ბრძანება N 20993

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.08.2018
№ დოკუმენტი 20993
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 20993

07/08/2018

შპს -----

(მის: ქ. --------)

2018 წლის 4 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 27 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N66) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება 2018 წლის 5 ივნისის N006-213 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნას“.

საჩივარში აღნიშნულია, რომ კომპანიას გაფორმებული ქონდა საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება არარეზიდენტ კომპანიასთან „-----“-თან. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხები შემმოწმებლის მიერ სსკ-ის 104-ე მუხლის შესაბამისად მიჩნეულ იქნა საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არარეზიდენტ „-----“-თან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს სასტუმროს, როგორც ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, კერძოდ: იმ სახელშეკრულებო პირობების შესწავლა/მიმოხილვას, რომელიც კომპანიის მიერ შეთანხემბული იყო საკონსულტაციო ხელშეკრულების თარიღისთვის არარეზიდენტ სასტუმროს ოპერატორ კომპანიასთან; კომპანიის მიერ შემუშავებული ფინანსური მოდელის მიმოხილვა, პროექტის ფარგლებში გასაწევი ფიქსირებული და ცვლადი დანახარჯების შეფასებისთვის განახლებული ფინანსური მოდელის დამუშავება სეზონურობის ეფექტის გათვალისწინებით; დამატებითი კონსულტაცია არარეზიდენტ სასტუმროს ოპერატორ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების კომერციული პირობების გაუმჯობესებასთან მიმართებაში. გადამხდელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევა არარეზიდენტი კომპანიის მიერ არ განხორციელებულა საქართველოს ტერიტორიაზე. მომჩივანი აღნიშნავს, რომ სსკ-ის 104-ე მუხლით „-----“-ის მიერ გაწეული მომსახურება არ ექვემდებარება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავალს და შესაბამისად არ უნდა დაექვემდებაროს გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის პირველი სექტემბრის N23256 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ----- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2017 წლის 15 დეკემბრის N34082 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 18 დეკემბრის N006-856 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ შემცირდა 215 116.5 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი შემცირდა 242 944 ლარი, ჯარიმა დაეკისრა 16 260 ლარი, ხოლო საურავი დაეკისრა 5 781.5 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელზეც, 2018 წლის 12 მარტს გამოიცა N5133 ბრძანება, საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ბრძანებაში აღნიშნულია:

,, 1. შპს ----- 2018 წლის 16 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არარეზიდენტი პირის მიერ გაწული მომსახურებათან დაკავშირებული მტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს მიღებული ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლითაც განისაზღვრება ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტები. აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს მიღებული ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

4. ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის N5133 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 30 მაისს გამოიცა შპს ----- საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა, 2018 წლის 4 ივნისის N13739 ბრძანება და 2018 წლის 5 ივნისის N006-213 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა - 226505,5 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი -250536 ლარით, ჯარიმა 18249 ლარით და საურავი 5781,5 ლარით.

გასაჩივრებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია არარეზიდენტ კომპანია ,,-----“-თან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ინვოისის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომლის მიხედვით, ზემოაღნიშნული კომპანია სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურებას უწევს შპს ----- “-ს. გადაანგარიშების მიერ აღნიშნული მომსახურება ჩაითვალა სსკ-ის 104-ე მუხლის შესაბამისად უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მომსახურებად და არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თნახმად ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ან სარგებელი;

გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:

გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;

გ.ბ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ უძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში; გ.გ) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ მოძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში;

გ.დ) მომსახურება დაკავშირებულია საქართველოს რეზიდენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან;

გ.ე) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი არის საქართველო და მომსახურება გაიწევა კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში;

გ.ვ) მომსახურების გაწევა დაკავშირებულია ტვირთების გადატანასთან ან მგზავრთა გადაყვანასთან და ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი არის საქართველო;

გ.ზ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება;

გ.თ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების, დაქირავებულის მეშვეობით ან სხვაგვარად (მათ შორის, მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი გაწეულია საქართველოში, მიუხედავად მისი ფაქტობრივად გადახდის ადგილისა), რაც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა საქართველოში გასწია მომსახურება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

საბჭო აღნიშნავს, რომ საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით.

ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დავის განმხილველი ორგანო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან.

როგორც უკვე აღინიშნა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები.

დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოკლებულია დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჯეროვნად არ განუხორციელებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა-შეფასების პროცედურა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სადავო აქტები საჭიროებს დამატებით შესწავლას.

აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტობრივი გარემოებების ჯეროვნად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სამართლევბრივი დასკვნის ჩამოყალიბებამდე, თუ ეს დასკვნა საჩივრის ავტორის პოზიციის საწინააღმდეგოა, უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში გადასახდის გადამხდელის მონაწილეობა და მხარეთა პოზიციების ურთიერთშეჯერების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქმეზე არსებული მასალებითა და დავების განხილვის საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები (მათ შორის: არარეზიდენტ კომპანია ,,-----“-თან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ინვოისის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- წლის 4 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები (მათ შორის: არარეზიდენტ კომპანია ,,-------“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ინვოისის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N6, მე-12 კილომეტრი), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთნხმება არაეზიდენტ კომპსნიაზე გადახდილი თნხების სსკ-ს 104 მუხლის შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ინვოისის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომლის მიხედვით, ზემოაღნიშნული კომპანია სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურებას უწევს გადაანგარიშების მიერ აღნიშნული მომსახურება ჩაითვალა სსკ-ის 104-ე მუხლის შესაბამისად უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მომსახურებად და არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 104(1)