გადაწყვეტილება №20918/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20918/2/2023
09 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 26.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20918/2/2023).
დავის საგანი:
1. არარეზიდენტ მომწოდებლისთვის საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადის დარიცხვა;
2. მარცვლეულის ტენიანობის შედეგად დანაკარგის ოდენობის განსაზღვრა და გამოვლენილი საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვა, შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №068-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20111 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 682 317 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 347 762
დღგ - 149 797
მიწის გადასახადი (სასოფლო) – (-4 630)
მოგების გადასახადი - (- 28 339)
საშემოსავლო გადასახადი - 1 230 934
ჯარიმა - 911 421
საურავი - 423 134
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა მარცვლეულის იმპორტი და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 9.12.2022 წლის წერილის (№21262/15-04-03/4) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 4.03.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 ივნისის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №14510 ბრძანება და №068-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არარეზიდენტ მიმწოდებლისთვის საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადის დარიცხვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ, მარცვლეულის იმპორტი სრულად ხორციელდება ----დან სახმელეთო გზით. შემოწმების მიერ, შესწავლილი იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ფინა“ და შემოწმების მიერ მოთხოვნილი, დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2022 წლის 29 სექტემბერს კომპანიის ანგარიშვალდებულ პირს არარეზიდენტი მომწოდებლისთვის, ---ში რეგისტრირებული შპს „---სთვის“ გადახდილი აქვს 13 500 000 რუბლის ეკვივალენტი 650 106 ლარი საქონლის მოსაწოდებლად (800 000 კგ ხორბალი). აღნიშნული გადახდის შემდეგ, კომპანიას უფიქსირდება მხოლოდ ერთი შესყიდვა 2022 წლის 3 ოქტომბერს. ასევე, 2022 წლის 9 ოქტომბერს ანგარიშვალდებულ პირს არარეზიდენტი მომწოდებლისთვის, ---ში რეგისტრირებული შპს „---თვის“ გადახდილი აქვს 163 000 ლარი, რომლის შესაბამისად მოწოდებული საქონელი არ ფიქსირდება. აღნიშნული ოპერაციების შემდგომ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობა აღარ უფიქსირდება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების, საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის გათვალისწინებით, არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი თანხა 813 106 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა, როგორც არარეზიდენტ პირზე სესხის გაცემა და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მიწოდებული, ძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ---ში რეგისტრირებულ ორ არარეზიდენტ კომპანიასთან იმყოფებოდა უკანონო გარიგებაში. კერძოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოსვლისას საქონლის განბაჟების პროცესში, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, გადასახადის გადამხდელი წარადგენდა არარეზიდენტი კომპანიების მიერ გამოწერილ ყალბ ინვოისებს, რომელშიც ფიქსირდებოდა საქონლის შემცირებული რაოდენობა და თანხა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვას სრულად არ ეთანხმება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო: 2022 წლის 29 სექტემბერს და 2022 წლის 9 ოქტომბერს --- რეგისტრირებულ ორ კომპანიაზე გადარიცხული იქნა ჯამში 813 106 ლარი საქონლის მოსაწოდებლად, ხოლო ---დან საქონლის ტრანსპორტირებას, საბაჟო და სხვა პროცედურების გავლას სჭირდება რამდენიმე თვე და ასევე, ---ის მიერ ---ში წარმოებული --- გახდა მომწოდებელის მხრიდან პროდუქციის მოწოდების შემაფერხებელი ძირითადი საფუძველი, რაც მათი მხრიდან განმარტებულია, როგორც საყოველთაოდ ცნობილი ფორს-მაჟორული მდგომარეობა. გარდა ამისა, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს არაერთხელ ეცნობათ საქონლის მოწოდების ვალდებულების ან ავანსის თანხის გონივრულ ვადაში დაბრუნების შესახებ, თუმცა მოთხოვნა დღემდე არ შესრულებულა, ვინაიდან მომწოდებელი განმარტავს, რომ ის იმყოფება საყოველთაოდ ცნობილ ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ საქონლის მოსაწოდებლად თანხის გადარიცხვის ფაქტი საგადასახადო შემოწმების დროს ეჭქვეშ არც დამდგარა. შესაბამისად, სახეზეა კომპანიიდან თანხის რეალურად გასვლა, რასაც ადასტურებს კომპანიებს შორის გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომელიც გადასახადის გადამხდელმა წარუდგინა აუდიტორს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის დაჯარიმება ფაქტობრივად განხორციელებულია ერთადერთი მიზეზით: კომპანიამ ვერ უზრუნველყო უცხოურ კომპანიებს, ავანსის გაცემიდან გონივრულ ვადაში, შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები, მოეწოდებინათ პროდუქცია ან დაებრუნებინა გადახდილი ავანსი, რაც სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
დადგენილია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის, შემოწმების მიერ მოთხოვნილი დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლით გამოვლინდა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირის მიერ, 2022 წლის 29 სექტემბერს და 9 ოქტომბერს, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის, კერძოდ, ---ში რეგისტრირებული ორი კომპანიისთვის, საქონლის მოსაწოდებლად 813 106 ლარის გადახდა, თუმცა საქონლის მოწოდება არ ფიქსირდება. აღნიშნული ოპერაციების შემდგომ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობა აღარ უფიქსირდება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი თანხა შემოწმებით დაკვალიფიცირდა არარეზიდენტებზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტი 13.10.2023 წლის №103064-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული, ძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ---ში რეგისტრირებულ ორ არარეზიდენტ კომპანიასთან იმყოფებოდა უკანონო გარიგებაში.
კერძოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოსვლისას, საქონლის განბაჟების პროცესში, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, გადასახადის გადამხდელი წარადგენდა არარეზიდენტი კომპანიების მიერ გამოწერილ ყალბ ინვოისებს, რომელშიც ფიქსირდებოდა საქონლის შემცირებული რაოდენობა და თანხა. ასევე, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის დეტალური ანალიზით გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელი, დაარსების დღიდან, მუდმივად ახორციელებს იმპორტს ---იდან პრობლემის გარეშე, მათ შორის ---ს მიმდინარეობის პერიოდშიც და გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომ კონკრეტულ ორ გადახდას შეექმნა პრობლემა და არ მოხდა საქონლის მოწოდება, საფუძველს მოკლებულია.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმების აქტითაც დადასტურებულია, რომ კომპანიის ანგარიშვალდებული პირის მიერ გადახდილია შპს „---თვის“ 650 106 ლარი, რომელთანაც თანამშრომლობს წლებია და ჯამში 4 მლნის საქონელია იმპორტირებული, ხოლო მეორე კომპანიისათვის გადარიცხულია 163 000 ლარი და აღნიშნული კომპანიიდან 22 მლი-ის საქონელი მოწოდებული და იმპორტირებული. ამიტომაც, გადარიცხული სადავო თანხების სესხად კვალიფიცირება უსამართლოდ მიაჩნია.
