გადაწყვეტილება №21340/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21340/2/2023
28 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------15.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21340/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. ოფისში მომუშავე პირებისთვის კვების და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №081-322 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.11.2023 წლის №27044 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 8 875 201,49 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 4 859 245
დღგ - 250 232
საშემოსავლო გადასახადი - 4 609 013
ჯარიმა - 2 429 623
საურავი - 1 586 333,49
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს სს ---------- იჯარით აღებული სასტუმროს (----------) ტერიტორიაზე საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვაუზრუნველყოფა, მათ შორის საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა. სასტუმრო, ოფისში მომუშავე პირების გარდა, სხვა გარე პირებს არ იღებდა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების შემდეგ, ოფისში მომუშავე პირებმა სასტუმროს ტერიტორია დატოვეს. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების, საჯარო რეესტრის ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის და სხვა მასალების დამუშავების შედეგად, მათ შორის ადგილზე დასაქმებული ფიზიკური პირების გამოკითხვით, აღმოჩნდა, რომ შპს ---------- ოფისში მომუშავე პირები ახორციელებენ არარეზიდენტი კაზინოებისთვის (აზიის ტერიტორიის კონტიგენტი) კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით. კერძოდ, განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით. აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა შპს ---------- მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების მიხედვით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის მიხედვითაც გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე შემოწმების მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით, გაანალიზდა კომპანიაში ნაღდი ფულის მოძრაობა, რის მიხედვითაც სალაროში ნაღდი ფულის არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე (---------- პ/ნ ----------) გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საჯარო რეესტრის ინფორმაციის, გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამისა და სხვა მასალების დამუშავების შედეგად, მათ შორის ადგილზე დასაქმებული ფიზიკური პირების გამოკითხვით დადგინა, რომ შპს ---------- ოფისში მომუშავე პირები ახორციელებენ არარეზიდენტი კაზინოებისთვის (აზიის ტერიტორიის კონტიგენტი) კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. გადასახადის გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით. კერძოდ, განსაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით. აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა შპს ---------- მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, შემოწმებამ განსაზღვრა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლები საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის პროცესში არ წარუდგენია განმარტება იმის შესახებ, რომ მის მიერ იჯარით აღებული სასტუმროს ფართები ქვეიჯარით იყო გადაცემული და იქ საქმიანობას ახორციელებდნენ საჩივარში დასახელებული პირები: შპს ---------- (ს/ნ ----------) და შპს ---------- (ს/ნ ----------). ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიებს განხორციელებული საქმიანობა საერთოდ არ უფიქსირდებათ, წარმოდგენილი აქვთ მხოლოდ ნულოვანი დეკლარაციები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ ხდებოდა ზემოაღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების დადგენა და ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების განსაზღვრა. ასევე მართლზომიერად განხორციელდა შემოწმებით მიღებული სალაროს ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემმოწმებელი მიუთითებს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საფუძველი გახდა „ადგილზე დასაქმებული ფიზიკური პირების გამოკითხვა“ და შემმოწმებლის მითითებით აღნიშნული „გამოკითხვა“ „აღმოჩნდა, რომ შპს ---------- მომუშავე პირები ახორციელებენ არარეზიდენტი კაზინოებისთვის (აზიის ტერიტორიის კონტიგენტი) კლიენტების მოძიებას, დაკავშირებას და მოზიდვას“. აღნიშნულ განმარტებაზე დაყრდნობით შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ კომპანია ახორციელებდა საშუამავლო საქმიანობას და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
კატეგორიულად მიუღებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არ არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით. სრულიად გაურკვეველია შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულების საფუძვლად გამხდარი ფაქტობრივი გარემოებები. უცნობია შემმოწმებლის მიერ მითითებული პირის და განმარტების არსებობა/რეალურობა. მით უმეტეს იმ გარემოებებში, როდესაც კომპანია არ ახორციელებს და არასდროს განუხორციელებია მსგავსი საქმიანობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე სრულიად გაურკვეველია როგორ განსაზღვრა შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები, როდესაც შემოწმების აქტში მიუთითებს, რომ აღნიშნული განხორციელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონაცემების მიხედვით, კერძოდ „განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით“.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძვლად გამხდარი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპანიისთვის უცნობია, რის გამოც კომპანიის მიერ 11.05.2023 წლის №----------- წერილით აუდიტის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა საგადასახადო ვალდებულებების საფუძვლად გამხდარი სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ შემმოწმებლის მიერ კომპანიის დახარჯულ 1 ლარის ელ. ენერგიასა და ინტერნეტის ხარჯზე დაანგარიშდა 37 ლარის შემოსავლები. ამასთან, კომუნალური დანახარჯები სრულად მიმართული იქნა „საშუამავლო მომსახურებად“ განხილვით განსაზღვრული შემოსავლების გასაანგარიშებლად. ამასთან, კვების მომსახურების სარეალიზაციო თანხად განსაზღვრულია საკვები პროდუქტების თვითღირებულების თანხის ნამრავლი 3-ზე, რაც კიდევ უფრო დიდ ბუნდოვანებას იწვევს. ხოლო, რაც შეეხება საცხოვრებლით უზრუნველყოფის ნაწილს, შემმოწმებლის მიერ ნომრების რაოდენობაში მითითებულია 4 332 ნომერი და აღნიშნულის ნამრავლი 3-ზე არის ასევე გამრავლებული 150 ლარზე. უცნობი და გაურკვეველია შემმოწმებლის მიდგომა გაანგარიშების ნაწილში, რამდენადაც არანაირი ლოგიკაში არ ჯდება შემმოწმებლის გაანგარიშებები. გარდა ამისა, შემმოწმებელი სადავოდ ხდის, რომ კომპანიამ გაწია სასტუმრო და კვების მომსახურება ელ. ენერგიის დანახარჯების გარეშე და ელ. ენერგიის დანახარჯს სრულად მიმართავს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული „საშუამავლო მომსახურებით“ განსაზღვრულ შემოსავლებზე.
ასევე, კატეგორიულად მიუღებელია შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები, ვინაიდან უცნობია საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები. ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტით დასტურდება, რომ შემმოწმებელს არ შეუსწავლია არც კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, არც ფაქტობრივი გარემოებები და ასევე უგულვებელყო კომპანიის მიერ განხორციელებული ყველა სამეურნეო ოპერაცია.
კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სს ---------- იჯარით აღებული ქონების ქვეიჯარით გაქირავება და აღნიშნულ ქონებაში სასტუმრო მომსახურების გაწევა. საყურადღებოა, რომ კომპანია რეგისტრირებულია 1.12.2021 წელს. სს --------- და შპს ---------- შორის გაფორმებული 3.12.2021 წლის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით შპს ---------- მიერ იჯარით იქნა აღებული ქონება, რომელიც კომპანიის მიერ ეტაპობრივად იქნა გაცემული იჯარით. ასევე, სასტუმრო ლეჯენდის ფართის ნაწილი გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ როგორც სასტუმრო. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ფუნქციონირებდა ზემოაღნიშნული სასტუმრო და სასტუმროს ფუნქციონირებიდან მიღებული შემოსავლები კომპანიის მიერ აღიარებულია. ამასთან, კომპანიის მიერ 2022 წლის იანვრიდან განხორციელდა სასტუმრო ფართების ქვეიჯარით გაცემა შპს ---------- (ს/ნ ----------) და შპს ს---------- (ს/ნ ----------). აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები ასევე ამოღებულ იქნა საგამოძიებო ორგანოების მიერ. ამ ეტაპზე, კომპანიის მიერ მიმდინარეობს იჯარის ხელშეკრულებების მოძიება, რომელიც წარმოდგენილი იქნება დამატებით.
სრულიად გაურკვეველია შემმოწმებლის მითითება კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით. უცნობია ვის განმარტებას ეყრდნობა შემმოწმებელი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას და რატომ მიაჩნია უტყუარად მის მიერ აქტში მითითებული საქმიანობის, აზიის კონტინენტზე არსებული კაზინოებისთვის კლიენტების მოძიების მომსახურების განხორციელება. უცნობია რა ვარაუდზე/ფაქტზე დაყრდნობით უსაზღვრავს კომპანიას დამატებითი საქმიანობის სახეს.
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების შემდეგ, ოფისში მომუშავე პირებმა სასტუმროს ტერიტორია დატოვეს. შემმოწმებლის მიერ მითითებული კონტროლის ღონისძიებები განხორციელდა 28.02.2022 წლის ბრძანების საფუძველზე, თუმცა შპს ---------- მოიჯარეებმა და შპს ---------- თანამშრომლებმა საქმიანობა შეწყვიტეს კომპანიაში შემოსავლების სამსახურისა და საგამოძიებო ორგანოების შემოსვლის დღიდან, 2022 წლის თებერვლიდან. შესაბამისად, კიდევ უფრო გაურკვეველია შემმოწმებლის მიერ კომპანიის 3 თვის არსებობის მანძილზე როგორ განისაზღვრა მიღებული შემოსავლები 23 მილიონი ლარით.
