გადაწყვეტილება №10329/2/2020
📄 სრული ტექსტი
№10329/2/2020
17.06.2020
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ-----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.06.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- ს 10.04.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10329/2/2020).
დავის საგანი:
გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპებიდან გამომდინარე დარიცხული თანხები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1.აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2019 წლის №25939 ბრძანება;
2.აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2019 წლის №081-243 საგადასახადო მოთხოვნა;
3.შემოსავლების სამსახურის 24.02.2020 წლის №4813 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 109 656.37 ლარი
მათ შორის:
დღგ - 78 524 ლარი.
საშემოსავლო გადასახადი - (-1 675) ლარი.
ქონების გადასახადი - (-72) ლარი.
ჯარიმა - 2 934 ლარი.
საურავი - 29 945.37 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძველი
მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების
25.12.2018 წლის აქტის საფუძველზე.
შემოწმებამ მოიცვა 1.01.2015 წლიდან 1.04.2018 წლამდე პერიოდი.
აღნიშნულის თაობაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2018 წლის №38518 ბრძანება და 27.12.2018 წლის №081-361 საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.03.2019 წლის №5759 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2019 წლის №5759 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.06.2019 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, საბჭომ მიიჩნია, რომ ადგილი აქვს საგადასახადო
ორგანოს მიერ უძრავი ქონების ღირებულების გარკვეული ნაწილის ორმაგად დაბეგვრის ფაქტს. საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდამდე კომპანია დაბეგვრას ახორციელებდა საჯარო რეესტრში მყიდველზე რეგისტრირებული ფართების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული უძრავი ქონების ღირებულების ოდენობით. შესაბამისად, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, აუდიტის დეპარტამენტმა მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით უნდა შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება.
საბჭოს 12.06.2019 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2019 წლის დასკვნა, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2019 წლის №25939 ბრძანება და 30.07.2019 წლის №081-243 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით მომჩივანს შეუმცირდა აქტით დარიცხული თანხა 318031 ლარის ოდენობით,აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.02.2020 წლის №4813 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 ივლისის №081-243 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.
რაც შეეხება მოგების გადასახადის ნაწილში მომჩივნის არგუმენტაციას, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ თემატური საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული თანხები შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შემცირდა სრულად,ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მოცემული სადავო საკითხი არ არის მითითებული, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვა გამოწვეული იყო იმით, რომ კომპანია დაუსრულებელი ბინების რეალიზაციის (საჯარო რეესტრში მყიდველის სახელზე რეგისტრაციის) საანგარიშო პერიოდში ბინების სრულ ღირებულებას ბეგრავდა დღგ-ით (წინასწარ იხდიდა ოპერაციაზე დღგ-ის სრულ თანხას), ხოლო შემოწმებამ ხანდაზმულ პერიოდში უკვე სრულად დაბეგრილი თანხები ხელახლა დაუბეგრა შესამოწმებელ პერიოდში, რადგან ბინების რეალიზაციის ძველ (ხანდაზმული პერიოდის) ხელშეკრულებებზეც გაავრცელა გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპი. რის შედეგადაც კომპანია ერთი და იგივე ოპერაციებზე ორჯერ დაიბეგრა. ანუ, შემოწმებამ 2011-2014 წლებში (ხანდაზმულ პერიოდში) საწარმოს მიერ უკვე დარიცხული დღგ ხელახლა ჩართო დასაბეგრ ბრუნვაში შესამოწმებელ პერიოდში (ძირითადად 2015 წლებში), შედეგად ორმაგად მოხდა კომპანიის დაბეგვრა დღგ-ით.
დღგ-სთან დაკავშირებით კომპანია ითხოვს, ისე მოხდეს დღგ-ით კომპანიის დაბეგვრა, რომ ორჯერ არ იყოს ერთი და იგივე ოპერაცია დასაბეგრ ბრუნვაში ჩართული. რაც მიიღწევა იმით, რომ შემოწმებამ გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპი გაავრცელოს მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდში (2015 წლიდან) დადებულ რეალიზაციის კონტრაქტებზე და არა იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდამდეა დადებული და დღგ-ით სრულად არის დაბეგრილი.
აღნიშნული მიდგომა მართლზომიერია შემდეგი მიზეზების გამო:
1. საგადასახადო შემოწმების მთავარი მიზანია, იმის პრევენცია მოახდინოს, რომ გადასახადის გადამხდელმა გადასახადი არ დამალოს და არა პირიქით, განმეორებით დაარიცხოს უკვე გადახდილი გადასახადი.
2. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მიხედვით, აღრიცხვის მეთოდი ისე უნდა შეიცვალოს, რომ გამოირიცხოს შემოსავლის ერთი და იგივე კომპონენტის ორჯერ ან არცერთხელ ჩართვა. ეს მუხლი მოგების გადასახადის კარშია, მაგრამ ანალოგიის პრინციპით გამოყენებული უნდა იყოს დღგ-ზეც.
3. ბინების რეალიზაციის (დაუმთავრებელი ნაწილის) განხილვა გრძელვადიან კონტრაქტად ეფუძნება 73-ე მუხლის მე-9 ნაწილს (ოპერაციის შინაარსის შეფასება). ასეთი მიდგომა არ არის გაწერილი კოდექსში, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში ან მანუალში. შესაბამისად, ის არ შეიძლება ცოდნოდა კომპანიას 2011-2014 წლებში. მითუმეტეს რომ ასეთი მიდგომა თავად შემოსავლების სამსახურში ჩამოყალიბდა 2016 წლიდან და რეგულირდებოდა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებით, რომლებიც უამრავი გამოიცემა ყოველკვირეულად და რომლის წაკითხვის და ცოდნის ვალდებულება კომპანიას არ ჰქონდა.
4. არ შეიძლება მიდგომის ძველ პერიოდზე გავრცელება მითუმეტეს თუ ეს პერიოდი ხანდაზმულია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო კომპანია ზედმეტად გადახდილ გადასახადს უკან ვერ მოითხოვს, ფაქტია რომ ასეთი მიდგომის შედეგად კომპანია ორჯერ დაიბეგრა ერთი და იმავე ოპერაციაზე.
5. ძველ პერიოდზე ჩატარდა თემატური საგადასახადო შემოწმება დღგ-სთან დაკავშირებით, ხანდაზმულ პერიოდში.
აღნიშნული შემოწმების შედეგად შესწავლილი იყო საკითხი და არანაირი ცვლილება არ გამოვლენილა აღნიშნულ ნაწილში თემატური შემოწმების მიერ. შესაბამისად, შემოწმების მიერ საკითხი უკვე იყო შესწავლილი და მისი ხელახლა შემოწმება (იმ პერიოდზე) სასამართლო ბრძანების გარეშე არ იყო შესაძლებელი.მოგების გადასახადის ნაწილში, გადაანგარიშების შედეგად გაიზარდა კომპანიის მიერ გამოსაქვითი და შემდგომ წლებში გადასატანი ზარალი, თუმცა ზარალის დათვლის პრინციპი მომჩივნისთვის ბოლომდე არ არის ცხადი. მოგების გადასახადის მიზნებისათვის შემოსავლების სამსახურის №1168 სიტუაციურ სახელმძღვანელოში (მენუალში) აღნიშნული პრინციპების გამოყენება ყველაზე სამართლიან შედეგს იძლევა. უფრო კონკრეტულად, 2015 წლამდე ხელშეკრულებებზე არ უნდა გავრცელდეს გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპი და ამ პერიოდამდე განხორციელებული გაყიდვები ჩართული უნდა იყოს იმ საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში, როდესაც კორპუსის მშენებლობა 100%-ით დასრულდა. ასევე, აღნიშნულმა ზარალმა, რომლის გაზრდა მოხდა გადაანგარიშებით, გადაფარა თემატური შემოწმების შედეგად გაუქმებული ხარჯები, შედეგად, თემატური შემოწმებით დარიცხვა ვეღარ განხორციელდება, თუმცა სრულ შემოწმებას არ განუხორციელებია მოგების ნაწილში დარიცხული თანხების შემცირება და მხოლოდ ზარალის გაზრდა დააფიქსირა. მნიშვნელოვანია საბჭომ გადაწყვიტოს, რომელი შემოწმების მიერ (სრული თუ თემატური) უნდა მოხდეს გაზრდილი ზარალის გათვალისწინება და კომპანიისთვის მოგების გადასახადის შემცირება. კომპანიისთვის მთავარია მოხდეს და შემმოწმებლებს არ გამორჩეთ მოგების გადასახადის შემცირება მხედველობიდან
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, სსკ-ის 144-ე მუხლის მიხედვით, განხილული იყო გრძელვადიან კონტრაქტად. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა გარიგების საგნის სახელშეკრულებო ღირებულებიდან, ხელშეკრულების გაფორმების თარიღისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მთლიან საპროექტო ღირებულებაში ხვედრითი წილის პროპორციულად. დეკემბრის თვეში კი ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან საანგარიშო პერიოდის ბოლომდე გაწეული ხარჯის მთლიან საპროექტო ღირებულებაში არსებული ხვედრითი წილის პროპორციულად განხორციელდა ამ პერიოდში მიწოდებული სამშენებლო მომსახურების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა. ამასთან, სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ნორმა გამოყენებული იყო ისეთ ნასყიდობის ხელშეკრულებებზე, რომლებიც გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში იყო ჩართული და შემოწმების შედეგად განხორციელდა პერიოდის ცვლილება, ხოლო სხვა დანარჩენ ხელშეკრულებებზე, რომლებიც მომჩივანის პოზიციით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართული იყო 2011- 2014 წლების საანგარიშო პერიოდებში, გავრცელდა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნორმა, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდი არ მოიცავდა აღნიშნულ პერიოდს და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულების ზრდა არ იყო გამოწვეული პერიოდის ცვლილებით.
საგადასახადო შემოწმების შედეგად, გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპი იყო გამოყენებული საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის ყველა ხელშეკრულებასთან მიმართებაში. შესაბამისად, 2015-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი განსაზღვრული იყო გარიგების საგნის სახელშეკრულებო ღირებულებიდან, შესაბამისი წლის დეკემბერში ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მთლიან საპროექტო ღირებულებაში ხვედრითი წილის პროპორციულად. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელი მოგების გადასახადის დეკლარაციებში არასწორად ახდენდა წინა პერიოდში დაგროვილი ზარალის გადმოტანას, ვინაიდან 2011-2014 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებში არასწორად იყო გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავლი და შესაბამისად გამოქვითვების ერთობლივ შემოსავალზე გადამეტება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებში დაკორექტირდა გადმოტანილი წინა წლების დაგროვილი ზარალი.
საზოგადოება დღგ-ით დასაბეგრ მომენტად განიხილავდა ბინებზე საკუთრების უფლების გადაცემის მომენტს, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის თანხად - ბინის მთლიან ღირებულებას. მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპის გამოყენებას საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის ყველა ხელშეკრულების მიმართ, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული იწვევს, 2012-2014 წლებში დეკლარირებული დასაბეგრი ოპერაციების დამატებით დაბეგვრას. ასევე არ ეთანხმება 2015-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციაში შემოწმების შედეგად დადგენილ საწყის და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებასა და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას.
სადავო საკითხი განიხილა შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2019 წლის №5759 ბრძანებით აღნიშნულ ნაწილში სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მომჩივანი გათავისუფლდა რეალიზებულ ბინებზე სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილების საფუძველზე დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისაგან.
საბჭომ, 12.06.2019 წლის გადაწყვეტილებით, მიიჩნია, რომ ადგილი აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ უძრავი ქონების ღირებულების გარკვეული ნაწილის ორმაგად დაბეგვრის ფაქტს. საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდამდე კომპანია დაბეგვრას ახორციელებდა საჯარო რეესტრში მყიდველზე რეგისტრირებული ფართების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული უძრავი ქონების ღირებულების ოდენობით. შესაბამისად, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, აუდიტის დეპარტამენტმა მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით უნდა შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება.
საბჭოს 12.06.2019 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2019 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ვინაიდან 2012-2014 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა უნდა განესაზღვრა გარიგების საგნის სახელშეკრულებო ღირებულებიდან, ხელშეკრულების გაფორმების თარიღისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მთლიან საპროქტო ღირებულებაში ხვედრითი წილის პროპორციულად, აღნიშნულიდან გამომდინარე, გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპი გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში დადებულ რეალიზაციის ხელშეკრულებებზე, აგრეთვე, 2015 წლამდე საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში მშენებლობის მომსახურების იმ ნაწილზე, რომლის დასრულებაც მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ. ასევე, დადგინდა რომ, 2012-2014 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში არ აქვს ასახული შესაბამის პერიოდებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების ღირებულება. შესაბამისად, 2015 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში არასწორადაა დაფიქსირებული წინა წლების დაგროვილი ზარალის ოდენობა. დასკვნის შედეგად, დაკორექტირდა 2015-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი (ამავე საგადასახადო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისად), საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულება და წინა წლების დაგროვილი ზარალის ოდენობა.
აღნიშნულის თაობაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2019 წლის №25939 ბრძანება და 30.07.2019 წლის №081-243 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 318031 ლარის ოდენობით.
მომჩივნის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით შემცირდა აქტით დარიცხული თანხები, დარიცხვაში დარჩა 2015 წლამდე საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში მშენებლობის მომსახურების იმ ნაწილზე დარიცხული დღგ, რომლის დასრულებაც მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ. შესაბამისად, კომპანიის მიერ 2012-2014 წლებში სრულად დაბეგრილი ერთი და იგივე ოპერაციის ნაწილი ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ორჯერ. შემოწმებამ გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპი უნდა გაავრცელოს მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდში (2015 წლიდან) დადებულ რეალიზაციის კონტრაქტებზე და არა იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდამდეა დადებული და დღგ-ით სრულად დაბეგრილი.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-12 ნაწილების დებულებების გათვალისწინებით:
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
12.ზარალის 3 წლით ან მეტი ხნით გადატანისას ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ამ ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის საგადასახადო ვალდებულებების მიმართ, რომელთა ოდენობაზედაც გავლენას ახდენს აღნიშნული ზარალი, გრძელდება და იგი 1 წლით აღემატება ზარალის გადატანის ვადას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა: 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში იყო 5 წელი, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში 4 წელი.
საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა. საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში, 2012-2014 წლები წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომჩივნის არგუმენტი 2012-2014 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის ოპერაციების დღგ-ით სრულად დაბეგვრისა და გადახდის თაობაზე. ამასთან, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას გასცდეს დავის ფარგლებს, საგადასახადო დავით მოცულ პერიოდს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება ხანდაზმული პერიოდის გადამოწმება, აუდიტის დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას სადავო ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საბჭოს 12.06.2019 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, ამჟამად საკითხის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.