გადარიცხვების შემდგომ, საქონლის ნაწილი მოწოდებულია 2022 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, მაგრამ დანარჩენ საქონელზე მოხდა მოწოდების შეფერხება და მომწოდებელი მხარე ავანსად გადახდილად აღიარებს გადარიცხულად დარჩენილ თანხებს, საქონელი გამზადებულია მოსაწოდებლად, მაგრამ თავად კომპანიას, დღეის მდგომარეობით, გააჩნია აღიარებული საბიუჯეტო დავალიანება და ვერ ახდენს საქონლის იმპორტს. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ორ არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილია თანხა სულ 803 106 ლარი, რომლის შესაბამისი საქონელი მოწოდებული არ არის, კომპანიას 2017 წლიდან მოყოლებული არ ქონია პრობლემა, მაგრამ სადავო თანხები ერთი წელია გატანილია, მაგრამ არ არის დაბრუნებული და არც საქონელია შემოტანილი. სადავოდ გამხდარ თანხებთან დაკავშირებულ მომწოდებლის გარდა რამოდენიმე მომწოდებელი ყავს გადასახადის გადამხდელს, მაგრამ 2 მომწოდებელი, რომლებზეც გადარიცხულია 650 106 ლარი და 163 000 ლარი, არიან საგამოძიებო სუბიექტები, გამოწერილი საბაჟო ინვოისების გაყალბების საქმეში, ანუ მათ მიერ გადასახადის გადამხდელზე გამოწერილი საბაჟო ინვოისები ყალბია.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს, რაც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამდენად მისი არგუმენტები დაუსაბუთებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. მარცვლეულის ტენიანობის შედეგად დანაკარგის ოდენობის განსაზღვრა და გამოვლენილი საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვა, შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი მარცვლეულის რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე როგორც ბითუმად, ისე საცალოდ. გადასახადის გადამხდელს ასევე შეძენილი აქვს იმპორტირებული მარცვლეული ადგილობრივ ბაზარზე, შესამოწმებელ პერიოდში სულ შეძენილია 32 105 977 კგ იმპორტირებული ხორბალი და 22 742 009 კგ იმპორტირებული სიმინდი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ფინა“ და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის დამუშავების შედეგად, შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი გარემოება: შეძენილი მარცვლეულის რეალიზაცია გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ასევე ხდება დასაწყობება იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საწყობში მიღებული საქონლის აღრიცხვა ხდება მიღებული პარტიების რაოდენობის მიხედვით, რომლის შემდეგაც მარცვლეულს უტარდება სხვადასხვა სახის დამუშავების პროცედურა, რათა შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის უსაფრთხო შენახვა შემდგომი რეალიზაციის განხორციელებამდე.
მარცვლეულის დამუშავების დროს (ტენიანობის განსაზღვრა, დანაგვიანებისგან გასუფთავება, შრობა) ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განსაზღვრული აქვს საქონლის დანაკარგი და ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად მარცვლეული საერთო წონით 2 923 774 კგ (ხორბალი - 1 559 159 კგ, სიმინდი - 1 364 614 კგ). შემოწმების პროცესში, შემოწმებამ იხელმძღვანელა მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ შესაბამისად, შესწავლის შედეგად გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობებზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული, შესაბამისი პერიოდის დოკუმენტურად დადგენილი საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა 2 330 175 ლარი, რომელიც დამატებით ჩართული იქნა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი 2 749 606 ლარის ოდენობით („გროსი“ შეადგენს 3 737 008 ლარს) დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად და საგადასახადო კოდექსის 154-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით ჩამოწერილი აქვს მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი) 2 923 774 კგ, რაც არ იქნა გათვალისწინებული, რადგან შემოწმებამ იხელმძღვანელა მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 24.05.2011 წლის №222 დადგენილებით და დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვრა 148 772 კ. გამოვლენილ სხვაობაზე გავრცელდა შესაბამისი ფასნამატი, ჩაითვალა რეალიზებულად და დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 24.05.2011 წლის №222 დადგენილებით განსაზღვრულია მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის მხოლოდ 3 სახე, კერძოდ:
1) მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა საერთაშორისო გადაზიდვების (საზღვაო, სარკინიგზოდა საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს - 0.29%-მდე;
2) მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა ქვეყნის შიგნით გადაზიდვების (სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს - 0.1%-მდე;
3) მარცვლეულის შენახვისას ელევატორის სილოსებსა და საელევატორო პროცესში დანაკარგის ნორმა - 0.35%-მდე.
შესაბამისად, არც 24.05.2011 წლის №222 დადგენილებით და არც სხვა რაიმე ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი, მარცვლეულის ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით დანაკარგის ზღვრული ოდენობა, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოში წარმოებული, აგრეთვე იმპორტირებული ზოგიერთი სახის საქონლის შემთხვევაში, მათ შორის: კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი/მოყვანილი თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის წლიური საშუალო ოდენობა შეადგენს 22%- ს (შემოსავლების სამსახურის 15.06.2015 წლის №21002 ბრძანება, „თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ“, დანართი 1, მუხლი 3, ნაწილი 1).
