გადაწყვეტილება №21056/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21056/2/2023
30 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 13.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21056/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29598 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2023 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №13599 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 15.062023 წლის №006-267 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23365 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 21 144 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 12 599
ჯარიმა - 6 300
საურავი - 2 245
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.12.2021 წლის აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
შპს „----------“ დაარსდა 16.11.2010 წელს. კომპანიის მშობელი კომპანია და მისი 100%-იანი წილის მფლობელი არის სს ----------, რომელსაც, თავის მხრივ, ერთპიროვნულად ფლობს ---------- კომპანია „----------“.
„----------“-ს დაფუძნებული აქვს ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მწარმოებელი და მომწოდებელი კომპანიების ჯგუფი, რომელიც ეწევა ელექტროენერგიის წარმოებას, მიწოდებასა და საერთაშორისო ენერგო ვაჭრობას. შპს „----------“ ფლობს და ამუშავებს ოთხ აირტურბინას. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფა და აირტურბინით ელექტროენერგიის წარმოება. წარმოებული ელექტროენერგია იყიდება საქართველოში.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას (უფლებამოსილი პირის ახსნა-განმარტებით) განხორციელებული აქვს ორი კონტროლირებული ოპერაცია: 1. საქონლის შეძენა. 2. სესხი.
---------- ჯგუფის წევრებს უწევს ძირითადი საქონლის ცენტრალიზებული შესყიდვის მომსახურებას. მისაწოდებელი საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს შპს „----------“. „----------“ პასუხს აგებს საქონლის ტრანსპორტირების ორგანიზებაზე საქართველოში. ამავდროულად, არ იღებს პროდუქციის შეძენიდან კლიენტამდე მიწოდების პერიოდში ფასის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკს. შესყიდვის მოლაპარაკების ფარგლებში „----------“ აწარმოებს პროდუქციის შესყიდვას მას შემდეგ, რაც კონკრეტული შეკვეთა გაიცემა შპს „----------“ მიერ და იღებს გაწეული ხარჯებისა და ზარალის კომპენსაციას. ნებისმიერი სხვა რისკი, შპს „----------“ მიერ შეკვეთის გაცემიდან პროდუქციის შეძენამდე, რაც პროდუქციის ფასს უკავშირდება, სრულად ეკისრება შპს „----------“.
„----------“ საქონელზე ვალდებულებას იღებს შეზღუდული ვადით, მხოლოდ საქონლის საქართველოში ტრანსპორტირების პერიოდში. ვინაიდან, შპს „----------“ მიერ დაზღვეულია ტრანსპორტირებული პროდუქცია, მისი დაზიანების ან დაკარგვის რისკი „----------“-ს არ გააჩნია. „----------“ არც საქონლის ხარისხზე აგებს პასუხს, ვინაიდან, მიწოდებულ საქონელს ახლავს შესაბამისი მომწოდებლის გარანტია. „----------“-ის ძირითადი ფუნქცია ტენდერის პროცესის ორგანიზება და მომწოდებლის შერჩევაა. მომწოდებლის საბოლოო შერჩევაც შპს „----------“ დასტურით ხდება. „----------“-ის ფუნქციებს მინიმალური ფინანსური რისკი გააჩნია, ვინაიდან კომპანია წინასწარ იღებს ავანსს მისაწოდებელი საქონლისთვის და აგრეთვე უნაზღაურდება გაწეული დანახარჯები ფუნქციების შესრულების პროცესში. აქედან გამომდინარე, „----------“ მოცულ ოპერაციაში მოქმედებს, როგორც შუამავალი, შესყიდვის აგენტი. იგი არ მონაწილეობს სტრატეგიულ საქმიანობაში და შპს „----------“ უწევს მხოლოდ შესყიდვების მომსახურებას.
„----------“ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას იღებს მთლიან დანახარჯებზე (შეძენილი საქონელის ღირებულების ჩათვლით) დამატებული მარჟით, რომელიც არ აღემატება 2%-ს.
კონტროლირებული ოპერაციის მონაწილე მხარეებს შორის ფუნქციები შემდეგნაირად ნაწილდება: მისაწოდებელი საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს შპს „----------“. იგი ავსებს მოთხოვნას და თუ მოთხოვნა დამტკიცდება ბიუჯეტირების დეპარტამენტის მიერ, იგი ავტომატურად გადაეცემა „----------“-ის შესყიდვების განყოფილებას. „----------“ პასუხს აგებს საქონლის ტრანსპორტირების ორგანიზებაზე საქართველოში, არ იღებს პროდუქციის შეძენიდან კლიენტამდე მიწოდების პერიოდში ფასის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკს. იგი შესყიდვას აწარმოებს მას შემდეგ, რაც კონკრეტული შეკვეთა გაიცემა შპს „----------“ მიერ. როგორც მომსახურების გამწევი კომპანია, „----------“ იღებს გაწეული ხარჯებისა და ზარალის კომპენსაციას. „----------“-ს მარაგის რისკი მინიმალური აქვს, რადგან მომწოდებლისგან პროდუქციის შეძენას ახორციელებს მხოლოდ შპს „----------“ მითითებულ მოცულობის, ვადებისა და პირობების განსაზღვრის შემდეგ. იგი არ იღებს საქონელზე ვალდებულებას. საქონელი დაზღვეულია შპს „----------“ ხარჯებით ტრანსპორტირებისას.
კომპანიამ წარმოადგინა ლოკალური ფაილი, რომლის მიხედვითაც კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები ურთიერთდაკავშირებულ პირებთან შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპს. 1. შესამოწმებელ მხარედ არჩეულ იქნა უცხოური მხარე - „----------“; 2. სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდად არჩეულ იქნა ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი; 3. ფინანსურ მაჩვენებლად შერჩეულ იქნა ფასნამატი მთლიან დანახარჯებზე; 4. მონაცემები ამოღებულ იქნა ---------- ის მონაცემთა ბაზიდან; 5. ინდუსტრიის მაჩვენებლად მოძიებულ იქნა აგენტების საქმიანობა ინდუსტრიულ მოწყობილობების გაყიდვაში, აგენტების საქმიანობა ცალკეული პროდუქტის გაყიდვაში, ელექტრონული და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების და ნაწილების საბითუმო ვაჭრობა; 6. გეოგრაფიულ კრიტერიუმად განისაზღვრა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები; 7. შერჩეული კომპანიების ანალიზის საფუძველზე მიღებულ იქნა დიაპაზონი, რომლის მედიანაც არის 2.92%. „----------“-ის მოგების მაჩვენებელი მოექცა საბაზრო დიაპაზონში, ვინაიდან 2018 წელს შეადგენდა 1,82%-ს, 2019 წელს 1,54%-ს, ხოლო 2020 წელს 1,24%-ს.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ „----------“ მოცულ ოპერაციაში მოქმედებს, როგორც შუამავალი. ხოლო, შპს „----------“ ასრულებს ყველა მსხვილ საოპერაციო ფუნქციას, რომელიც უკავშირდება საქონლის შესყიდვას და ატარებს ამ საქმიანობისთვის დამახასიათებელ რისკებს. შემოწმებამ, უცხოური კომპანიის მიერ აგენტის მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელა ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდით, რომლის მაჩვენებელიც ხვდება საბაზრო დიაპაზონში. თუმცა, გადამხდელს ფასნამატი უნდა გაევრცელებინა არა მთლიან დანახარჯებზე, არამედ საოპერაციო ხარჯებზე, რაც „----------“-ის შემთხვევაში არის ტრანსპორტირება, დაზღვევა, ხელფასები. ხოლო საქონლის დანახარჯი, ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, არ წარმოადგენს „----------“-ის საქმიანობის საოპერაციო ხარჯს. შესაბამისად, შემოწმებამ ჩათვალა რომ აღნიშნული ხარჯის გათვალისწინება არ უნდა მომხდარიყო ფასნამატის გასავრცელებელ ბაზაში.
