გადაწყვეტილება №26170/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2025
№ დოკუმენტი 26170/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26170/2/2025

08 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 13.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26170/2/2025).

 

დავის საგანი:

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 01.08.2025 წლის N 17437 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 06.10.2025 წლის N 21411 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 30 450 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

06.07.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- რესპუბლიკის მხრიდან შემოსულმა მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის დათვალიერება რენტგენული ინსპექტირების სისტემის (სკანერის) გამოყენებით, რის შედეგადაც გამოვლინდა არადეკლარირებული მაჯის საათი „-----“.

ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქმის მასალები საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 07.07.2025 წლის N ----- წერილით, ქვემდებარეობით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 31.07.2025 წლის N ----- წერილით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად N ----- საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.07.2025 წლის განაჩენით, მომჩივანი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ჩადენისათვის.

ამავე წერილით საბაჟო დეპარტამენტს ასევე წარდეგინა, საგამოძიებო ორგანოს ინიციატივით ჩატარებული, სასაქონლო ექსპერტიზის შედეგებზე შედგენილი საბაჟო დეპარტამენტის 24.07.2025 წლის N ----- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მაჯის საათის „-----“ (-----) საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 30 450 ლარით.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს და იმის გათვალისწინებით, რომ პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არსებობდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) შეფარდების საფუძველი.

შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის 01.08.2025 წლის N 17437 ბრძანებით, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 164-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 168-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 30 450 ლარის ოდენობით.

საბაჟო დეპარტამენტის 01.08.2025 წლის N 17437 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 06.10.2025 წლის N 21411 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, 70-ე და 73-ე მუხლებზე, 163-ე მუხლზე, 164-ე და 168-ე მუხლზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. დადგენილია ასევე, რომ პირს საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის (რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით სამართალდამრღვევი პირის მიმართ საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდება მართლზომიერია.

რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემდეგს:

მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება განხორციელდა არა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის – თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც არ წარმოადგენს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არდაკისრების საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.07.2025 წლის (საქმე N -----) აღწერილობითსამოტივაციო ნაწილში ბრალდების არსი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:

„----- ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა, გარკვეულ შემთხვევებში ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას და ვინაიდან იყო -----მოქალაქე, განიზრახა მისი მოტყუებით დაუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 07.07.2025 წელს, -----, ----- მაღაზია „-----“, 69 080 ლარად მან შეიძინა მაჯის საათი და მიიღო დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი. 06.07.2025 წელს, დაახლოებით 19:00 საათზე, საბაჟო გამშვები პუნქტის „-----“ საბაჟო კონტროლის ზონაში მან განაცხადა, რომ თითქოს და მიემგზავრებოდა -----, რის გამოც შეძენილი საქონლისა და შესაბამისი სპეციალური ქვითრის წარდგენის საფუძველზე მოტყუებით დაიბრუნა გადახდილი დღგ-ის თანხა (ე.წ. Tax free) - 7 879. 81 ლარი. რეალურად, ----- ----- არ გამგზავრებულა. მან მოჩვენებითად გადაკვეთა ----- რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი, საიდანაც დაბრუნდა 2 საათში და შეეცადა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოეტანა ზემოთ აღნიშნული მაჯის საათი. შედეგად, -----, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 7 879.81 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“.

იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება და საბაჟო სანქციის შეფარდება განხორციელდა სხვადასხვა ქმედებისათვის, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.07.2025 წლის განაჩენით ირკვევა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულად ჩაითვალა დღგ-ის სახით დაბრუნებული 7 879.81 ლარი და ამ ქმედების ჩადენისათვის დაეკისრა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის 01.08.2025 წლის N 17437 ბრძანებით, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაკისრებულია საქონლის (30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საათის „-----“) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის, საფუძველს მოკლებულია მომჩივნის მითითება ერთი და იგივე ქმედებაზე ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

აღნიშნული საქონელი (საათი ----- ) დაახლოებით 2 საათით ადრე გაიტანა საქართველოდან ----- მიმართულებით, რის შემდგომაც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაიბრუნა დღგ-ის თანხა (TAX FREE). მაჯის საათში გადახდილი ჰქონდა 69 080 ლარი და დაბრუნებულმა „TAX FREE“-ს თანხამ შეადგინა 7 879.81 ლარი. აღნიშნული მიმართვის და თანდართული მასალის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანას ან გადმოტანას, ჩადენილს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით.

30.07.2025 წელს საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და ჩადენილი ქმედებისათვის, მომჩივანს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მის მიმართ წარდგენილი ბრალდება ჩამოყალიბდა შემდეგნაირი ფორმულირებით:

მომჩივნისთვის ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის თანხა, გარკვეულ შემთხვევებში, ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას და ვინაიდან იყო ----- მოქალაქე, განიზრახა მისი მოტყუებით დაუფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე 05.07.2025 წელს თბილისში, ----- მდებარე მაღაზია „-----“, 69 080 ლარად შეიძინა მაჯის საათი და მიიღო დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი. 06.07.2025 წელს, დაახლოებით 19:00 საათზე, საბაჟო გამშვები პუნქტის „-----“ საბაჟო კონტროლის ზონაში მან განაცხადა, თითქოს და მიემგზავრებოდა -----, რის გამოც, შეძენილი საქონლის და შესაბამისი სპეციალური ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოტყუებით დაიბრუნა გადახდილი დღგ-ის თანხა - 7 879.81 ლარი.

