ბრძანება N 12131
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12131
27 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ---------ის (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------)
(იურ. მის.: ----------------------)
2024 წლის 15 მაისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს ---------ის (ს/ნ --------------) №89659/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და გაზრდილი ბრუნვის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად არასწორად იქნა განსაზღვრული ერთი კუბური მეტრი ხის მასალის საბაზრო ღირებულება, რამაც შემდგომში ასახვა ჰპოვა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების დროს და გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების არასწორად განსაზღვრა.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ერთი კუბური მეტრი ხის მასალის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 850 ლარით, როცა საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 780-800 ლარს, რაც დასტურდება გამოწერილი ზედნადებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31241 და 2024 წლის 12 თებერვლის №2919 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს ---------ის (ს/ნ --------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 2 მარტიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 24 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის პირველ მაისს გამოსცა №10239 ბრძანება და №074-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 40 111 ლარი, მათ შორის, გადასახადი 26 004 ლარი, ჯარიმა 12 801 ლარი და საურავი 1 306 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხე-მასალის შეძენა რეალიზაცია, როგორც საბითუმოდ ასევე საცალოდ. გადამხდელს საწარმოო ობიექტი და სასაწყობე მეურნეობა განთავსებული აქვს -------------ში. გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამაში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რეპორტებით შესაძლებელია გაიმიჯნოს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები, პროგრამულად დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 7%-ს.
2023 წლის ოქტომბერში გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგების მიხედვითაც გამოვლინდა აღურიცხავი საქონელი 70 386 ლარის ოდენობით. გადამხდელს აღნიშნული აღურიცხავი საქონელი არ აქვს აღრიცხული წარმოდგენილ საბუღალტრო გატარებებში. ამასთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს - 2023 წლის დეკემბერში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განმეორებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საქონლის ნაშთი დაფიქსირდა მხოლოდ ფიცარი, რომლის მოცულობამ შეადგინა 18.5 მ 3 .
ინვენტარიზაციების შედეგების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და საბუღალტრო გატარებების გათვალისწინებით შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის დაწყების თარიღამდე და აღნიშნულის გათვალისწინებით დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა 62 571 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულების) საქონელი. ამდენად, შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიჩნეულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად,ა) გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, ინვენტარიზაციების შედეგების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და საბუღალტრო გატარებების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის დაწყების თარიღამდე. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად ჩაითვალა 62 571 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. ამდენად, შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიჩნეულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 ოქტომბრის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივნის მიერ ერთხელ უკვე გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №31289 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საჩივარი, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ---------ის (ს/ნ --------------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №074-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ---------ის (ს/ნ --------------) საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და გაზრდილი ბრუნვის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2.გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №31241 და №2919 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 2 მარტიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №10239 ბრძანება და №074-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 40 111 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამაში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რეპორტებით შესაძლებელია გაიმიჯნოს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები, პროგრამულად დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 7%-ს.
2023 წლის ოქტომბერში გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგების მიხედვითაც გამოვლინდა აღურიცხავი საქონელი . გადამხდელს აღნიშნული აღურიცხავი საქონელი არ აქვს აღრიცხული წარმოდგენილ საბუღალტრო გატარებებში.
ინვენტარიზაციების შედეგების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და საბუღალტრო გატარებების გათვალისწინებით შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა ინვენტარიზაციის დაწყების თარიღამდე და აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიჩნეულ იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საჩივარი, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №CB1535957 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1) ; 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2) ; 164(1); 168(1); 301( „ზ“);