მარცვლეულის შემთხვევაში ანალოგიური ნორმის არ არსებობა, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ კომპანიამ თითქოს სრულად მოახდინა შესყიდული საქონლის (№222 დადგენილებით განსაზღვრული დანაკარგების გათვალისწინებით) რეალიზაცია და მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი. შემმოწმებელმა არათუ გამოიკვლია (თუმცა ჰქონდა ამის ვალდებულება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად) მარცვლეულის ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით რეალური დანაკარგის და რეალურად მიღებული შემოსავლის ოდენობა, არამედ არც დაინტერესდა ამ საკითხის გარკვევით და №222 დადგენილების საფუძველზე დანაკარგის ზღვრულ ოდენობად განსაზღვრა მხოლოდ 148 772 კგ, რაც ეხება მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვების, ქვეყნის შიგნით გადაზიდვებისა და მარცვლეულის შენახვის შედეგად მიღებულ დანაკარგს და არანაირ კავშირში არ არის მარცვლეულის ტენიანობის შედეგად მიღებულ დანაკარგთან.
შემმოწმებელმა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული არგუმენტით 2 775 052 კგ მარცვლეული (რომელიც რეალურად წარმოადგენს ტენიანობის შედეგად მიღებულ დანაკარგს) სრულად ჩათვალა რეალიზებულად შესაბამისი ფასნამატით და გაზარდა დღგ-ის და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები არარსებული/მიუღებელი შემოსავლით 5 767 183 ლარით, რასაც კომპანია ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა მარცვლეულის ტენიანობით გამოწვეული დანაკარგის გამო. ამას ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლებიც გააჩნია (დარგის სპეციალისტის მიერ შედგენილი დასკვნები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით) და რაც შემოწმების პროცესში წარედგინა შემმოწმებელს, თუმცა ის არ იქნა გათვალისწინებული ყოველგვარი არგუმენტაციისა და სამართლებრივი ნორმის მითითების გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო კოდექსით (მუხლი 8, ნაწილი 11) უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და მხოლოდ იმის გამო, რომ უფლებამოსილ ორგანოს არ აქვს დადგენილი მარცვლეულის ტენიანობის შედეგად მიღებული დანაკარგის ზღვრული ოდენობები (რაც საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ევროპის, აზიის და ამერიკის ბევრ ქვეყანაშია აღიარებული, დადგენილია მარცვლეულის ტენიანობის შედეგად მიღებული დანაკარგების ოდენობები, რაზეც შესაძლებელია ნახვა შესაბამის ვებ-გვერდებზე. შემოწმებამ დანაკარგი სრულად ჩათვალა რეალიზებულად, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაარიცხა გადასახადები შესაბამისი სანქცია/საურავებით.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სრულად ჰქონდა აღრიცხული როგორც გაწეული ხარჯები, ისე ტენიანობის შედეგად მიღებული დანაკარგი, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად წარედგინა აუდიტორს და მას შემოსავლების/ხარჯების აღრიცხვასთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა/რეკომენდაცია კომპანიისთვის არც კი მიუცია, რაც ასევე ადასტურებს კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვას (ამ კონკრეტულ ნაწილში). აღსანიშნავია ისიც, რომ ---ში და ასევე, საქართველოში მოქმედი „გოსტ 13586.5- 2015“ მიხედვით, მარცვლეულის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს. ცალსახად დადასტურებულია, რომ ---დან იმპორტირებული მარცვლეულის ტენიანობა ბევრად აღემატებოდა 14%-ს, რის გამოც აუცილებელი გახდა ტენიანობის შემცირება დასაშვებ ოდენობამდე. ამ მიზნით მოხდა მარცვლეულის გაშრობა სპეციალისტის მონაწილეობით, შედგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტები, სადაც ცალსახად აღნიშნულია გასაშრობად შემოტანილი მარცვლეულის ოდენობა, მისი ტენიანობა, შრობის შედეგად მიღებული რაოდენობა, დანაკარგის ოდენობა კილოგრამებში, მისი პროცენტული ოდენობა და სხვა მონაცემები, რაც შემოწმების მიმდინარეობისას სრულად მიეწოდა აუდიტორს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 98-ე, 159-ე 154-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, თანხის დამატებით დარიცხვა და დაჯარიმება, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია. შემოსავლების სამსახურის არგუმენტაციით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტ კომპანიასთან იმყოფებოდა უკანონო გარიგებაში და საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოსვლისას, საქონლის განბაჟების პროცესში, წარადგენდა არარეზიდენტი კომპანიების მიერ გამოწერილ ყალბ ინვოისებს, რომელშიც ფიქსირდებოდა საქონლის შემცირებული რაოდენობა და თანხა.
