გადაწყვეტილება № 27009/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27009/2/2026
30 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----27.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27009/2/2026).
დავის საგანი:
1. ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის დამატებული ღირებულების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2025 წლის №227-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27263 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 121 131.92 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 84 051.11
დღგ - 28 545.66
საშემოსავლო გადასახადი - 55 505.45
ჯარიმა - 23 788.05
საურავი - 13 292.76
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საკვები პროდუქტებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22537 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №30918 ბრძანებით განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე.
შემოწმების შედეგები აისახა 22.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ნოემბრის №24182 ბრძანება და №227-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27263 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის დამატებული ღირებულების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №30918 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 187 132 ლარის (158 587 ლარი დღგ-ის გარეშე) ოდენობით, რაზეც მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის მიუხედავად გადასახადის გადამხდელი არ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და გამოვლენილი დანაკლისის თანხა არ ასახა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 165-ე მუხლების შესაბამისად, მომჩივანს 2024 წლის 14 თებერვლიდან მოუწია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. ამ თარიღიდან გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, ვინაიდან ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ასახული 2024 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 286-ე, მე-8, მე-16, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 160-ემ 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2024 წლიდან არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. არ იცოდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დეკლარირების ვალდებულების შესახებ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
დადგენილია, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული დამატებული ღირებულების გადასახადის, ასევე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. მომჩივანი არც დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა.
მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის გაუქმებას, მიუთითებს, რომ 2024 წლიდან არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. არ იცოდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დეკლარირების ვალდებულების შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2025 წლის №227-20 საგადასახადო მოთხოვნით, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 23 788.05 და საურავი 13 292.76 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 282-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუთითებს გამოუცდელობას/არცოდნას და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მოეხსნას დარიცხული გადასახადები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამასთან, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანს განმარტავს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივანი თანამშრომლობდა შემოწმებასთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ უსარგებლია დღგ-ის ჩათვლის უფლებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2025 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან.
რაც შეეხება დაკისრებულ საურავს და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებულ ჯარიმას, აღნიშნულისგან მომჩივნის თავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2025 წლის №227-20 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის დამატებული ღირებულების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს საკვები პროდუქტებით ვაჭრობა. დადგენილია, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული დამატებული ღირებულების გადასახადის, ასევე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. მომჩივანი არც დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275(2):282(1);