ბრძანება N 23163

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 23163
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23163

20 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2022 წლის 04 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 თებერვლის №18163/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 4 აგვისტოს №73370/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ივლისის №002-107 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება კომპანიის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ შეძენილი სიმინდი ქართული წარმოშობისაა და განმარტავს, რომ მომწოდებლის მიერ გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქცია არის რუსული, რაც შპს „-------“ აძლევდა დღგ-ის ჩათვლის უფლებას. გადამხდელი აცხადებს, რომ გაურკვეველია, რის საფუძველზე დაადგინა საგადასახადო ორგანომ, რომ აღნიშნული საქონელი საქართველოშია წარმოებული. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიამ შეძენილი საქონლის რეალიზაციისას სრულად დაბეგრა საქონელი თავისი ფასნამატით და იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ ექვემდებარებოდა დღგით დაბეგვრას, კომპანიას გადახდილი დღგ უნდა დაუბრუნდეს უკან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 იანვრის №1482 და 24 მაისის №13074 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ნაწილში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის, ასევე, შპს „------- (ს/ნ -------) ელექტრონულად მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 4 ივლისის №17369 ბრძანება და ამავე თარიღის №002-107 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 207 043 ლარი, მათ შორის, გადასახადი 118 374 ლარი, ჯარიმა 62 399 ლარი და საურავი 26 270 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 25 ოქტომბრის №26933 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 25 ოქტომბრის №26933 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 თებერვლის №18163/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 25 ოქტომბრის №26933 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის მიმწოდებლის შემოწმებისას მოხდა მისი დღგ-ის ჩათვლების გაუქმებაც, ხოლო მასზე მიწოდებულ პროდუქციაზე დარიცხული დღგ არ გაუქმებულა. გამოდის, რომ შპს „-------“ მიერ შპს „-------“ რეალიზებული პროდუქციის დღგ დარიცხულია და ამავე დროს, იგივე ოპერაციით შეძენილ პროდუქციაზე მისი ჩათვლები გაუქმებულია. მან შეძენილი საქონლის რეალიზაციის დროს სრულად დაბეგრა გაყიდული საქონელი თავისი ფასნამატით. თუ საქონელი არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას, ასეთ შემთხვევაში, მის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების, მიწოდებულ პროდუქციაზე (მარცვლეულზე) დარიცხული დღგ 109 210.24 ლარი, რომელიც ამავდროულად გადახდილიცაა, უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას და უკან დაბრუნებას.

საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, მომჩივანზე მიწოდებული პროდუქციის დღგ-ით დაბეგვრის, თავის მხრივ მომჩივნის მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაციისას დღგ-ით დაბეგვრის და შესაბამისი დღგ-ის გადახდის პირობებში, შესასწავლია ამ მარცვლეულის შეძენაზე მომჩივნის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. შედეგად, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „-------“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს ქიმიური, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე, დამატებითი საქმიანობის ფარგლებში ეწევა სიმინდისა და ქერის საბითუმო შეძენა-რეალიზაციას. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას შპს „-------“ (ს/ნ -------) შეძენილი აქვს 776 068 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) მარცვლეული სახელწოდებით რუსული სიმინდი. აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს ჩათვლა სულ 118 383 ლარის ოდენობით. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შეძენილი მარცვლეული არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა ჩათვლის მიღების უფლება აღნიშნულ ოპერაციაზე, შემოწმებით შპს „-------“ მიერ ჩათვლილი დღგ სულ 118 383 ლარის ოდენობით დაექვემდებარა გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის მიერ შპს „-------“ (ს/ნ -------) შეძენილი მარცვლეული სახელწოდებით „რუსული სიმინდი“ არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი. შემოწმებით, აღნიშნულ ოპერაციაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „-------“ მომწოდებელ კომპანიას უფიქსირდება მარცვლეულის შეძენა სამი სხვადასხვა გადასახადის გადამხდელისგან, რომელთაც მარცვლეულის წარმოშობაზე არ უფიქსირდებათ იმპორტის განხორციელების დოკუმენტი, რიგ შემთხვევაში კი, მომწოდებელს საერთოდ არ უფიქსირდება საკმარისი რაოდენობის პროდუქციის შეძენა.

შეძენილი მარცვლეულის რეალიზაციისას კომპანიის მხრიდან საქონლის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 იანვრის №1482 და 24 მაისის №13074 ბრძანებების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება ჩატარდა მხოლოდ 2021 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ნაწილში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის და შპს „-------“ ელექტრონულად მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.

3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

ზემოაღნიშნული ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ორგანიზაციის საქმიანობის სახეს წარმოადგენს ქიმიური, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე, დამატებითი საქმიანობის ფარგლებში ეწევა სიმინდისა და ქერის საბითუმო შეძენა-რეალიზაციას. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს მარცვლეული სახელწოდებით რუსული სიმინდი. აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს ჩათვლა. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შეძენილი მარცვლეული არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა ჩათვლის მიღების უფლება აღნიშნულ ოპერაციაზე, შემოწმებით ორგანიზაციის მიერ ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172(4-უ); 174(2); 175(1-ა)