გადაწყვეტილება №19430/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.08.2023
№ დოკუმენტი 19430/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19430/2/2023

01 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---------- 15.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19430/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკური პირებისათვის იჯარაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო

გადასახადით დაბეგვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №002-267 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №6041 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 112 504 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 65 315

დღგ - 10 531

საშემოსავლო გადასახადი - 45 659

ქონების გადასახადი - 9 125

ჯარიმა - 28 052

საურავი - 19 137

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.08.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33582 ბრძანება და №002-267 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №6041 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკური პირებისათვის იჯარაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიერ ხდება საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის თანხების გადახდა ფიზიკური პირებისათვის. აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა კომპანიის მიერ არ განხორციელებულა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 291-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცი

იჯარით ნაქირავები ჰქონდა ფართები ფიზიკური პირებისგან, სადაც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან დეკლარირება მის მიერ არ განხორციელებულა და გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. მოიჯარესა და მეიჯარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ფართების მესაკუთრეები თვითონ იღებდნენ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას. ორივე მეიჯარე შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია გადამხდელ ფიზიკურ პირებად, წარდგენილი აქვთ წლიური საშემოსავლო დეკლარაციები და შესაბამისი გადასახადი გადახდილი აქვთ ბიუჯეტში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.

შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიერ ხდებოდა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის თანხების გადახდა ფიზიკური პირებისათვის. აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან დაკავება კომპანიის მიერ არ განხორციელებულა. შემოწმებისას, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხორციელდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდტის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №----------- წერილი საიდანაც ირკვევა, რომ იჯარით ფართის გამცემი ორი პირიდან, ერთი არ ახორციელებს თანხების დეკლარირებას შესაბამის პერიოდში, ხოლო მეორე ფიზიკური პირის მიერ წარდგენილია წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, თუმცა მის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი თითოეულ საანგარიშო პერიოდში ნაკლებია იჯარის თანხებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საწარმოს მიერ ხდებოდა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის თანხების გადახდა ფიზიკური პირებისათვის, რაც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, ხოლო მომჩივანს აღნიშნული ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ფიზიკური პირებისათვის იჯარაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის თაობაზე.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №002-267 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 28 052 ლარი და საურავი - 19 137 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7-ე ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან შეცდომა გამოწვეულია არ ცოდნით, საშემოსავლო გადასახადი მეიჯარე ფიზიკური პირების მიერ გადახდილია და ორგანიზაციას თავისი ქმედებით ბიუჯეტისთვის ზიანი არ მიუყენებია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს სხდომაზე სადავოს საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ იჯარით ნაქირავები ჰქონდა ფართები ფიზიკური პირებისგან, სადაც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. აღნიშნული ფართების ქირაობაზე, ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2012-2014 წლებიდან, მოიჯარესა და მეიჯარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ფართების მესაკუთრეები თვითონ იღებდნენ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას. ამჟამად აცნობიერებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს ჰქონდა ვალდებულება ფიზიკური პირებისათვის იჯარაზე გადახდილი თანხები დაებეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, თუმცა ვინაიდან მეიჯარეებთან ხელშეკრულებები გაფორმაებული ჰქონდა 2012-2014 წლებიდან და იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გადასახადის გადახდა ევალებოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს, მიაჩნდა, რომ იჯარაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება არ გააჩნდა.

სადავო საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები და მხარეებთან გაფორმებული 2012-2014 და 2015 წლების საიჯარო ხელშეკრულებები, რითაც დასტურდება მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები, რომ მეიჯარეებთან ხელშეკრულებები ნამდვილად გაფორმებული იყო 2012-2014 წლებიდან.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ 2017 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი სადავო პერიოდში მოქმედთან შედარებით განსხვავებულად არეგულირებდა წყაროსთან დაბეგვრის საკითხს, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ფიზიკური პირებისათვის იჯარაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს პირველი დავის საგნის ნაწილში, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფიზიკური პირებისათვის იჯარაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება

 

ფაქტობრივი გარემოებები

2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიერ ხდება საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის თანხების გადახდა ფიზიკური პირებისათვის. აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა კომპანიის მიერ არ განხორციელებულა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;154(1,3);153(5);269(7);