რეალურად, მომჩივანი ----- არ გამგზავრებულა. მან მოჩვენებითად გადაკვეთა ----- რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი, საიდანაც დაბრუნდა 2 საათში და შეეცადა, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოეტანა ზემოაღნიშნული მაჯის საათი. შედეგად, მომჩივანი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 7 879.81 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

იმავე დღეს, პროკურორის მიერ გაფორმებული იქნა დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი, სადაც დაზარალებულად ცნობილმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, წარდგენილმა ----- სახით, დააფიქსირა, რომ „----- მიერ ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა, გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება“. მომჩივნის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი და აღნიშნულის შემდგომ, ბრალზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა 31.07.2025 წელს. მომჩივანი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით, სასამართლომ იმსჯელა საქმეზე დართულ საათზე და დაადგინა, რომ „მაჯის საათი სერიული ნომრით ----- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს“.

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, იმ ქმედებისთვის რაც მომჩივანს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალად შეერაცხა და რისთვისაც გასამართლდა, საბაჟო დეპარტამენტმა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით, დააჯარიმა 30 450 ლარით.

„იმ ქმედებისათვის“ - მომჩივანი იმიტომ აღნიშნავს, რომ ქმედება, რომლისთვისაც საბაჟო დეპარტამენტმა დააჯარიმა, არის ასახული ბრალდების შესახებ დადგენილებაში და შემდგომში - სასამართლოს განაჩენში.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

09.09.2025 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში აღნიშნავდა და ამჟამადაც მიუთითებს, რომ თუ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არ დაკისრების ერთადერთი კანონიერი შემთხვევა შეიძლება იყოს პირის განრიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული.

მოცემულ შემთხვევაში, მომჩივანს დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით და არა 214-ე მუხლით. როგორც მსჯელობებიდან იკითხება, საბაჟო დეპარტამენტს და შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული კვალიფიკაცია ვერ იხსნის პირს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით დაჯარიმებისგან. მომჩივნის ქმედება საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით რომ დაეკვალიფიცირებინა, მას აცდებოდა 30 450 ლარი ჯარიმის დაკისრება. ამგვარად განმარტავს კანონს მოცემულ შემთხვევაში როგორც საბაჟო დეპარტამენტი, ისე შემოსავლების სამსახური, რასაც მომჩივანი არ ეთანხმება.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით, პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კონკრეტული ქმედებისთვის უნდა დაეკისროს და არ აკეთებს არანაირ დათქმას, რომ პირის ეს ქმედება აუცილებლად სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება მომჩივნის ბრალში სრულად და დეტალურად არის ასახული პროკურორის მიერ. რაც შეეხება კვალიფიკაციას, მოცემულ შემთხვევაში, მისი ზემოაღნიშნული ქმედება პროკურატურის მიერ შეფასდა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ მისი ქმედება დატოვა შეფასებისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე. პროკურატურამ მის ქმედებას, სწორად თუ არასწორად, შეფასება მისცა და კვალიფიკაცია განუსაზღვრა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მომჩივანმა იმ კონკრეტული ქმედებისათვის, რომლისთვისაც საბაჟო დეპარტამენტმა მას ჯარიმა დააკისრა, სისხლისსამართლებრივად უკვე აგო პასუხი.

ამდენად, არასწორია შემოსავლების სამსახურის 06.10.2025 წლის ბრძანებაში მითითებული ჩანაწერი, თითქოს და მომჩივნის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება და საბაჟო სანქციის შეფარდება განხორციელდა სხვადასხვა ქმედებისთვის. რეალურად, ქმედება არის ერთი და იგივე, თუმცა შეფასება კვალიფიკაციის ნაწილში არის განსხვავებული ორი სხვადასხვა უწყების მიერ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურატურას მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, რომელიც იდენტურია საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისა არასწორად აქვს დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით და მის ნაცვლად ქმედება 214-ე მუხლით უნდა დაეკვალიფიცირებინა, ესეც კი არ შეიძლება გამოყენებული იქნას მომჩივნის საწინააღმდეგოდ, მის მიმართ ორმაგი სასჯელის დაკისრების საფუძვლად. თუ რატომ შეფასდა მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, ამაზე ვრცელი და დეტალური მსჯელობა გაკეთებული აქვს 09.09.2025 წლის საჩივარში და აღარ განმეორდება.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე იკითხება ის, რომ მომჩივნის ქმედებაში თითქოს და სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა, პროკურატურამ იგი ამ მუხლით არ მისცა პასუხისგებაში და რადგან პროკურატურამ არ მისცა ამ მუხლით პასუხისგებაში, მაშინ საბაჟო დეპარტამენტმა დააჯარიმა საბაჟო კოდექსის მიხედვით, რაც უკანონოა. საჩივრით ითხოვდა საკითხის განხილვისას საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მიზნით, პროკურატურის წარმომადგენლის მოწვევას, თუმცა შემოსავლების სამსახურმა არა თუ პროკურატურის წარმომადგენელი არ მიიწვია, არამედ საჩივარი ავტორების მონაწილეობის გარეშე განიხილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საჩივრის მისი მონაწილეობით განხილვას და როგორც საბაჟო დეპარტამენტის ბრძანების, ასევე შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით:

