გადაწყვეტილება №20514/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20514/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ა(ა)იპ„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ ------------- 8.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20514/2/2023).
დავის საგანი:
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული შეღავათით გათავისუფლებული მომსახურების დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №002-265 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18107 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 53 756 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 32 043
ჯარიმა - 11 157
საურავი - 10 556
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
მომჩივანი თავისი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს განიხილავდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ბრუნვად და შესაბამისად, არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოწმების შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას და მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №002-265 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18107 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 157-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ა(ა)იპ „----------“ არ წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, შესაბამისად მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, კერძოდ, ტრენინგების ორგანიზებიდან და ჩატარებიდან მიღებული შემოსავლები შემოწმების მიერ დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, აღნიშნულ ოპერაციებს კომპანია განიხილავდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ბრუნვად, შესაბამისად არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. გადასახადის გადამხდელმა
100 000 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა 2019 წლის ოქტომბერში და დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას. შემოწმების მიერ დაიბეგრა პირის მიერ მხოლოდ ტენდერის ფარგლებში მიღებული შემოსავლები, კერძოდ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზების მომსახურება, ხოლო, გრანტის ფარგლებში მიღებული თანხები შემოწმებით არ დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს მხრიდან არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის დარიცხვის წინაპირობებს. უდავო გარემოებაა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული დებულების გამოყენებისათვის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და მოითხოვს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან განმარტებულ იქნას აღნიშნული გარემოება.
რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხულ გადასახადს, დარიცხვა განპირობებულია იმ მოტივით, რომ საზოგადოების გარკვეული შემოსავლები აუდიტორების მხრიდან დაკვალიფიცირდა, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა დღგ-ით.
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: „საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა“ ანუ იმისათვის რომ საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა დღგ-ით დაიბეგროს, უპირველეს ყოვლისა აღიშნული ოპერაცია უნდა იყოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული. საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2021 წლამდე მოქმედი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. მაშასადამე, იმისათვის, რომ საქმიანობა ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობად, ამისათვის საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიზანი უნდა იყოს მოგების მიღება. შესაბამისად, თუ პირის მიზანი არ არის მოგების მიღება, მაშინ იგი არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად მას არ ეკუთვნის ამ საქმიანობიდან გამომდინარე დღგ-ის გადახდა. ასევე, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამ მუხლის მიხედვით დღგ უნდა გადაიხადოს მხოლოდ დასაბეგრმა პირმა, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას. დღგ-ის მიზნებისათვის იგივე მუხლი განმარტავს რა არის ეკონომიკური საქმიანობა. მოცემულ შემთხვევაში რელევანტურია ამ მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, კერძოდ ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა“. 2021 წლიდან მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. მაშასადამე, იმისათვის, რომ საქმიანობა ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობად, ამისათვის საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიზანი უნდა იყოს მოგების მიღება. შესაბამისად, თუ პირის მიზანი არ არის მოგების მიღება, მაშინ იგი არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად მას არ ეკუთვნის ამ საქმიანობიდან გამომდინარე დღგ-ის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მომჩივანი მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე არ ხვდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მოქმედების არეალში, რადგან მისი საქმიანობის მიზანი არ არის მოგების მიღება და მას არ გააჩნია რაიმე კომერციული ინტერესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანხმად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამ მუხლიდან გამომდინარე მომჩივანი რეგისტრირებულია არასამეწარმეო არაკომერციულ პირად, რადგან მისი მიზნები რომლებიც ასახულია მის წესდებაში სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს მის არაკომერციულ არასამეწარმეო პირად დარეგისტრირების შესახებ. მომჩივნის წესდების მეორე მუხლის მიხედვით ინსტიტუტის მიზნებია:
საგანმანათლებლო დებატების სწავლება, პოპულარიზაცია და გავრცელება საქართველოში, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებატების კლუბების შექმნის წახალისებისა მათი საქმიანობის კორდინაციის გზით;
საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში მონაწილეობა მიზნობრივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, სასწავლო პროგრამების შექმნის, სააკრედიტაციო სისტემის ფორმირებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების გზით;
სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დებატების სწავლებისა და მათთვის სპეციალური შეჯიბრებების, ტურნირების, საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობის საშუალებით სრულფასოვანი და თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობა, ასევე დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების პოპულარიზაცია და საზოგადოების წარმომადგენლებამდე მიტანა;
ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარის განვითარების ხელშეწყობა;
ახალგაზრდების საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა.
წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ზემოთ მითითებული მიზნების მისაღწევად, „------------“ უფლებამოსილია განახორციელოს კანონით აუკრძალავი ან/და ამ წესდებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ყველა სახის არაკომერციული საქმიანობა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივნის კონსტიტუციაში ანუ მის სადამფუძნებლო წესდებაში ნათლად და ცალსახად არის განსაზღვრული მისი დაფუძნების მიზანი, რასაც არ წარმოადგენს მოგების მიღება.
განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი სხვადასხვა საგანმანათლებლო დებატების სწავლებისა და ორგანიზების კუთხით, რისთვისაც მას აქვს მიღებული თანხები სხვადასხვა საქველმოქმედო, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან და ფონდებისაგან. აღნიშნულ პროექტებში მიღებული თანხები მხოლოდ ხმარდება დებატების სწავლებისა თუ ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვას, კერძოდ, ტრენერების დაქირავებას, ტრანსპორტირებას, მონაწილეთათვის სხვადასხვა საჩუქრების და სერთიფიკატების გადაცემას, საკანცელარიო მასალების შეძენას და სხვა. ბიუჯეტი გაწერილია დეტალურად და კონტროლდება თანხების მიზნობრივი ხარჯვა. არც ერთ წარდგენილ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული რაიმე ფორმით მოგების ანაზღაურება, იმდენად რამდენადაც მისი განზრახვა და მიზანი არ არის მოგების მიღება. ზემოაღნიშნულის ანალოგიურად, მომჩივანი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, მიღებული თანხები ასევე ხმარდება სხვადასხვა სკოლებსა და დაწესებულებებში დებატების ორგანიზებას. აღნიშნული პროექტები ანალოგიურია იმ პროექტების, რომელიც ხორციელდება გრანტების სახით და შესაბამისად წარდგენილ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსად არ არის გათვალისწინებული რაიმე ფორმით მოგების ანაზღაურება, იმდენად რამდენადაც განზრახვა და მიზანი არ არის მოგების მიღება. მიღებული თანხები მხოლოდ ხმარდება სხვადასხვა ხარჯების ანაზღაურებას, კერძოდ ტრენერების დაქირავებას, ტრანსპორტირებას, მონაწილეთათვის სხვადასხვა საჩუქრების და სერთიფიკატების გადაცემას, საკანცელარიო მასალების შეძენას. საბოლოო ჯამში, დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია წარედგინება თანხის გამცემს. არც ერთ შემთხვევაში მომჩივანი რაიმე თანხას არ იღებს და არ აუღია უშუალოდ მონაწილე მასწავლებლის, მოსწავლეების თუ სტუდენტებისაგან, მათგან ვისთვისაც ხორციელდება ესა თუ ის აქტივობა. ის ყველა პროექტის სახით წარმოადგენს გარკვეულ გამტარს ყველა იმ თანხისა, რომელიც უსასყიდლოდ ხმარდება პროექტის მონაწილეებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მიაჩნია რომ, იმდენად რამდენადაც მომჩივანი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს არაკომერციულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, ის არ არის სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი, რაც გულისხმობს იმას რომ ის არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად არ წარმოადგენს დასაბეგრ პირს დღგ-ის მიზნებისათვის და არ ექვემდებარება მის მიერ განხორციელებული ოპერაციები დღგ-ით დაბეგვრას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ასევე გაუგებარია რა ტიპის შემოსავლები ჩაითვალა შემოწმების პროცესში ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად, რამეთუ, 2019 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ორგანიზებული აქვს ოთხი პროექტი:
გურჯაანის მუნიციპალიტეტი - საერთო თანხით 45 000 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);
მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტრო - საერთო თანხით 25 125 ლარი (დაიბეგრა დღგით);
სსიპ ------------ - საერთო თანხით 70 000 ლარი (დაიბეგრა დღგ-ით); - ----------- - საერთო თანხით 2 625 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);
ანალოგიური სიტუაციაა 2020 წელშიც, რომლის განმავლობაშიც ორგანიზებული აქვს ექვსი პროექტი:
ა(ა)იპ ----------- ფონდი - საერთო თანხით 251 000 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);
----------- ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში - საერთო თანხით 24 485 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);
-------------- - საერთო თანხით 19 190 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგით);
სსიპ ---------------- საერთო თანხით 2 450 ლარი (დაიბეგრა შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);
სსიპ -------------- საერთო თანხით 50 800 ლარი (დაიბეგრა დღგ-ით);
-------------- მუნიციპალიტეტი - საერთო თანხით 42 072 ლარი (დაიბეგრა შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით).
2021 წლის საანგარიშო პერიოდზე ორგანიზებული აქვს 5 პროექტი:
--------------- - საერთო თანხით 41 853 ლარი (დაიბეგრა დღგით);
ა(ა)იპ -------------- - საერთო თანხით 68 970 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);
------------- - საერთო თანხით 933 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);
შპს ---------------- - საერთო თანხით 1 000 ლარი (არ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით);
----------------- მუნიციპალიტეტი - საერთო თანხით 50 000 ლარი (დაიბეგრა შემმოწმებლების მხრიდან დღგ-ით).
შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ყველა პროექტი თავისი შინაარსით ერთმანეთის ანალოგიურია, განსხვავებულია მხოლოდ დაფინანსების წყარო, რიგ შემთხვევებში პროექტს ახორციელებს გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე, რიგ შემთხვევებში კი პროექტის დონორებს წარმოადგენენ, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირები.
შემოწმების აქტის ტექსტურ ნაწილში არანაირი განმარტება არ არის ჩამოყალიბებული აუდიტორების ხედვისა, თუ რა პროექტები ჩაითვალა დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვად, მაშინ როდესაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
მაშინ როდესაც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მომჩივნის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი თავისი შინაარსითა და ფორმით ერთმანეთის ანალოგიურია.
გარდა აღნიშნულისა, ჰიპოთეტურად რომც დავუშვათ, რომ აუდიტორების მსჯელობა მართებულია და აღნიშნული პროექტების დაფინანსებები წარმოადგენდნენ დღგ-ის ჩათვლის უფლებით დასაბეგრ ბრუნვებს, ამ შემთხვევაშიც საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო რეგისტრაციის ვადა დაუდგებოდა არა 2019 წელს (შემოწმების დასაწყისში) არამედ 2021 წლის დეკემბრის თვეში (რამეთუ ნებისმიერ უწყვეტ 12 თვეში აუდიტორების ლოგიკით აღიარებული დღგ-ის ჩათვლის უფლებით დასაბეგრი ბრუნვების ჯამმა 100 000 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა 2021 წლის დეკემბერში), შესაბამისად აუდიტორების მხრიდან დაცული რომ ყოფილიყო დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, ნაცვლად შემოწმების აქტით განსაზღვრული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვისა 255 975 ლარი, უნდა განესაზღვრათ 77 842 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული აქტი დარიცხვის ნაწილში ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, რამეთუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
შესაბამისად, ითხოვს, შესწავლილ იქნას დარიცხვის მართლზომიერება და დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს აქტით დარიცხული დღგ-ის გადაანგარიშება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დადგენილია, რომ დღგ-ით დასაბეგრად განხილული ოპერაციები მომჩივანს განხორციელებული აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის გარეშე. ამასთან, შემოწმების შედეგად დაბეგრილი არ არის გრანტის სახით მიღებული შემოსავლები და დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრისთვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა გაანგარიშებულია ტენდერების ფარგლებში დაფიქსირებული შემოსავლების მიხედვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო საპატიო სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მომჩივანი
მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში და აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული შეღავათით გათავისუფლებული მომსახურების დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
დღგ-ით დასაბეგრად განხილული ოპერაციები მომჩივანს განხორციელებული აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის გარეშე. ამასთან, შემოწმების შედეგად დაბეგრილი არ არის გრანტის სახით მიღებული შემოსავლები და დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრისთვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა გაანგარიშებულია ტენდერების ფარგლებში დაფიქსირებული შემოსავლების მიხედვით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;9(1);157(1);161(1);159(1);164(1);269(7);