გარიგების პირობების საბაზრო პრინციპებთან შეფასების შედეგად გამოვლენილი კორექტირების თანხის დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა ამ თანხ(ებ)ის ფაქტობრივად გასვლის/ანაზღაურების პერიოდ(ებ)ი.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 127-ე მუხლის გათვალისწინებით გამოვლენილი კორექტირების თანხა ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით წლის ჭრილში ბოლო გადახდის პერიოდში. ამასთან, სესხთან დაკავშირებით, შპს „----------“ მიერ წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის მიხედვით სესხი საბაზრო პრინციპებთან შესაბამისია. შემოწმებით, სესხის საბაზრო პროცენტის დასადგენად, ჩატარებული ძიების შედეგად მიღებულია 243 ობლიგაცია, საიდანაც შეირჩა 10 ფასიანი ქაღალდი, რომელთა განაკვეთების მაჩვენებლების გამოყენებით შედგენილია სრული დიაპაზონი. შედეგად, ქართული კომპანიის სესხის პროცენტის მაჩვენებელი 5.5% მოხვდა შემოწმების მიერ შედგენილ საბაზრო დიაპაზონში.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №42376 ბრძანება და 31.12.2021 წლის №006-1131 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 31.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 21.06.2022 წლის №15710 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 14.07.2022 წლის №17059/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15710 ბრძანება და საჩივარი ხელახლა (მომჩივნის მონაწილეობით) განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29598 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატთან/მარჟასთან დაკავშირებით) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29598 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 13.06.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ გადაანგარიშდა.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა 15.06.2023 წლის №13599 ბრძანება და ამავე თარიღის №006-267 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 17.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომლის 22.09.2023 წლის №23365 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ, საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, 1.11.2023 წელს მომჩივანთან ჩატარდა მოსამზადებელი შეხვედრა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია თვლის, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ექვემდებარება ბათილობას შემდეგი გარემოებების გამო:
1. საგადასახადო ორგანო არ ითვალისწინებს შედარებადობის კრიტერიუმებს და კონტროლირებული ოპერაციაში საბაზრო ფასს ადგენს არასწორად;
2. 2014 წელს, საგადასახდო ორგანომ შეამოწმა კომპანიის დამფუძნებელი ----------. შესამოწმებელ საკითხს წარმოადგენდა, მათ შორის, საქონლის შეძენის ოპერაცია, რომელშიც „----------“ ასრულებს ანალოგიურ ფუნქციებს. საგადასახადო ორგანო დაეთანხმა კომპანიის მიერ გამოყენებულ ---------- შედგენილ მეთოდოლოგიასა და ფასნამატის დადგენის მიდგომას. აღნიშნულის შემდეგ, არც ოპერაციის შინაარსში და არც სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიაში ცვლილება არ მომხდარა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიდგომა ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის პოზიციას;
3. კომპანიის მიზანი არ ყოფილა მოგების სხვა ქვეყანაში გადატანა. კომპანია და ჯგუფის წევრი კომპანიები შიდა ჯგუფურ ოპერაციებზე იხდიდნენ მედიანაზე ბევრად ნაკლებს;
4. საგადასახადო ორგანოს მიერ დარღვეულია შემოსავლის სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის გადატანის ნაწილი;
5. გადასახადის გადამხდელს აქვს ორი ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანიის, ---------- ის და ---------- ის დასკვნა, ერთი შემოწმებით მოცულ პერიოდში, ხოლო მეორე მომდევნო 2022 წელზე, რომლის მიხედვითაც ტრანზაქცია შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ---------- ის დასკვნას პირველად წარუდგენს საგადასახადო ორგანოს, ამ საჩივართან ერთად.
საგადასახადო შემოწმების აქტში მოცემული მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესებს. შესაბამისად, კომპანიის მოთხოვნაა, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოთხოვნისა და მისი საფუძვლების გაუქმება.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურისთვის, როგორც საგადასახადო შემოწმების დროს, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების შესაბამისად, დროულად იქნა მიწოდებული საჭირო ინფორმაცია, გადაწყვეტილების კომპანიის სასარგებლოდ აღსასრულებლად.
ომპანიის მიერ მომზადებული კვლევა სრულ შესაბამისობაშია სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესებთან და არ არსებობს მისი უგულვებელყოფის მიზეზები.
1. კონტროლირებული ოპერაციის მიმოხილვა.
2021 წლიდან შპს „----------“ არის სს ---------- კომპანია (2021 წლამდე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო სს ----------), რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს ---------- კომპანია „----------“-ეს (შემდგომში -----------). „----------“ ფლობს ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომწოდებელი კომპანიების ჯგუფს, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ასევე, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში. შპს „----------“ ამუშავებს აირტურბინებს, რომლის ძირითადი მიზანია ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფა საქართველოს ბაზარზე. 2018-2020 წლებში, კომპანიამ გამოიყენა ჯგუფის ცენტრალიზებული შესყიდვების სისტემა და გააფორმა შეთანხმება „----------“ საქონლის (სხვადასხვა ელექტრო ხელსაწყოების, კაბელების და წვრილმანი ნაწილების) მოწოდების თაობაზე (კონტროლირებული ოპერაცია). კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში, „----------“ ვალდებულია მოიძიოს მომწოდებელი ევროპულ ბაზარზე, შეისყიდოს და მოაწოდოს საქართველოში საკუთარი რესურსით, ან მესამე კონტრაქტორი მხარის მეშვეობით. შპს „----------“ სარგებლობს კონტროლირებული ოპერაციით გათვალისწინებული შიდაჯგუფური გარიგებით, რადგან იგი საშუალებას აძლევს კომპანიას შეამციროს შესყიდვის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული (როგორიცაა კოორდინაცია, მოლაპარაკება, შეკვეთის გაფორმება) და თანამშრომელთა სახელფასო ხარჯები, ამავდროულად გაზარდოს ნდობა პროდუქტის ხარისხზე.