შემოსავლების სამსახური კომპანიიდან თანხის გასვლას ეჭქვეშ არ აყენებს, თუმცა უსაფუძვლოდ ცვლის გარიგების შინაარს და ავანსად გაცემულ თანხას უცვლის კვალიფიკაციას და არგუმენტად მოჰყავს ის გარემოება, რომ კომპანია თითქოს უკანონო გარიგებაში იმყოფებოდა არარეზიდენტ კომპანიებთან.
გაუგებარია, თუნდაც ასეთი უკანონო გარიგების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების რომელი მუხლი ითვალისწინებს რეალურად ავანსად გაცემულ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლას და სესხად დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც: შეძენილი მარცვლეულის რეალიზაცია გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ასევე ხდება დასაწყობება გადასახადის გადამხდელის იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საწყობში მიღებული საქონლის აღრიცხვა ხდება მიღებული პარტიების რაოდენობის მიხედვით, რომლის შემდეგაც მარცვლეულს უტარდება სხვადასხვა სახის დამუშავების პროცედურა, რათა შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის უსაფრთხო შენახვა შემდგომი რეალიზაციის განხორციელებამდე. მარცვლეულის დამუშავების დროს (ტენიანობის განსაზღვრა, დანაგვიანებისგან გასუფთავება, შრობა) ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განსაზღვრული აქვს საქონლის დანაკარგი და ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად მარცვლეული საერთო წონით 2 923 774 კგ. შემოწმებამ იხელმძღვანელა მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ. კომპანია ნამდვილად ახდენს იმპორტირებული მარცვლეულის რეალიზაციას როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ისე დასაწყობების, გამოშრობა-გასუფთავების შემდგომ და აღნიშნული ოპერაციები თითოეული სასაქონლო ზედნადებების, თითოეული იმპორტის ოპერაციის მიხედვით აღრიცხულია ბუღალტრულ პროგრამაში, რაც არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შეძენილი მარცვლეულის რეალიზაცია გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება, როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ასევე ხდება დასაწყობება გადასახადის გადამხდელის იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საწყობში მიღებული საქონლის აღრიცხვა ხდება მიღებული პარტიების რაოდენობის მიხედვით, რომლის შემდეგაც მარცვლეულს უტარდება სხვადასხვა სახის დამუშავების პროცედურა, რათა შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის უსაფრთხო შენახვა შემდგომი რეალიზაციის განხორციელებამდე. მარცვლეულის დამუშავების დროს (ტენიანობის განსაზღვრა, დანაგვიანებისგან გასუფთავება, შრობა) ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განსაზღვრული აქვს საქონლის დანაკარგი და ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად მარცვლეული საერთო წონით 2 923 774 კგ. შემოწმებამ იხელმძღვანელა, მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ. შესაბამისად, გამოვლენილი საქონლის რაოდენობრივ სხვაობებზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული, შესაბამისი პერიოდის დოკუმენტურად დადგენილი საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასები, შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო დამატებით გამოვლენილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტი 13.10.2023 წლის №103064-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაქსიმალური ზღვრული ოდენობა და შეადგინა ჯამურად 148 772 კგ. მომჩივანი არ ეთანხმება სადავო დარიცხვას, შემოწმებით გაანგარიშებულ დანაკლისის ოდენობას, აღნიშნავს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა, მარცვლეული ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 24.05.2011 წლის №222 დადგენილებით და განსაზღვრა დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 148 772 კგ, ნაცვლად მის მიერ ტენიანობის გათვალისწინებით ჩამოწერილი 