გადაწყვეტილება №19698/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19698/2/2023
14 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ა(ა)იპ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ „----------“ 16.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19698/2/2023).
დავის საგანი:
1. ტრენინგების, საზღვარგარეთ კონფერენციების, პროექტების და საგანმანათლებლო ტურების ორგანიზების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №024-79 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9360 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 74 722 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 45 533
დღგ - 34 412
საშემოსავლო გადასახადი - 11 121
ჯარიმა - 15 119
საურავი - 14 070
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.08.2022 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №024-79 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9360 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ტრენინგების, საზღვარგარეთ კონფერენციების, პროექტების და საგანმანათლებლო ტურების ორგანიზების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემებით, მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას. უფიქსირდება ფეისბუკ გვერდი „----------“, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტით (საერთაშორისო ორგანიზაციები) წასვლის მსურველთა მომსახურების შესახებ, აღნიშნული ვიზიტის ღირებულება შეადგენს 490 ევროს.
საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდის მონაცემების შესწავლით გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებს ტენდერებში, ხოლო მიწოდებული მომსახურების სახეს შეადგენს სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგების ჩატარება, ასევე საზღვარგარეთ კონფერენციების, პროექტებისა და საგანმანათლებლო ტურების ორგანიზება.
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის და 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
„----------“ დაარსების იდეა მის ოფიციალურ რეგისტრაციამდე დაახლოებით 1 წლით ადრე, 2016 წლის დასაწყისში გაჩნდა. იმ პერიოდში ცენტრის ჩამოყალიბების მიზნები, დამფუძნებლის ინტერესებს უკავშირდებოდა. კერძოდ, უნდოდა ჩამოეყალიბებინა პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა, განათლების სფეროში მუშაობის მანამდე მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ახალი, სტუდენტებისთვის და აქტიური მოქალაქეებისთვის საინტერესო ინიციატივები და პროექტები განეხორციელებინა.
ამ იდეით განისაზღვრა მაშინ ორგანიზაციის წესდება და სამომავლო მიზნები, რომელიც დღემდე უკავშირდება სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარების და დაინტერესებული მოქალაქეების მხარდაჭერას, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის განმტკიცების მიზნით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობების განხორციელებას.
გამომდინარე იქიდან, რომ იმ პერიოდში ცენტრს არ გააჩნდა რაიმე ბიუჯეტი, აღნიშნული მიზნების მიღწევისთვის შესაბამისი ამოცანების მოფიქრება, დაგეგმვა და განხორციელება ძირითადად მოხალისეობრივ საწყისებს და მინიმალურ თვითდაფინანსებას გულისხმობდა.
2017 წლიდან ცენტრი ახორციელებდა სასწავლო ვიზიტებს ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის დედაქალაქებში (----------). ვიზიტების მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდები გაცნობოდნენ ევროკავშირს, მის სტრუქტურებს და პოლიტიკას. აღნიშნული ვიზიტები არ იყო კომერციული ხასიათის, შესაბამისად მისი ხარჯთაღრიცხვა ისე დგებოდა, რომ მხოლოდ დაეფარა პროექტში მონაწილე პირების ხარჯები (სასტუმრო, ტრანსფერი, შიდა გადაადგილება და ა.შ). ეს ემსახურებოდა ცენტრის მიზანს და ამ პროექტების მთავარ იდეას - რაც შეიძლება ბევრ ახალგაზრდას მისცემოდა შესაძლებლობა ევროპულ ქვეყნებში და ევროკავშირის ინსტიტუციებში ვიზიტებით აემაღლებინათ საკუთარი ცნობიერება. 2017 წლიდან 2020 წლამდე, წელიწადში სულ ხორციელდებოდა 7 ასეთი სასწავლო ვიზიტი.
2018 წლის ბოლოდან ცენტრი ჩაერთო სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში საჯარო უწყებებისთვის მომსახურების მიწოდებაში. ამავე პერიოდში, ----------, ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, გახადა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი.
მსგავსად სასწავლო ვიზიტებისა, ცენტრის მონაწილეობაც სახელმწიფო შესყიდვებში არ ყოფილა კომერციული და მოგებაზე გათვლილი. ამას ადასტურებს ორგანიზაციის მიერ შესყიდვებში მონაწილეობა და არსებული სტატისტიკა.
კერძოდ, შესყიდვების ფარგლებში ხშირ შემთხვევაში გამოცხადებულ ფასზე 2-ჯერ ან 3-ჯერ ნაკლებ ფასადაც კი ასრულებდა შესაბამის ხელშეკრულებას, რამაც 4 წლის განმავლობაში, მთლიანობაში 332 291 ლარის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა შემსყიდველ სახელმწიფო ორგანიზაციებს.
ამ პერიოდიდან ცენტრის მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში თემატურადაც პირდაპირ უკავშირდება ----------, ცენტრის დამფუძნებლისა და დირექტორის პირად სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას და ინტერესებს. ცენტრი მხოლოდ იმ ტიპის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა, რომელიც ეხებოდა კვლევების განხორციელებას, საგანმანათლებლო აქტივობებს რეგიონებში და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს. როგორც დოქტორანტს, რომელიც დაინტერესებული იყო გრძელვადიან პერიოდში აკადემიური კარიერის განვითარებით, აღნიშნული პროექტები ეხმარებოდა პროფესიული პრაქტიკის, კონტაქტებისა და გამოცდილების გაღრმავებაში.
