ბრძანება N 18232

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.07.2023
№ დოკუმენტი 18232
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18232

26 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------- - - ის “ (ს/ნ "------" )

(ფაქტ. მის.: "------")

2023 წლის 12 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 12 ივლისის №82262/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივნისის №005-75 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მიღებული დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმებას. განმარტავს, რომ შეძენილი ინვენტარი გათვლილი არის კომპანიისთვის და შესაძლებელია გადამოწმდეს აღნიშნული ძირითადი საშუალებების ადგილმდებარეობა. აცხადებს, რომ არ წარმოადგენს არგუმენტს ის გარემოება, რომ სასაქონლო ზედნადების დასრულების ადგილი არის "-------" . ასევე მიუთითებს, რომ კაპიტალში ბევრად მეტი თანხა აქვს შეტანილი და მიიჩნევს, რომ დღგ-ის თანხის ჩათვლის შემცირების შემთხვევაში არ არის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა. გადამხდელი ითხოვს მიეცეს საშუალება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მასალები და დოკუმენტაცია.

2. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის თანხის ჩათვლის შემცირებას. განმარტავს, რომ საკითხი კარგად არის შესასწავლი ვინაიდან აუდიტორს ცდომილებით აქვს დაბეგრილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №28225 და 2023 წლის 30 მაისის №11934 ბრძანებების საფუძველზე შპს „-------- ს “ (ს/ნ "------" ) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 16 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივნისის №12569 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-75 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 17 992 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 9 813 ლარი, ჯარიმა 4 857 ლარი და საურავი 3 321 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს საქმიანობის საგანია საკონსულტაციო (საგადასახადო, იურიდიული, მმართველობითი) მომსახურების გაწევა. გადამხდელის განმარტებით საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი რეინვესტირებულია მეღვინეობის განვითარებისთვის, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ ფიქსირდება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გარდა მიწისა, სხვა სახის უძრავი ქონება საკუთრებაში არ უფიქსირდება. პირველადი დოკუმენტების ანალიზით დგინდება, რომ შეძენილია სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებში გამოსაყენებელი საქონელი (გრანიტი, მეტლახი, კაფელი) და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები (ტელევიზორი, სამზარეულოს ნივთები). უმეტესად აღნიშნული ნივთების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილად ფიქსირდება "-------" . დგინდება, რომ აღნიშნულ მისამართზე პირადად საწარმოს დამფუძნებელს 2015 წლის 10 ივნისს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი და 2015 წლის 11 აგვისტოდან დაწყებული აქვს მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებელი პროცედურები. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის არქიტექტურული პროექტის შედგენას და წარდგენას ახორციელებდა არქიტექტორი. არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №4156293 ბრძანებით დაკმაყოფილდა დამკვეთის, არქიტექტორის განაცხადი და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ შპს „------- - ის “ (ს/ნ "------" ) მიერ პირველადი დოკუმენტებით, შეძენილი საქონელი ჩაითვალა ხარჯად, რომელიც საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. საწარმოს დარიცხა მოგების გადასახადი და გაუუქმდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლ საქონელზე მიღებული ჩათვლები. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. გადამხდელს ჩათვლილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხები. პირველადი დოკუმენტების ანალიზით დგინდება, რომ 2021 წლის აპრილის და 2022 წლის ოქტომბრის თვეებში სრულიად ჩათვლილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის შედეგად მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები. ასევე საწარმოს არ აქვს სწორად დეკლარირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირების შედეგად აღსადგენი დღგ-ის თანხები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით პირს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები და დაერიცხა დღგ. ასევე პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") პირველადი დოკუმენტებით შეძენილია სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებში გამოსაყენებელი საქონელი (გრანიტი, მეტლახი, კაფელი) და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები (ტელევიზორი, სამზარეულოს ნივთები). აღნიშნული ნივთების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილად ფიქსირდება "------" , სადაც საწარმოს დამფუძნებელს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი და დაწყებული აქვს მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებელი პროცედურები.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ პირველადი დოკუმენტებით შეძენილი საქონელის განხილვა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება და შესაბამისად ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლ საქონელზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმება მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელს ჩათვლილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხები. ასევე სრულად ჩათვლილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის შედეგად მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები. ასევე არ აქვს სწორად დეკლარირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირების შედეგად აღსადგენი დღგ-ის თანხები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა დღგ-ის თანხის ჩათვლის შემცირება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------- - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მიღებული დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმებას.

ითხოვს მიეცეს საშუალება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მასალები და დოკუმენტაცია.

2. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის თანხის ჩათვლის შემცირებას. განმარტავს, რომ საკითხი კარგად არის შესასწავლი ვინაიდან აუდიტორს ცდომილებით აქვს დაბეგრილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს გარდა მიწისა, სხვა სახის უძრავი ქონება საკუთრებაში არ უფიქსირდება. პირველადი დოკუმენტების ანალიზით დგინდება, რომ შეძენილია სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებში გამოსაყენებელი საქონელი. მომჩივანის მიერ პირველადი დოკუმენტებით, შეძენილი საქონელი ჩაითვალა ხარჯად, რომელიც საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. საწარმოს დარიცხა მოგების გადასახადი და გაუუქმდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლ საქონელზე მიღებული ჩათვლები. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა.

2. გადამხდელს ჩათვლილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის თანხები,2021 წლის აპრილის და 2022 წლის ოქტომბრის თვეებში სრულიად ჩათვლილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის შედეგად მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები. ასევე, საწარმოს არ აქვს სწორად დეკლარირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირების შედეგად აღსადგენი დღგ-ის თანხები.პირს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები და დაერიცხა დღგ,პირს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

96,97,982,173,174,175,176,179.