კომპანიას დაქირავებულ პირებთან მიმართებაში სრულად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ხოლო დასაქმებული პირები წარმოადგენდნენ მხოლოდ სასტუმროს მომსახურე პერსონალს. შესაბამისად, თუ შემმოწმებელი სადავოდ ხდის, რომ კომპანიამ განახორციელა საშუამავლო მომსახურება აზიის კონტინენტზე, ვის მიერ იქნა უშუალოდ ეს მომსახურება გაწეული? თუ მხოლოდ კომპანიის დირექტორმა უზრუნველყო „აზიის ტერიტორიის კონტიგენტზე კლიენტის მოძიება“. ანუ შემმოწმებლის მიდგომა, რომ კომპანია ახორციელდა საშუამავლო მომსახურებას კლიენტების მოძიებას აზიის ტერიტორიაზე, თვითონ შემოწმების აქტითვეა მოკლებული ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. რა უზრუნველყოფით ან რა შრომითი რესურსით განახორციელა კომპანიამ შემოწმების ვარაუდით 23 მილიონი ლარის საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის მიღება? აღნიშნული არათუ რაიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, არამედ მოკლებულია ლოგიკას.
შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, რომ კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა, თუმცა უგულვებელყოფს აღნიშნული საოფისე ფართების იჯარით გაცემის ფაქტს.
ამასთან, შემმოწმებელი სადავოდ ხდის თანამშრომლებისთვის სასტუმრო მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას, კერძოდ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა ასევე ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის საფუძვლით. შესაბამისად, აღნიშნული კიდევ უფრო ბუნდოვანებას იწვევს. რამდენადაც, საგადასახადო შემოწმების აქტითა და აუდიტის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურებულია, რომ შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები განისაზღვრა კომპანიის მიერ დახარჯული 1 კვ/ს ელ. ენერგიის დანახარჯის მიხედვით. შემმოწმებელმა აღნიშნული მიდგომით დახარჯული ელ. ენერგიის დანახარჯის მიხედვით. შემმოწმებელმა აღნიშნული მიდგომით დახარჯული ელ. ენერგია სრულად მიმართა მის მიერ „დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების“ განსასაზღვრად, მაშინ, როცა ამავე აქტით სადავოა უსასყიდლოდ სასტუმრო და კვების მომსახურების გაწევა. შემოწმების მიერ „დამატებითი საქმიანობიდან“ შემოსავლების განსაზღვრით ყოველმხრივ იქნა კანონმდებლობა დარღვეული, რამდენადაც შემმოწმებელს სულ მინიმუმ უნდა გაეთვალისწინებინა მის მიერვე უსასყიდლოდ გაწეულად განხილული სასტუმრო და კვების მომსახურებისთვის გასაწევი ელ. ენერგიის დანახარჯები. ამდენად, აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს საგადასახადო შემოწმების აქტის დაუსაბუთებლობას და კანონმდებლობასთან შეუსაბამობას.
როგორც შემმოწმებელი მიუთითებს, მის ვარაუდებზე დაყრდნობით კომპანიას განესაზღვრა საქმიანობის დამატებითი სახე და ვინაიდან შემმოწმებლის მიერ „დადგენილი“ საქმიანობიდან კომპანიას არ უფიქსირდება შემოსავლების მიღება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და მის წინაპირობებს კი განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია
დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი
აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების
დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.12.2020 წლის №ბს-421(2კ-20) გადაწყვეტილებით განმარტებულია საგადასახადო ორგანოთა მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობდა საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო საგადასახადო ვალდებულების დადგენისას ეხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განეხორციელებინა მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის №ბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ხსენებული ნორმით (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი) საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ ნაწილითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს. ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ, შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი ის არის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები. იმ პირობებში კი, როდესაც საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთადერთ საფუძვლად უთითებს მხოლოდ საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პირობების დარღვევას, ამასთან, არ დგინდება რაში გამოიხატა კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, მითითებული არ ქმნის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში კი, საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძველს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად.
შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლები მიჩნეული იქნა დირექტორის ხელფასის სახით განაცემად. რა თქმა უნდა აღნიშნული ასევე მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძვლებს. საგადასახადო ორგანოს კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი ენიჭება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა აღნიშნული არ აღჭურვავს მას განუსაზღვრელი უფლებამოსილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით არაერთგზის იქნა განმარტებული ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების შესაძლებლობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის №ბს-566-561(სკ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.
საქართველოს უზენაესის სასამართლოს 14.03.2017 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-702-695(2კ16)) განმარტებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა ან სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეიცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შესაბამისად, კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს, ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს.
ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში.
ოპერაციის ფორმისა და მხარის ნებას შორის შესაბამისობის გარკვევა ხდება იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომლითაც რეგულირდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით ხდება კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე მითითებით, კატეგორიულად მიუღებელია საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით, ფაქტების დამახინჯებისა და შემმოწმებლის ინტერპრეტაციის საფუძველზე იქნა მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოსთვის დადგენილ ვალდებულებებს და საგადასახადო შემოწმების შედეგები სრულად უნდა გაუქმდეს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის ირგვლივ არ დგინდება ფაქტობრივი გარემოებები და საგადასახადო შემოწმების აქტი შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ მითითებებს, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს საგადასახადო დავის განხილვისას კომპანიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობა. შესაბამისად, საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს კომპანიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, რადგან სახეზე არ არის საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით დავის განმხილველი ორგანოებისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მომჩივნის დაუსწრებლად საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
2. ოფისში მომუშავე პირებისთვის კვების და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმებამ განსაზღვრა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლები საბაზრო ფასებიდან გამომდინარე. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების მიხედვით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის მიხედვითაც გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებები ასევე განისაზღვრა იმ საფუძვლით, რომ კომპანია ახორციელებდა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფას და აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებიც შემმოწმებლის მიერ განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უსაფუძვლობაზე მითითებულია საჩივარში და არც განსახილველ შემთხვევაში არ გააჩნდა შემოწმებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კომპანიის მიერ საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები აღიარებულია და დაბეგრილია სრულად, თუმცა სავარაუდოდ შემმოწმებელმა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა შოს ---------- მოიჯარე კომპანიების დასაქმებული პირების საცხოვრებლისა და კვების უზრუნველყოფის ნაწილზეც. შპს ---------- იჯარით აღებული უძრავი ქონების ნაწილი გაცემული აქვს ქვეიჯარით შპს ---------- (ს/ნ ----------) და შპს ---------- (ს/ნ ----------). შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების დასაქმებული პირების უზრუნველყოფას საცხოვრებლითა და კვების მომსახურებით არ ახორციელდა შპს ----------.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, რამდენადაც შემმოწმებელმა ერთის მხრივ კომპანიის მიერ დახარჯული ელ. ენერგიის ხარჯის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა „საშუამავლო მომსახურებად“ განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, ხოლო მეორეს მხრივ მიუთითებს, რომ კომპანია ასევე ახორციელდა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფას, თუმცა აღნიშნულ ნაწილში შემმოწმებელი მიიჩნევს, რომ კვება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა კომპანიამ განახორციელა ელ. ენერგიის დანახარჯის გარეშე. შესაბამისად, აღნიშნული მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეუსაბამობასა და სამართლებრივ დაუსაბუთებლობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიუღებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ ეპიზოდებში და შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით. დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს სრულად და საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს კომპანიის უშუალო წარმომადგენლების მეშვეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.11.2023 წლის №27044 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. ოფისში მომუშავე პირებისთვის კვების და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა იჯარით აღებული ქონების ქვეიჯარით გაქირავება და აღნიშნულ ქონებაში სასტუმრო მომსახურების გაწევა.
1.შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ შპს დიბოოს ოფისში მომუშავე პირები ახორციელებენ არარეზიდენტი კაზინოებისთვის (აზიის ტერიტორიის კონტიგენტი) კლიენტების მოძიებას, დაკავშირებას და მოზიდვას“. აღნიშნულ განმარტებაზე დაყრდნობით შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ კომპანია ახორციელებდა საშუამავლო საქმიანობას და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
2.შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებები ასევე განისაზღვრა იმ საფუძვლით, რომ კომპანია ახორციელებდა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფას და აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებიც შემმოწმებლის მიერ განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159(1);73(5);163(1);164(1);1601(2);101(1);154(1);