სწორედ ზემოაღნიშნულის მისაღწევად, 2019 წლიდან ცენტრის საქმიანობით მიღებული შემოსავლის ნაწილი იხარჯებოდა ---------- აკადემიური განვითარებისთვის. კერძოდ, რამდენჯერმე ორგანიზაციის შემოსავლებიდან მოხდა მისი მონაწილეობის ნაწილობრივი დაფინანსება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და გლობალური მნიშვნელობის ცნობილ ფორუმებში, სადაც მიწვეული იყო, როგორც სპიკერი. ასევე ნაწილობრივ დაფინანსდა სამეცნიერო კვლევითი ვიზიტები ---------- და ----------, სადაც ---------- უნივერსიტეტში და ---------- ეკონომიკის და ბიზნესის უნივერსიტეტში სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო კვლევების განხორციელებისთვის იყო მიწვეული.
გარდა განხორციელებული პროექტებისა და სამეცნიერო-აკადემიური აქტივობებისა, ცენტრის შემოსავლებით ფინანსდებოდა ისეთი მიმდინარე ხარჯები როგორებიცაა - ჯანმრთელობის დაზღვევა, კომუნალური ხარჯების ნაწილი, საწვავის ხარჯი და საკანცელარიო ტიპის ხარჯები.
გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრის საქმიანობა არასდროს ყოფილა კომერციულ მოგებაზე გათვლილი, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კამერალური შემოწმებით დადგინდა, რომ ორგანიზაციის ხარჯები აჭარბებს მის შემოსავლებს.
ამავე კამერალური შემოწმების შედეგად, 19.12.2022 წელს მიღებული №024-79 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, ორგანიზაციას დარიცხული აქვს 45 333 ლარი გადასახადების სახით (34 112 ლარი დღგ, 11 121 ლარი საშემოსავლო გადასახადი), ასევე 15 119 ლარი ჯარიმა და 14 070,98 ლარი საურავი, ჯამურად 74 722,98 ლარი.
ორგანიზაცია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს წარმოდგენილი საგადასახადო მოთხოვნა, რადგან „----------“ საქმიანობიდან გამომდინარე, არ აქვს ამის რესურსი. დაარსების დღიდან, ორგანიზაცია არასდროს ყოფილა კომერციულად მომგებიანი და მისი ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს. თუმცა, მზად არის შეასრულოს საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ვალდებულება ნაწილობრივ, კერძოდ დაფაროს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადი. ორგანიზაციამ უკვე დაიწყო მიმდინარე გადასახადების გადახდა.
იმისათვის, რომ ორგანიზაციამ შეძლოს საქმიანობის გაგრძელება და წარმოდგენილი საგადასახადო დავალიანების ნაწილობრივ მაინც შესრულება, ითხოვს შემდეგს:
1) მოხდეს აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №024-79 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება;
2) მოხდეს წარმოდგენილი საგადასახდო მოთხოვნით გათვალისწინებული სანქციების გაუქმება (ჯარიმა 15 119 ლარი და საურავი 14 070,97 ლარი);
3) მოხდეს 34 112 ლარის ოდენობით დარიცხული დღგ-ის გაუქმება;
4) ასევე, მოხდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის განაწილება.
ორგანიზაციას ფიზიკურად არ შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, რადგან იგი არ ფლობს რამე სახის ქონებას, ასევე მისი საქმიანობა კომერციულად არამომგებიანია (ამას ადასტურებს ორგანიზაციის საგადასახადო შემოწმებაც) ანუ ორგანიზაციას არ აღმოაჩნდა ფულადი ნაშთი შესაბამისად, თუ არ მოხდება დღგ-ის, ჯარიმისა და საურავის გაუქმება და საშემოსავლო გადასახადის განაწილება, საერთოდ ვერ შეძლებს არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვასაც კი და მოუწევს ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მონაცემების შესწავლის შედეგად შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებდა ტენდერებში და ახდენდა სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგების ჩატარებას, ასევე საზღვარგარეთ კონფერენციების, პროექტებისა და საგანმანათლებლო ტურების ორგანიზებას. საგადასახადო შემოწმების აქტითა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გაწეული მომსახურებები გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, შესაბამის პერიოდებში. ხოლო გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 5 561 ლარი და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით 9 559 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №024-79 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 14 070,98 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ორგანიზაციის საქმიანობა უკავშირდებოდა მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროს და სახელმწიფო შესყიდვებს, ხოლო მისი შემოსავლების უდიდესი წილი იხარჯებოდა მიმდინარე ხარჯებისა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობების დასაფინანსებლად, ასევე არ ჰყავდა ბუღალტერი არ ჰქონდა ინფორმაცია სწორი საგადასახადო ადმინისტრირების შესახებ, რაც პირდაპირ გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილში.
ორგანიზაციამ საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი გაუწია სახელმწიფოს. კერძოდ, ცენტრის საქმიანობის შედეგად, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მომსახურების გაწევას უკავშირდებოდა, 2018-2022 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტმა ჯამში 332 291 ლარი დაზოგა, რაც დარიცხულ დღგ-ის თანხაზე 850%-ზე მეტია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოში არ არის დეკლარაციები წარდგენილი. შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ტრენინგების, საზღვარგარეთ კონფერენციების, პროექტების და საგანმანათლებლო ტურების ორგანიზების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა; 2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მონაცემების შესწავლის შედეგად შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებდა ტენდერებში და ახდენდა სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგების ჩატარებას, ასევე საზღვარგარეთ კონფერენციების, პროექტებისა და საგანმანათლებლო ტურების ორგანიზებას. საგადასახადო შემოწმების აქტითა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გაწეული მომსახურებები გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, შესაბამის პერიოდებში. ხოლო გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები. ასევე მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოში არ არის დეკლარაციები წარდგენილი. შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა“„ბ“); 163(1,2);164(1); 282(1); 275.
(2021 წლამდე მოქმედი): 160; 161(1„ა“)