ბრძანება N 24423

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.11.2024
№ დოკუმენტი 24423
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24423

20 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.:----) 2024 წლის 15 და 28 ოქტომბრის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №121) განიხილა შპს „----“-ის (ს/ნ ---) №170673/21 (კორ.: №CA00412413429333) და №178025/21 (კორ.: №CA00412413429333/05) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 სექტემბრის №083-29 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიიჩნევს, რომ აღნიშნული დარიცხვა არის უკანონო და საგადასახადო მოთხოვნა/დარიცხვის ბრძანება უნდა გაუქმდეს. აცხადებს, რომ საწარმო ახორციელებს სამშენებლო მასალების შეძენა-რეალიზაციას, რომლის დამამტკიცებელი საბუთები (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) ატვირთულია საწარმოს ელექტრონულ პორტალზე. გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნული პროდუქცია სრულად არის რეალიზებული, შესაბამისად, კომპანიას ნაშთი არ გააჩნია. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ ხარჯების ოდენობას და მისი განცხადებით, შემოწმების აქტში არსად არაა მითითებული, თუ რატომ არის ხარჯად აღიარებული მხოლოდ 470 022 ლარი. ასევე, მიუთითებს, რომ რეალურად გამოსაქვითი ხარჯი არის მეტი და შესაბამისად დარიცხული თანხები უნდა გადაანგარიშდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 მაისის №12872 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“-ის (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 26 ივლისიდან 2024 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 18 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 სექტემბრის №20658 ბრძანება და ამავე თარიღის №083-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 742 368 ლარი, მათ შორის, გადასახადი 992 614 ლარი, ჯარიმა 494 585 ლარი, საურავი 255 169 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „---“-ის (ს/ნ ---) ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო მასალების (ძირითადად ქვიშა-ხრეში) შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 4 435 144 ლარს. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელი 2024 წლის იანვრიდან აღარ ახდენს მიღებული შემოსავლის დეკლარირებას, უფიქსირდება მხოლოდ საქონლის შეძენა, ასევე დღეის მდგომარეობით უფიქსირდება ბიუჯეტის მიმართ დავალიანება. საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს საქონლის ნაშთი არ გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობის მიხედვით (საქონლის კატეგორიებად დაყოფა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ) გაანგარიშებულ იქნა, საქონლის სახეობების (23 კატეგორია/სახეობა) მიხედვით დოკუმენტების გარეშე საქონლის რეალიზებული მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები) დადასტურებული შემოსავალი, ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით დადგინდა გაწეული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელზეც არ იყო გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტები. ხოლო მეორე მხარის მიერ წარმოდგენილია გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნულის გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის/მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 5 281 773 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა (846 629 ლარი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 -ე მუხლების შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, შესაბამისად საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შემოწმების შედეგად გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის რაოდენობა. კერძოდ, შემოწმების შედეგად მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, რის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთი შეადგენს 2 924 115 (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით რეალიზებული საქონლის იმ ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები (საწარმოს სრული შეძენის დოკუმენტები არ უფიქსირდება), ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით.

შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში ხარჯად აღიარებული იქნა 461 936 ლარი. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, შესაბამისად შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე,154-ე და 73-ე მუხლების მიხედვით შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე; 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2024 წლის 14 ნოემბერს 13:30 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობის მიხედვით (საქონლის კატეგორიებად დაყოფა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ) გაანგარიშებულ იქნა, საქონლის სახეობების (23 კატეგორია/სახეობა) მიხედვით დოკუმენტების გარეშე საქონლის რეალიზებული მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები) დადასტურებული შემოსავალი, ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით დადგენილი გაწეული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა გადამხდელის შესამოწმებელ პერიოდში საქონლის/მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვებს შორის სხვაობა დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ ხარჯების ოდენობას და აცხადებს, რომ არსად არაა მითითებული, თუ რატომ არის ხარჯად აღიარებული მხოლოდ 470 022 ლარი. ასევე, მიუთითებს, რომ რეალურად გამოსაქვითი ხარჯი არის მეტი და შესაბამისად დარიცხული თანხები უნდა გადაანგარიშდეს. საჩივრის ზეპირ განხილვაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმებით რეალიზებული საქონლის იმ ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები (საწარმოს სრული შეძენის დოკუმენტები არ უფიქსირდება), ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, იმავე სახეობის საქონლის შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქონლის შესყიდვის ღირებულება განსაზღვროს იმავე სახეობის საქონლის შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქონლის შესყიდვის ღირებულება განსაზღვროს იმავე სახეობის საქონლის შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, შესაბამისად საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით რეალიზებული საქონლის იმ ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები, ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით.

შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, შესაბამისად შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქონლის შესყიდვის ღირებულება განსაზღვროს იმავე სახეობის საქონლის შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 105; 72.