კონტროლირებულ ოპერაციაში „----------“ პასუხისმგებელია შესყიდვების ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა: შეკვეთების მიღება და მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციების ანალიზი; პოტენციური მომწოდებლების იდენტიფიკაცია და ფასებზე და სხვა კომერციულ პირობებზე მოლაპარაკება. კერძოდ, „----------“ ადარებს შემოთავაზებულ ფასებს წარსულში არსებულ შესყიდვების სტატისტიკას და ბაზარზე არსებულ ფასებს. აკეთებს ღირებულებების დეტალურ კალკულაციას და არჩევს ყველაზე ოპტიმალურ შემოთავაზებას ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით; აწარმოებს მოლაპარაკებებს ფასდაკლების მიღებაზე, გადახდის პირობებზე, საქონელზე გარანტიისა და მიწოდების პირობების შესახებ; ორგანიზებას უწევს საქონლის ლოჯისტიკას და ტრანსპორტირებას საქართველოში. კერძოდ, არჩევს და დებს შეთანხმებას ლოჯისტიკური მომსახურების გამწევ კომპანიებთან, ათანხმებს გადაზიდვის პირობებს, ფასს, რაოდენობას, საქონლის დაზღვევის პირობებსა და მიწოდების ვადებს.
აქედან გამომდინარე, „----------“ მოცულ ოპერაციაში მოქმედებს, როგორც შუამავალი, მინიმალური რისკებით. ხოლო, შპს „----------“ ასრულებს ყველა მსხვილ საოპერაციო ფუნქციას, რომელიც უკავშირდება საქონლის შესყიდვას, და ატარებს ამ საქმიანობისთვის დამახასიათებელ რისკებს.
სატრანსფერო ფასწარმოქმნის თითოეული მეთოდის მიზანშეწონილობის შემოწმების შემდეგ, იუაიმ შეარჩია ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი, ხოლო შესამოწმებელ მხარედ შერჩეულ იქნა „----------“. შედარებადობის ანალიზისთვის ყველაზე შესაფერის მოგების მაჩვენებლად შეირჩა ფასნამატი მთლიან დანახარჯებზე. შედარებადობის კვლევა ჩატარდა ---------- ის ბაზის გამოყენებით. კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში, 2018 წელს „----------“ ფასნამატი მთლიან ხარჯებზე შეადგენდა 1.69%-ს, ხოლო 2019-2020 წლების ფასნამატმა მთლიან საოპერაციო ხარჯებზე შეადგინა 1.54% და 1.24%, შესაბამისად.
შედეგად, იუაიმ დაასკვნა, რომ კონტროლირებულ ოპერაციაში ფასნამატი მთლიან დანახარჯებზე ექცევა ფასნამატის ინტერკვარტილურ დიაპაზონში და საქართველოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, კომპანიისთვის არ არსებობს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების რისკი.
საგადასახადო ორგანო არ ითვალისწინებს შედარებადობის კრიტერიუმებს და კონტროლირებულ ოპერაციაში საბაზრო ფასნამატს ადგენს არასწორად. საგადასახადო ორგანო იზიარებს ---------- დასკვნაში გამოყენებულ სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიას და შედარებადობის კვლევას. თუმცა შემმოწმებელი არ ითვალისწინებს კონტროლირებულ ოპერაციაში ფასნამატის განსაზღვრის მიდგომას და ამტკიცებს, რომ:
„----------“ მოცულ ოპერაციაში მოქმედებს, როგორც შუამავალი, შესყიდვის აგენტი. იგი არ მონაწილეობს სტრატეგიულ საქმიანობაში და შპს „----------“ უწევს მხოლოდ შესყიდვების მომსახურებას. აქედან გამომდინარე, გადამხდელს ფასნამატი უნდა გაევრცელებინა არა მთლიან დანახარჯებზე, არამედ საოპერაციო ხარჯებზე, რაც „----------“-ის შემთხვევაში არის ტრანსპორტირება, დაზღვევა, ხელფასები. ხოლო საქონლის დანახარჯი, ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, არ წარმოადგენს „----------“-ის საქმიანობის საოპერაციო ხარჯს“.
შესყიდვის აგენტი არის პირი, რომელის საქმიანობა ანაზღაურდება ფასნამატის ან შედარებადი ფასის მეთოდით, ე.ი. მომსახურების საფასურის სახით. აგენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: მოქმედებს დამკვეთის სახელით; არ ფლობს საკუთრების უფლებას საქონელზე; არ აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისის სახელით; არ ფლობს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს; არ არის პასუხიმგებელი ლოჯისტიკაზე.
კონტროლირებულ ოპერაციაში „----------“ ასრულებს შუამავლის ფუნქციას, თუმცა მის მიერ შესრულებული ფუნქციები, აგენტის ფუნქციებთან შედარებით, უფრო კომპლექსურია, ვიანიდან „----------“: იღებს საკუთრების უფლებას საქონელზე შეზღუდული დროით; საკუთრივ არ ფლობს სასაქონლო მატერიალურ მარაგებს; დაცულია რისკებისგან, როგორიცაა: მარაგების, საკრედიტო, სავალუტო, ა.შ. რისკები; პასუხიმგებელია ლოჯისტიკაზე.
შედეგად, „----------“ ატარებს შუამავლის ფუნქციას, თუმცა მისი ფუნქციონალური პროფილი ახლოს არის დაბალი რისკის მატარებელ დისტრიბუტორთან, რომელიც საბითუმოდ გადაყიდის საქონელს, იმ განსხვავებით, რომ „----------“ არ ფლობს სასაქონლო მატერიალურ მარაგებს. შედეგად, საგადასახადო ორგანო არ ითვალისწინებს აღნიშულ ფაქტს და აკეთებს არასწორ დასკვნას „----------“ ფუნქციონალური პროფილის განსაზღვრისას. ამასთან, აკეთებს არასწორ გათვლებს „----------“, როგორც აგენტის, საფასურის დათვლისას. კერძოდ: საგადასახადო ორგანო, „----------“, როგორც აგენტის, საფასურის განსასაზღვრად იყენებს კონტროლირებულ ოპერაციაში ხელფასის, ტრანსპორტირების და დაზღვევის ხარჯებს და ამატებს ფასნამატს მთლიან ხარჯებზე, ე.ი. რომელიც მოიცავს საქონლის თვითღირებულებასაც. ამისათვის, ის ეყრდნობა ---------- შედარებადობის კვლევის შედეგებით მიღებულ ფასნამატის საბაზრო დიაპაზონს. შესაბამისად, თვლის, რომ „----------“ ფასნამატი მთლიან ხარჯებზე ექცევა საბაზრო დიაპაზონში და ამავე ფასნამატის მაჩვენებლებს (რაც შეადგენს 1.24%-ს 2018 წელს, 1,54%-ს 2019 წელს, ხოლო 2020 წელს 1,82%- ს) იყენებს ე.წ. აგენტის საფასურის დასათვლელად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებით დამტკიცებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ, კონტროლირებული ოპერაცია ან კონტროლირებული ოპერაციების ერთობლიობა, ხვდება საბაზრო დიაპაზონის ფარგლებს გარეთ, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს საწარმოს დასაბეგრი მოგების შესწორება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული შესწორებით შესაბამისი ფინანსური მაჩვენებელი გაუტოლდება შესაბამისი საბაზრო დიაპაზონის მედიანას, თუ ფაქტები და გარემოებები მკაფიოდ არ მიუთითებენ აღნიშნული ფინანსური მაჩვენებელის საბაზრო დიაპაზონის სხვა წერტილთან ტოლობის შესახებ. საგადასახადო ორგანო უშვებს დამატებით ხარვეზს გამოთვლებში. კომპანიის საოპერაციო ხარჯებს ამატებს არა მედიანას, როგორც ამას ზემოთ მოყვანილი ნორმა ითვალისწინებს, არამედ წლების მიხედვით მედიანაზე ბევრად ნაკლებს, 1.24%-ს 2018 წელს, 1,54%-ს 2019 წელს, ხოლო 2020 წელს 1,82%-ს. აღნიშნული მონაცემები შემმოწმებელს აღებული აქვს ---------- კომპანიის მთლიან დანახარჯებზე ფასნამატის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საოპერაციო ხარჯებს დაემატებოდა მედიანა, შემმოწმებლის მიდგომა არასწორი იქნებოდა.