2 923 774 კგ მარცვლეულისა. აღნიშნავს, რომ არც მთავრობის ხსენებული დადგენილებით და არც სხვა რაიმე ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი, მარცვლეულის ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით დანაკარგის ზღვრული ოდენობა, როგორც ეს გათვალისწინებულია თხილის შემთხვევაში. მარცვლეულის შემთხვევაში ანალოგიური ნორმის არ არსებობა მიიჩნია, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა შესყიდული საქონლის (№222 დადგენილებით განსაზღვრული დანაკარგების გათვალისწინებით) რეალიზაცია და მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, რასაც კომპანია ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა მარცვლეულის ტენიანობით გამოწვეული დანაკარგის გამო. აღნიშნული დასტურდება დარგის სპეციალისტის მიერ შედგენილი დასკვნებით, რაც შემოწმების პროცესში წარედგინა შემმოწმებელს, თუმცა ის არ იქნა გათვალისწინებული. ---ში და ასევე, საქართველოში მოქმედი „გოსტ 13586.5-2015“ მიხედვით, მარცვლეულის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს. რადგან, ---იდან იმპორტირებული მარცვლეულის ტენიანობა ბევრად აღემატებოდა 14%-ს, აუცილებელი გახდა ტენიანობის შემცირება დასაშვებ ოდენობამდე. ამ მიზნით მოხდა მარცვლეულის გაშრობა სპეციალისტის მონაწილეობით, შედგა შესაბამისი დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია გასაშრობად შემოტანილი მარცვლეულის ოდენობა, მისი ტენიანობა, შრობის შედეგად მიღებული რაოდენობა, დანაკარგის ოდენობა კილოგრამებში, მისი პროცენტული ოდენობა და სხვა მონაცემები, რაც შემოწმების მიმდინარეობისას სრულად მიეწოდა აუდიტორს.
კომპანია ახდენს იმპორტირებული მარცვლეულის რეალიზაციას როგორც მყისიერად იმპორტის განხორციელებისთანავე, ისე დასაწყობების, გამოშრობა-გასუფთავების შემდგომ და აღნიშნული ოპერაციები თითოეული სასაქონლო ზედნადებების, თითოეული იმპორტის ოპერაციის მიხედვით აღრიცხულია ბუღალტრულ პროგრამაში, რაც არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების/პოზიციების ანალოგიური არგუმენტები წარმოადგინა. საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 52-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას:
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება.
საბჭო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ არც მთავრობის დადგენილებით და არც სხვა რაიმე ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი, მარცვლეულის ტენიანობის პროცენტის გათვალისწინებით დანაკარგის ზღვრული ოდენობა და რომ იმპორტირებული მარცვლეულის ტენიანობის დასაშვებ ოდენობამდე შემცირების მიზნით, მარცვლეულის გაშრობას ახდენდა სპეციალისტის მონაწილეობით, რაზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია გასაშრობად შემოტანილი მარცვლეულის ოდენობა, მისი ტენიანობა, შრობის შედეგად მიღებული რაოდენობა, დანაკარგის ოდენობა კილოგრამებში, მისი პროცენტული ოდენობა და სხვა მონაცემები.
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას, მათ შორის საგადასახადო შემოწმების საფუძველზე აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20111 ბრძანება;
3. საჩივარი, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არარეზიდენტ მომწოდებლისთვის საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადის დარიცხვა;
2. მარცვლეულის ტენიანობის შედეგად დანაკარგის ოდენობის განსაზღვრა და გამოვლენილი საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვა, შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 ივნისის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №14510 ბრძანება და №068-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2023 წლის №20111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 101; 154; 982; 159; 8 (11); 309 (52).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.