ბრძანება N 11512

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.05.2024
№ დოკუმენტი 11512
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11512

21 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2023 წლის 28 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") №83830/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 აგვისტოს №001-196 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს და აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ასევე შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს განკარგვადი თანხის ოდენობას, აღნიშნულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6505 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 30 აგვისტოს №21319 ბრძანება და ამავე თარიღის №001-196 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 259 456 ლარი, მათ შორის, გადასახადი 157 412 ლარი, ჯარიმა 78 437 ლარი, საურავი 23 607 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26933 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 19 აპრილის №21353/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26933 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „--------“ გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის პირველი ნოემბრიდან. საქმიანობის სახეს წარმოადგენს კოსმეტიკის და ჰიგიენის ნაწარმით ვაჭრობა. უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კომპანიამ წარმოადგინა ინფორმაცია სმფ-ის ნაშთების შესახებ ჯამურად თანხობრივი შედეგები ყოველი წლის ბოლოსთვის, რის გათვალისწინებაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლის დროს. შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება საცალოდ გაყიდული პროდუქცია რა ფასნამატითაა რეალიზებული. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განისაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. საგადასახადო შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების დასათვლელად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საბანკო ამონაწერების მიხედვით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადახდილი თანხებით, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისგან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა შპს „----- -თან “ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ფარგლებში არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, შპს „------ -ს “ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი 301 751.48 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროს ნაშთი - 40 924 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე სახელფასე განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ფასნამატი საქონლის ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია და არ ემთხვევა შემოწმებით დადგენილ ფასნამატს. საქონლის რეალიზაციის 80% განხორციელებულია დოკუმენტებით. შემოწმებამ ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასს შეუპირისპირა გაყიდვის პერიოდში უახლოესი შესყიდვის საქონლის თვითღირებულება (რაც ნიშნავს, რომ გამოყენებულია LIFO მეთოდი, ლიფო (LIFO) დღეის მდგომარეობით ბასს-ით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით აკრძალული მეთოდია). საწარმო თვითღირებულების სმფ-ის აღრიცხვა-ჩამოწერისთვის იყენებს აღრიცხვის საშუალო შეწონილ მეთოდს. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ფასნამატი მნიშვნელოვნად არის განსხვავებული. შემოწმებამ ამ პრინციპით გაანგარიშებული ფასნამატი მიუსადაგა მთლიან რპთ-ს (ე.ი როგორც დოკუმენტით რეალიზებულს, ასევე დოკუმენტის გარეშე რეალიზებულს). ის, რომ გაანგარიშებული ფასნამატი არ ასახავს რეალურ სურათს, დგინდება დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ოდენობით (ამ ფასნამატით ჩამოიწერება გაცილებით ნაკლები საქონელი ვიდრე რეალიზებულ დოკუმენტებშია ასახული). რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულების გამოთვლაშიც არის ცდომილება და რეალურად ნაკლებია შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.

ფასნამატის გაანგარიშებაში შემმოწმებლის მიერ დაშვებულია მათემატიკური უზუსტობები, სწორად არ არის დათვლილი და გამიჯნული ჩვეულებრივი რეჟიმით დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობა, არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ გადამხდელს ხშირ შემთხვევაში დაბეგრილი აქვს დღგ-ით გათავისუფლებული საქონელი, რომელიც შეძენილი აქვს დღგ-ის გარეშე. აცხადებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი და ითხოვს საკუთარი მონაწილეობით გადაანგარიშებას.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიის დამფუძნებელს და ამავდროულად დირექტორს კომპანიის დაფუძნების დღიდან საბრუნავი საშუალებებისთვის სხვადასხვა პერიოდში შეტანილი აქვს საწარმოში 490 000 ლარი, რომელიც წარმოადგენს დამფუძნებლის უპროცენტო შენატანს საწარმოში. აღნიშნულზე საწარმოს გააჩნია მტკიცებულებები, თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტები და ხელშეკრულებები, რაც წარდგენილი იყო შემმოწმებლისთვის. აქედან 100 000 ლარი დაბრუნებულია დირექტორისთვის, ხოლოს 390 000 ლარი ისევ წარმოადგენს საწარმოს ვალდებულებას. აცხადებს, რომ აღნიშნული სესხი დეკლარირებულია მოგების გადასახადის დეკლარაციით და ითხოვს მის გათვალისწინებას სალაროდან გასავლის ნაწილში, რადგან საწარმოს ფინანსური ხარჯები გაწეული იყო დამფუძნებლის შენატანით. ამ თანხიდან შემმოწმებლების მიერ სესხად ჩაითვალა მხოლოდ 150 000 ლარი. გაუგებარია რატომ არ მოხდა დანარჩენი თანხის სესხად ჩათვლა შემმოწმებლების მიერ, რადგან ყველა დოკუმენტი იდენტურია და კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნაღდი ფულის გაანგარიშების შემთხვევაში აუდირებული ფასნამატის გათვალისწინებითაც, სალაროში არ რჩებოდა იმ ოდენობის ნაშთი, რაც საშემოსავლო გადასახადით არის დაბეგრილი. რაც იმას ნიშნავს, რომ არა დირექტორის შენატანი, საწარმოს საბრუნავი საშუალებებისთვის თანხა არ ექნებოდა. აქედან გამომდინარე, შემოწმების აქტში ხელფასად დაფიქსირებული განაცემი არ შეიძლება ჩაითვალოს ხელფასად, არამედ უნდა ჩაითვალოს დამფუძნებელზე გაცემულ შემონატანის უკან დაბრუნებად. გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა უნდა შემცირდეს დამფუძნებლის (რომელიც წარმოდგენს ამავდროულად დირექტორს) მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით საწარმოში შეტანილი თანხით, 390 000 ლარით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არ არის გათვალისწინებული დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ფინანსური ხარჯი, რაზეც შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. საკითხის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელმა დამატებით განმარტა, რომ შემოწმებით არამართლზომიერად (დაახლოებით 100 000 ლარით) იქნა გაზრდილი კრედიტორული დავალიანება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს და აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ასევე შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს განკარგვადი თანხის ოდენობას, აღნიშნულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.კომპანიამ წარმოადგინა ინფორმაცია სმფ-ის ნაშთების შესახებ ჯამურად თანხობრივი შედეგები ყოველი წლის ბოლოსთვის, რის გათვალისწინებაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლის დროს. შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება საცალოდ გაყიდული პროდუქცია რა ფასნამატითაა რეალიზებული. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით.შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის.გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განისაზღვრა ჯარიმა.

2.შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე სახელფასე განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,ფასნამატის გაანგარიშებაში შემმოწმებლის მიერ დაშვებულია მათემატიკური უზუსტობები, სწორად არ არის დათვლილი და გამიჯნული ჩვეულებრივი რეჟიმით დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობა, არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ გადამხდელს ხშირ შემთხვევაში დაბეგრილი აქვს დღგ-ით გათავისუფლებული საქონელი, რომელიც შეძენილი აქვს დღგ-ის გარეშე. აცხადებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი და ითხოვს საკუთარი მონაწილეობით გადაანგარიშებას.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,159,160,163,164.