დღგ-ის ჩასათვლელი თანხა N 1183
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის ჩასათვლელი თანხა N 1183
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ შეძენილი საქონელი/მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია. კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5%-ზე ნაკლებია. წლის ბოლოს პირს სრულად აქვს ჩათვლილი წლის განმავლობაში ჩასათვლელი დღგ-ის თანხები
· I ვარიანტი: პირის მიერ დღგ-ის ჩათვლა განხორციელებულია საანგარიშო პერიოდებში (თვეებში) არსებული პროპორციის შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 5%-ზე ნაკლები იყო, დეკემბრის თვეში განახორციელა სრული კალენდარული წლის მიხედვით დღგ-ის თანხის სრულად ჩათვლა.
· II ვარიანტი: პირის მიერ საანგარიშო პერიოდებში (თვეებში) დღგ-ის ჩათვლა განხორციელებულია სრულად, არსებული პროპორციის გაუთვალისწინებლად
შეფასება
· სსკ-ის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საანგარიშო პერიოდების (თვეების) მიხედვით პროპორციის დაცვით გაანგარიშებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით. ამასთან, სსკ-ის 174-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.
· I ვარიანტში: პირის ქმედება მართლზომიერია, ვინაიდან საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის თანხების ჩათვლა მის მიერ განხორციელებულია დადგენილი წესის დაცვით
· II ვარიანტში: საანგარიშო პერიოდების მიხედვით, პროპორციის დაცვის გარეშე, დღგ-ის ჩათვლას საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
ღონისძიებები
· I ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება
· II ვარიანტში: პირს საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაუკორექტირდება (შეუმცირდება) დღგ-ის ჩასათვლელი თანხები და დაერიცხება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დეკლარაციებში ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის შემცირებისათვის
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 20 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით