ბრძანება N 11953
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11953
24 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------- -ის “ (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.:"------")
2024 წლის 22 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") №67929/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №EL246225 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2024 წლის 29 მარტს კომპანიის მიმართ შედგა №EL246223 და №EL246224 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნილ იქნა იდენტიფიკაციის საშუალება და საქონელი გადმოიტვირთა შპს „"------"- ის“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე.
მომჩივანი ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა №EL246223 და №EL246224 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებში აღწერილ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნასა და საქონლის გადმოტვირთვაში, თუმცა არ ეთანხმება 2024 წლის 29 მარტის №EL246225 სამართალდარღვევის ოქმს, რომლითაც მისი მოსაზრებით პასუხისმგებლობა განმეორებით დაეკისრა და მიაჩნია, რომ სადავო ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს ერთსა და იმავე სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის განმეორებით დაკისრებას.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს 2024 წლის 29 მარტის №EL246225 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 21 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „------- -ის “ კონტროლის ზონაში შემოვიდა ტრანზიტული საქონლით (ოქროს კონცენტრატი – 24 440 კგ) დატვირთული №"------"სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა "--------". აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №"------" აღრიცხვის მოწმობა, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „ექვემდებარება აწონვას“.
საქონლით დატვირთული სატვირთო ავტომობილის აწონვის შედეგად საქონლის წონა 1 023 კგ-ით აღემატებოდა დეკლარირებული საქონლის წონას. გამომდინარე აქედან, სატრანსპორტო საშუალება დაილუქა საბაჟო ლუქით, აღრიცხვის მოწმობის „D“-ე გრაფაში მითითებულ იქნა „A3“ – „საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას“ და საქონელი შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, კერძოდ საქონლის დათვალიერების მიზნით, გაგზავნილი იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ -ის “ დანიშნულებით.
2024 წლის 25 მარტს შპს „"------"-ის“ (ს/ნ "------") წარმომადგენელმა №"------" განცხადებით აცნობა საბაჟო დეპარტამენტს, რომ შპს „------ -ის “ საბაჟო საწყობში 2024 წლის 22 მარტს გამოცხადდა №"------" სატვირთო სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი (აღრიცხვის მოწმობა №"------") სრულად ჩამოიტვირთა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ იმავე დღეს (25.03.2024) განხორციელდა შპს „------ -ის “ საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის მიერ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა №"------"სატრანსპორტოს საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა. ამასთან, დათვალიერების მიზნით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს საქონელი წარედგინა ნაყარი სახით, რომელიც შერეული იყო სხვა სასაქონლო პარტიასთან. მითითებული საქონლის წონამ კი შეადგინა 25 000 კგ, რაც 560 კგ-ით აღემატება დეკლარირებული საქონლის წონას – 24 440 კილოგრამს.
ვინაიდან შპს „-------- -ის “ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვას, ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა №EL246223, №EL246224 და №EL246225 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „------- -ს “ (ს/ნ "------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობა ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ორგანო თავად ახორციელებს საბაჟო საწყობის საქმიანობას.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები, შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას და საბაჟო საწყობში საქონლის (შესაბამის სათავსში განთავსებული საყარი და თხევადი საქონლის გარდა) შენახვა უზრუნველყოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიცირება საქონლის მფლობელის ან/და სასაქონლო პარტიის შესაბამისად.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, - იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლით განსაზღვრული სანებართვო პირობები, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის მიხედვით, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას. საგულისხმოა, რომ შპს „-------- -ის “ მხრიდან ადგილი ჰქონდა რამდენიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტებს:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა;
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა;
3. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას (განმეორებით).
შესაბამისად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 29 მარტს შედგა:
1. №EL246223 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნის ფაქტზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. №EL246224 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვის ფაქტზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 170- ე მუხლის პირველი ნაწილით;
3. №EL246225 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევის (განმეორებით) ფაქტზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს 2024 წლის 29 მარტის №EL246225 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვას, ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
125,127,163,176.