ბრძანება N 26571
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26571
30 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,------“ (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2023 წლის 17 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა, დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა შპს ,,------ს“(ს/ნ -----) №84135/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №067-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ დაჯარიმდა 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი, 40 675 ლარის ღირებულების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დასაბეგრი თანხის შესაბამის საგადასახადო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში აუსახველობის გამო. იგი დასძენს, რომ აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დღგ-ით დასაბეგრი თანხა დაბეგრილია დაგვიანებით, 2022 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციით. განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას და ითხოვს დაკისრებული სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის N22216 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის დეკემბრისა და 2022 წლის აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 11 ოქტომბრის №25250 ბრძანება და ამავე თარიღის №067-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 12 826 ლარი, მათ შორის, გადასახადი 7 101 ლარი, ჯარიმა 3 551 ლარი, საურავი 2 174 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
შპს ,,------“ (ს/ნ ----) გადასახადის და დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 7 ივნისს. მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა მარცვლეულით, დაუმუშავებელი თამბაქოთი, თესლებით და ცხოველების საკვებით.
გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბერში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, შპს ,,-----თვის“, ჯამური ღირებულებით 40 675 ლარი, რომელიც არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. ასევე, 2022 წლის აპრილში გამოწერილი აქვს 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შპს ,,------თვის” და შპს ,,-----თვის” ჯამური ღირებულებით 21 243 ლარი, საიდანაც დამატებული ღირებულების გადასახადი ერიცხება 7 274 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, პირი ვალდებული იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დასაბეგრი თანხის აესახა და დაებეგრა შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. შედეგად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ დაჯარიმდა 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი, 40 675 ლარის ღირებულების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დასაბეგრი თანხის შესაბამის საგადასახადო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში აუსახველობის გამო. იგი დასძენს, რომ აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დღგ-ით დასაბეგრი თანხა დაბეგრილია დაგვიანებით, 2022 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციით. განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას და ითხოვს დაკისრებული სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო გადასახადის და დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 7 ივნისს. მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა მარცვლეულით, დაუმუშავებელი თამბაქოთი, თესლებით და ცხოველების საკვებით. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბერში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჯამური ღირებულებით 40 675 ლარი, რომელიც არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. ასევე, 2022 წლის აპრილში გამოწერილი აქვს 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჯამური ღირებულებით 21 243 ლარი, საიდანაც დამატებული ღირებულების გადასახადი ერიცხება 7 274 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირი ვალდებული იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დასაბეგრი თანხა აესახა და დაებეგრა შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. შედეგად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 270(1)(2), 272(1), 275(2), 269(7), 69(1).