გადაწყვეტილება №18231/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18231/2/2022
15.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ს 17.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18231/2/2022).
დავის საგანი:
1. რეალიზებულ კომერციულ ფართზე დღგ-ის ჩათვლის უფლება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2022 წლის №006-344 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27387 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 39 428 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 25 372
ჯარიმა - 7 048
საურავი - 7 008
პროცედურული გარემოებები
2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 5.07.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.07.2022 წლის №19911 ბრძანება და 27.07.2022 წლის №006-344 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 22.08.2022 და 26.09.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27387 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27387 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. რეალიზებულ კომერციულ ფართზე დღგ-ის ჩათვლის უფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების მიხედვით დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 102.57 მ 2 კომერციული ფართი №3 (ს/კ -----------) ქ. ----------- ში, რომელიც შეიძინა 22.10.2019 წელს 56 414 აშშ დოლარად (165 631ლარი), ხოლო რეალიზებულია 18.12.2020 წელს 166 325 ლარად. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე და 161-ე მუხლების მიხედვით, ვინაიდან 18.12.2020 წლის საანგარიშო პერიოდიდან 12 უწყვეტი თვის განმავლობაში ერთი კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს (166 325 ლარი), 18.12.2020 წელს კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას და საჩივარს თან ურთავს 2019 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-75 ----------; 29.09.2022წ).
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ოპერაციის განხორციელების შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვება დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბებისას. ხოლო ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
22.10.2019 წელს შეიძინა მშენებარე კომერციული ფართი, რომელიც არ ყოფილა ფიზიკური პირის მიერ გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში და არ წარმოადგენს ძირითად საშუალებას. ხოლო, ფიზიკური პირი არ იყო ინფორმირებული კომერციული ფართის რეალიზაციისას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის ინფორმირებულობის შემთხვევაში ფიზიკური პირი თავად განახორციელებდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და ასევე, განახორციელებდა აღნიშნული კომერციული ფართის შეძენაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლასაც. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მის მიერ უძრავი ქონება შეძენილია -------------გან (პ/ნ -------------), ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული კომერციული ფართის რეალიზაციიდან წარმოშობილ ვალდებულებებთან დაკავშირებით ასევე განხორციელდა -------------ის საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია დაუდგინდა -------------საც. შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით ასევე განსაზღვრულია, რომ პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. შესაბამისად, იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება მის მიერ კომერციული ფართის რეალიზაციის მომენტიდან 18.12.2020 წლიდან. ხოლო, საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები, რომლითაც საგადასახადო ორგანოებს წარმოეშვებათ ვალდებულება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა და გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი იყო, კომერციული ფართის რეალიზაციის განმახორციელებელი პირის, -------------ის მიმართ ამავე ფართის რეალიზაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმებისა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, მიაჩნია რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხი არ იყო გამოკვლეული, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო თავად იყო ვალდებული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სწორედ და იგივე ფართის რეალიზაციაზე -------------თვის დარიცხული დღგ-ის ჩათვლის უფლება არ შეეზღუდა მისთვის.
აღნიშნულზე მითითებით, მიაჩნია რომ საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე, წარმოეშვება დღგ-ის ჩათვლის უფლება, წარმოადგენს ჩათვლის უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას და ითხოვს აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე;
2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. დადგენილია, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, 18.12.2020 წელს, რეალიზებული აქვს კომერციული ფართი 166 325 ლარად. ვინაიდან კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს (166 325 ლარი), 18.12.2020 წელს კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით.
მომჩივანი საჩივარში აფიქსირებს, რომ ------------გან შეიძინა მშენებარე კომერციული ფართი, რომელიც არ ყოფილა ფიზიკური პირის მიერ გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში და არ წარმოადგენს ძირითად საშუალებას. იგი არ იყო ინფორმირებული კომერციული ფართის რეალიზაციისას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე, ვინაიდან რომ სცოდნოდა თავად განახორციელებდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და ასევე, გადახდილი დღგ-ის ჩათვლას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული კომერციული ფართის რეალიზაციიდან წარმოშობილ ვალდებულებებთან დაკავშირებით განხორციელებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია დაუდგინდა ------------საც. ადმინისტრაციული ორგანო თავად იყო ვალდებული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სწორედ და იგივე ფართის რეალიზაციაზე ------------თვის დარიცხული დღგ-ის ჩათვლის უფლება არ შეეზღუდა მისთვის. აღნიშნულზე მითითებით მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე, წარმოეშვება დღგ-ის ჩათვლის უფლება. წარმოადგენს ჩათვლის უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-75 ----; 29.09.2022წ) და ითხოვს აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27387 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს ჯარიმა დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 7 048 ლარის ოდენობით და ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 27.07.2022 წლის №006-344 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 7 008 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მისთვის უცნობი იყო კომერციული ფართების რეალიზაციისას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ და აღნიშნული ცნობილი გახდა საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემდეგ. სწორედ შემოწმების შედეგებით გაანალიზა შეცდომა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების თაობაზე. განსახილველ საკითხთან მიმართებაში არ იკვეთება მის მიერ გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მცდელობა და აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობის არასწორად აღქმის/განმარტების შედეგს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 7.10.2014 წლის №ბს-222-219(კ-14) განჩინებით განმარტებულია, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. ზემოაღნიშნულზე მითითებით, იგი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და ვერ განსაზღვრა სამართლებრივი არსი, ითხოვს საბჭომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებით გაათავისუფლოს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელის ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.