვრავს რომ თიზ-ის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული მოგების განაწილება ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელის მიერ წარდგენილი ინვოისები მოიცავს წინა პერიოდს, შესაბამისად არ წარმოეშობოდა ვალდებულება მოგების გადასახადი გადაეხადა.

2. არ ეთანხმება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციას და მის მიერ არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული მომსახურების დაბეგვრას დღგ-ით.

3. ასევე, არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით დარიცხულ ჯარიმებს.

წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მომსახურების გაწევის ადგილს არ წარმოადგენს საქართველო. ამასთან, გადამხდელი ეწევა საკონსულტაციო მომსახურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეგვრის მიზნებისთვის საგადასახადო ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტით. გარდა ამისა, გადამხდელის მიერ განხორციელებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაცია, კერძოდ: საქართველოს ტერიტორიის გარეთ ტვირთის შეძენა და ტრანსპორტირება. ტვირთი შესყიდული იყო საქართველოს ტერიტორიის გარეთ და გადაზიდვაც ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიის გარეთ, ტვირთი არ შემოსულა საქართველოში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 20 იანვრის №947 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 10 ივნისიდან 2020 წლის 01 იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2020 წლის 01 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2020 წლის 11 ივნისის №15134 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2020 წლის 11 ივნისის №021-64 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 36 104 ლარით, მათ შორის: გადასახადი 20 910 ლარი, ჯარიმა 13 473 ლარი. ხოლო, საურავი 1 721 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელმა 2019 წლის აგვისტოს თვეში გაანაწილა საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული მოგება, რომელიც არ დაადეკლარირა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის გასაწევი მომსახურების სახეები და შესაბამისად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, თიზ-ის საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა არ განიხილება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და შესაბამისად შპს ----- ს მიერ არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული მოგების განაწილება ვერ ჩაითვლება თიზ-ის მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებდართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებად და ვერ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.

შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ განაწილებული მოგება 56 903 ლარის ოდენობით, დაიბეგრა მოგების გადასახადით და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი საშუამავლო მომსახურებას უწევს არარეზიდენტ იურიდიულ პირს, კერძოდ გაწეული მომსახურება მოიცავს სხვადასხვა გამაგრილებელი და რადიატორის ბლოკების, ძრავის ბლოკების, ადაპტორების და ელექტრო მოწყობილობების გამყიდველის მყიდველთან დაკავშირებას. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის ივნისის თვეში 64 314 ლარს და ივლისის თვეში 71 243 ლარს შეადგენს. გადასახადის გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და შესაბამისად არ აქვს დღგ-ით დაბეგრილი ის თანხა, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის და 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით, შპს-ს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2019 წლის 26 ივლისიდან და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომსადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) გასაწევი მომსახურების სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება იმ პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, რომელიც ეწევა მომსახურებას.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს ----- ს არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გაწეული აქვს საშუამავლო მომსახურება (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებით (ხელშეკრულებები)). კერძოდ, გაწეული მომსახურება მოიცავს სხვადასხვა გამაგრილებელი და რადიატორის ბლოკების, ძრავის ბლოკების, ადაპტორების და ელექტრო მოწყობილობების გამყიდველის მყიდველთან დაკავშირებას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ასევე, გადამხდელს განხორციელებული აქვს ოპერაციები, რომლიდანაც მიღებული შემოსავლები ვერ ჩაითვლება თიზ-ის მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებდართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებად და ვერ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და საჩივარში მითითებული არგუმენტები ვერ გახდება საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება სსკ-ს 981 მუხლის შესაბამისად თიზ-ის საწარმოს მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრას.

2. არ ეთანხმება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციას და არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული მომსახურების დაბეგვრას დღგ-ით.

3. არ ეთანხმება სსკ-ს 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით დარიცხულ ჯარიმებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დგინდება, რომ გადამხდელმა გაანაწილა საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული მოგება, რომელიც არ დაბეგრა მოგების გადასახადით. იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო განსაზღვრული თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის გასაწევი მომსახურების სახეები და თიზ-ში ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, შემოწმების მიერ სსკ-ს 275-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.

ამასთან გადამხდელმა ზემოაღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით გადაჭარბა 100000 ლარს. გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოწმებით, გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით, გადამხდელი დაჯარიმდა სსკ-ს 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 25(7); 97(1,,ა“); 981(1); 99(1,,ნ“)

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“); 166(1,,ე“)

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის 9(2) მუხლი