ბრძანება N 15699
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15699
03 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, სოფელი -------)
2023 წლის 13 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა ------- (პ/ნ -------) №100244/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის №EL204541 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, ------- საქართველოში შემოსვლისას მებაჟე-ოფიცერმა აღმოაჩინა, რომ შემოჰქონდა ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რაზეც დააჯარიმა, თუმცა ჯარიმის ოდენობის გაანგარიშება გაურკვევლად მიაჩნია.
მომჩივნის მოსაზრებით არაკანონიერად და დაუსაბუთებლად იქნა შეფასებული, რადგან წარმომავლობა არ არის მითითებული. მომჩივანი ასევე მიუთითებს იმ გარემობაზე, რომ თავდაპირველად მიმართა სასამართლოს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 29 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში ------- რესპუბლიკის მხრიდან ფეხით მოსიარულეთა დარბაზში შემოვიდა ------- (პ/ნ -------). აღნიშნულმა პირმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ გადაადგილებდა მხოლოდ 1 ცალ ოქროს ყელსაბამს.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ------- ფიზიკური დათვალიერება, ასევე მისი კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი – ოქროს ნაკეთობები (ოქროს სამაჯური – 6 ცალი; ოქროს ბეჭედი – 3 ცალი; ოქროს ყელსაბამი – 4 ცალი) საერთო წონით 68.13 გრ. მითითებული 03 ივლისი 2023 N 15699 არადეკლარირებული საქონელი დამალული ჰქონდა სხეულზე, კვების პროდუქტებში და პირადი ნივთებისთვის განკუთვნილ ჩანთაში მოთავსებულ ფეხსაცმელებში.
საქონლის რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, 2023 წლის 29 მარტს ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზით (დასკვნა №-------) დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 6457.36 ლარს.
ვინაიდან, ------- მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა №EL204541 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------- (პ/ნ -------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6457.36 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ჩამორთმეულ იქნა (№------- საქონლის ჩამორთმევის ოქმი) სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში.
------- ხშირად (2023 წლის 16 იანვრიდან 2023 წლის 29 მარტამდე პერიოდში 18 გასვლა – შესვლა) გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან ერთად, აღნიშნულმა პირმა 2022-2023 წლებში არაერთხელ ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით.
------- 2023 წლის 10 აპრილს სარჩელით მიმართა ------- საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სადავო ოქმის ბათილად ცნობა. ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის „საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ დადგენილება (საქმე №4/803-2023წ) გაგეგზავნა ------- მისამართზე (-------, სოფელი -------), რომელიც 2023 წლის 9 ივნისს ჩაჰბარდა -------.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“(დანართი №2), პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს (შემდგომში – უზრუნველყოფის ღონისძიება) და მათი განხორციელების პროცედურებს.
ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესამამისად საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია გამოყენებული იქნეს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
დადგენილია, რომ მომჩვნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
რაც შეეხება საბაჟო ღირებულების ოდენობის მართლზომიერების საკითხს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მიხედვით, თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე−42-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენებით, რომლებიც შეესაბამება:
ა) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებებს;
ბ) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმების ზოგად პრინციპებსა და დებულებებს;
გ) ამ თავის ზოგად პრინციპებსა და დებულებებს.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით:
3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
4. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, საქონლის აღწერილობა და რაოდენობა არის ოქროს საიუველირო ნაკეთობები 68,13 გრ.
საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საბაჟო კოდექსის თავი VI საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისად, კერძოდ კოდექსის 43-ე მუხლის - სარეზერვო მეთოდის მიხედვით. ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებული იქნა საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები. შესაბამისად, წარდგენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 6457,36 ლარი (2511,410 აშშ დილარი). ამდენად, საბაჟო ღირებულება განსაზღვრულია საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენებით.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი საბაჟო ფორმალობები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოში შემოსვლისას მებაჟე-ოფიცერმა აღმოაჩინა, რომ შემოჰქონდა ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რაზეც დააჯარიმა. ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ფიზიკური კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი, რომელიც დამალული ჰქონდა სხეულზე, კვების პროდუქტებში და პირადი ნივთებისთვის განკუთვნილ ჩანთაში მოთავსებულ ფეხსაცმელებში.
ვინაიდან, ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი). ამასთან, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ჩამორთმეულ იქნა სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 73(1); 163(1); 168(1);
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199(ბ.დ; ბ.გ);