გადაწყვეტილება №20779/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20779/2/2023
31 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს"------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 7.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20779/2/2023).
დავის საგანი:
1. ავანსად მიღებული თანხის დასაბეგრი ოდენობა;
2. კომპანიის მიერ (12 ბინის რეალიზაციით) მიღებული თანხების დაკვალიფიცირება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად;
3. მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №007-378 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20683 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 793 131.16 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 963 571
დღგ - 759 750
საშემოსავლო გადასახადი - 203 821
ჯარიმა - 482 284
საურავი - 347 276.16
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 26.12.2022 წლის №32929 ბრძანება და ამავე თარიღის №007-378 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 23.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2023 წლის №20683 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ავანსად მიღებული თანხის დასაბეგრი ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
25.12.2015 წელს ფიზიკურ პირ "------"-თან დადებულია შეთანხმება, რომ კომპანია აღნიშნული პირის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ააშენებდა 13 სართულიან კორპუსს და ფიზიკურ პირს "------"-ში "-------"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცემდა 600 კვ.მ. უძრავ ქონებას და ასევე, თანხას მიწის სანაცვლოდ. 2018 წლის ივნისში კომპანიამ მიწის მესაკუთრეს მიაწოდა 12 საცხოვრებელი ფართი. მშენებლობა დაწყებულია 2017-2018 წლებში და დასრულდა 2021 წელს.
ბუღალტრული აღრიცხვის და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ კომპანია უძრავ ქონებას ყიდდა 450-530 აშშ დოლარის ფარგლებში წლების მიხედვით. სამშენებლო კომპანია იღებდა ავანსებს და საკომპენსაციო თანხებს, რომელსაც ბეგრავდა ნაწილობრივ. გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ ნაწილობრივ ეთანხმება მიღებული ავანსების დაბეგვრას, თუმცა დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულია არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ ავანსად მიღებული თანხები ნაწილობრივ ნამდვილად იყო დასაბეგრი, ხოლო დასაბეგრი ოდენობის განსაზღვრას ითხოვს შემმოწმებელთან ერთად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
– მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საჩივარში მითითებულია, რომ ავანსად მიღებული თანხები ნაწილობრივ ნამდვილად იყო დასაბეგრი, თუმცა დასაბეგრი ოდენობა შესასწავლია შემმოწმებელთან ერთად.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულია არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების შედეგად შედგენილი გაანგარიშების ცხრილები მომჩივანთან გაგზავნილია და მასში ასახული მონაცემები გავლილია მასთან ერთად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. კომპანიის მიერ (12 ბინის რეალიზაციით) მიღებული თანხების დაკვალიფიცირება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით ფიქსირდება, რომ კომპანიას რეალიზებულ 12 ბინაზე საკომპენსაციო თანხა სრულად არ მიუღია. პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ გადამხდელს ეს თანხები სრულად აქვს მიღებული, კერძოდ, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველს თანხა გადახდილი აქვს სრულად და შესაბამისად, ხორციელდება უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ მიღებული თანხები შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ კომპანიის მხრიდან წარდგენილია აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები კომპანიის მიმართ რიცხული დავალიანების შესახებ, თუმცა საგადასახადო დავის ეტაპზე, საჩივრის წარდგენიდან დღემდე, გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული ფიზიკური პირებისგან ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება, დარჩენილი ფულადი ვალდებულებების შესახებ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში და შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ზემოთ ხსენებულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები კომპანიის მიმართ რიცხული დავალიანების შესახებ, თუმცა საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე, გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დაქირავებული ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი. აღნიშნულ პირებზე ხელფასის ანაზღაურება ხდება საბანკო გადარიცხვით და ნაღდი ანგარიშსწორებით და ასევე, ფიქსირდება სხვადასხვა სახის სარგებელი. ამასთან, საწარმო მომსახურებას იღებს ფიზიკური პირისგან, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში ინდ. მეწარმედ არ არის რეგისტრირებული. აღნიშნულ პირზე განხორციელებული გადახდები არ არის დაბეგრილი სრულად. წარდგენილი დოკუმენტაციისა და ბუღალტრული ჩანაწერების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემებსა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელი საჩივარში ითხოვს სადავო საკითხის დამატებით შესწავლას, თუმცა არ არის მითითებული პოზიცია/არგუმენტაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე, საჩივრის წარდგენიდან დღემდე, გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნულ ნაწილში მომჩივანი ითხოვს საკითხის შემმოწმებელთან ერთად შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესახებ მომჩივანი არგუმენტს/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ წარმოადგენს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების შედეგად შედგენილი გაანგარიშების ცხრილები მომჩივანთან გაგზავნილია და მასში ასახული მონაცემები გავლილია მასთან ერთად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთ არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დავის საგნის ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიუთითებს, რომ ავანსად მიღებული თანხები ნაწილობრივ ნამდვილად იყო დასაბეგრი, ხოლო დასაბეგრი ოდენობის განსაზღვრას ითხოვს შემმოწმებელთან ერთად.
2.მომჩივანი მიუთითებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული ფიზიკური პირებისგან ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება, დარჩენილი ფულადი ვალდებულებების შესახებ.
3.მომჩივანი ითხოვს საკითხის შემმოწმებელთან ერთად შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.ფიზიკურ პირთან დადებულია შეთანხმება, რომ კომპანია აღნიშნული პირის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ააშენებდა 13 სართულიან კორპუსს და ფიზიკურ პირს გადასცემდა 600 კვ.მ. უძრავ ქონებას და ასევე, თანხას მიწის სანაცვლოდ. 2018 წლის ივნისში კომპანიამ მიწის მესაკუთრეს მიაწოდა 12 საცხოვრებელი ფართი. მშენებლობა დაწყებულია 2017-2018 წლებში და დასრულდა 2021 წელს.სამშენებლო კომპანია იღებდა ავანსებს და საკომპენსაციო თანხებს, რომელსაც ბეგრავდა ნაწილობრივ. გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.კომპანიას რეალიზებულ 12 ბინაზე საკომპენსაციო თანხა სრულად არ მიუღია.გადამხდელს ეს თანხები სრულად აქვს მიღებული, კერძოდ, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველს თანხა გადახდილი აქვს სრულად და შესაბამისად, ხორციელდება უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ მიღებული თანხები დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დაქირავებული ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი. აღნიშნულ პირებზე ხელფასის ანაზღაურება ხდება საბანკო გადარიცხვით და ნაღდი ანგარიშსწორებით და ასევე, ფიქსირდება სხვადასხვა სახის სარგებელი. ამასთან, საწარმო მომსახურებას იღებს ფიზიკური პირისგან, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში ინდ. მეწარმედ არ არის რეგისტრირებული. აღნიშნულ პირზე განხორციელებული გადახდები არ არის დაბეგრილი სრულად.გამოვლინდა სხვაობები შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემებსა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ დავის საგნის ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,159,160,161,163,164.