შეღავათის გავრცელების მიზნებისთვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობა N 2663
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შეღავათის გავრცელების მიზნებისთვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობა N 2663
ფაქტობრივი გარემოებები
· თიზ-ში რეგისტრირებული საწარმო ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ საქონლის ყიდვაგაყიდვას, ისე, რომ საქართველოს და თიზის ტერიტორიაზე საქონლის შეტანა არ ხდება.
· თიზ-ის საწარმო მოგებას იღებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქონლის ყიდვაგაყიდვით, აღნიშნული საქმიანობას თვლის თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და მიღებული მოგების განაწილებაზე სარგებლობს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით.
შეფასება
· "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით. სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება.
· ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, თუ თიზ-ის საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ საქონლის შესყიდვა და რეალიზაცია, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობისგან დამოუკიდებლად, ამ საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება ვერ იქნება მიჩნეული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებად და შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.
ღონისძიებები
· თიზ-ის საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2021 წლის 15 დეკემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.