საჩივრით კომპანია არ ითხოვს ამ ნაწილში ხარვეზის გასწორებას. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მიდგომა კომპანიისთვის მეტი საგადასახდო ვალდებულების დასარიცხად შეირჩა. საგადასახადო ორგანო არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დამოუკიდებელი შესადარებლების მთლიან დანახარჯებზე ფასნამატის მაჩვენებელი დათვლილი იყო საქონლის ხარჯის გათვალისწინებით და ის შეადარა კომპანიის ისეთ ფასნამატის მაჩვენებელს, რომელშიც საქონლის ხარჯი არ იყო გათვალისწინებული. შედეგად, საგადასახადო ორგანოს ამ ნაწილში ილუსტრირებული მიდგომა არ ითვალისწინებს შედარებადობის პრინციპს და მოკლებულია რაციონალურ, ლოგიკურ ანალიზს.
---------- მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაში გამოყენებული მიდგომა სრულ შესაბამისობაშია სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესებთან და ითვალისწინებს კონტროლირებულ ოპერაციაში „----------“ ფუნქციონალურ პროფილსა და შედარებადობის ფაქტორებს, კერძოდ:
შედარებადობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, იუაის კვლევაში გათვალისწინებულია გარე შედარებადი კომპანიების ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. კერძოდ, შეუძლებელია გარე შედარებადი კომპანიების მთლიანი ხარჯებიდან მხოლოდ შუამავლის ფუნქციასთან დაკავშირებული ხარჯის ზუსტად გამიჯვნა. აქედან გამომდინარე, მომგებიანობის მაჩვენებლად არჩეული იქნა ფასნამატი მთლიან ხარჯებზე. აღსანიშნავია, რომ მთლიან ხარჯებზე ფასნამატის მაჩვენებელი ყველაზე ხშირად გამოიყენება მომსახურების შეფასებისას, ვინაიდან: 1) ეს მეთოდი ნაკლებად მგრძნობიარეა მომსახურების მახასიათებლების მიმართ და 2) ეფუძნება მსგავსებას განსახილველ და დამოუკიდებელ ოპერაციებთან დაკავშირებულ ხარჯების კატეგორიებს შორის.
მეორე მხრივ, ---------- კვლევაში გათვალისწინებულია გარე შედარებადი კომპანიების ფუნქციონალური პროფილის შესაბამისობა „----------“ ფუნქციებთან. კერძოდ, შედარებადობის კვლევისას შერჩეული იქნა კომპანიები, რომლებიც ახორცილებენ მსგავსი საქონლის საბითუმოდ გადაყიდვას/დისტრიბუციას. ასევე, განხორციელდა შედარებადი კომპანიების ფინანსური ინფორმაციის დაკორექტირება იმის გათვალისწინებით, რომ შედარებად კომპანიებს, სავარაუდოდ, ექნებოდათ მარაგი, ასევე გასცემდნენ კრედიტს დამოუკიდებელი მხარის მომხმარებელზე და მიიღებდნენ დაფინანსებას მესამე მხარის მომწოდებლებისგან, მაშინ, როდესაც „----------“ უწევს გაყიდვების მომსახურებას და ძირითადად მოღვაწეობს, როგორც შუამავალი, აქვს ინვენტარის დაბალი რისკი და შედარებით დაბალი დებიტორული და კრედიტების ანგარიში. შედეგად, შედარებადი კომპანიების ფასნამატის მაჩვენებელი შეესაბამება ნულოვანი საბრუნავი კაპიტალის დონეს და შედარებადია „----------“ ფასნამატს მთლიან ხარჯებზე.
აქედან გამომდინარე, კომპანია არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ მიდგომას, ვინაიდან ის არ ითვალისწინებს ოპერაციის ფაქტობრივ გარემოებებსა და შედარებადობის კრიტერიუმებს, შესაბამისად იძლევა არასწორ შედეგებს. საგადასახადო ორგანოს მიდგომა მოკლებულია, როგორც სატრანსფერო ფასწარმოქმნის საკანონმდებლო მიდგომებს, ასევე რაციონალურ, ლოგიკურ ანალიზს.
კომპანიის დამფუძნებელი შპს ---------- საქონლის შეძენის ანალოგიურ ოპერაციაზე, 2015 წელს, გამართლდა შემოსავლების სამსახურში. 2010, 2011, 2012, 2013, წლების საანგარიშო პერიოდში, კომპანიის დამფუძნებელი ---------- განხილულ საკითხზე, საქონლის შეძენის ოპერაციაზე, დაჯარიმდა შემოსავლების სამსახურის მიერ. დავის განმხილველი ორგანოსთვის მარტივი რომ იყოს შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმება, მიუთითებს საქმის რეკვიზიტებს: შემოწმების ბრძანება №26998; თარიღი 23 მაისი 2014 წ.; 2014 წლის 29 ოქტომბრის შემოწმების აქტი; საგადასახადო მოთხოვნა №094-110.
2014 წელს საგადასახადო ორგანომ საქონლის შესყიდვის ოპერაცია შეაფასა, როგორც არასაბაზრო. მსგავსი საქონლის მწარმოებელი/მიმწოდებელი დამოუკიდებელი კომპანია „----------“ გამოითხოვა ინფორმაცია, საქონლის ფასების შესახებ და დაადგინა, რომ ხშირად ---------- საქონელს შეიძენდა „----------“ ფასებზე მეტ ფასად. აუდიტორმა არაპირდაპირი მეთოდით დათვალა სხვაობა და კომპანიას დაარიცხა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნული აქტი გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომელიც დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2015 წლის №13063 ბრძანებით, დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას. აღსანიშნავია ის, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი სრულად დაეყრდნო ---------- გამოყენებულ სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიას. განხილულ საქონლის შეძენის ოპერაციაზე, ---------- ჯგუფის კომპანიებისთვის, ---------- მიერ წლების განმავლობაში მზადდებოდა სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია იგივე მიდგომით, რაც გაზიარებულია შემოსავლების სამსახურის მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯგუფის კომპანიებისთვის ქმნიდა მოლოდინს, რომ ის პრაქტიკა, რომელიც შემოსავლების სამსახურმა საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით დაამკვიდრა თავისი გადაწყვეტილებით, მიჩნეული იქნებოდა როგორც საუკეთესო მომდევნო პერიოდების განმავლობაშიც. ჯგუფის წევრი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური მარეგულირებელი გარემო და პრაქტიკა. კომპანიის აზრით, საგადასახდო ორგანოს აღნიშნული მიდგომა სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული და არათანმიმდევრულია.
საგადასახადო ორგანოს მიერ დაირღვა შემოსავლის სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის გადატანის ნაწილი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 მაისის №15609 ბრძანებით დამტკიცებული „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ მეთოდური მითითების 44-ე მუხლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ რეკომენდირებულია, საქართველოს საწარმომ მოამზადოს და შეინახოს ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მტკიცების ტვირთის შემოსავლების სამსახურზე გადასატანად. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის მომზადება მტკიცების ტვირთს, იმის საჩვენებლად, რომ კონტროლირებული ოპერაციის (ოპერაციების) პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, გადაიტანს შემოსავლების სამსახურზე. მაშინ, როცა ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოუმზადებლობა და მიუწოდებლობა შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული კორექტირებისას გამოიწვევს მტკიცების ტვირთის გადატანას საქართველოს საწარმოზე იმის საჩვენებლად, რომ პირობები შეესაბამებოდა საბაზრო პრინციპს“.
საგადასახადო აქტის მიხედვით, „საქონლის დანახარჯი, ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, არ წარმოადგენს „----------“-ის საქმიანობის საოპერაციო ხარჯს“. აქტში მოცემული არ არის რა ფაქტობრივ გარემოებებს გულისხმობს, შემმოწმებელი. იმ პირობებში, როდესაც კანონით დადგენილ ვადაში საგადასახდო ორგანოში წარდგენილ იქნა სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა, საგადასახდო შემოწმების აქტში და დანართში არ არის მოცემული მტკიცება, არგუმენტები, შენიშვნა დასკვნასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იქნა იუაის მოცემული მიდგომები გაზიარებული, რითაც დაირღვა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის გადატანის ნაწილი.
კომპანიის მიზანი არ ყოფილა მოგების სხვა ქვეყანაში გადატანა. კომპანია შიდა ჯგუფურ ოპერაციებზე იხდიდა მედიანაზე ბევრად ნაკლებს. შპს „----------“ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია აკმაყოფილებს სატრანსფერო ფასწარმოქმნის კანონმდებლობის მოთხოვნებს. კომპანია ყველა კონტროლირებულ ოპერაციებში იხდის ინტერკვარტილურ დიაპაზონში მოცემულ მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებს. აღნიშნულის გადამოწმება შესაძლებელია წინა საგადასახადო პერიოდების სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტების ანალიზითაც.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ საქონლის შეძენის ოპერაციაზე კომპანიის მიზანი არ ყოფილა მოგების გადატანა სხვა ქვეყანაში (BEPS). საქონლის ოპერაციაზე მაშინ, როდესაც დამოუკიდებელ შესადარებელ კომპანიებს ჰქონდათ ბევრად მაღალი ზედა კვარტილი (13,6% - 2018წ; 6,73% - 2019–2020წწ.), კომპანიას შემოწმებულ პერიოდში ჰქონდა მედიანაზე ნაკლები მაჩვენებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას შეეძლო უფრო მეტი გადაეხადა დაკავშირებული მხარისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, იხდიდა მედიანაზე ბევრად ნაკლებს (1.24%-ს 2018, 2019-1,54%; და 1,82%-ს 2020 წელს). განხილულ პერიოდში, კომპანიის მიღებული კონტროლირებული სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5,5%-ს. აუდიტის დეპარტამენტმა, სასაქონლო ოპერაციასთან ერთად შეამოწმა სესხიც. საგადასახადო ორგანო დაეთანხმა კომპანიის წარდგენილ შესადარებლებს, რომელთა სრული დიაპაზონი შეადგენს 5%-დან 7,3%- მდე. კომპანიის მოტივი, რომ ყოფილიყო მოგების სხვა იურისდიქციაში გადატანა, სასესხო განაკვეთის მცირედი ცვლილების გაზრდის შემთხვევაში, კომპანიას შეეძლო იგივე ოდენობის მოგების სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესების დაცვით გადატანა ოპერაციის მეორე მხარეს, ----------. კომპანიის მოტივს რომ არ წარმოადგენს მოგების მეორე ქვეყანაში გადატანა, ადასტურებს ისიც, რომ ოპერაციის მეორე მხარის იურისდიქციაში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთი შეადგენს 19%-ს. ნათელია, რომ დაბალი საგადასახადო რეჟიმის ქვეყნიდან შემოსავლის მაღალი საგადასახადო რეჟიმის ქვეყანაში გადატანის რაციონალური საბაბი არ არსებობს. სამ საანგარიშგებო პერიოდში, კომპანიაზე დარიცხული თანხა, საურავის ჩათვლით, 21 144 ლარის ტოლია, რომელიც კომპანიის შემოსავლებთან შედარებით არაარსებითია. კომპანიისთვის და ---------- ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია საგადასახადო რეპუტაცია და ასევე ის, რომ უკანონოდ არ იქნეს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები მაშინ, როცა კომპანია კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს.
