გასდაწყვეტილება №84595/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.01.2024
№ დოკუმენტი 84595/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№84595/1/2023

03 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 7.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №84595/1/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23042 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 24 563 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 15 253

ჯარიმა - 7 727

საურავი - 1 583

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10404 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 7 ოქტომბერს ნებაყოფლობითი წესით. 2022 წლის ოქტომბრის თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - "------"-ის სახელმწიფო აკადემიას მიაწოდა საქონელი და მომსახურება, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები:

1. ა/ფ სერია ეა---, №-------, ზედნადების №--------, საერთო თანხით 56 547,20 ლარი (მ.შ. დღგ 8 625,87 ლარი);

2. ა/ფ სერია ეა---, №-------, ზედნადების №--------. საერთო თანხით 140 461,52 ლარი (მ.შ. დღგ 21 426,33 ლარი).

აღნიშნული მიწოდებები განხორციელდა კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, 2022 წლის 25 ოქტომბერს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების მიხედვით, შესაბამისი თანხის მიღება განხორციელდა 2022 წლის 27 ოქტომბერს ოთხი ტრანზაქციით: 122 586,52 ლარი, 17 875 ლარი, 27 067,20 ლარი და 29 480 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციით 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 82 210,78 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომპანია განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების დროს წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელ პირს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად. შედეგად, საწარმოს განხორციელებული ოპერაციებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რომელთა დაბეგვრის დროს წარმოადგენს 2022 წლის ოქტომბრის თვე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №13710 ბრძანება და №002-114 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 24 563 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 18 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 სექტემბრის №23042 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 160-ე, 1601 , 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული თანხების 2022 წლის ოქტომბრის თვეში დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია.

ამდენად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელსა და სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი "-----"-ის სახელმწიფო აკადემიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანიც იყო საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის 22-ე ასამბლეის ორგანიზებისთვის სრული ტექნიკური მხარდაჭერა. დაიდო ორი ხელშეკრულება: №280, 5.10.2022 წელს - 140 461 ლარი და №281, 5.10.2022 წელს - 56 547 ლარი. ვინაიდან პირველი ხელშეკრულება იყო 100 000 ლარზე მეტი ღირებულების და იცოდნენ რომ ანაზღაურებებს ჩარიცხავდნენ პერიოდულად (პირველად უნდა ჩაერიცხათ 122 596 ლარი), ამიტომ იძულების წესით დადგნენ დღგ-ის გადამხდელად. ვინაიდან იცოდნენ რომ ჯერ არაკვალიფიციურის სტატუს მისცემდნენ, დრო რომ არ დაეკარგათ, თანხის ჩარიცხვამდე რამდენიმე დღით ადრე, მოითხოვეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებამდე მართლაც დიდი დრო გავიდა. როგორც კი აცნობეს დამკვეთს, რომ მიენიჭათ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, მათ მაშინვე ჩარიცხეს 122 596 ლარი ავანსის სახით. შემდეგ ჩარიცხეს 17 875 ლარი, 2 707 ლარი და 29 480 ლარი. ჯამში - 197 008 ლარი. გაითვალისწინეს რა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნები, 2022 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციის გაანგარიშებისას ჩარიცხულ თანხას - 122 596 ლარი გამოაკლეს 100 000 ლარი და დაუმატეს ყველა დანარჩენი ჩარიცხული თანხები და 97 008 ლარი დაბეგრეს დღგ-ის გადასახადით.

დაშვებული „შეცდომა“ განზრახ არ იყო ჩადენილი, არანაირად არ უფიქრიათ რაიმე გადასახადისგან თავი აერიდებინათ. როგორც რეალურად გამოვიდა, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, არასწორად იქნა გაგებული ის გარემოება, რომ თანხას რომელიც გადაცდა პირველი ჩარიცხვით 100 000 ლარს გამოაკლეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი და სხვაობა დაბეგრეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავი და განახევრდეს დარიცხული გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, პირს შეუძლია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის ოქტომბრის თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - "------"-ის სახელმწიფო აკადემიას მიაწოდა საქონელი და მომსახურება. აღნიშნული მიწოდებები განხორციელდა კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ. შესაბამისად, საწარმოს დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები.

გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ დაშვებული „შეცდომა“ განზრახ არ იყო ჩადენილი, არანაირად არ უფიქრიათ რაიმე გადასახადისგან თავი აერიდებინათ. როგორც რეალურად გამოვიდა, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, არასწორად იქნა გაგებული ის გარემოება, რომ თანხას რომელიც გადაცდა პირველი ჩარიცხვით 100 000 ლარს გამოაკლეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათი და სხვაობა დაბეგრეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავი და განახევრდეს დარიცხული გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავი და განახევრდეს დარიცხული გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციით 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს.შესაბამისად, კომპანია განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების დროს წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელ პირს.შედეგად, საწარმოს განხორციელებული ოპერაციებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რომელთა დაბეგვრის დროს წარმოადგენს 2022 წლის ოქტომბრის თვე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

158,159,163,164,168,269(7).