ა) საბაჟო კონტროლი წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

დ) საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას;

ე) ზოგადი დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ;

ზ) საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, პირს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას აღნიშნული ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ, ეს გადაწყვეტილება მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამავე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

დადგენილია, რომ მომჩივანს 30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (მაჯის საათი „-----“) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი).

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის ქმედებაზე საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 30.07.2025 წელს საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და ჩადენილი ქმედებისათვის, მომჩივანს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი გამორიცხავს ერთი ქმედებისთვის ორმაგ პასუხისმგებლობას, მომჩივანი ერთი ქმედებისთვის ორჯერ დაისაჯა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 25.11.2025 წლის N ----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. მომჩივანს საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის (რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა და საბაჟო დეპარტამენტის 07.07.2025 წლის N ----- წერილით, საქმის მასალები ქვემდებარეობით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 31.07.2025 წლის N ----- წერილით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად, N ----- საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.07.2025 წლის განაჩენით, მომჩივანი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ჩადენისათვის.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება განხორციელდა არა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის – თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც არ წარმოადგენს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არდაკისრების საფუძველს. მიმჩივნის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება და საბაჟო სანქციის შეფარდება განხორციელდა სხვადასხვა ქმედებისათვის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიიჩნევს, რომ საფუძველს მოკლებულია მომჩივნის მითითება ერთი და იგივე ქმედებაზე ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

საბჭო მიუთითებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შენიშვნის შინაარსზე, სადაც მითითებულია, რომ თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.07.2025 წლის (საქმე N ----- ) განაჩენზე და პირის ბრალდების შესახებ 30.07.2025 წლის დადგენილების შინაარსზე, რომ „არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მომჩივანმა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მომჩივნისთვის ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის თანხა, გარკვეულ შემთხვევებში, ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას და ვინაიდან იყო ----- მოქალაქე, განიზრახა მისი მოტყუებით დაუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 05.07.2025 წელს ----- მდებარე მაღაზია „-----“, 69 080 ლარად შეიძინა მაჯის საათი და მიიღო დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი. 06.07.2025 წელს, დაახლოებით 19:00 საათზე, საბაჟო გამშვები პუნქტის „------“ საბაჟო კონტროლის ზონაში მან განაცხადა, თითქოს და მიემგზავრებოდა -----, რის გამოც, შეძენილი საქონლის და შესაბამისი სპეციალური ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოტყუებით დაიბრუნა გადახდილი დღგ-ის თანხა - 7 879.81 ლარი. მომჩივანი ----- არ გამგზავრებულა. მან მოჩვენებითად გადაკვეთა ----- რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი, საიდანაც დაბრუნდა 2 საათში და შეეცადა, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოეტანა ზემოაღნიშნული მაჯის საათი. შედეგად, მომჩივანი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 7 879.81 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“.

ამგვარად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოეტანა ზემოაღნიშნული მაჯის საათი, საბჭოს დადგენილად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება და საბაჟო სანქციის შეფარდება განხორციელდა სხვადასხვა ქმედებისათვის, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.07.2025 წლის განაჩენით ირკვევა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულად ჩაითვალა დღგ-ის სახით დაბრუნებული 7 879.81 ლარი და ამ ქმედების ჩადენისათვის დაეკისრა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის 01.08.2025 წლის N 17437 ბრძანებით, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაკისრებულია საქონლის (30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საათის „-----“) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის, რაც დასტურდება 30.07.2025 წლის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, რომ „მან მოჩვენებითად გადაკვეთა ----- რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი, საიდანაც დაბრუნდა 2 საათში და შეეცადა, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოეტანა ზემოაღნიშნული მაჯის საათი“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.07.2025 წლის (საქმე ----- ) განაჩენით, მომჩივნის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის დათვალიერება რენტგენული ინსპექტირების სისტემის (სკანერის) გამოყენებით, რის შედეგადაც გამოვლინდა არადეკლარირებული მაჯის საათი. დადგენილია ასევე, რომ პირს საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის (რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.07.2025 წლის (საქმე N ----- ) განაჩენით, მომჩივნის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 168;.