დიდი ოთხეულის წევრი ---------- ს დასკვნა საქონლის შესყიდვის განგრძობით ოპერაციაზე სხვა პერიოდში. 2023 წლის აპრილში, დაკავშირებული მხარისგან საქონლის შესყიდვის ოპერაციაზე დიდი ოთხეულის წევრმა, ---------- თბილისის ოფისმა, კომპანიის დაკვეთით მოამზადა სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა, რომელიც ეხება იგივე საქონლის შესყიდვის ოპერაციას. ---------- ის მიერ მომზადებული დასკვნა ეყრდნობა იმ მიდგომებს, რომელიც წინა პერიოდებში გამოყენებული იყო ---------- ის მიერ.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეული მიდგომა არის არასწორი, დასკვნა არ ეყრდნობა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, დეტალურად არ სწავლობს საქმის არსებით მხარეს. საქმის არსებითი ნაწილის შესწავლით ნათელი ხდება ის, რომ საგადასახდო ორგანომ, იუაის მიერ მომზადებული დასკვნის შედეგების არასწორად, შეცდომით გამოყენებამ, გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა. კერძოდ:
- ---------- მიერ მოძიებული შესადარებელი კომპანიების მთლიან დანახარჯებზე ფასნამატის მაჩვენებელი მოიცავს, მთავარ კომპონენტს, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას. საგადასახადო ორგანო ეყრდნობა რა იუაის მიერ შერჩეული კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს, არ ითვალისწინებს შედარებადობის პრინციპს და „----------“, როგორც აგენტის, საფასურს ითვლის არასწორად. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მხედველობიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი შესადარებლების მთლიან ხარჯებზე ფასნამატის მაჩვენებელი დათვლილი იყო საქონლის ხარჯის გათვალისწინებით და ის შეადარა „----------“ ისეთ ფასნამატის მაჩვენებელს, რომელშიც საქონლის ხარჯი არ იყო გათვალისწინებული. აღნიშნული მიდგომა მოკლებულია რაციონალურ ანალიზს. თვით ფინანსური მაჩვენებლის სახელი „მთლიან დანახარჯებზე ფასნამატიც“ მიუთითებს, რომ ამ ფინანსური მაჩვენებლის გამოყენების შემთხვევაში ყველა ხარჯი უნდა იქნას გათვალისწინებული. ამასთან, დამატებითი ხარვეზს წარმოადგენს ის, რომ საგადასახადო ორგანო შესწორებისას არ იყენებს მედიანას, რომლის გამოყენება კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
- საგადასახდო ორგანოს აღნიშნული მიდგომა, არათანმიმდევრულია. „----------“ ჯგუფის წევრი, შპს ----------, საქონლის შეძენის ანალოგიურ ოპერაციაზე საგადასახდო ორგანომ შეამოწმა 2014 წელს. კომპანიამ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა იუაის მიერ მომზადებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა, შედეგად, საგადასახადო ორგანო დაეთანხმა კომპანიას, რომ გამოყენებული მიდგომა სწორია და შეესაბამება სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესებს. „----------“ და ჯგუფის სხვა წევრებს შორის საქონლის შესყიდვის ოპერაცია არის იდენტური და „----------„ ასრულებს იგივე ფუნქციებს შესამოწმებელ პერიოდშიც. საქონლის შესყიდვის ოპერაციის შეფასებისთვის გამოყენებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია არ შეცვლილა აღნიშნული პერიოდის შემდეგ. კომპანიისთვის გაუგებარია იგივე ოპერაციაზე და ჩამოყალიბებულ მიდგომაზე რატომ იყენებს შემოსავლების სამსახური განსხვავებულ და დაუსაბუთებელ მიდგომას მაშინ, როცა 2015 წელს გაზიარებულ იქნა იუაის ის მეთოდოლოგია, რომელიც კომპანიასთან მიმართებაში გამოყენებულია 2018- 2020 პერიოდზე.
- კომპანიის მოტივი და ინტერესი, რომ ---------- მოგების გადატანა არ არის, ადასტურებს ისიც, რომ საგადასახადო ორგანოს განხილული მეორე, კონტროლირებულ სასესხო ოპერაცია, კომპანიას გაფორმებული აქვს 5.5%-ად მაშინ, როცა კომპანიას შეეძლო დიაპაზონიდან 5% - 7,3% ნებისმიერი სარგებლით გაეფორმებინა სესხი. შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა სესხის საპროცენტო განაკვეთის ოდნავი მართლზომიერი ზრდით გადაეტანა ---------- თანხის ის ოდენობა, რომელიც მას საგადასახადო შემოწმებით დაუდგინდა, როგორც მოგების გადატანა. თუმცა, კომპანია კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს და მისი მიზანი არ არის გადასახადების ხარჯზე ამონაგების ზრდა. კომპანიის მოტივს, რომ მოგების მეორე ქვეყანაში გადატანა არ წარმოადგენს ადასტურებს ისიც, რომ საქართველოში მოგების გადასახადი 15%-ია, ხოლო ---------- 19%. დაბალი საგადასახადო რეჟიმიდან შემოსავლის მაღალი საგადასახადო რეჟიმის ქვეყანაში გადატანის სურვილი ბიზნესისთვის არარაციონალურია. სამ საანგარიშგებო პერიოდში კომპანიაზე დარიცხული თანხა, საურავის ჩათვლით, 21 144 ლარის ტოლია, რომელიც კომპანიის შემოსავლებთან შედარებით არაარსებითია. კომპანიისთვის და ---------- ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში რეპუტაციის ქონა და ასევე ის, რომ უკანონოდ არ მოხდეს მასზე საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა.
- კომპანიის მიერ გამოყენებული მიდგომების სისწორეს ადასტურებს ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, ---------- ის და ---------- ის, მიერ მომზადებული დასკვნები. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, დაკავშირებული მხარისგან საქონლის შესყიდვის ოპერაციაზე დიდი ოთხეულის წევრმა, ---------- ის თბილისის ოფისმა, კომპანიის დაკვეთით მოამზადა სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა 2022 წელზე. ---------- მიერ მომზადებული დასკვნა ეყრდნობა იმ მიდგომებს, რაც წინა პერიოდებში გამოყენებულია ---------- ის მიერ.
- საგადასახადო ორგანოს ბოლო გადაწყვეტილებით შემდეგ, კომპანიამ დამატებით წარადგინა: საქონლის შესყიდვის დეკლარაციები (2018წ.; 2019წ.; 2020წ.); ურთიერთდამოკიდებული პირის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას; 2014 წლის სს ---------- სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა. აღნიშნული ინფორმაცია საკმარისი იყო გადაწყვეტილების კომპანიის სასარგებლოდ აღსასრულებლად.
შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მიდგომა არათანმიმდევრულია, არ ითვალისწინებს ოპერაციის ფაქტობრივ გარემოებებსა და შედარებადობის კრიტერიუმებს, რის შედეგადაც იძლევა არასწორ შედეგებს.
იუაის კვლევის მეთოდოლოგიით მიღებული შედეგები სრულად აკმაყოფილებს შედარებადობისა და საიმედოობის კრიტერიუმებს. შესაბამისად, გაუმართლებელია სატრანსფერო ფასწარმოქმნის მიდგომის და წინა საგადასახადო პრაქტიკის შეცვლა.
ასევე ითხოვს მხედველობაში იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპანიის მიზანი არასდროს ყოფილა გადასახადის შემცირება და ძირითად გადასახადთან ერთად, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო სანქციებისაგან.
