სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა N 1188
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა N 1188
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა იმპორტირებული თესლისაგან მოიყვანა სასოფლო- სამეურნეო პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც განახორციელა ადგილობრივ ბაზარზე
•კომპანიამ აღნიშნული მიწოდება არ ჩათვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და შესაბამისად, არ დაბეგრა დღგ-ით
შეფასება
•საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ" ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე). ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 62 ნაწილის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროდუქციად ითვლება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა). ხოლო ამავე მუხლის 61 ნაწილის შესაბამისად,სასოფლო-სამეურნეო საქმიანობად განიხილება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არის საწარმოს მიერ ბიოლოგიური აქტივების ტრანსფორმაციისა და ნაყოფის მიღების მართვა გაყიდვის მიზნით, ან სოფლის მეურნეობის პროდუქციად ან დამატებით ბიოლოგიურ აქტივებად გარდაქმნის მიზნით
•კომპანიის მიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია განიხილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობად, ხოლო აღნიშნული საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტი, მათ შორის, იმპორტირებული თესლისგან - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტად. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროდუქტის მოყვანა საქართველოში ხორციელდება, ის ჩაითვლება საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციად. ამდენად, თუ ამ პროდუქტის მიწოდება ხორციელდება სამრეწველო გადამუშავებამდე, მოცემულ ოპერაციაზე გავრცელდება სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი
ღონისძიებები
•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 16 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით