ბრძანება N 25006
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25006
10 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ---)
მის.: --- 2023 წლის 13 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ---) 2023 წლის 13 თებერვლის №79066/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №005-225 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და გაცემულ დივიდენდად განხილვას. მიუთითებს, რომ კომპანიის დამფუძნებელმა 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაზარდა საწესდებო კაპიტალი კუთვნილი უძრავი ქონებით, კომპანიამ აღნიშნული ოქმები და ლიცენზირებული ქონების შემფასებლის მიერ შედგენილი საშემფასებლო ანგარიში მიაწოდა აუდიტორს, სადაც მოცემულია ქონების ღირებულება (296 000 აშშ დოლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმო ახორციელებდა კაპიტალის შემცირებას დამფუძნებელზე თანხების გაცემის გზით (თანხა გაცემულია სამჯერ, საბანკო გადარიცხვის გზით), რომელზეც ასევე არსებობს ნოტარიულად დამოწმებული პარტნიორის გადაწყვეტილებები.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ კომპანიის ახალი მფლობელისთვის უცნობი იყო სალაროს ნაშთი, ვინაიდან არ ფლობდა სრულ ბუღალტრულ მონაცემებს აღნიშნულ პერიოდზე. მიუთითებს, რომ ამჟამად გარკვეულია აღნიშნული პერიოდისთვის სალაროს ნაშთი, რომელიც შეადგენდა 71 787.63 ლარს, აღნიშნული თანხა არ მიუღია დირექტორს და სავარაუდოდ მოგების სახით განაწილებულია ძველ მფლობელზე. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე გადარიცხულია მომსახურების ანაზღაურება, ხოლო აღნიშნული თანხები საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი, ვინაიდან ზემოხსენებული პირები რეგისტრირებულნი იყვნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად და მიღებული შემოსავლის დეკლარირებას და გადასახადის გადახდას თავად უზრუნველყოფდნენ.
3. გადამხდელი არ ეთანხმება უცხოურ კომპანიებთან გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
4. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24222 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33732 ბრძანება და ამავე თარიღის №005-225 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 678 621 ლარი, მათ შორის გადასახადი 373 776 ლარი, ჯარიმა 185 757 ლარი, საურავი 119 088 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „---ს“ საქმიანობას წარმოადგენს ავიაბილეთებით ვაჭრობა, ჩარტერული რეისები, სასტუმროების დაჯავშნა საქართველოში და საზღვარგარეთ, ტურისტული მომსახურების გაწევა (შემომყვანი და გამყვანი ტურები). 2022 წლის 17 იანვრამდე კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელი იყო კომპანია “---” (--- კანმონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებული შპს). 2022 წლის 17 იანვარს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გახდა შპს “---”.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი, უძრავი ქონების შეფასება და კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილება. სხვა რაიმე სახის ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკურ საქმიანობაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ არ წარმოუდგენია.
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა შპს „---“-ს (ამჟამინდელი ---ს) 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის („----“) 2021 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს დამფუძნებელმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდის და მისი საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონებით შევსების თაობაზე. განხორციელდა ქონების შეფასება. საწარმომ 2021 წლის 1 ოქტომბერს გაასხვისა საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (---) 350 000 აშშ დოლარად, რომელიც შეძენილი ჰქონდა 1996 წელს 5000 ლარად.
05.10.2021წ, 02.11.2021წ, 06.01.2022წ. და 10.01.2022 წლებში კომპანიის საბანკო ანგარიშიდან დამფუძნებელზე („---'') ეტაპობრივად გადარიცხულია 880 379 ლარი (კაპიტალის შემცირების დანიშნულებით) და 5 823 ლარი (2021 წლის დივიდენდის დანიშნულებით).
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენს კაპიტალის შემცირებას. საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია წარმოადგენს მიწოდებას, რაც გადამხდელს თავადაც დაბეგრილი აქვს დღგ-ით, ხოლო აღნიშნული მიწოდებიდან მიღებული თანხის დამფუძნებელ არარეზიდენტ საწარმოზე გადარიცხვა წარმოადგენს დივიდენდის განაწილებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 130-ე, 981 , 134-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდზე მოგების და საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვები (მომსახურების ანაზღაურების შინაარსით), რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 11 ოქტომბრამდე რეგისტრირებული ქონდა საკონტროლო სალარო აპარატი ქ---ში. საწარმოს ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილია ახსნაგანმარტება, რომელშიც აღნიშნავს, რომ წილის შეძენის მომენტში მათთვის არ გადაუციათ არანაირი ფულადი სახსრები, მ.შ. სალაროს მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ saras.gov.ge-ზე წარდგენილი 2020 წლის ანგარიშგების, საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ფულის შეტანა-გამოტანის ოპერაციების და კრედიტორებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით ანაზღაურებული თანხების გათვალისწინებით შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც დამფუძნებლის ცვლილების თარიღისთვის (17.01.2022წ.) სალაროში არსებულმა ნაშთმა შეადგინა 121 522 ლარი, რომელიც აღნიშნული პერიოდისთვის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი. გადამხდელს უფიქსირდება გადარიცხვები უცხოურ კომპანიებთან.
გადარიცხვის შინაარსის მიხედვით ვერ ხდება გადარიცხვის მიზნობრიობის იდენტიფიცირება.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, წილის შეძენის მომენტისთვის მისთვის არ გადმოუციათ იურიდიული ან/და ფინანსური დოკუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გადარიცხვები განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 039 143 ლარს, რომელშიც დღგ-ით დასაბეგრი დოკუმენტური რეალიზაციის თანხა შეადგენს 958 059 ლარს. დასაბეგრი ოპერაციების დიდი ნაწილი წარმოადგენს უძრავი ქონების მიწოდებას. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი. შემოწმების პროცესში დამუშავდა საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბანკო ამონაწერებში დაიდენტიფიცირდა ავიაბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები, ასევე დოკუმენტური რეალიზაციებიდან მიღებული თანხები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ის თანხები, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელია მხოლოდ საბანკო ანგარიშების ამონაწერის შესწავლით, ასევე შეუძლებელია დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების გამიჯვნა და კვალიფიკაციის მინიჭება (გამყვანი და შემომყვანი ტურები), ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ შემოსავლად. დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის საშუალო ფასნამატი (21%) და აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული თანხები დაიბეგრა დღგ-ით. ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და შესაბამის პერიოდში მოქმედი ამავე კოდექსის 160-ე, 161-ე, 163- ე, 164-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება:
ა) საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ოპერაციის განხორციელების შემდეგ საწარმოს კაპიტალის გაზრდა არ მიიჩნევა პარტნიორის მიერ კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) განხორციელებულ შენატანად;
ბ) საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, დივიდენდები – ამ კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საწარმომ 2021 წლის 1 ოქტომბერს გაასხვისა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 350 000 აშშ დოლარად, რომელიც შეძენილი ქონდა 1996 წელს 5000 ლარად. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის (---“) 2021 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს დამფუძნებელმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდის და მისი საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონებით შევსების თაობაზე. 2021 წლის 5 ოქტომბერს, 2 ნოემბერს, 2022 წლის 6 იანვარს და 10 იანვარს საწარმოს კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან დამფუძნებელზე (---) ეტაპობრივად გადარიცხულია 880 379 ლარი (კაპიტალის შემცირების დანიშნულებით) და 5 823 ლარი (2021 წლის დივიდენდის დანიშნულებით).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ დამფუძნებელ არარეზიდენტ საწარმოზე გადარიცხული თანხების დივიდენდის განაწილებად განხილვა და მოგების/საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებით, წილის შეძენის მომენტში მათთვის არ გადაუციათ არანაირი ფულადი სახსრები, მ.შ. სალაროს მეშვეობით. შემოწმების მეირ, გადასახადის გადამხდელის მიერ saras.gov.ge-ზე წარდგენილი 2020 წლის ანგარიშგების, საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ფულის შეტანაგამოტანის ოპერაციების და კრედიტორებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით ანაზღაურებული თანხების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც დამფუძნებლის ცვლილების თარიღისთვის (17.01.2022წ.) სალაროში არსებულმა ნაშთმა შეადგინა 121 522 ლარი.
გადასახადის გადამხდელს ასევე უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვები (მომსახურების ანაზღაურების შინაარსით), რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა, ასევე ფიზიკურ პირებზე გადარიცხული მომსახურების ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ კომპანიის ახალი მფლობელის მიერ გამოთხოვილ და მოძიებულ იქნა გადარიცხვებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შესაძლებელია თითოეული ტრანზაქციის იდენტიფიცირება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის“ თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ საწარმოს გააჩნიათ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ქონების რეალიზაციის გარდა, რომელიც საწარმოს მიერ დეკლარირებულია და გადახდილია შესაბამისი დღგ, სხვა ყველა ოპერაცია გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი.დ“, „ი.ე“ ქვეპუნქტების და მე-4 ნაწილის „პ“ და „ც“ ქვეპუნქტების მიხედვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; .
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და გაცემულ დივიდენდად განხილვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება უცხოურ კომპანიებთან გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
4. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24222 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33732 ბრძანება და ამავე თარიღის №005-225 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 678 621 ლარი, მათ შორის გადასახადი 373 776 ლარი, ჯარიმა 185 757 ლარი, საურავი 119 088 ლარი.
გადაწყვეტილება
პირველ და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 და მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 8 (12); 96; 97; 981; 130; 134; 154; 43 (4); 136 (3); 49 (1); 101; 154; 982; 8 (22); 61 (3); 2 (2); 159; 160; 163; 164; 169; 172 (1, 4).