შპს „----------“ და ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიები მრავალი წლის განმავლობაში კონტროლირებულ ოპერაციებში ფასის დადგენისას იყენებენ საბაზრო პრინციპებთან შესაბამის მიდგომებს. აღნიშნულის სისწორეს ადასტურებს ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, ---------- სა და ---------- ის მიერ კომპანიის კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნებიც. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობა გამართოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან. ამასთან, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელისა და საქართველოში არსებული მსხვილი ინვესტორისთვის, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ნორმებთან თანხვედრაში ყოფნა. აქედან გამომდინარე, შპს „----------“ კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული სადაო საკითხების გადაჭრისათვის ოპტიმალურ საშუალებად მიიჩნევს შემოსავლების სამსახურთან წინასწარი საფასო შეთანხმების (APA-ის) გაფორმებას. თავის მხრივ, კომპანიას აქვს მოლოდინი, რომ შემოსავლების სამსახური კონსულტაციას გაივლის დარგის სპეციალისტებთან, მაგალითად, დახმარებას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD-ის) ინიციატივით შექმნილი საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე (TIWB) პლატფორმის ფარგლებში. შესაბამისად კომპანია იმედოვნებს, რომ მათი რეკომენდაციისა და კომპანიის მიერ დაქირავებული ორი ავტორიტეტული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომზადებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება შემოსავლების სამსახურთან ისეთი სახის შეთანხმების მიღწევა, რომლითაც კომპანიისათვის ნათლად განისაზღვრება სამომავლო ტრანზაქციებთან დაკავშირებული მიდგომები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, ამასთან, იგივე მიდგომა გავრცელდება ძველი პერიოდის საგადასახადო დავასთან დაკავშირებულ კონტროლირებულ ოპერაციებზეც.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „----------“ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსგან ითხოვს, რომ არსებული დავის გადაწყვეტის მექანიზმად შერჩეულ იქნას APA. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „----------“ ენდობა შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო კონსულტანტებს და ამასთან, დარწმუნებულია კომპანიის კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული მიდგომების სამართლიანობაში (რომელიც ასევე დასტურდება ---------- ის და ---------- ის მიერ მომზადებულ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტებში არსებული დასკვნებითაც), კომპანიას აქვს მოთხოვნა, რომ შემოსავლების სამსახურთან გაფორმდეს წინასწარი საფასო შეთანხმება (APA) და შესაბამისად, აღნიშნულის ფარგლებში მოხდეს მიმდინარე დავის გადაწყვეტაც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29598 ბრძანებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის (შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატთან/მარჟასთან დაკავშირებით) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29598 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2023 წლის დასკვნით:
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ჯგუფის წევრი კომპანიის სს ---------- 2010- 2013 წლების საგადასახადო შემოწმების აქტი, სადაც დარიცხვის თემა იყო საქონლის შეძენის ოპერაცია არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირისგან („----------“), და მასთან დაკავშირებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დარიცხული თანხის შემცირების შესახებ. გადამხდელმა აღნიშნა, რომ ---------- ჯგუფის კომპანიებისთვის სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია იყო იგივე, რაც შპს „----------“ შემთხვევაში და აღნიშნულის მიუხედავად, სს ---------- ამ თემასთან დაკავშირებით დარიცხული თანხა შეუმცირდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე.
აუდიტორების მიერ შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და არ მოხდა მისი გათვალისწინება შემდეგ გარემოებათა გამო: კომპანია სს ---------- თანხა დაერიცხა შეძენილი ფასის არასაბაზროობის გამო, კერძოდ, გასვლითი საგადასახადო შემოწმების აუდიტორებმა მიიჩნიეს, რომ საქონლის ფასი რაზეც მომწოდებელ კომპანიას გავრცელებული ჰქონდა ფასნამატი, იყო საბაზრო პრინციპებთან შეუსაბამო, ვინაიდან ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიას საქონელი ხშირ შემთხვევაში შემოტანილი ჰქონდა გაცილებით ნაკლებ ფასად, ხოლო შპს „----------“ გადასახადის დარიცხვა გამოიწვია შემდეგმა საკითხმა: დამფუძნებელი კომპანია - „----------“ - განხილულ იქნა როგორც შუამავალი, შესაბამისად, მიუხედავად საქონლის ფასის საბაზროობისა, გადამხდელს ფასნამატი უნდა გაევრცელებინა არა მთლიან დანახარჯებზე, არამედ საოპერაციო ხარჯებზე, რაც „----------“-ის შემთხვევაში იყო ტრანსპორტირება, დაზღვევა, ხელფასები, ხოლო საქონლის დანახარჯი, ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, არ წარმოადგენდა „----------“-ის საქმიანობის საოპერაციო ხარჯს.
შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ხარჯის გათვალისწინება არ უნდა მომხდარიყო ფასნამატის გასავრცელებელ ბაზაში. გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში სხვა დამატებითი მტკიცებულებები/დოკუმენტები არ წარუდგენია, შესაბამისად დარიცხული თანხები არ გადაანგარიშდა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო ორგანომ კომპანიას საგადასახადო ვალდებულები დაარიცხა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის ფინანსური სურათი შეადარა ისეთი კომპანიების ფინანსურ მონაცემებს, რომელიც წარმოდგენდნენ კომპანიის შესადარებელ კომპანიებს, თუმცა ჩეხური კომპანიის ფინანსური მონაცემები დამახინჯდა იმ გარემოებით, რომ საგადასახადო ორგანომ ხარჯების ბაზიდან ამოიღო საქონლის დანახარჯი, ხოლო შესადარებელი კომპანიების ფინანსური მონაცემები მოიცავდა საქონლის დანახარჯს, აღნიშნული ნებისმიერ კომპანიას უქმნის საგადასახადო რისკს. კომპანიას წარდგენილი აქვს ორი ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანიის, ---------- ის და ---------- ის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ კომპანიის ფინანსური მონაცემის შესაბამისობა სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესებთან და არანაირი მოტივი კომპანიას არ ჰქონდა, რომ დაბალი საგადასახადო რეჟიმის ქვეყნიდან შემოსავალი მაღალი საგადასახადო რეჟიმის ქვეყანაში გადაეტანა. ის, რომ თვითღირებულებაში არ უნდა მონაწილეობდეს საქონლის დანახარჯი არ შეესაბამება ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებს და ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას. ჩეხური კომპანია საქონელს აღრიცხავს, როგორც ბუღალტრულად, ასევე ფინანსურ ანგარიშგებაში, რაც მიწოდებულია საგადასახადო ორგანოსთვის. კომპანია, რომ არ ცდილობს გადასახადების დამალვას ან მინიმიზებას ადასტურებს ფაქტი, რომ კომპანიის დანამატი ამ ტრანზაქციაში არის მინიმალური და შეადგენს წლების მიხედვით 1.7%-ს; 1,5%-ს; 1.24%-ს, მაშინ როდესაც შესადარებელი კომპანიების მარჟები მაღალია და მერყეობს 1%-დან 13%-მდე. საგადასახადო ორგანოს აპელირება, რომ კომპანია შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს აგენტად, არ არის დასაბუთებული სამართლებრივად, რადგან კომპანია თავისი შინაარსით წარმოადგენს მცირე რისკების მქონე კომპანიას, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს ლოჯისტიკაზე, რისკებზე, როგორიცაა მარაგები, საკრედიტო, სავალუტო. ასევე, ის ღებულობს საკუთრების უფლებას საქონელზე შეზღუდული დროით. აღნიშნული ადასტურებს, რომ კომპანიას ჰქონდა გარკვეული ფუნქციები და კომპანიამ უნდა გადაუხადოს ამ ფუნქციებისათვის შესაბამის ანაზღაურება. საგადასახადო ორგანო თვლის, რომ მას არ ჰქონდა ფუნქციები და ამიტომ ის არ უნდა ანაზღაურდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება სატრანსფერო ფასწარმოქმნის მთავარ პრინციპს, რომელიც მიუთითებს, რომ ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებს შორის ურთიერთობები ისე უნდა განვიხილოთ, როგორც ეს იქნებოდა ორ დამოუკიდებელ მხარეს შორის ურთიერთობა, თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ მხარეს საერთოდ არ ეკუთვნის ამ ტრანზაქციაში ანაზღაურება ეს ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპს. საგადასახადო ორგანომ წარადგინა ორი საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, საგადასახადო ორგანოს კი არ წარმოუდგენია ალტერნატიული დასკვნა/ხედვა ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით (ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად). ასევე, ვინაიდან, კომპანიის მიზანი არასდროს ყოფილა გადასახადის შემცირება, ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სანქციებისაგან.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია, კომპანიის აგენტად მიჩნევასთან დაკავშირებით ეყრდნობა კომპანიის მიერ წარდგენილ დასკვნას. აღნიშნული საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში 4-ჯერ იქნა განხილული დავების განმხილველი ორგანოს მიერ და არასდროს არ ყოფილა კვალიფიკაცია შეცვლილი, რომ კომპანია წარმოადგენს მცირე რისკის დისტრიბუტორს. ამ ეტაპზეც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით კომპანიის ფუნქციურ პროფილზე მომჩივნის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. აუდიტის დეპარტამენტს ევალებოდა მარჟებთან დაკავშირებით საკითხის დამატებით შესწავლა, რასთან დაკავშირებით მომჩივანს უნდა წარედგინა დამატებითი მტკიცებულები. აღსრულების ეტაპზე გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შედეგს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29598 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 28.11.2022 წლის №29598 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო ორგანომ კომპანიას საგადასახადო ვალდებულები დაარიცხა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის ფინანსური სურათი შეადარა ისეთი კომპანიების ფინანსურ მონაცემებს, რომელიც წარმოდგენდნენ კომპანიის შესადარებელ კომპანიებს, თუმცა ჩეხური კომპანიის ფინანსური მონაცემები დამახინჯდა იმ გარემოებით, რომ საგადასახადო ორგანომ ხარჯების ბაზიდან ამოიღო საქონლის დანახარჯი, ხოლო შესადარებელი კომპანიების ფინანსური მონაცემები მოიცავდა საქონლის დანახარჯს, აღნიშნული ნებისმიერ კომპანიას უქმნის საგადასახადო რისკს. კომპანიას წარდგენილი აქვს ორი ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანიის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ კომპანიის ფინანსური მონაცემის შესაბამისობა სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესებთან და არანაირი მოტივი კომპანიას არ ჰქონდა, რომ დაბალი საგადასახადო რეჟიმის ქვეყნიდან შემოსავალი მაღალი საგადასახადო რეჟიმის ქვეყანაში გადაეტანა. ის, რომ თვითღირებულებაში არ უნდა მონაწილეობდეს საქონლის დანახარჯი არ შეესაბამება ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებს და ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას. ჩეხური კომპანია საქონელს აღრიცხავს, როგორც ბუღალტრულად, ასევე ფინანსურ ანგარიშგებაში, რაც მიწოდებულია საგადასახადო ორგანოსთვის. კომპანია, რომ არ ცდილობს გადასახადების დამალვას ან მინიმიზებას ადასტურებს ფაქტი, რომ კომპანიის დანამატი ამ ტრანზაქციაში არის მინიმალური და შეადგენს წლების მიხედვით 1.7%-ს; 1,5%-ს; 1.24%-ს, მაშინ როდესაც შესადარებელი კომპანიების მარჟები მაღალია და მერყეობს 1%-დან 13%-მდე. საგადასახადო ორგანოს აპელირება, რომ კომპანია შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს აგენტად, არ არის დასაბუთებული სამართლებრივად, რადგან კომპანია თავისი შინაარსით წარმოადგენს მცირე რისკების მქონე კომპანიას, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს ლოჯისტიკაზე, რისკებზე, როგორიცაა მარაგები, საკრედიტო, სავალუტო. ასევე, ის ღებულობს საკუთრების უფლებას საქონელზე შეზღუდული დროით. აღნიშნული ადასტურებს, რომ კომპანიას ჰქონდა გარკვეული ფუნქციები და კომპანიამ უნდა გადაუხადოს ამ ფუნქციებისათვის შესაბამის ანაზღაურება. საგადასახადო ორგანო თვლის, რომ მას არ ჰქონდა ფუნქციები და ამიტომ ის არ უნდა ანაზღაურდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება სატრანსფერო ფასწარმოქმნის მთავარ პრინციპს, რომელიც მიუთითებს, რომ ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებს შორის ურთიერთობები ისე უნდა განვიხილოთ, როგორც ეს იქნებოდა ორ დამოუკიდებელ მხარეს შორის ურთიერთობა, თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ მხარეს საერთოდ არ ეკუთვნის ამ ტრანზაქციაში ანაზღაურება ეს ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპს. საგადასახადო ორგანომ წარადგინა ორი საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, საგადასახადო ორგანოს კი არ წარმოუდგენია ალტერნატიული დასკვნა/ხედვა ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით (ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად).
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია, კომპანიის აგენტად მიჩნევასთან დაკავშირებით ეყრდნობა კომპანიის მიერ წარდგენილ დასკვნას. აღნიშნული საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში 4-ჯერ იქნა განხილული დავების განმხილველი ორგანოს მიერ და არასდროს არ ყოფილა კვალიფიკაცია შეცვლილი, რომ კომპანია წარმოადგენს მცირე რისკის დისტრიბუტორს. ამ ეტაპზეც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით კომპანიის ფუნქციურ პროფილზე მომჩივნის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. აუდიტის დეპარტამენტს ევალებოდა მარჟებთან დაკავშირებით საკითხის დამატებით შესწავლა, რასთან დაკავშირებით მომჩივანს უნდა წარედგინა დამატებითი მტკიცებულები. აღსრულების ეტაპზე გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შედეგს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).