გადაწყვეტილება №19358/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19358/2/2023
11.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამეტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 7.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19358/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის
არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №CB1437324 საგადასახადო
სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5385 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 600 ლარი.
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა მეფრინველეობა, ქათმის გაშენება შესყიდული წიწილებისგან, მათი გაზრდა, სასურველ წონამდე მიყვანა და რეალიზაცია.
18.01.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში დაარეგისტრირა ID: ------- განცხადება ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების თაობაზე, სადაც მითითებული იყო, რომ განადგურებას ექვემდებარებოდა 5 600 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები.
შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №---------- ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერისას დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დანართი N24-ში მითითებულ საქონელთან შედარებით ფაქტიური აღრიცხვისას გამოვლენილი იქნა დანაკლისი 5 600 ლარის ოდენობით.
აღნიშნულზე მომჩივანს 30.01.2023 წლის NCB1437324 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლი მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 600 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2023 წლის №5385 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით და მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია რეგისტრირებულია 2019 წლიდან და აღნიშნული პერიოდიდან კეთილსინდისიერად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ იმის გამო, რომ ნიადაგი (ხის ნახერხი), სადაც მოთავსებული ჰყავდათ წიწილები, არ აღმოჩნდა შესაბამისი ტემპერატურის, ამან გამოიწვია მათი სიკვდილიანობა.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 18.01.2023 წელს მათ როგორც კეთილსინდისიერმა გადამხდელებმა, მაშინვე, როცა დაიწყო საქონლის გაფუჭება, მოახდინეს შესაბამისი განაცხადის რეგისტრაცია ელექტრონული გვერდიდან.
გაფუჭებული/გახრწნილი ხორცის გაჩერებამ გამოიწვია მისი ლპობა, დაიწყო წვენის გამოსვლა, დაესია მატლები. მათი გაჩერება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამასთან საფრთხეს უქმნიდა როგორც სხვა ჯანმრთელ ქათმებს ფერმაში, ასევე დასაქმებულ პირებს. ამიტომ თავადვე მოახდინეს საქონლის განადგურება, სანამ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მოახდენდნენ რეაგირებას. მომჩივანი აცხადებს, რომ არ იცოდა, რა შეიძლებოდა მოყოლოდა აღნიშნულ ქმედებას. აღნიშნული საგადასახადო ტვირთი არის მძიმე, საკუთარი სახსრებით ვერ მოახდენს კომპანია გადახდას, რაც დააზიანებს ბიზნესს და ვეღარ შეძლებს კომპანია სამომავლოდ საქმიანობის გაგრძელებას. აღიარებს დაშვებულ შეცდომას და ამბობს, რომ 5 600 ლარის დანაკლისად აღიარება მოხდება და დაიბეგრება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტი.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას კეთილსინდისიერების მუხლით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6, 61 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლომატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
61.გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო განცხადებისა და შესაბამისი დანართის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ”, რომელსაც ამავე ვადაში ელექტრონულად ან/და ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარუდგენს გადასახადის გადამხდელს. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადასახადის გადამხდელისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი“ ითვლება დადასტურებულად.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №44558-21-12 წერილით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 20, 23, 25, 26 და 27 იანვარს მრავალგზის მცდელობის შემდეგ მოახდინეს კომპანიის უფლებამოსილ პირთან დაკავშირება და შეუთანხმდნენ შეხვედრის დროზე, კერძოდ, --------- რაიონი სოფელ -------- საქმიანობის (ფერმის) ფაქტიურ მისამართზე. 27.01.2023 წელს ადგილზე გასვლისას დახვდათ თანამშრომელი რომელთანაც საუბრის დროს დაადგინეს, რომ ჰქონდათ ჩამოსაწერი ქათამი, რომელიც ამ მომენტისთვის ადგილზე არ იყო და ის რამდენიმე დღის წინ იქნა გადაყრილი. სატელეფონო საუბრისას კომპანიის დირექტორმა ------------- განმარტა, რომ ვერ მოახდენდა დანართ №24-ში მითითებული ჩამოსაწერი საქონლის წარმოდგენას და განმეორებით მოხდა მათ მიერ იმ გარემოების დადასტურება, რომ ჩამოსაწერი სასაქონლომატერიალური ფასეულობები მათ მიერ განმეორებით თვითნებურად იქნა განადგურებული შემოსავლების სამსახურში შეუთანხმებლად.
კომპანიამ განცხადება საქონლის ჩამოწერის შესახებ წარადგინა 18.01.2023 წელს და ამ განცხადების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ბრძანება სმფ-ების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ გამოცემული იქნა იმავე სამუშაო დღეს. აღნიშნული ბრძანება იმავე დღეს გაეგზავნა და ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს ელ. გვერდის (RS.GE) მეშვეობით. დირექტორმა ვერ წარადგინა ის ადგილი ან შესაბამისი დოკუმენტაცია რომლითაც დადასტურდებოდა საქონლის თვითნებურად განადგურების ფაქტი.
მომჩივანი არ დავობს დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერებაზე, არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, რასაც საბჭო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს სადავო ჯარიმა შეეფარდა მართლზომიერად, შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა მეფრინველეობა, ქათმის გაშენება შესყიდული წიწილებისგან, მათი გაზრდა, სასურველ წონამდე მიყვანა და რეალიზაცია.
კომპანიამ განცხადება საქონლის ჩამოწერის შესახებ წარადგინა ელექტრონულად.გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დანართი N24-ში მითითებულ საქონელთან შედარებით ფაქტიური აღრიცხვისას გამოვლენილი იქნა დანაკლისი. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლი მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს სადავო ჯარიმა შეეფარდა მართლზომიერად, შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
145(6;61;7);279(3);269(7);